"დღეს საარჩევნო პროგნოზების გაკეთება კაზინოში თამაშს ემსგავსება...“ - კვირის პალიტრა

"დღეს საარჩევნო პროგნოზების გაკეთება კაზინოში თამაშს ემსგავსება...“

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელიწადი შესრულდა. ამ მძიმე თარიღის წინადღეს, 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მართალია რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა არ ახსენა, თუმცა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლასო. მან ასევე მიმართა "ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში" და ბრძანა: "საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში". ისევ აფხაზეთის ომს დავუბრუნდეთ. ჩვენი მარცხის მიზეზი იყო სწორედ ნდობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ - გავიხსენოთ, 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში დადებული შეთანხმების დარღვევამ კრემლის მიერ გაგრის დაკარგვამდე მიგვიყვანა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმებების დარღვევამ კი სოხუმის დაცემამდე. მიუხედავად იმისა, თუ ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში ყველა ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობის მთავარი მიზეზი რუსეთია, ჩვენს საზოგადოებაში დღეს კვლავ ლამის სამსჯელოდ იქცეს ქვეყნის საგარეო ვექტორი. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- სამწუხაროდ, დღეს მართლაც ეს მოცემულობა გვაქვს, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ საკითხის ასე დასმას აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა აქტუალურობა.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენმა საზოგადოებამ მშვენივრად იცოდა, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. რატომ გახდა დღეს ეს საკამათო?

- საქმე ის არის, ბოლო წლებში კრემლის პროპაგანდამ, რა თქმა უნდა, შიდა კოლაბორაციონისტული წრეების დახმარებით, პოლიტტექნოლოგიურად იმის მტკიცება კი არ დაიწყო, რომ რუსეთი კარგია, არამედ ვითარების ისე წარმოჩენა, რომ მის ალტერნატივად დასავლეთის განხილვა შეცდომაა, რადგან დასავლეთი თითქოს რუსეთზე უარესია. მთელი ეს კამპანიები გარყვნილების ბუდეზე, ანტიქრისტესა და ათას მსგავს სისულელეზე მეთოდურად მიმდინარეობდა... ეს არის ცნობილი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო კარგად აპრობირებული, როდესაც კომუნისტური რეჟიმი კონკურენციას ვერ უწევდაა თავისუფალ სამყაროს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებში, როგორიც არის თავისუფლება და კეთილდღეობა. ამიტომ ყალბ ნარატივს ნერგავდა, რომ საბჭოთა კავშირი იყო მშვიდობისა და სამართლიანობის სივრცე, დანარჩენი სამყარო კი იმპერიალიზმისა და აგრესიის ბუდე. ვიმეორებ, ეს ტექნოლოგიური ხაზი, ეს მატრიცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის შექმნილი და საბჭოთა მოქალაქეებს, რომელთაც არც თავისუფლება ჰქონდათ და არც კეთილდღეობა, ამით ურევდნენ ტვინს. დღეს იმავე ტექნოლოგიას იყენებენ, უბრალოდ, ახალი ელემენტები დაამატეს, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ფსევდორელიგიური ნარატივი ნაკლებად გამოიყენებოდა, დღეს კი ამან ამ ყველაფერს ახალი შტრიხები შესძინა.

პირველ ეტაპზე სწორედ ამ მეთოდებით გვებრძოდნენ, ამბობდნენ, რუსეთი ცუდია, მაგრამ დასავლეთი ბევრად უარესიაო, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა უკვე სხვა ნოტებიც. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ეს საქმე წარმატებით გააკეთეს და უკვე მეთოდურად დაიწყეს რუსეთის გათეთრება. ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა გორში, ფაქტობრივად, ამის პირველი ცდა იყო. მან ისე გამოიყვანა, რომ ჩვენსავე ტერიტორიაზე ჩვენ ვიყავით აგრესორები, ვმოქმედებდით იმპერიალისტების დაკვეთით, გვინდოდა ოსებისთვის გენოციდის მოწყობა და ახლა ამისთვის ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, თავზე ნაცარიც წავიყაროთ და ვაღიაროთ, რომ რუსები იყვნენ მშვიდობის დამცველები, რომლებმაც ოსები გენოციდისგან გადაარჩინეს. ამ ყველაფერს სისტემურად რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ პროცესები ლოგიკურად ებმის ყველაფერს - ეს არის კრემლიდან მიღებული ინსტრუქციები იმ ნარატივის, იმ მატრიცის დისტრიბუციისთვის საქართველოში, რაც დიდი ხანია შექმნილია და კარგად არის აპრობირებული სხვაგანაც, მაგალითად, ბელარუსში. ეს სცადეს უკრაინაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი ეს ყველაფერი?

- სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიზანს აღწევს - საბოლოოდ ხელისუფლებამ ამ ალტერნატივის, რუსეთი თუ დასავლეთი, სიმწვავე კრიტიკულად მნიშვნელოვან ომისა და მშვიდობის თემად აქცია. ხელისუფლება პოზიციონირებს, რომ თვითონ სურს მშვიდობა, ხოლო ყველა მისი ოპონენტი ომის მომხრეა, ოღონდ საინტერესოა, რას გვთავაზობენ ამ მშვიდობის უზრუნველსაყოფად - რუსეთთან ენის მოჩლექითა და ლაქუცით ლაპარაკს, გვაბოლებენ, თუ გაბრაზდა, ეგრევე ომი დაიწყებაო, ასე ცდილობენ საზოგადოების დაშინებას.

მოკლედ, დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელით რუსეთი ტესტავს ქართველ საზოგადოებას.... თუ ესეც "ვჭამეთ", რომ რუსეთი ანგელოზია და 2008 წელს ჩვენ ვიყავით აგრესორები, ეს იქნება ოკუპანტისთვის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ რბილი ძალით სავსებით შესაძლებელია დღესვე დაიწყოს საქართველოს რეინტეგრაცია რუსეთის იმპერიაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ არჩევნები, არამედ საზოგადოების ნების მასშტაბური გამოხატვა. კარგა ხანია ვამბობ, რომ არჩევნებამდე აუცილებელია მასშტაბური, პროდასავლური მანიფესტაციის გამართვა არა იმდენად საარჩევნო მიზნით, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ილუზია, ქართველი საზოგადოება ადვილად გადასაყლაპიაო.

- მინდა შევაფასოთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლა. ბევრი ელოდა, რომ ის ბევრად მწვავე იქნებოდა - ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე საუბრით გაჯერებული, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა, მისი სიტყვა საკმაოდ დაბალანსებული იყო. ამასთანავე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბაიდენთან ვახშამზე მიწვევის გაუქმებაც. ეს რას ემსახურებოდა? ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს ოფიციალური ვაშინგტონის არასერიოზული ნაბიჯი იყო.

- თავდაპირველად გეტყვით, რომ კობახიძის გამოსვლების კომენტირებაში აზრს ვერ ვხედავ, არა მგონია, მას ვინმე სერიოზულად უსმენდა - საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო გაგებით "უცხო სხეულად" იქცა. ესენი ხომ მაქციები არიან, იმის თავიც არა აქვთ, რომ ღიად პრორუსები იყვნენ, იქ ილაპარაკებენ იქაურ ენაზე, აქედან მუშტებს დაიქნევენ. ამასაც უხარისხოდ აკეთებენ, სულ ეს არის მაგათი პოლიტიკა. კი იყო გამოსვლა გარკვეული შელამაზებებით, აგრესია არ იგრძნობოდა, რასაც აქ ვისმენთ ხოლმე ტრიბუნიდან, თუმცა მისი გამოსვლა დაემსგავსა ისეთი ოდიოზური პირების გამოსვლას, როგორიც არიან დიქტატორები, ავტორიტარები, ჯერ კიდევ ხრუშჩოვით დაწყებული. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ეს დაღმავალი პროცესი შეუქცევადია. ვითარების შემოტრიალება, რასაც ივანიშვილი ვიღაცას ჰპირდება, ილუზიაა. ტრამპი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, მისი ადმინისტრაცია ამათთან კიდევ უფრო მკაცრი იქნება. საქმე ის არის, ტრამპი აშშ-ის საწინააღმდეგო რიტორიკას არ აიტანს.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერებზე უკრაინის ომის ფოტოების გამოჩენას. საქართველოში ამას ბევრი არ მიესალმება, თუმცა რუსეთში მოეწონათ.

