28 სექტემბერი უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღეა - გამოწვევები, რომელსაც ქალები ისევ უმკლავდებიან - კვირის პალიტრა

28 სექტემბერი უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღეა - გამოწვევები, რომელსაც ქალები ისევ უმკლავდებიან

უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაა, ჯანდაცვა კი ადამიანის უფლებაა, - მსოფლიო დღეს, 28 სექტემბერს აღნიშნავს უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღეს, რომელიც ცნობიერების ამაღლებასა და სამედიცინო პროცედურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება.

თარიღი სათავეს იღებს 1990 წლიდან, როდესაც ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში აბორტის დეკრიმინალიზაცია მოხდა. 2011 წელს კი ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის გლობალურმა კავშირმა (WGNRR), 28 სექტემბერი უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ქალის რეპროდუქციული უფლებების დაცვა გამოწვევა იყო როგორც საუკუნეზე მეტის წინ, ისე დღეს, როდესაც უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება შემზღუდველი საკანონმდებლო რეგულაციებისა თუ ფინანსური ბარიერების გამო.

ჯერ კიდევ 2022 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) უსაფრთხო აბორტის ახალი გაიდლაინის გამოქვეყნებისას მიუთითებდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 25 მილიონზე მეტი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აბორტი ტარდება, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია. აქვე მითითებული იყო, რომ WHO-ს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარებული პროცედურა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინი

გაიდლაინში აღნიშნულია, რომ ორსულ ქალს სერვისების მიღება ჯაჭვურად, ყველა ეტაპზე უნდა შეეძლოს, იქნება ეს აბორტამდე, აბორტის დროს თუ აბორტის შემდგომი პერიოდი. ამისათვის შესაბამისი სერვისები ჯანდაცვის მთელს სექტორში უნდა იყოს ინტეგრირებული, აფთიაქიდან სამედიცინო დაწესებულებამდე, რათა ყველამ, ყოველგვარი დაბრკოლებისა და დისკრიმინაციის გარეშე შეძლოს მათი მიღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა ტელემედიცინის გამოყენების შესახებაც და/რაც პროცედურაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

უსაფრთხო და ლეგალური აბორტის პროცედურის ჩასატარებლად ქალებს ბარიერების გადალახვა უწევთ არა მხოლოდ ღარიბ ან გარდამავალი ეკონომიკის მქონე, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც შემზღუდველი რეგულაციებია დაწესებული. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, რადგან 2023 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის სამინისტრომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას დამატებით ვალდებულებებს აკისრებს.

ვალდებულებებს შორისაა დამატებითი პროცედურების ჩატარება, რაც ქალისთვის მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული და უსაფრთხო აბორტზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთან, პროცედურებს არც სახელმწიფო და არც კერძო დაზღვევა არ ფარავს. რეგულაცია მიმდინარე წლიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს სავალდებულო კონსულტაციას სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, სავალდებულო გახდა მეორე ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება პირველიდან 5 დღის შემდეგ, რაც ექიმების ნაწილის განმარტებით, სამედიცინო საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, შემცირდა პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალიც, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, 10 კვი­რამ­დე ვა­და­ზე მე­დი­კა­მენ­ტუ­რი აბორ­ტის ჩა­ტა­რე­ბა შესაძლე­ბე­ლი გახ­და სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში ან მათ­თან არ­სე­ბულ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­ში. ხოლო იმ ამბულატორი­ებ­ში, რო­მე­ლიც სტა­ცი­ო­ნარ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ორ­სუ­ლო­ბის ხელოვნუ­რი შე­წყვე­ტა 7 კვი­რამ­დეა დაშ­ვე­ბუ­ლი.

აღნიშნული რეგულაციები ზრდის ბარიერებს და სოციალური, გეოგრაფიული თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ამცირებს უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობას, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომებთან.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებიდანაც ჩანს, რომ უსაფრთხო და ხელმისაწვდომი აბორტის სერვისი, აბორტის ფასისა და სერვისის ტერიტორიული მიუწვდომლობის გამო, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. აბორტის ღირებულება ქალს რიგ შემთხვევებში უბიძგებს მიმართოს ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას, მაგალითად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ორსულობის შეწყვეტისთვის მედიკამენტების მიღებას, რაც ხშირად იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას, ასევე სხვა სახიფათო ხერხებს, მაგალითად, დაცემას და სხეულის დაზიანებას ორსულობის შეწყვეტის მიზნით. სახალხო დამცველის ანგარიშების თანახმად, ხშირად ქალები თავიანთი ძალებით ცდილობენ ორსულობის შეწყვეტას და სამედიცინო დაწესებულებას იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ეს დამოუკიდებლად არ გამოსდით.

წნეხი, რომელსაც როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ქალები განიცდიან, კვლავაც მაღალია. შესაბამისად, 2024 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებს იმავე გამოწვევების საპასუხოდ უწევთ მუშაობა, რისთვისაც ათეულობით წლის წინ მუშაობდნენ.