"მაინც მგონია, რომ საიდანღაც შემოხტები და დაიძახებ: - ჰა, დამპლებო, რა გატირებთ, ქეიფია!" ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა..."
"იცი ყველაზე ძალიან რა მახარებს? ამ თეატრში ჩემზე მეტად ზურიკო უყვართ",
- მითხრა ერთხელ გივი ბერიკაშვილმა. თეატრში და არა მხოლოდ თეატრში, ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა: უზომოდ თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე. მისი გარდაცვალება არ ყოფილა მოულოდნელი ამბავი, მაგრამ არის შეუგუებელი ტკივილით სავსე.
"ცხრა თვე მოდიოდი ამქვეყნად და პრაქტიკულად, 9 თვე დაგჭირდა იმაშიც, ამ ქვეყანას რომ გასცლოდი. გგონია შევეგუე უშენობას? ვერა! და ვერც ვერასოდეს შევეგუებით. ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ძმაო, ძალიან დიდი! უსაშველო და მოუშუშებელი!!! ეს არ უნდა მომხდარიყო! არა და არა! ახლა რა ვქნათ? როგორ ვიყოთ ასე ფრთამოტეხილნი? ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, არტისტთა დიდ ამქარს მივმართავ! ასეთ კაცს მე სხვას არ ვიცნობდი და მეეჭვება, რომ დარჩენილ წლებში ვინმე გავიცნო. სულით სპეტაკი და სულით ლამაზი კაცი დადიოდა ჩვენ გვერდით და ეს სისპეტაკე გარეგნულადაც ალამაზებდა. მსგავსი თავმდაბლობის, კეთილშობილების, ადამიანთა მოყვარულ, უკიდურესად ზრდილ, კეთილგანწყობილ, ღიმილიან კაცს არ ეკუთვნოდა ასე წასვლა"... - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
თამარ მაყაშვილი, მსახიობი:
- მე და ბერიკა ერთად გავიზარდეთ, ჩემზე ერთი წლით პატარა იყო. ბერიკა გახლდათ ჩემი ბავშვობა, ჩემი ყრმობა, ახალგაზრდობა, ერთად სიბერე არ დაგვცალდა. სხვასთან ძალიან მორიდებული იყო, მაგრამ ახლობლებთან საოცრად თბილი და ხალისიანი. ბოლო პერიოდი ბათუმში ვარ, ხვალ რომ ჩავალ თბილისში და ჩემს ეზოში შევალ, ვერაფრით წარმომიდგენია, რომ იქ ბერიკა აღარ იქნება. ისე არ გაივლიდა, რომ არ შემოეძახა; მაყაშ, როგორ ხარო? საოცარი იუმორი ჰქონდა. რაც შეიძლება დადებითი ადამიანმა ადამიანზე თქვას, ყველა სიტყვას იმსახურებს. სხვანაირი შეხვედრა იცოდა, სხვანაირად მოგიკითხავდა, სხვანაირად ჩაგეხუტებოდა... ჩემი ბავშვობა წავიდა.
- ბავშვობაშიც ასეთი თვისებებით გამოირჩეოდა?
- სულ ასეთი იყო: მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული. ფეხბურთსაც ერთად ვთამაშობდით, სულ ერთად ვიყავით. მერე სტუდენტობის წლები დაიწყო და... საოცრად დახვეწილი იუმორი ჰქონდა, ეს მისი უდიდესი ინტელექტის მაჩვენებელი იყო. იმდენად ახლობელი გახლდათ ბერიკა ჩემთვის, რომ გამომხედავდა, უკვე ვიცოდი, რა უნდა ეთქვა. ბავშვობაშიც კი არასდროს გვიჩხუბია, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. ჩვენს ეზოში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა. ბერიკები, ვასო კიკნაძე, კახი კავსაძე სულ ჩვენს ეზოში იყვნენ. კორიფეები ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩვენთვის ისინი ჩვეულებრივი ადამიანები გახლდნენ. ზურას ძალიან უყვარდა შინ გამასპინძლება. მეგობრებს სულ გვეპატიჟებოდა, - წამოდი, ჩემთან ავიდეთ, ჩავუსხდეთ, ვიცინოთ, ვიმხიარულოთ... სანამ ცუდად გახდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ეზოში შემხვდა და მითხრა; მაყაშ, სახლში არც ჭიქა შემრჩა, არც თეფში და მივდივარ, ახლა უნდა ვიყიდოო. ადამიანი მარტო ვერ ისვენებდა, მარტო ყოფნა არ უყვარდა, სულ გაიძახოდა: "წამო, კარგი ღვინო მაქვს, გივის აჩუქეს", "წამო, "კალბასი" დავჭრათ"... რეკვას რომ დაიწყებდა მეგობრებთან და თავისთან მოპატიჟებას, ეგ ერთი სანახაობა იყო. ისეთ დროს მოგწერდა, ისეთ დროს გეტყოდა თბილ სიტყვებს, წამალივით მოგარჩენდა, უდიდეს მოტივაციას მოგცემდა.
- დაოჯახება, შვილების შეძენა, ამ სიხარულს როგორ გამოხატავდა?
- მისი სიყვარულის ამბავი ინსტიტუტიდან დაიწყო, მერე დაოჯახდნენ. უფროსი ბიჭი გაუჩნდათ, ზურას პატარა გოგო და ჩემი ელიზბარი თანატოლები არიან. იცით, ზურა ასეთ დღეებში, როგორი იყო? ადამიანი შიგნიდან რომ ფორიაქობს და გარეთ არ იმჩნევს. ბავშვებზე გიჟდებოდა, ჩემი რუსო და ნინუცა რომ დაიბადნენ, სულ აქეთ-იქით დაატარებდა, მათთვის ზურიკო გამორჩეული იყო და ასეც დარჩება. ადამიანი თითქოს ხომ ყველაფერს ეგუები, ამ ამბავთან შეგუება ჩემთვის წარმოუდგენელია. დღეს ბათუმიდან თბილისში განგებ არ წავედი. არ მინდა, ჩემი ბერიკა ჩვენს ეზოში ვნახო, ამ ეპიზოდის ნახვა არ შემიძლია. სულ მექნება მოლოდინი, რომ ხვალ, ზეგ ის აუცილებლად გამოივლის და შემომძახებს.
- 9 თვის განმავლობაში, რაც ცუდად იყო, მეგობრები მის სანახავად საავადმყოფოში მიდიოდნენ. თქვენ არ ყოფილხართ?
- არა, არაფრით შემეძლო, ეს ჩემთვის სიკვდილი იქნებოდა. მე სასაფლაოზე სიარულიც არ მიყვარს. ადამიანი ისეთი მინდა მახსოვდეს, როგორსაც ვიცნობდი. ზურა ისეთი ადამიანი იყო, საკუთარ პრობლემას თავზე არასდროს მოგახვევდა, მაგრამ ყოველთვის გვერდში დაგიდგებოდა, საოცარი თანაგრძნობა იცოდა. ისეთი დადებითი ენერგეტიკით აგავსებდა, აღარაფერი რომ არ შეგაშინებდა. სულ იმას ცდილობდა, ადამიანებისთვის ესიამოვნებინა. ჩემს გულში ჩემი ბერიკა სულ იქნება, ღიმილიანი, თბილი და დიდი გულის კაცი.
ქეთი კანტიძე, მსახიობი:
- ძალიან მიჭირს, არც ვიცი, ზურაზე როგორ ვილაპარაკო, ცრემლები მახრჩობს, ამ ამბით ყველა დახოცილები ვართ.
- ყველას ხომ თავისი ბერიკა ჰყავდა და თქვენი ბერიკა როგორი იყო?
- უერთგულესი, უადამიანურესი, საოცრად მზრუნველი. ჩვენ ბოლოს ერთ პროექტში ვიყავით ჩართულები. უნდა გენახათ, იქ როგორ მივლიდა, როგორ მეფერებოდა. პროფესიონალი მსახიობი არ ვარ და როცა ვეკითხებოდი, - ზურა, ეს როგორ გავაკეთო-მეთქი? მეტყოდა, - კარგი, რა, კანტო, შენ ხომ ყველაფერი კარგად იციო. რამე თუ დამჭირდებოდა, ამიხსნიდა, თან გადამყვებოდა. ზურას მსგავსი ადამიანები ამქვეყნად ძალიან ცოტანი არიან. სკოლებში შევდიოდით ამ პროექტით და ბავშვები რომ შემოეხვეოდნენ და ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ, იქით უხდიდა მადლობას ბავშვებს.
- ბოლოს როდის ნახეთ?
- 28 დეკემბერს, ზუსტად იმ დღეს, ცუდად რომ გახდა. დილით გვქონდა სპექტაკლი, ვითამაშეთ და სახლში რომ მივიდა, ეს დაემართა.
- იმ სპექტაკლზე როგორ იყო, რამე ეტყობოდა?
- ძალიან კარგად იყო, თამაშის ბოლოს ვუთხარი კიდეც, - ზური, როგორი ენერგიული ხარ, ძლივს მოგყვებოდი-მეთქი. რომ დავშორდით, ახალი წელი მოდიოდა და წინასწარ მომილოცა: კარგად იყავი, ქეთი, მრავალ ახალ წელს დაესწარი. მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ, დანარჩენი ყველაფერი იქნება. მთავარია ჯანმრთელად ვიყოთო, - ეს ბოლო წინადადება 2-ჯერ გამიმეორა.
- რომელი იყო მისი უკანასკნელი სპექტაკლი?
- ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით დადგმული "მომგებიანი ბილეთი". ეს სპექტაკლი თეატრში არ გვითამაშია, იმ პროექტის ფარგლებში დაიდგა, რომელშიც ჩვენ ვიყავით ჩართულები, საპატრიარქოს საქველმოქმედო პროექტი იყო, სკოლებში ვთამაშობდით. მასთან ურთიერთობის ყოველი დღე დღესასწაული იყო, იუმორითა და დიდი სიყვარულით სავსე. რაც არ უნდა გეთქვა, ყველაფერს იმაზე ზუსტად იგებდა, როგორც ეუბნებოდი. 40 წელია, თეატრში ვმუშაობ და მისი მსგავსი ადამიანი მეორე არ შემხვედრია. ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებლობით აღსავსე იყო. მე ხომ მარჯანიშვილის თეატრში დასის გამგე ვიყავი. სპექტაკლში ზურიკო რომ იყო განაწილებული, მშვიდად ვიყავი, მიხაროდა, ვიცოდი, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც საჭირო იყო.
- პრემიერას რომ ითამაშებდა, შთაბეჭდილების გაზიარებას გთხოვდათ?
- უნდა გენახათ, რომ ეტყოდი: ზურა, ამ ეპიზოდში რა კარგად ითამაშე, ამ როლში რა კარგი ხარო, როგორ რცხვენოდა. - აუ, კარგი, რა, კარგი. - ეუხერხულებოდა. რამდენადაც დიდი ადამიანი იყო შინაგანი ბუნებით, ისეთივე თავმდაბალი გახლდათ.
"23 წლის ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში რომ მოვხვდი... მაშინ ზურიკოს არ ვიცნობდი... მოვიდა და სახლში დამპატიჟა... გამიკვირდა, დავიბენი, მაგრამ ძალიან გამიხარდა... უკვე სტუმრად მისულს მითხრა, წესი ასეთია, მეც ასე დამხვდნენ თავის დროზე"... - იხსენებს რეჟისორი სანდრო ელოშვილი.
სოციალურ ქსელში მან შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა და ფოტოც დაურთო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ორი ზურა ბერიკაშვილი არსებობს... მართლა!
ერთი ტელევიზორში ნანახი, გადაცემებში, ინტერვიუებში... ოღონდ საოცრად "ცუდი" იყო ხოლმე ამ დროს, დამიჯერეთ! ისეთი მორცხვი იყო, ისეთი მორიდებული... სიტყვის თქმისაც კი ერიდებოდა...
და იყო მეორე ზურიკო, სახლის კარს რომ შევიკეტავდით... თუ პირადად არ იცნობდით, ვერავის დაგაჯერებთ, რომ ამ მშვიდ და წყნარ ადამიანში არსებობდა ასეთი ენერგია, ასეთი ემოცია, ასეთი იუმორი...
რეპეტიცია მორჩებოდა თუ ტელეფონზე დაგირეკავდა, ძველმოდური სიტყვებით თუ დაგიწყებდა ლაპარაკს, ის დღე აუცილებლად ხმაურიანად დამთავრდებოდა...
- გასტრონომში ჩავალ, კაი იმპორტულ "კალბასს" დავაჭრევინებ... - ამას მოაყოლებდა ხოლმე: - კიტრი მაქვს, პომიდორი მაქვს... კაი ღვინო მაქვს... არაყიც... გუდა გამომიგზავნეს... დედას პური მაქვს... მეტი რაღა გინდა, შე დამპალო, შენა!
მერე, ასე ყოველდღიურ, ყოველსაღამოურ ერთად ყოფნას ლოთობა და ღრეობა რომ არ დარქმეოდა, ასეთი სახელი მოიფიქრა... "სალონური საღამოები"! ვისხედით ხოლმე მის ოთახში, ზოგჯერ დილიდან დილამდეც ჩვენს "სალონურ საღამოებზე".
ფუსფუსი უყვარდა, ფუსფუსი და ზრუნვა... ამიტომაც ჰქონდა მეტსახელები... პაპიტო ბიძია, ზურიკიტო, ბერიკიტო... აბა, ეს გასინჯე! აბა, ეს გადაიღე! ნახე, რა ხორცია?! ნახე, რა ყველია...
ყველა მისი ხუმრობა იყო მასზე... ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეზე ცუდად დაეცინოს, ვინც იქ არ იყო... მაგრამ სუფრაზე თუ ამოგვარჩევდა ვინმეს, მტერსა და ავს... დედას გეფიცებით, ხშირად ცრემლებით მიცინია!
ცხრა თვე მიდიოდა ამ ქვეყნიდან... ცხრა თვე იწვა ჩუმად, უხმოდ... ასე მგონია, ამითაც ჩვენზე ზრუნავდა... ზუსტად იცოდა, როგორ გვატკენდა და "გაგვეპარა"... აღარც ვიცი, სად გვეტკინა... მაშინ? დეკემბერში, ეს ამბავი რომ დაემართა, თუ გუშინ... გულიანი ბიჭის გულმა რომ შეწყვიტა ბაგიბუგი!
ამ ცხრა თვეში რამდენი "სმიშნოი" რამის მოყოლა მომინდა... ტელეფონს ამოვიღებდი ხოლმე და მახსენდებოდა...
ეს ფოტო მისი მოთხოვნით გადაგვიღეს, აქ ოპერაცია არ მაქვს ჯერ გაკეთებული და ალბათ ერთი 60-70 კილოგრამით მეტი ვარ... თვითონ კი იყო გაჩხინკული!
ჰოდა, გადაგვიღეთ ფოტო და ასე დაარქვითო: მარცხნივ - როგორი იყო საქართველო ადრე და... მარჯვნივ - რა დარჩაო...
მაინც მგონია, რომ საიდანღაც შემოხტები და დაიძახებ:
- ჰა, დამპლებო, რა გატირებთ, ქეიფია!"
P.S. ჟურნალის "გზა" რედაქცია სამძიმარს უცხადებს ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, მის თაყვანისმცემლებს...
თამუნა კვინიკაძე