"ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის… ამ საშინელი სიტუაციის მსგავსი არაფერი მინახავს" - ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა - კვირის პალიტრა

"ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის… ამ საშინელი სიტუაციის მსგავსი არაფერი მინახავს" - ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ხუთი წელი გავიდა.

„ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს იმაზე, რომ ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს და პუტინმა არ შეიძლება რომ გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და თქვენთან „გამარჯვების გეგმის“ დეტალების განხილვა მსურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ამერიკელები წყვეტენ ვინ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთო ნაბიჯების განხილვა ნოემბრის შემდეგ, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

„ამიტომ გადავწყვიტე, რომ ორივე კანდიდატს შევხვედრილიყავი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, ის „ორივე მხარესთან“ იმუშავებს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის… ამ საშინელი სიტუაციის მსგავსი არაფერი მინახავს“, - განაცხადა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"