ისრაელის შეიარაღებული ძალები ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადებიან. ეს ინფორმაცია ისრაელის არმიის სარდალმა ჰერცი ჰალევიმ გაავრცელა. ჰალევის თქმით, ქვეყნის საჰაერო ძალები საჰაერო დარტყმებს ლიბანის საზღვარზე და უფრო შორეულ რაიონებზე გააგრძელებენ, რათა გზა გაუხსნან სახმელეთო შეჭრას, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებთ საშუალებას მისცემს "ჰეზბოლასთან" დაკავშირებული საფრთხის გარეშე დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. 28 სექტემბერს ისრაელის არმია "ცახალის" მეთაურობამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა მიაყენა ბეირუთში­ მდებარე დაჯგუფება "ჰეზბოლას"­ ცენტრალურ სამხედრო შტაბს. როგორც მედია იუწყებოდა,­ თავდას­ხმის სამიზნე "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა და მისი ბუნკერი იყო. გავრცელდა ინფორმაცია ნასრალას დაღუპვის შესახებაც... აშშ-მა, საფრანგეთმა და სხვა მოკავშირეებმა, ასევე არაბულმა ქვეყნებმა, 25 სექტემბერს ცეცხლის 21-დღიანი შეწყვეტა გამოაცხადეს. ერთობლივ განცხადებაში 11-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა ისრაელს და "ჰეზბოლას" სამკვირიანი ზავისკენ მოუწოდეს. მათი მოთხოვნაა, მხარეებმა კონფლი­ქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სცადონ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მიღებულ განცხადებაში­ ნათქვამია, რომ ისრაელსა და "ჰეზბოლას" კონფლიქტი შესაძლოა გამწვავდეს მთელ რეგიონში, რაც არავის ინტერესებში არ შედის. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გაეროში გამოსვლის წინ ისრაელმა უარყო თავისი მოკავშირეების მოწოდება­ ცეცხლის 21 დღით შეწყვეტაზე და პირობა დადო, რომ "ჰეზბოლასთან" ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს. ნეთანიაჰუმ კატეგორიულად უარყო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება და არმიას უბრძანა, "გააგრძელოს საბრძოლო მოქმედება მთელი ძალით". ისრაელის არმიის მიერ ლიბანის ტერიტორიების დაბომბვას, რაც ისრაელის თანახმად, "ჰეზბოლასთან" ბრძოლის მიზნით ხდება, ემსხვერპლა ასობით ადამიანი, ათიათასობით პირი ლტოლვილია. "ჰეზბოლამ" ამას დარტყმებითვე უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა მასირებული საჰაერო თავდასხმები ლიბანის ნაწილში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დაიღუპა 600-მდე კაცი და დაშავდა ასობით მოქალაქე, ხალხმა დასახლებული პუნქტები დატოვა. "ჰეზბოლამ" თელ-ავივისკენ ბალისტიკური რაკეტა ისროლა, რომელიც გაანეიტრალეს. "ჰეზბოლას" განცხადებით, დარტყმის სამიზნე იყო ისრაელის სადაზვერვო სააგენტო "მოსადის" შტაბბინა თელ-ავივის გარეუბანში. თუმცა ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტა საცხოვრებელი რაიონისკენ იყო დამიზნებული... ახლო აღმო­სავლეთში მიმდინარე პროცესებზე­ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი­ გვესაუბრება: - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელი "ჰეზბოლასთან" სახმელეთო ბრძოლისთვის ემზადება. რამდენად რეალურია ეს და ვის რა შანსი აქვს ამ შემთხვევაში? - ეს არის იმ ამბის გაგრძელება, რომელიც ისრაელზე თავდასხმით დაიწყო გასული წლის 7 ოქტომბერს. თითქმის 1 წელი გავიდა, რაც ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში, რასაც ზაფხულში თეირანში "ჰამასის" ლიდერ ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია მოჰყვა. პარალელურად შედარებით მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ისრაელის ჩრდილოეთით, სადაც "ჰეზბოლა" დროდადრო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილს ბომბავდა. უშუალოდ "ჰეზბოლამ" 8 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმიდან მეორე დღეს, დაიწყო სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე. ისრაელმა რამდენჯერმე მოუწოდა, რომ "ჰეზბოლას" ისრაელის დაბომბვა შეეწყვიტა, მაგრამ ამაოდ... თუ ისრაელმა ვერ აიძულა "ჰეზბოლა", რომ ისრაელის დაბომბვა შეწყვიტოს, შესაძლოა მართლაც დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში, საიდანაც "ჰეზბოლა" რაკეტებს უშვებს. ისრაელს თვეების წინ მოუხდა საკუთარი მოქალაქეების ჩრდილოეთიდან გაყვანა, და ახლა ოფიციოზი აცხადებს, რომ ისრაელის მიზანია ჩრდილოეთ ნაწილს თავისი მოსახლეობა დაუბრუნოს, თუმცა ეს ვერ მოხერხდება, თუ "ჰეზბოლასგან" მომდინარე საფრთხე არ იქნა აღკვეთილი. განსხვავებით "ჰამასისგან", "ჰეზბოლა" შიიტური დაჯგუფებაა, უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია, მას დიდი საბრძოლო გამოცდილებაც აქვს - 10 წელზე მეტია სირიაში­ იბრძვის და შეიძლება ითქვას, ირანს ყველაზე დიდი გავლენა სწორედ "ჰეზბოლაზე" აქვს. ამავე დროს, ის აკონტროლებს ლიბანის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით სამხრეთს, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ისრაელს. აქედან გამომდინარე, ისრაელი გააქტიურდა - მაგალითად, ახლახან პეიჯერები და პორტატიული რაციები ააფე­თქა. მართალია, ისრაელს ეს ოპერაცია საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა ყველა ხვდება, რომ თუ ვინმეს აქვს ასეთი ოპერაციის შესაძლებლობა, სწორედ ისრაელია. ამას მოჰყვა "ჰეზბოლას" პოზიციების დაბომბვები და საერთო ჯამში, ასობით მსხვერპლი და ათასობით დაჭრილია. ახლა საკითხი ასე დგას - ესკალაცია გადაიზრდება თუ არა დიდ ომში. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ "ჰეზბოლა" შეიძლება უკიდურესად დასუსტდეს. დიდწილად "ჰეზბოლასა" და მისი მოკავშირე თეირანის გადასაწყვეტია, რა სახის ინტენსივობა იქნება, მოიმატებს და დადგება დიდი ომის საფრთხე თუ ამავე რეჟიმში გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება სადღაც უნდა იქნეს მიღებული. როგორც ისრაელი აცხადებს, ის არ აპირებს უკან დახევას და როგორც ჩანს, მეორე მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ისრაელი დარწმუნებულია საკუთარ ძალაში, მას აშშ-ის მხარდაჭერის იმედიც აქვს. ჯერ ისრაელს სახმელეთო ოპერაცია არ დაუწყია, მაგრამ საჰაერო და საარტილერიო იერიშების მასშტაბი ძალიან დიდია. ისრაელის ინტენსიური დარტყმებისა და "ჰეზბოლას" საკვანძო ფიგურებზე თავდასხმების ფონზე, "ჰეზბოლას" მდგომარეობა ძალზე დამძიმებულია. - რა როლს შეასრულებს აშშ ამ ომში და შეძლებს თუ არა ისრაელის დახმარების გაგრძელებას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე? - შეერთებულმა შტატებმა ავიამზიდი "ჰარი ტრუმანი" გაგზავნა რეგიონში სამხედრო გემების დაჯგუფებასთან ერთად, რაც მნიშვნელოვანი ძალაა და შემდეგ ბაზირებული იქნება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. აშშ იმ ძალის მქონე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს უკრაინასაც და ისრაელსაც. რესურსების გადანაწილების პრობლემა არ იქნება, ვინაიდან მათ სულ სხვადასხვა სახის შეიარაღება სჭირდებათ. აშშ-ს ერთიც აქვს და მეორეც. ისრაელისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ამერიკული სამხედრო ძალების იქ ყოფნა. მართალია, აშშ-ში ახლა წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციურ წერტილს უახლოვდება, მაგრამ შეერთებული შტატები იმიტომაა­ ძლიერი ქვეყანა, რომ მას გამართული ინსტიტუტები აქვს, არ არის აუცილებელი ყველაფრის ხელით მართვა, მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, დანარჩენი ტექნიკისა და დროის ამბავია. - როგორც ჩანს, არც "ჰეზბოლა" აპირებს უკან დახევას, ის პირობას დებს, რომ სანამ ღაზაში ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს, შეთანხმება არ იქნება. ევროკავშირმა და კიდევ 11-მა ქვეყანამ მხარეებს მოუწოდეს დიპლომატიური გზითა და დროებით დაზავებით მოაგვარონ ეს პრობლემა... - ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, მორიგება ყველას სურვილია, მაგრამ მეორეა რეალობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ხალხის ნაწილი, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელიდან გაიტაცეს, ისევ ტყვეობაშია, ნაწილი დაიხოცა, ზოგის გვამებს მიაგნეს, ზოგისას ვერა. თუ ტყვეები არ გამოიხსნეს, გაძნელდება მშვიდობაზე საუბარი. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ცეცხლის დროებითი შეწყვეტაა. ახლო აღმოსავლეთი დახუნძლულია უამრავი პრობლემით და კიდევ ახალ-ახალი ემატება და ამიტომაც ძნელია გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი. - ისრაელის მოსახლეობის განწყობა ემთხვევა მთავრობის პოზიციას? პრემიერმა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "ჰეზბო­ლასთან" ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს... - არის პაციფისტური ჯგუფები, რომლებიც ომის გაგრძელებას არ უჭერენ მხარს, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებისა და ბრძოლის გაგრძელების მომხრეა, რათა ერთხელ და სამუდამოდ­ აღმოიფხვრას ისრაელისკენ მიმართული­ საფრთხეების­ პრობლემა. სარაკეტო დაბომ­ბვების დროს ძნელია ეკონომიკამ ნორმალურად იმუშაოს, სწავლის პროცესი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ისრაელის მოქალაქეების სურვილია დაუბრუნდნენ ნორმალურ რიტმს, ეს კი ასეთ პირობებში­ ძნელად წარმოსადგენია, რადგან რიგითი მოქალაქეებისთვის მუდმივი დაძაბულობა, დაბომბვები ძნელი გასაძლებია­. რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაჭრას პრობლემა, რომელიც ღაზისა და ლიბანის ტერიტორიიდან მომდინარეობს, პერიოდული და განმეორებადი ომების სერია უნდა დასრულდეს. ახლა ისრაელის უპირველესი ამოცანა "ჰეზბოლას" უკიდურესად დასუსტება და ომიდან გამოთიშვაა. - რა მასშტაბს მიიღებს ეს დაპირისპირება და ახლო აღმოსავლეთს თუ ემუქრება დიდი რეგიონული ომი? - ეს რეალურად "ჰეზბოლა"-ისრაელის დაპირისპირებაა, მაგრამ რადგან ეს ორგანიზაცია ბაზირებულია ლიბანის ტერიტორიაზე, ეს ომი მთელ ლიბანს ეხება. ახლო აღმოსავლეთში ეს პრობლემები ერთმანეთშია გადახლართული. შეიძლება დიდი რეგიონული ომიც დაიწყოს და მასში ჩართული აღმოჩნდნენ არა მხოლოდ "ჰეზბოლა" და ისრაელი, არამედ იემენელი ჰუსიტები და ერაყელი შიიტური სამხედრო დაჯგუფებებიც, რომელთა საერთო მოკავშირე ირანია. ახლო აღმოსავლეთს ახასიათებს ზოგიერთ ადგილას დროდადრო კონფრონტაციის ინტენსივობის მომატება ან კლება. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ სირია ან იემენი, სადაც სამოქალაქო ომი 11 წელია მიმდინარეობს, უბრალოდ, ის ყოველდღიურად არ ხვდება ახალი ამბების ბადეში, თორემ კონფრონტაცია და პრობლემები ახლო აღმოსავლეთში არ დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, ისრაელს სურს სამუდამოდ გაანეიტრალოს მის ირგვლივ არსებული საფრთხეები. - ირანი აქამდე ირიბად ერთვებოდა ისრაელ-"ჰამასისა" თუ ისრაელ-"ჰეზბოლას" ომებში. არის მოსალოდნელი, რომ ის უკვე პირდაპირ ჩაერთოს ომში? - ომში პირდაპირ ჩართვა ირანის ინტერესში არ შედის. ასეთი­ ნაბიჯის წინაშე შეიძლება დადგეს იმ შემთხ­ვევაში, თუ, მაგალითად, ისრაელი შეეცდება სრულად გაანადგუროს ირანის მოკავშირეები რეგიონში ("ჰამასი", "ჰეზბოლა",­ ჰუსიტები, ერაყული შიიტური დაჯგუფებები). - ვის ინტერესებში შედის რეგიონის ომის ქარცეცხლში გახვევა? - პირველ რიგში, რუსეთის, მისი სურვილი და ინტერესია, დანარჩენ სამყაროს აღარ ეცალოს რუსეთ-უკრაინის ომისთვის და ეს მიმართულება ახლო აღმოსავლეთია. შარშან, 7 ოქტომბრის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ეს ამბავი ("ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე) არ ჩამოდიოდა საინფორმაციოების გვერდებიდან. მაშინ რუსეთ-უკრაინის ომმა თითქოს უკანა პლანზე გადაიწია, შემდეგ კი ისევ დაბრუნდა. - 2006 წელსაც იყო ომი ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის... - იმხანად ისრაელს ჰქონდა გეგმა, რომელიც ვერ შეასრულა. სახმელეთო ოპერაციების დაწყებას ყველა ფრთხილად უდგება­ ხოლმე, რადგან ამას თან სდევს სამხედრ­ოების ტყვედ აყვანა, ისრაელი კი მისი ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს ძალიან უფრთხილდება. სახმელეთო ოპერაცია ლიბანის სამხრეთით დაიწყოს თუ არა, ისრაელი გადაწყვეტს. დიდი ალბათობაა, დაიწყოს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მასშტაბის იქნება ეს ომი. თუ დიდი მასშტაბის იქნება, ის ყველაზე აისახება, მათ შორის ჩვენს რეგიონზეც. დიდმა ომმა რეგიონში შეიძლება ბევრი სხვადასხვა რამ გამოიწვიოს, მაგალითად, დაიძრას ლტოლვილთა ნაკადები, რომლებიც, კაცმა არ იცის, საით წავლენ.