"დაახლოებით 3 თვე ერთმანეთთან არ გვილაპარაკია. მთელი წელი კარგი ურთიერთობა არ გვქონია და ერთმანეთს არ ვნახულობდით, ვიღაც-ვიღაცების უხეში ჩარევების გამო"
"6-7 წლამდე "მამიკოს გოგო" ვიყავი"
უკანონოდ გაშვილებული ქართველი ტყუპი დის - ანას და თამარის ამბავი მსოფლიომ იცის:
მათ შესახებ "ბიბისიმ" დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. გოგონების მიმართ ინტერესი არ წყდება. ქართველი ტყუპი დის შესახებ მალე კიდევ ერთი ფილმი გამოვა... უკანონოდ გაშვილებული დების ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია, როცა 11 წლის ასაკში, თამარმა ტყუპისცალი და - ანა პირველად ქართული "ნიჭიერის" სცენაზე დაინახა. წლების მერე, „ნიჭიერის“ ახალ სეზონში, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში მალე დაიწყება, მაყურებლები ანას ისევ იხილავენ, ამჯერად - უკვე გაზრდილს, განსხვავებული ნომრით და რაც მთავარია, უკვე ნაპოვნი ბიოლოგიური დით, ოჯახით...
ანა სართანია:
- ალბათ, "ნიჭიერში" მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემმა დამ პირველად ამ შოუს სცენაზე მნახა: ჩემთვის "ნიჭიერი" ნოსტალგიურია, ბავშვობას მახსენებს, კარგად თუ ცუდად... პლუს, ხალხი ისე მიცნობს, როგორც გოგოს, რომელმაც ტყუპისცალი და იპოვა და არა როგორც მოცეკვავეს. მინდა ხალხს ამ ამპლუაშიც გავაცნო თავი. მოგეხსენებათ, საქართველოში ისეთი პროექტი არ გვაქვს, სადაც მხოლოდ მოცეკვავეები შევძლებთ მონაწილეობას. ასე რომ, გადავწყვიტე, ისევ "ნიჭიერში" მეცადა ბედი...
- 11 წლისა "ნიჭიერში" რა ჟანრის ცეკვას ასრულებდი და ახლა რა ტიპის ნომრით გიხილავთ?
- 12 წელი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს ვასრულებდი - ამ სფეროში პროფესიონალი გახლდით. 3-4 წელია, რაც ჰიპ-ჰოპზე გადავედი. ქორეოგრაფი ვარ. "ნიჭიერშიც" ამ ჟანრის ცეკვას წარვადგენ. 11 წლის როცა ვიყავი, "ნიჭიერში სამეჯლისო-სპორტულ ცეკვას ვასრულებდი. ნახევარფინალში ვიცეკვე... მოკლედ, სტილი შევიცვალე.
- ამის მიზეზი რა არის?
- სამეჯლისო-სპორტულ ცეკვაში ბევრი წინაღობა იყო. ჩემი წარმატება ბევრს არ უხაროდა: საქართველოს ათგზის ჩემპიონი ვიყავი, ორგზის - ევროპის. ბევრი დაჩაგვრის მერე, მომბეზრდა, გული ამიცრუვდა... თან, ასაკით პატარა ვიყავი... აბიტურიენტობის პერიოდში, ჰიპ-ჰოპზე გადავედი. შემდეგ დაახლოებით 1 წელი არ მიცეკვია, მერე კი კვლავ ჰიპ-ჰოპს დავუბრუნდი, თუმცა ამ ჟანრში მანამდეც, 12 წლიდან ვცეკვავდი, სამეჯლისო-სპორტული ცეკვის პარალელურად.
- ალბათ, სამეჯლისო-სპორტული ცეკვა ისე ძალიან არ მოგწონდა, როგორც - ჰოპ-ჰოპი, თორემ ფარ-ხმალს არ დაყრიდი. ასეა?
- სამეჯლისო სპორტული ცეკვა, ცოტა არ იყოს, ძვირი სპორტია: ჩემი ოჯახის ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ეპიზოდები, როცა ცეკვის ფული - 40 ლარი ვერ გადაგვიხდია, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა, სცენაზე საუკეთესო კაბები მცმოდა. პრობლემა ეს არ იყო. უბრალოდ, საქართველოში სპორტის ეს სახეობა ისეთი გავრცელებული არ არის, რომ ამ სფეროში ბევრი ბიჭი იყოს და მეწყვილე მყავდეს, მეწყვილის გარეშე კი - პროფესიულ დონეზე ეს ცეკვა არ გამოდის. ჩემი გადაწყვეტილება ხელის ჩაქნევა არ ყოფილა. უბრალოდ, მივხვდი, რომ საკუთარი თავი ჰიპ-ჰოპში უფრო უნდა მეპოვა - თავისუფალი ცეკვები უფრო მიყვარდა.