- ზნეობრივ მხრეს რომ თავი დავანებოთ, ესთეტიკის თვალსაზრისითაც კი ძალიან გოიმურია ეს ყველაფერი. უტიფრობის ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. კობახიძის კომენტარი ვნახე, უკრაინელებიც იყენებდნენ ჩვენი ომის კადრებსო - ეს უტიფარი ტყუილია. ჩვენ გვყავს მატყუარა პრემიერი, მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ კობახიძეს არ აინტერესებს რეალობა. ის მზად არის ცილი დასწამოს, სიცრუე თქვას, ოღონდ კი თავისი მოქმედება გაამართლოს.

- სხვათა შორის, ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ზელენსკის 2008 წლის ომზე ძალიან უხერხულ ხუმრობებს აზიარებდნენ.

- კომიკოსის ხუმრობა შეიძლება ცუდი ან კარგი იყოს, ზელენსკის იმჟამინდელი ხუმრობები ცუდი იყო, მაგრამ იმ დროს ის კომიკოსი იყო და არა სახელმწიფო მოხელე.

უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის იყო მხარდამჭერი. გავიხსენოთ 2008 წლის ომი, რამხელა პოლიტიკური თუ სამხედრო დახმარება გაგვიწიეს. როდესაც ამ ქვეყანას ასე ექცევი, არ ვიცი, ეს რას ჰგავს.

- გასულ კვირას პარტიებმა ცესკოში წარადგინეს საარჩევნო სიები...

- ჩვენში არსებული პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, პოლიტიკოსები ისევ ლიდერებზე არიან ორიენტირებული. სიაში, ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ადგილზეა, მაგრამ ამომრჩეველი, ძირითადად, ლიდერის გამო აკეთებს არჩევანს. ამ მხრივ განსაკუთრებული სიურპრიზები არა გვაქვს "ქართული ოცნების" სიაში, რომელშიც პოლიტიკოსები საერთოდ არ არიან. მასში არის ერთადერთი მნიშვნელოვანი აქტორი - ბიძინა ივანიშვილი, რომლის საკუთრებაც არის მთელი სია. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ მას ოლიმპიდან ცოდვილ დედამიწაზე დაბრუნებამ მოუწია - გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები აქვს, მიიჩნია, რომ მას სჭირდება ძალაუფლების ფორმალიზება, პოლიტიკური იმუნიტეტი და გადაწყვიტა თავისი როლის სრული ლეგალიზება სახელმწიფო მართვაში. არა მგონია, ის პარლამენტში დეპუტატად დარჩეს, მას სჭირდება უფრო იმუნიტეტი იმ შიშების გათვალისწინებით, რაც აქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მას პრეტენზია ექნება პრეზიდენტობაზე - ეს სტატუსი მისთვის განსაკუთრებით კომფორტულია.

რაც შეეხება ოპოზიციას, დავიწყოთ "ნაციონალური მოძრაობით". მათთანაც ახალი დიდი არაფერია. მოსალოდნელი იყო, რომ ამ პარტიაში სიებზე იქნებოდა დიდი გაწევ-გამოწევა და ასეც მოხდა, ყველაზე ბოლოს წარადგინეს სია, რაც კარგი ცხოვრებით არ იყო განპირობებული. დიდი ალბათობით, სიის დაკომპლექტებისას პარტიაში დიდი პრობლემები ჰქონდათ. მე არც ამათ სიას განვიხილავდი დიდი ინტერესით, იქაც სააკაშვილია წამყვან ფიგურად. "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ძალას უჭერს მხარს, სააკაშვილია მთავარი ორიენტირი. მეორე ნაწილი კი "ჩამოტყდა" და წავიდა გაერთიანებასთან "კოალიცია ცვლილებებისთვის". ამ კოალიციაში პოლიტტექნოლოგიური ელემენტი გამოიყენეს და პირველ ნომრად სიაში შეიყვანეს ნანა მალაშხია - ქალი ცნობილი ევროკავშირის დროშით, რასაც გარკვეულ შემთხვევაში პოზიტივი მოაქვს და ასევე სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

პარტიებსაც "ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" არა აქვთ დიდი სიახლეები. მოკლედ, ის მოცემულობები მივიღეთ, რაც მოსალოდნელი იყო.

- ამ ორიოდე დღის წინ საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ ედისონ რისერჩმა-მა წარმოგვიდგინა ტელეკომპანია "ფორმულის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა, 20%-მა "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას", 11,9%-მა კოალიციას "ცვლილებებისთვის", 11,9%-მა "გახარია - საქართველოსთვის" მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% "ძლიერმა საქართველომ" მიიღო.

- ამ შედეგების სიზუსტეზე შეგვიძლია არაერთი თეორია განვავითაროთ, მაგრამ მთავარია არა ის, თუ როგორი განაწილებაა ოპოზიციაში, არამედ მნიშვნელოვანია ხელისუფლების რეიტინგი, რაც, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად ობიექტურია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის აგრესიის ნიაღვარი, რაც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიიდან იღვრება, ბევრზე უკვე აღარ მოქმედებს. კონფორმისტებიც კი, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერი ხმების ბეღელს წარმოადგენენ ხოლმე, ეჭვებში არიან. ვგულისხმობ მათ, ვინც მუდმივად ხელისუფლების მხარეს არიან და როგორც კი ის იცვლება, მომენტალურად გადალაგდებიან ხოლმე ახალ ხელისუფლებაში. ეს ხალხი საკმაოდ ჭკვიანია და ორიენტირებულია სტაბილურ კეთილდღეობაზე. ამიტომაც კარგად ხედავენ, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეს კეთილდღეობა თავზე ჩამოემხოთ. საჯარო სექტორშიც მათი პოზიცია საკმაოდ შერყეულია, იქაც კარგად ხვდებიან ყველაფერს, თუმცა ჯერ ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ბიზნესიც ძალიან სერიოზულად დაფიქრდება. თუნდაც იმიტომ, რომ სასანქციო პოლიტიკა თუ გაგრძელდა, ამან შესაძლოა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა ჩამოაქციოს. ხელისუფლებას სტაბილურად საყრდენი ელექტორალური ბაზა უკვე დაკარგული აქვს და ცდილობს შეინარჩუნოს ძალისმიერი მეთოდებით, მედროვეების გამოყენებით, რომლებიც კომპრომატებით ჰყავთ მობმული და ა.შ. თუმცა ხელისუფლების კოზირი ეს კი არ არის, არამედ ოპოზიციის სისუსტე და არაადეკვატურობა. ჩემი შეფასებით, ოპოზიციას საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, არც დაუწყია.

- გასულ კვირას ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს (ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულს, თუმცა ზოგიერთი შეიძლება ნამდვილიც იყოს) ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით"...

- იცის სააკაშვილმა მეთოდები, თავის დროზე თვითონაც ასე იქცეოდა. ამიტომაც მისგან ამის თქმა ცოტა ღიმილის მომგვრელია. ამ ხელისუფლებას ახალი არაფერი შეუქმნია, სააკაშვილი თუ რამეს აკეთებდა მანკიერსა და მავნეს, ყველაფერი გადმოიღეს. მეც ვეთანხმები სააკაშვილს, მან ყველზე კარგად იცის, როგორ იქცევა ძალაუფლებას ჩაჭიდებული ხელისუფლება.

- არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, შეგვიძლია რაიმე ტიპის პროგნოზი გააკეთოთ?

- ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს ლეგიტიმაცია. მას სისტემურად არჩევნები წაგებული აქვს, თუმცა ბუნდოვანია, ვის აქვს მოგებული. ჩვენ გვყავს 3 თანაზომადი ოპოზიციური ცენტრი. იმდენად ახლოს არის მათი მონაცემები, რომ პროგნოზების გაკეთება კაზინოში თამაშს ემსგავსება. მთავარია, ოპოზიცია იყოს ადეკვატური და აქტიური ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. კიდევ პრეზიდენტის როლია მნიშვნელოვანი, მის აქტიურობაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. მას საარჩევნო პროცესში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.