ისრაელი დარწმუნებულია, რომ „ჰეზბოლას“ „ჰამასივით“ გაანადგურებს - გადაურჩა თუ არა ნასრალა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის აფეთქებას? - კვირის პალიტრა

ისრაელი დარწმუნებულია, რომ „ჰეზბოლას“ „ჰამასივით“ გაანადგურებს - გადაურჩა თუ არა ნასრალა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის აფეთქებას?

გაეროს გენერალური ანსამბლეის ტრიბუნიდან ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთელ მსოფლიოს დაჯერებით აუწყა, რომ მისი ქვეყანა იმარჯვებს „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ომში და ისრაელს ვერავინ შეაჩერებს, რომ ეს ბრძოლები საბოლოო გამარჯვებამდე არ მიიყვანოს...

ისრაელის პირველი პირის ასეთი თავდაჯერილობა ეტყობა იმითაც იყო განპირობებული, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურების ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავიაციამ წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელა სამრეთ ლიბანსა და თვით ბეირუთში, რის შედეგადაც ლიკვიდირებული იქნა „ჰეზბოლას“ ორ ათეულამდე ის საველე მეთაური, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ ისრაელის ტერიტორიის წინააღმდეგ მიმართულ „ჰეზბოლას“ სამხედრო ოპერაციებში.

2-nas-1727516347.png
ბეირუთის საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები, სადაც ისრაელის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები აფეთქდა...

მაგრამ ,ნეთანიაჰუს თავმომწონედ დგომა გაეროს ტრიბუნაზე იმან უფრო განაპირობა, რომ გაეროს გენერალური ანსამბლეის მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ბეირუთის საცხოვრებელ კორპუსებზე ჩამოგდებული ექვსი ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი ბომბის აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ დაიღუპა, თვით... ჰასან ნასრალა...

ჰასან ნასრალა ლიბანის შიიტური პარტიისა და გასამხედროებული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანია 1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედის ლიკვიდაცია განახორციელა ისრაელის „ცახალმა“.

„ჰეზბოლას“ ლიდერზე ისრაელის სპეცსამსახურები და სამხედროები სამ ათეულ წელზე მეტია კბილებს ილესავდნენ, რადგან სწორედ ნასრალას ხელმძღვანელობით შესძლო „ჰეზბოლამ“ ირანული ბალისტიკური რაკეტების მიღება და მათი საბრძოლო გამოყენება ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე, რითაც თელ-ავივის ერთ-ერთი პირველი მტერი გახდა.

„ცახალი“ ოფიციალურად აცხადებს ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ-ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სადაზვერვო სტრუქტურებთან და სპეცსამსახურებთან ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ მთავარ შტაბ-ბინას, რომელიც განთავსებული იყო ბეირუთის დაჰიას კვარტლის საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ბუნკერში. „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის შეიჰ ჰასან ნასრალასთან ერთად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ სამხრეთ სარდლობის მეთაური ალი კარჰი და „ჰეზბოლას“ სხვა მაღალჩინოსანი ფუნქციონირები...

თავის მხრივ „ჰეზბოლა“ ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს თავისი ლიდერის დაღუპვას, ისევე როგორც არაბული მასმედიის ნაწილი...

გადაურჩა თუ არა ისრაელის ჩამოგდებულ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის აფეთქებას „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და ის თუ მართლაც დაიღუპა, ეს დიდი დარტყმა გახდება „ჰეზბოლასთვის“...

„ჰეზბოლას“ ლიდერებზე ასეთი ზუსტი და წარმატებული საჰაერო დარტყმების სერიამ, შეიძლება სულაც აღარ გახადოს საჭირო ისრაელის „ცახალის“ ტანკების შეჭრა სამხრეთ ლიბანში და ამით თავიდან იქნეს აცილებული კიდევ უფრო დიდი სისხლისღვრა მესამე ლიბანის ომის სახით...