- აღნიშნე, რომ სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის მიგიღწევია. ამის ფონზე, კონკრეტული პიროვნებებისგან ხელის შეშლაში რას გულისხმობ?
- ფეხბურთის მაგალითზე აგიხსნით: წარმოიდგინეთ, 7 გოლი რომ გავიტანო, მაგრამ არც ერთი არ ჩამითვალონ. მსაჯებიდან დაწყებული, ყველასგან ასეთ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. როცა ლოგიკური იყო, რომ მე და ჩემს მეწყვილეს პირველი ადგილი დაგვეკავებინა, მესამე-მეოთხე ადგილზე ვიდექით - ქულებით გვჩაგრავდნენ. ეს წინაღობები იყო... როცა ხედავ, რომ შრომობ, გეკუთვნის, მაგრამ კუთვნილს ვერ იღებ, გარკვეულწილად, თავს დაჩაგრულად გრძნობ ადამიანი...
- ჰიპ-ჰოპის სფეროში როგორი სიტუაციაა ხელოვნური ბარიერების შექმნის თვალსაზრისით?
- აქ წარმატება შენზეა დამოკიდებული. შეჯიბრებები არის, მაგრამ ჩემი აზრით, პირადი განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეჯიბრებები, ანუ ჰიპ-ჰოპში განვითარების სხვა დონეა, სხვანაირი ინდუსტრიაა, სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში კი ბევრი შეჯიბრება იმართება და მოცეკვავის მომავალი ამის საფუძველზე ყალიბდება.
- ახლა, "ნიჭიერის" შესარჩევ ტურში გასვლისას, შენს პროფესიონალიზმში დარწმუნებული იყავი თუ მაინც ფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ისე არ წარმართულიყო სიტუაცია, როგორც გეგმავდი?
- სხვათა შორის, ისეთი ტიპის ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ, ვინც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყო. მცირე ასაკში ვნერვიულობდი ხოლმე - როცა სცენაზე გადიხარ, გინდა თუ არა, ყველას მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. ნერვიულობის ფონზე, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებდი. ამიტომ ეს შემთხვევაც არ ყოფილა გამონაკლისი. არ მინერვიულია, რომ კარგ შედეგს ვერ "დავდებდი", მაგრამ ჩემს ნომერს ახლა რომ ვუყურო, ვიტყვი, რომ უკეთესად ცეკვა შემეძლო, თუმცა ყოველდღე განვითარებისკენ მივდივარ. შესაბამისად, ლოგიკურიც არის, რომ ჩემი ცეკვა არ მომწონდეს, რათა წინ და წინ წავიდე. თუ ოდესმე ჩემი ცეკვა მომეწონება და ვიტყვი, - ვაუ, რა ძალიან მაგრად ვიცეკვე-მეთქი, ჩემი განვითარება იქ დასრულდება.
- ანა, შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- ჩემი და, შეყვარებული, მთელი ოჯახი, სამეგობრო, შეყვარებულის ოჯახი... ყველა მგულშემატკივრობს, მაგრამ მთავარ გულშემატკივრად ჩემს დას და დედას დავასახელებ.
- აღმზრდელ დედას გულისხმობ?
- კი, რა თქმა უნდა.
- საინტერესოა, შენი დის - თაკოს აღმზრდელ მშობლებთან, ასევე - თქვენს ბიოლოგიურ დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- თაკოს აღმზრდელ დედასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. დედაჩემს და თაკოს დედას რომ ჰკითხოთ, 2 შვილი ჰყავთ - ერთმანეთისგან არ გვასხვავებენ (იღიმის). ბიოლოგიურ ოჯახს რაც შეეხება, რომ გითხრათ, ოჯახური ურთიერთობა გვაქვს-მეთქი, ალოგიკური იქნება. ბიოლოგიურ დედასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს - მიწერ-მოწერა, საუბარი... ის გერმანიაში ცხოვრობს. მამასთან ურთიერთობა არ გვაქვს არც მე და თაკოს, არც - ჩემს და-ძმას.
