რატომ უწოდა ტრამპმა ზელენსკის „დიდი ვაჭარი“?! - კვირის პალიტრა

რატომ უწოდა ტრამპმა ზელენსკის „დიდი ვაჭარი“?!

უცხოური მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ­ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომ­რჩევ­ლებთან სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა და დასძიIნა, ზელენსკი ჩემზე ჭორაობსო... ცნობილია, რომ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,­ ტრამპმა "დიდად არ იცის, როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი". როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა გააღიზიანა დონალდ ტრამპი. "ჩვენ ვაძლევთ მილიარდებს ადამიანს, რომელიც უარს ამბობს შეთანხმების გაფორმებაზე. თქვენ გაქვთ ქვეყანა, რომელიც გაანადგურეს. უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაშია და იფურთხება თქვენი საყვარელი პრეზიდენტის მისამართით".

მანამდე ტრამპმა ბაიდენი და ჰარისი იმისთვის გააკრიტიკა, რომ მათ ამერიკა კონფლიქტში ჩართეს: "უკრაინა აღარ არსებობს. თქვენ ვეღარ შეცვლით ქალაქებს, თქვენ ვეღარ გააცოცხლებთ მკვდარ ხალხს. ნებისმიერი შეთანხმება, ყველაზე ცუდიც კი, უკეთესი იქნებოდა იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს არის".

ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ერთხელ განაცხადა, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, პუტინი უკრაინას თავს არ დაესხმებოდაო. როგორც ამბობს, თუ პრეზიდენტი გახდება, რუსეთ-უკრაინის ომს მალე დაასრულებს. ტრამპმა ზელენსკის "ისტორიაში ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა" და ამომრჩეველს შეჰპირდა, რომ უკრაინის საკითხს "სხვანაირად მიუდგება".

26 სექტემბერს ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს თეთრ სახლში "გამარჯვების გეგმის" განსახილველად შეხვდა, რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და გაყინული კონფლიქტის თავიდან არიდებაა.

მართალია გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ზელენსკის არ შეხვდებოდა, მაგრამ 27 სექტემბერს მათი შეხვედრა მაინც შედგა. დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ორივეს აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი "სამართლიანი" შეთანხმებით უნდა დასრულდეს­. "ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ, ვფიქრობ, არ შემცვლია აზრი, რომ ორივეს ამის დასრულება და სამართლიანი შეთანხმება გვსურს. ვფიქრობ, საჭირო დროს ეს მოხდება. პრეზიდენტს სურს ეს რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. თუ მოვიგებ, ძალიან სამართლიანი და, ვფიქრობ, სწრაფი შეთანხმება გვექნება", - თქვა ტრამპმა.­ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ომის სამართლიანად დასრულება, ტრამპს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, ხოლო ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზეა.

ტრამპის თქმით, სასტიკი ომის დასრულებისთვის იმუშავებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. "ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს (ზელენსკისთან), ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთანაც. ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებ, ამ საკითხს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ", - განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა. ზელენსკიმ ტრამპს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ მათი ბოლო შეხვედრიდან ხუთი წელი გავიდა. "ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საერთო მოსაზრება, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს და პუტინი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მსურს თქვენთან ერთად განვიხილო "გამარჯვების გეგმის" დეტალები", - თქვა ზელენსკიმ.

რატომ უწოდა ტრამპმა ზელენსკის დიდი ვაჭარი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში მართლაც შეძლებს თუ არა ომის შეჩერებას და გააგრძელებს თუ არა უკრაინის დახმარებას, ამ საკითხებზე ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:

- ტრამპმა ზელენსკის დიდი ვაჭარი უწოდა, ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ომის შეჩერებას შეძლებს...

- ტრამპს ასეთი რამ ზელენსკიზე პირველად არ უთქვამს. ინგლისური "სეილსმენი", ქართულად ვაჭარი, არ არის ამერიკაში შეურაცხყოფა, უამრავი ამერიკელი ამით ოჯახს არჩენს. ვფიქრობ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში ტრამპს ეს არ უთქვამს. როდესაც ჰკითხეს, არის თუ არა ზელენსკი დიდი პოლიტიკოსიო, მან უპასუხა, ის დიდი ვაჭარია - რამდენით მოდის­ ამერიკაში და რამდენიმე მილიარდით მიდისო­... ასე რომ, სასწაული არაფერია მის ნათქვამში, უბრალოდ, მედიამ გააბუქა.

თუკი ტრამპი გახდება ამერიკის პრეზიდენტი, არა მგონია, თეთრმა სახლმა­ შეწყვიტოს უკრაინის დახმარება. თუ ფრონტზე­ ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არ გამოსწორდა, ტრამპს ექნება საფუძველი თქვას, არაფერი გამოდისო, ამდენი ამერი­კული დახმარება იხარჯება და ომი უნდა დავამთავროთ ისე, როგორც ახლა არისო­. აღებულ ტერიტორიებს რუსები ასე იოლად­ არ დათმობენ. ზღაპრების ბევრს სჯერა,­ მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. რეალურად ტრამპის­ ნათქვამი კონფლიქტის გაყინვას, ცეცხლის შეწყვეტას ნიშნავს. ფუნდამენტური სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა, რომელსაც ორივე მხარე შეეგუება,­ ამ ეტაპზე შეუძლე­ბელია. თუ გავი­თვალისწინებთ, რომ უკრაინა დამოკიდებულია ამერიკის სამხედრო დახმარებაზე, მისი შეწყვეტა­ უკრაინი­სთვის ნიშნავს ომის ცუდად დასრულებას, დროებით ტერიტორიების დაკარგვას და მერე რა მოხდება,­ კაცმა არ იცის. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო, შეეცდებიან თუ არა გადარჩენილი, არაოკუპირებული უკრაინის ევროკავშირში შეყვანას... ნატოში უკრაინის შეყვანა მარტივი არ იქნება,­ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გამო, მაგრამ იქ თუნდაც ამერიკული სამხედრო ბაზის ჩადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.­ ისიც დასაფიქრებელია, რა ელის არაოკუ­პი­­რებულ უკრაინას. თუ რუსეთმა აღებული­ ტერიტორია წაართვა, რაც 20%-იც არ არის, დანარჩენი უკრაინა­ დასავლეთის­ მყარი მოკავშირე გახდება და ამას როგორ შეეგუება კრემლი, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

- გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტრამპი­ შეძლებს შეთანხმების მიღწევას?

- ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რუსეთი რამდენად წავა იმაზე, რომ ცეცხლი შეწყდეს და უკრაინა დარჩეს დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის სფეროში. ტრამპს შეუძლია უკრაინას შეუწყვიტოს სამხედრო დახმარება, მაგრამ რუსეთთან შეთანხმება უფრო გაუძნელდება. სხვა რა სანქციები უნდა იყოს, ყველანაირი სანქცია უკვე დაუწესეს რუსეთს. ხანდახან ისევ ადებენ­ ახალ სანქციებს, მაგრამ ეს ვერაფერს ცვლის. სხვა ბერკეტი არ არსებობს­. შესაბა­მისად, არ არის გამორიცხული, ტრამპი შეეცადოს რუსეთთან ვითა­რების დალაგებას და მის გამოყენებას ჩინეთთან. ტრამპმა თავისი­ პრეზიდენტობის დროს დააფიქსირა, რომ ჩინეთს­ აღიქვამდა­ მთავარ მოწინააღმდეგედ, მაგრამ რამდენად გამოუვა ახლა ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთის გამოყენება, ძნელი სათქმელია. ძალიან დაახლოებული არიან რუსეთი და ჩინეთი და ამ ჯაჭვის გაწყვეტა არ იქნება ადვილი.

- ამდენი წელია რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია და ვერ დაიპყრო უკრაინა. ამ ვითარებაში რუსეთს აწყობს ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდო ხელშეკრულების გაფორმება?

- ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდება იმ კაცის თავში, ვინც მართავს დღეს რუსეთს. თუ ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ვერ წაართმევს მეტ ტერიტორიას, შეიძლება აწყობ­დეს კიდეც ცეცხლის შეწყვეტა და სანქციების თანდათან მოხსნა. ალბათ, ტრამპს არ მოსწონს, რომ რუსეთი ძალიან მიენდო­ ომის გამო ჩინეთს და მის პარტნიორად იქცა. აქამდე არ იყო აშკარად გამოკვეთი­ლი, რომ რუსეთი ჩინეთის უმცროსი პარ­ტნიორია და ცხადია, ურთიერთობის გაუმ­ჯობესება მისცემს საშუალებას, რომ ჩინეთის ჩრდილიდან გამოვიდეს.

- ტრამპის განცხადება ზელენსკის შესახებ, ჩვენ ვაძლევთ მილიარდებს ადამიანს, რომელიც უარს ამბობს შეთანხმების გაფორმებაზეო, ნიშნავს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეუწყვეტს მილიარდებს უკრაინას?

- ჩვენ არ ვიცით, რა ჭკუაზე შეიძლება დადგეს არაპროგნოზირებადი ტრამპი, შეიძლება ესეც გააკეთოს. თუ ჩათვლის, ეს ომი ამერიკას რაღაცაში ადგება, მაგალითად, ეკონომიკურად, შეიძლება არც შეუჩეროს დახმარება. ტრამპი ხომ ძირითადად ეკონომიკურ მოგებაზეა ორიენტირებული.

- მისი მიზანია ჩინეთი არ გაძლიერდეს?

- ეს ლოგიკურია. მხოლოდ ჩინეთს აქვს პოტენციალი, ამერიკას შეუქმნას გლობალური პრობლემები, რუსეთს კი ეს პოტენციალი არ გააჩნია. რუსეთი უფრო თავის რეგიონზეა ორიენტირებული. შესაბამისად ტრამპს თუ დასჭირდა, ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთსაც შეეკვრება. ის პოლიტიკაში მორალს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ის ყურადღებას აქცევს ძალთა ბალანსსა და გეოპოლიტიკას.

- თქვენ გაქვთ ქვეყანა, რომელიც გაანადგურეთო, გამოდის, ტრამპმა უკრაინა დაანადანაშაულა ამ ომში?

- ახლა ტრამპი ამ განცხადებებით ამერიკელ ამომრჩეველს ელაპარაკება. ეს ვინმეს თუ არ მოეწონება უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა თუ სომხეთში, მისთვის აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა.

- თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის არჩევნებში, ტრამპი თუ ჰარისი?

- ჩემი აზრით, ორივე ძალიან ცუდი კანდიდატია. ჰარისი აბსოლუტურად გამოუცდელი პოლიტიკოსია. როცა უსვამენ კონკრეტულ შეკითხვას, მაგალითად, გადასახადების დაწევაზე, ინფლაციასთან ბრძოლაზე, ვერ პასუხობს, შიდა პოლიტიკა, სოციალური პრობლემები არ იცის. ტრამპს კი ყოველთვის პასუხები მზად აქვს.

ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი, თუ კარგმა პრეზიდენტმა როგორ წაიყვანა ამერიკა და მთელი მსოფლიო სწორი მიმართულებით, ხოლო ცუდმა რა უბედურება­ დაატრიალა მსოფლიოში. მაგალითად, ფრანკლინ რუზველტმა პირველ მსოფლიო ომში უზარმაზარი როლი ითამაშა, ამერიკა ჩაერთო და ომი მოიგეს, ჯორჯ ბუში-უმცროსმა კი ერაყში უაზრო ომი დაიწყო და ამით ამერიკაც დააზარალა და სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ჩვენც. ამ გაუთვლელი ომით მან რუსეთი გააძლიერა. ახლანდელი კანდიდატები ყველაზე სუსტები არიან, ვინც ამერიკას ოდესმე ჰყოლია.

- ტრამპსა და ჰარისს შორის, პრეზიდენტად ჰარისი ჯობს უკრაინისთვის?

- თუ რამე არ გამოსწორდა, მასაც გაუჭირდება ამერიკელი ამომრჩეველი და კონგრესი დაარწმუნოს, რომ მეტად დაეხმარონ უკრაინას. ორი წლის წინ გაიძახოდნენ, პუტინი კვდება, რუსეთს გამოელია ტანკებიო, მაგრამ გავიდა 2 წელიწადზე მეტი და საამისო არაფერი ეტყობა რუსეთს. უკრაინის შარშანდელი უშედეგო კონტრშეტევა დიდი უკუსვლაა. მაშინ გამოჩნდა, რომ ძალიან გაუჭირდება ტერიტორიების დაბრუნება. უკრაინა ამერიკისგან რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლებას ითხოვს. ეს აბსურდია, ხომ ისედაც ბომბავს. დიდი ხანია კურსკშია შესული. 2 კილომეტრით რუსეთის ტერიტორიაზეა გადასული ომი, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნებას მძლავრი სახმელეთო შეტევა სჭირდება. თუ მორიგი შეტევაც ჩავარდა, მაშინ ეს უკრაინისთვის კატასტროფა იქნება. კურსკში შესვლამ იმედი გააჩინა. როგორც ჩანს, მიზანი იყო რუსეთი მოეწყვიტათ დონბასიდან, კრემლს ჯარები გადაეყვანა კურსკში, მაგრამ ეს არ მოხდა, ისინი აგრძელებენ წინსვლას დონეცკის ოლქში. კი, კურსკში შესვლამ მორალურად შეაფრთიანა უკრაინელები, მაგრამ უკრაინაში ბრძოლის ველზე ამას სიტუაციის გაუმჯობესება არ მოჰყოლია.

- საინტერესოა, საქართველოსთვის როგორი იქნება ტრამპის გაპრეზიდენტება?

- ჩვენი უსაფრთხოება ჰაერშია გამოკიდებული. გამუდმებით ზღაპრები გვესმის­, რომ თუ კარგად მოვიქცევით, ნატოში მიგვიღებენ, მაგრამ ეს მხოლოდ კარგ მოქცევაზე არ არის დამოკიდებული. როცა საჭირო იყო, ნატოში მიუღიათ არადემოკრატიული ქვეყნები, მაგალითად, თურქეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, ალბანეთი... ვინც არ უნდა მოვიდეს, რუსეთის მიმართ უფრო აგრესიულად თუ უფრო ლოიალურად განწყობილი, ჩვენ ამ სიტუაციაში ვიქნებით. ამ ვითარებაში ჩვენ ევროკავშირში შესვლა შეგვიძლია, რადგან­ ეს უსაფრთხოებას არ უკავშირდება,­ რუსული ბაზების საკითხი ჩვენს ტერიტორიაზე მაინცდამაინც არ გვაბრკოლებს...