- როგორც ვიცი, შენი და შენი დის უკანონო გაშვილებასთან დაკავშირებით, ბიოლოგიური მამა ბევრ რამეშია დამნაშავე...
- ბევრ რამეში კი არა, თავიდათავი ეგ იყო...
- მასთან ამაზე გისაუბრია?
- არანაირი საუბარი არ გვქონია და ამის სურვილიც არ გვაქვს, რადგან საჭირო არ არის. მასთან კონტაქტი, მით უმეტეს - შეხვედრა არ გვქონია.
- თავად არ უცდია, რამე აეხსნა?
- არა.
- აღმზრდელი მამები არ გვიხსენებია...
- თაკოს მამა გარდაცვლილია. ჩემი დედ-მამა დაშორებულები არიან. წლებია, მამასთან კონტაქტი არ მქონია, თუმცა 6-7 წლამდე "მამიკოს გოგო" ვიყავი - ყველაზე მეტად მამა მიყვარდა (იღიმის), მაგრამ შემდეგ სიტუაცია ისე დალაგდა, რომ მამა ჩემგან შორს იყო. 2 წელიწადში ერთხელ თუ ვნახავდი... 15 წლის ვიყავი, როცა ბოლოს ვნახე...
- ინტერვიუებში ამბობდი, რომ ვიდრე დას იპოვიდი, მთელი ცხოვრება რაღაც დანაკლისს განიცდიდი. ამ მხრივ, დღეს როგორი სიტუაცია გაქვთ? შენ და შენი ტყუპისცალი ერთად რამდენ დროს ატარებთ?
- უერთმანეთოდ არაფერს ვაკეთებთ. მას თავისი ცხოვრება აქვს, მე - ჩემი, მაგრამ ხშირი "გადაკვეთა" გვაქვს. ჩემს დას ბარები, გართობა, კონცერტები უყვარს, მე კი ასეთი რაღაცები დიდად არ მიტაცებს - სხვა რაღაცებზე კონცენტრირებული ვარ, მაგრამ კვირაში ერთხელ სადმე გასვლა და ჭორაობა ჩემი ჰობია (იღიმის).
- შეიძლება, დღე ისე გავიდეს, რომ შენი და ვერ ნახო, არ დაეკონტაქტო?
- ასეთი ეპიზოდები შარშან იყო, სანამ საბოლოოდ "დავლაგდებოდით": დაახლოებით 3 თვე ერთმანეთთან არ გვილაპარაკია. მთელი წელი კარგი ურთიერთობა არ გვქონია და ერთმანეთს არ ვნახულობდით, გარკვეული მიზეზების, ვიღაც-ვიღაცების უხეში ჩარევების გამო... საბოლოოდ, რა თქმა უნდა, "დავლაგდით" და ისევ ისე ვართ, როგორც უნდა ვიყოთ, რა... ჩვენს ცხოვრებაში ისე არაფერი ხდება, რომ ერთმანეთს არ გავაგებინოთ. მას თუ რამე პრობლემა ან სასიხარულო ამბავი აქვს, მაშინვე მწერს - ანო, ჩემს თავს ესა და ეს ხდებაო. მეც ანალოგიურად ვიქცევი. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, რაც შეგვიძლია.
- პირად ცხოვრებაზეც გვითხარი: რამდენი ხანია, რაც შეყვარებული ხარ?
- მესამე წელია, ერთად ვართ. მშვენივრად, კარგად, წყნარად "მოვდივართ"... ყველაფერში გვერდით მიდგას, მით უმეტეს - ცეკვაში. იმაზე მეტსაც აკეთებს, ვიდრე შეუძლია.
- თქვენს გაცნობასაც რამე განსაკუთრებული ისტორია ხომ არ უკავშირდება?
- სხვათა შორის - არა, მაგრამ სანამ შეყვარებულები გავხდებოდით, მანამდე, 2 წლით ადრე მნახა. თურმე, ჩემს დას შორიდან იცნობდა. ჩემი და ზუგდიდელია, ჩემი შეყვარებულის მამაც ზუგდიდელია და პერიოდულად ჩადიოდა. როცა ჩემს ცხოვრებაში თაკო გამოჩნდა, ჩემი შეყვარებულიც დაახლოებით იმ დროს გამოჩნდა...
- შენი ცხოვრების ის რთული ეტაპები, როცა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებდი, ერთად გაიარეთ, ერთმანეთი თანდათან შეგიყვარდათ?
- ჩვენ შორის სიყვარული თავიდანვე გაჩნდა, ყველაფერი ნელ-ნელა არ მოსულა... ჩემი შეყვარებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ბევრ რამეს ვერ "გადავხარშავდი". ბევრი რამის გაანალიზებაში, გადატანაში დამეხმარა...
- მახსოვს, შენმა ტყუპისცალმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, მეც ვცეკვავდიო. ახლაც ცეკვავს?
- არა, ჩემი და "ხეა" - ვერ ცეკვავს (იცინის)... მოციგურავეა და სამეჯლისო-სპორტული ცეკვები სჭირდებოდა. მაშინ ამიტომ ცეკვავდა.
როცა სამეჯლისო-სპორტული ცეკვებით ვიყავი დაკავებული, ჩვენს ფედერაციაში გამორჩეული მოცეკვავე გახლდით - ყველა პედაგოგს სურდა, მასთან მივსულიყავი. მახსოვს, ერთხელ თაკოს მასწავლებელმა ჩემსას დაურეკა: - იცი, რომ შენი გოგო ახლა აქ, ჩემთან დგასო? ჩემმა მასწავლებელმა უპასუხა, - უკაცრავად, მაგრამ რას მეუბნები?! ბავშვი რეპეტიციაზეაო (იცინის)... ჩემს დას უფრო მეტად მუსიკისკენ აქვს მიდრეკილება - პიანინოზე, ვიოლინოზე უკრავს...
- მოცეკვავეობის გარდა, კიდევ რომელიმე პროფესიას ხომ არ ეუფლები?
- ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი - სოციოლოგიის ფაკულტეტი წელს დავამთავრე (ჩემი და ქიმიკოსია). ჩემი ბევრი ლექტორი მეუბნებოდა, რომ ამ სფეროში წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ გული არ მიმიწევს - ცეკვა მირჩევნია...
- შენს პროფესიულ არჩევანს ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ?
- ყველაფერში გვერდში მიდგანან, მსახიობობაზეც ბევრჯერ მიფიქრია. პრობლემა არც ამასთან დაკავშირებით ჰქონიათ, პირიქით...
- როგორც ვიცი, შენით და შენი ტყუპისცალით ბრაზილიაშიც დაინტერესდნენ. შეგიძლია, ამის შესახებ გვიამბო?
- ბრაზილიაში უბრალოდ, ჩვენ შესახებ რეპორტაჟი მოამზადეს, რომელიც იმ ქალბატონის გადაცემაში გავიდა, ვინც 2000-იან წლებში, ბრაზილიური სერიალების კოლორიტი გახლდათ, "უორენ ბრაზერსმა" კი ჩვენს ამბავზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმი ქალების შესახებაა. რამდენიმე სერიისგან შედგება. ერთ-ერთი სერია ჩვენ შესახებ იქნება. 22 სექტემბერს გამოდის... ფილმი მაყურებლებს აჩვენებს, ქალები რამდენად ძლიერები ვართ. ფემინისტური პროექტია.
- შენს ცნობილ ამბავთან დაკავშირებით, ბევრი ინტერვიუ მიგიცია, პლუს - დოკუმენტური ფილმისთვის მუშაობა... რას გრძნობ, როცა იმ რთულ პერიოდზე ხელახლა საუბარი გიწევს ხოლმე, ემოციები გიახლდება?
- როცა ამ თემებთან დაკავშირებით თუნდაც, მეგობრებთან ვსაუბრობ, პირიქით - ლაპარაკის დროს ბევრ რამეს ვაანალიზებ და მეტად მეხმარება, რომ ყველაფერი "გადავხარშო".
- ანა, ნიჭიერის შესარჩევ ტურზე შენი დაც გახლდა? რას გრძნობდი, როცა ამ შოუს სცენაზე წლების მერე, მეორედ ახვედი?..
- რა თქმა უნდა, ჩემი და კულისებში იდგა. ჩემზე მეტად ნერვიულობდა. იქ იყო ჩემი კიდევ ერთი და, დისშვილები და ძმა (თაკოს გარდა, 2 და მყავს. ერთ-ერთი გერმანიაშია, ბიოლოგიურ დედასთან ერთად). მოკლედ, სცენაზე მხოლოდ მე არ მიხილავთ... დანარჩენს შოუდან შეიტყობთ (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი