პოლიტიკური „შტორმის“ მოლოდინში?! - კვირის პალიტრა

პოლიტიკური „შტორმის“ მოლოდინში?!

რა მოხდება და რა პროცესებს უნდა ველოდოთ, 26 ოქტომბრამდე და 26 ოქტომბრის შემდეგ, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, რამაზ საყვარელიძესა და ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

რამაზ საყვარელიძე: - პარტიული სიები უკვე ცნობილია და ისეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორიც აქამდე გვქონდა­ - ქართული პოლიტიკური სპექტრი გამოფიტულია. ფაქტია, ეს სიები ამ ეტაპზე ფუნქციას ვერ ასრულებენ. სია პიარის ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს, თუ ვინ დგას მათ გვერდით და ამიტომ ცდილობენ სახელიანი ხალხის მიზიდვას, უპირატესად მსახიობებისა და სპორტსმენების. სამწუხაროდ, მეცნიერებს ასეთი სახელი არა აქვთ ხოლმე, საზოგადოებამ მათი საქმეები ნაკლებად იცის.

ეს სიები ჩემთვის გაუგებარია, რადგან არის პარტიები, რომელშიც სულ ვგულისხმობდი კონკრეტულ პირებს­, მაგალითად, უსუფაშვილს "ლელოსთან", მაგრამ ახლა ის გამქრალია. უსუფაშვილი რესპუბლიკელებიდან რომ წამოვიდა, ახალი პარტიის შექმნა­ დაიწყო, მერე მიატოვა,­ "ლელოში" შევიდა და ახლა "ლელო­შიც" აღარ არის. უიღბლო ადამიანია­, სხვა თემაა, იმსახურებს­ თუ არა ამას, მაგრამ აშკარად არ არის ის, ვისაც მიმზიდველად­ ჩათვლიდნენ. მეორე მხრივ, თვითონაც არ ჰქონია პოლიტიკური ალღო. მეტ-ნაკლებად გასაკვირია გახარიას ხაზიც, მაგრამ მასთან უფრო მეტია აქამდე უცნობი პირი და ამიტომ მიჭირს თქმა. "ნაცმოძრაობის" განშტოებებში საერთოდ სრული გაუგებრობაა იმ ელემენტითაც, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, განდივით გვერდიდან დაეხმაროს პარტიას. ვეჭვობ, ოპოზიციას მოაკლდა დირიჟორი უცხოეთიდან. დავალებებს,­ იდეებს, ფულს შეიძლება აძლევენ, მაგრამ აშკარად არ არის ადრინდელი ოპერატიულობა.

- მაშინ "ოცნების" სიაზე რას იტყვით?

- კითხვები "ოცნების" სიასთან არა მაქვს, იმიტომ, რომ "ოცნებას" პარლამენტში დიდი მასა შეჰყავს, რადგან პარტიული რეიტინგი მაღალია და მნიშვნელობა არა აქვს, სიაში მყოფებს ვიცნობთ თუ არა. სადაც პარტიული რეიტინგი დაბალია, იქ არის საჭირო, რომ პერსონები რაც შეიძლება მკაფიო იყვნენ.

- ანუ დღეის მოცემულობით ფიქრობთ, რომ "ოცნება" ბევრ ხალხს შეიყვანს? დაახლოებით რამდენს ვარაუდობთ?

- დაახლოებით 60%-ს.

- იმ ფონზე, რასაც ამბობენ, აკეთებენ, აიღებს იმდენს, რაც არასოდეს აუღია?

- სწორედ ამ ფონზე შეიძლება უფრო მეტი გაიყვანოს. მოსახლეობას აქვს დაჩაგრულის დაცვის განცდა.

- "ოცნება" დაჩაგრულია?

- ამ სტრატეგიაში, რაც დასავლეთმა­ შეიმუშავა, რა თქმა უნდა, იჩაგრება. ეს სტრატეგია მათი დიდი შეცდომა იყო, რადგან აჩენს განცდას, რომ "ოცნება" იჩაგრება. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოზე ასეთი შეტევა არ ყოფილა.

- არც საქართველოდან ყოფილა ასეთი შეტევა სტრატეგიულ პარტნიორებზე...

- ჩვენ სულ გვავიწყდება ორი ფრაზა­ - ივანიშვილმაც ახსენა და კობახიძემაც, რომ გადატრიალება მზადდებოდა. ამ სამზადისის პასუხად დაიწყო მერე ქართული ჩხუბი და ეს თავდაცვის ჩხუბი იყო.

- სად არის მტკიცებულება, რომ ამერიკა­ და დასავლეთი გადატრიალებას ამზადებდნენ?

- უცხოურ წყაროებშიც მიდის უკვე ამაზე მსჯელობა, რომ ამერიკის ინტერესი ახლა ჩინეთთან დაპირისპირებაა. ტრამპის გარემოცვაც აკეთებს განცხადებებს, ახლა ყველა თემა უნდა გადავდოთ და აქცენტი შორეულ აღმოსავლეთზე გადავიტანოთო - ანუ ჩინეთზე, რადგან მისი ეკონომიკა უტოლდება ამერიკისას. ტრამპის პრეზიდენტობის დროს საქართველოში პომპეო რომ ჩამოვიდა, გვითხრა, აქ ჩინეთი არ შემოუშვათო. ასე რომ, ეს ანტიჩინური სულისკვეთება ამერიკულ პოლიტიკაში არის. ამ დროს ჩინეთს სურს თავისი საქონელი, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს, კავკასიაზე გამოატაროს. ამიტომაც, თუ გინდა ჩინეთის გაჩერება, ეს გზა უნდა გადაკეტო.

აზერბაიჯანის მონაკვეთს რომ შეუტიო, ამას ერდოღანი გამოექომაგება და რომელი ქვეყანაა, რომელსაც არავინ გამოექომაგება? - ცხადია, საქართველო! ამიტომ ამერიკას აწყობს საქართველოში არეულობა.

ომიო, რომ ამბობენ, ომში კი არაა საქმე,­ სურათების გამოფენა რომ დაიწყეს და რაღაც იდიოტური სერიალი გაუშვეს, მთავარი­ დესტაბილიზაციაა - ანუ ეკონო­მიკური სუბიექტი არასანდო, არასტაბი­ლურ ქვეყანაზე არ გაატარებს მილიონებიან­ საქონელს. ამიტომ დესტაბილიზაციაა საჭირო. გაუკეთებია ამერიკას ანალოგიური გადატრიალებები? გაუკეთებია 2003-ში, როდესაც სააკაშვილი მოიყვანეს ხელისუფლებაში, ოღონდ მაშინ ამერიკა და რუსეთი ერთად მოქმედებდნენ. ამერიკის და რუსეთის ინტერესები დღესაც ემთხვევა ერთმანეთს - ეს გზა რუსეთსაც არ აწყობს, რადგან ის სანქციებამდე რუსეთზე გადიოდა და თუკი საქართველოზე ვეღარ გაივლის, ცხადია, რუსეთს შეეძლება ამ გზის დაბრუნება. ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ აქ ხელისუფლების შეცვლაზე იზრუნებენ ქვეყნები, რადგან გაცილებით დამყოლი იყო სააკაშვილის ხელისუფლება და როდესაც ამერიკასაც და რუსეთსაც აქ ომი დასჭირდათ, სააკაშვილის ხელისუფლება პროვოკაციას აჰყვა. სცენარი იყო ასეთი - რუსეთს უნდა შემოეტია, ამას ეპასუხა, მერე დაძაბულობა გაზრდილიყო და ამერიკაში რესპუბლიკელების კანდიდატ მაკკეინს რეიტინგი გაზრდოდა, ხოლო რუსეთს საშუალება ეძლეოდა ცხინვალსა და აფხაზეთში ჯარები შეეყვანა. ასე რომ, ეს ომი ორივეს აწყობდა, ახლაც ორივეს აწყობს. ამიტომ რა ვქნა, არ ვიფიქრო, რომ შესაძლოა ახლაც გადატრიალების სცენარი მუშავდება?

სხვათა შორის, ისევ ამერიკული შეცდომის წყალობით ერთი სცენარი დასაღუპავად არის განწირული - ანუ ამერიკა დაგვიწყებს რყევას და ზღაპარში როგორიცაა, მელია ჩიტს რომ ეუბნება, ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ ხეს მოვჭრიო, ასე უნდა ჩიტები გადავუგდოთ. ჩიტებში კი იგულისხმებიან ივანიშვილი, კობახიძე და ა.შ. ანუ ქართველმა ხალხმა ხელისუფლება რომ გადააგდოს. თუ ეს გამოუვიდა, ყველაფერი წესრიგში ექნება ამერიკას, თანაც მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ბაიდენის ამერიკას, ტრამპის მაგალითიც ზემოთ იმიტომ ვახსენე, რომ ჩინეთის თემა ამერიკის ორპარტიული ინტერესია. ამიტომ, თუ ეს ხელისუფლება გადავაგდეთ, ხომ კარგი, ამერიკა დაკმაყოფილდება, მაგრამ ჩვენ დაგვრჩება აოხრებული ქვეყანა, რომელსაც ჩინური პერსპექტივაც კი მოჭრილი ექნება.

ჩინეთი ჩვენთვის პერსპექტიული პარტნიორია ეკონომიკურად, რადგან იქიდან მილიარდები მოდის, და პოლიტიკურადაც, რადგან ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დღეს რუსეთი არ ეკამათება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ნახევარი ციმბირი აღებული აქვს. ვერ ეკამათება იმიტომ, რომ არ შეუძლია და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს. ამიტომ ჩვენთვის ჩინეთის დაკარგვა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც დიდი დანაკარგი იქნება, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არეულობის შემთხვევაში, ქვეყანა ძალიან დაიხევს უკან.

მეორე სცენარი - დავუშვათ, "ოცნება" ვერ გადააგდეს, რას იზამს ამერიკა? რას და, საკმარისია გააგრძელოს რეალური მოწოლა, ამით საქართველოს "ბრიკსისკენ" უბიძგებს, ამას კი არც ერთ შემთხვევაში არ იზამს, რადგან თუ "ბრიკსში" შევალთ, ჩინეთს ხელები გაეხსნება კავკასიაში შემოსასვლელად - ანუ, "ოცნებას" თუ ვერ გადააგდებენ, საკმარისია, ცოტა ხანს გაჯიუტდე, მოითმინო და ამერიკა უკან დაიხევს. ის კი უკან დასახევს იტოვებს. თითქმის ას კაცზე თქვეს, სანქციები გვაქვს დადებულიო, და ათი კაცი მაინც ვიცით, ვისაც დაადეს?

- ფინანსური სანქცია ვისაც დაუწესეს, ვიცით. დანარჩენებს არ აცხადებენ, რადგან ამერიკაში შესვლას შეეხება და, თუკი მოინდომებენ, მაშინ გამოჩნდება.

- ვისზეც ვიცით, იმათზეც ღიმილის მომგვრელია. ასე რომ, ამერიკა არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ მერე უკან დახევა არ გაუჭირდეს. ერთ ვახშამზე არ დაპატიჟა კობახიძე, მეორეს გაუმართავს და ეგ იქნება. ამ დროს უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ საქართველო გაანადგუროს. არის პროცესები, სადაც ზეწოლის რეალური სახე არ ჩანს, ჩანს მხოლოდ რიტორიკა და ხმაური. თუ გამოუვა, ხომ კარგი, მიიღებს იმ ვითარებას, რაც სჭირდება. თუკი არ გამოუვა, იტოვებს ურთიერთობის აღდგენის რესურსს.

- რა შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი ამ სცენარებისთვის?

- რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე დღე. თუკი ძალიან შეუტიეს, გაყალბდაო, მაშინ შეიძლება ჩემს ვერსიებში მეც შევიტანო ეჭვი. მაგრამ ვვარაუდობ, რომ ისევ და ისევ რიტორიკული იქნება შეტევები, რადგან ეს ქვეყანა სჭირდებათ.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება ყველაფერს ისე სწორად აკეთებს, რომ უმეტესობას მოსწონს და მხარს უჭერს?

- გადატრიალების ვერსიის ფონზე, ცხადია, მეტ-ნაკლებად სწორად აკეთებს.­ მეტ-ნაკლებად-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ამ დღეებში გამოქვეყნებული უკრაინის ომის ფოტომასალა არც მე მომეწონა. თუკი გინდა ის აზრი მოიტანო, რომ ომი ცუდია და მშვიდობა კარგი, ქართულ რეალობაში ომის ცოტა კადრები გვაქვს, თუნდაც­ 2008 წლის? თან საშინელი. ეს აზრი შენი მასალით მოიტანე,­ შენი ხალხისთვის ის უფრო ნაცნობია და სულ რამდენიმე წლის წინ გამოცადა. ამ სურათების გამოფენა რაში სჭირდებოდათ, ჩემთვის გაუგებარია.

"ოცნებისკენ" გადაბირების საფრთხე არცთუ მცირეა"

ირაკლი მელაშვილი: - დღეს არც ოპოზიციაში აქვს ვინმეს შანსი იმისა, რომ გაიმარჯვოს ისეთი უპირატესობით, რომ მთავრობა სრულად დააკომპლექტოს, და ხელისუფლებასაც, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება უპირატესობის მოპოვება. მთავარი საკითხი იგივეა - შეუქმნის თუ არა ვინმე "ქართულ ოცნებას" სამთავრობო კოალიციას...

პრეზიდენტის ქარტიას მგონი უფრო ის როლი ჰქონდა, რომ წინასაარჩევნოდ არანაცქოცური ოპოზიციის ერთიანი პლატფორმა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ გამოვიდა. ახლა ქარტიის დაცვას მაინცდამაინც არ დაიწყებს ოპოზიცია, თუკი არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, ერთი მხრივ, არჩევნებში ერთპიროვნულად ვერავინ­ გაიმარჯვებს, მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობის" დაკომპლექტებულ მთავ­რობაზე სხვა ოპოზიცია არ დათანხმდება, "ნაცები" კი არ დათანხმდებიან, რომ სხვა პარტიები წავიდნენ წინ, ამიტომ შეიძლება კომპრომისის საფუძველი გახდეს სწორედ ტექნიკური მთავრობის ელემენტი, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შემოგვთავაზა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში რა მოხდება, რა შედეგებს მივიღებთ არჩევნებზე, კაცმა არ იცის.

- არის შანსი, რომ "ქართულ ოცნებას" ვინმემ შეუქმნას კოალიცია და ვინ შეიძლება იყოს ის?

- ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამეები მომხდარა, არაფერი გამიკვირდება. თუმცა­ "ქართულ ოცნებას" ისეთი გეზი აქვს აღებული, რომ ეჭვი მეპარება, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი პოლიტიკური კამიკაძე, რომელიც ამას აიღებს თავზე. ყველაზე ახლოს ამასთან, ალბათ, ისევ იაგო ხვიჩიას პარტია იქნება. თუმცა მეორე საკითხია, თუკი რამდენიმე ხმა დააკლდება, შეიძლება ცალკეული პირები გადაიბიროს და მაშინ კოალიციაც აღარ იქნება. გადაბირების საფრთხე კი არცთუ მცირეა, რადგან ყველა პარტიაში მეტ-ნაკლებად არიან ისეთი პირები, ვისაც სხვადასხვა ეტაპზე ხელისუფლებებთან ასეთი თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდათ, ძირითადად რეგიონულ დონეებზე, მაგრამ მაინც არის.

- დღევანდელი რეალობის გათვალისწი­ნებით ქვეყანაში თუ მის გარეთ, "ოცნებას" რა შანსები აქვს და წავა თუ არა გაყალბებაზე?

- გაყალბების გარეშე შანსი არა აქვს. მოდი, ასე ვთქვათ, "ოცნება" ამდენ ხანს ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხით თამაშობდა. როგორც კი ევროინტეგრაციის საკითხი დადგა, მაშინვე უნდა გამართულიყო ამ თემაზე საუბარი, დასმულიყო კითხვები და გაეცათ პასუხები. თავის დროზე "ნაცმოძრაობა", ვინც ამ კითხვას დასვამდა, ყველას მოღალატედ აცხადებდა და ეს თემა ჩაკლეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ეს კითხვები არ იყო, მათ შორის ევროინტეგრაციის მომხრეებშიც და ცხადია, მოწინააღმდეგეებშიც. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, როდესაც ნატოს საკითხზე პლებისციტი ჩატარდა, ხმები 72X28-ზე დაჯდა. სხვა საკითხია, პლებისციტი როგორი არჩე­ვნების ფონზე მიდიოდა, მაგრამ ოპოზიციას არ დაუყენებია მისი სანდოობის საკითხი. მიუხედავად ამისა, წლები გადიოდა და კითხვები ყველას ჰქონდა, რომ რა ეშველება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ვერავინ ბედავდა, რადგან, როგორც გითხარით, ლამის ღალატის ტოლფასი იყო. კითხვები ახლა უფრო გაღრმავდა და "ოცნებამ" ზუსტად ამაზე ითამაშა და არავინ მოინდომა სერიოზულად ლაპარაკი. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხგაუცემლობაზე, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, ითამაშა "ქართულმა ოცნებამ" და შემოატრიალა ეს საკითხი.

ტერიტორიული მთლიანობა საქარ­თველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ეს გამოიყენა "ოცნებამ". არც ერთ კვლევაში არ დასმულა კითხვა, თუ ეს ორი საკითხი, ევროინტეგრაცია და ტერიტორიის მთლიანობა დაუპირისპირდა ერთმანეთს, მაშინ როგორია ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არ ვიცით და "ოცნება" ახლა ზუსტად ამაზე თამაშობს, ფაქტობრივად, ის გამოდის იდეით, რომ თურმე ტერიტორიულ მთლიანობას ევროინტეგრაცია უშლის ხელს. ამას ყველა ვხვდებით და სწორედ ამის გამო ამ ორი საკითხის დაპირისპირებით ხმები როგორ გადანაწილდება, არავინ იცის.

- რამდენად სწორი ფორმულირებით აყენებს ამას "ოცნება" და რა გავლენა ექნება ამას არჩევნებზე?

- საერთოდ არასწორად აყენებს და ხალხს სწორედ ეს უნდა აუხსნან. ის კი არ უნდა უთხრა, ამ კითხვას რომ სვამ, მოღა­ლატე ხარო.

ხალხს უნდა გააგებინო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ევროინტეგრაციაში, უკრაინის გამარჯვებაშია და, თუკი უკრაინამ გამარჯვება ვერ მოახერხა, ტერიტორიულ მთლიანობას კი არა, ვირის ყურებს დაგვანახებენ ცოტა ხანში. აქამდე ხომ ამაზე ხმის ამოღება ღალატად ითვლებოდა, ახლა კი ვინ რისი ამხსნელია, რომელიმეს ეტყობა, რომ სერიოზულად უფიქრია რაიმე საკითხზე? პრობლემაც ზუსტად ის არის, რომ არც არავინ იცის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც არაფრის გეგმა არა გვაქვს. ევროკავშირში ინტეგრაციაც თავზე დაგვეცა, თორემ ჩვენ არაფრისთვის მზად არ ვიყავით და არც ვართ.

რას ნიშნავს ევროკავშირში შესვლა და ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას როგორ შეუწყობს ხელს, ხალხს უნდა უთხრან, თუნდაც კამათის დასაწყებად. საზოგადოებაში არის ამ თემაზე ლაპარაკის მოთხოვნა და ხელისუფლება აკეთებს ძალიან მარტივ რაღაცას - იმედს იძლევა, მე ვარ ის, ვინც რუსეთს მოელაპარაკება, მაგრამ დასავლური ძალები, რომელთაც არ უნდათ რუსეთთან ლაპარაკი, ხელს გვიშლიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე მუშაობაშიო. რა თქმა უნდა, "ოცნების" ეს პოლიტიკა უზნეობაა, მაგრამ ვის ვთხოვთ ზნეობას, ხომ ვნახეთ, ბანერებზე რაც გამოფინეს, ამის შემდეგ რაზე შეიძლება ლაპარაკი.

- "ოცნება" უზნეოდ რომ მოქმედებს, მაინც აქვს ხმების მიღების შანსი?

- არ ვიცი, ეს არავის დაუტესტავს.­ თუმცა ამ თემით მაქსიმუმის ამოღებას ცდილობენ. ამას დაამატეთ მათი ხმები, ვისაც "ნაცმოძრაობის" მობრუნების ეშინია და პლუს ადმინისტრაციული რესურსი. თუმცა, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მაინც მგონია, რომ "ოცნება" 40%-ზე მეტს ვერ აიღებს. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიცია რამდენად შეძლებს ხმების აკრეფას. რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ საარჩევნო კამპანიით-მეთქი, მოგატყუებთ. მეგონა, ოპოზიცია სურათის შექმნას უფრო კარგად შეძლებდა იქიდან გამომდინარე, რაც მაის-ივნისში ხდებოდა ქვეყანაში. უფრო მეტად შეძლებდა იმ განწყობის გაღვივებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება იცვლება, მაგრამ მათი ლექსიკიდან გამომდინარე, ის უფრო ჩანს, რომ წაგების უფრო ეშინიათ, ვიდრე მოგების სჯერათ.

- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, რა სცენარებია მოსალოდნელი?

- სცენარები ძალიან შეზღუდულია. ერთია, რომ ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება დამაჯერებლად. ამისთვის "ოცნებამ" კიდევ იმდენი სისულელე უნდა ჩაიდინოს, რომ ხალხს ყელში ამოუვიდეს და მასობრივად მისცეს ოპოზიციას ხმა, რათა გაყალბება და ოპოზიციის გამარჯვების გადაფარვა შეუძლებელი გახდეს. ამისთვის კი ოპოზიციას სადღაც 60-40%-ზე უნდა ჰქონდეს ჯამში მოგებული, რომ "ოცნებამ" გაყალბება ვეღარ შეძლოს. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, ოპოზიციური პარტიები რამდენად შეძლებენ ხმების აკრეფას.

ჯერ კიდევ ბევრად მეტია ხელისუფლებით უკმაყოფილო, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერი. ოპოზიციამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის მასობრივად მიზიდვა. აგინებენ ხელისუფლებას, მაგრამ არ იციან, ვის მისცენ ხმა. მეორე პრობლემაა ის, რომ ეს ხმები არ დაიკარგოს იმ პარტიებზე, ვინც ბარიერს ვერ გადალახავენ. ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა, რაც "ფორმულამ" "ედისონ რისერჩის" კვლევის საფუძველზე გამოაქვეყნა, რომ ოთხმა კი არა, შეიძლება 5-6-მა სუბიექტმა გადალახოს ბარიერი. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ლეიბორისტები და ხვიჩია ბარიერს გადალახავენ, მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ბარიერი ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს და ამან შეიძ­ლება გამოიწვიოს ხმების დაქსაქსვა.­ ეს ვის აწყობს? "ოცნებას"­ და "ნაცმოძრაობას", ისევე, როგორც ბევრი ისეთი­ რამ, რასაც ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილი აკეთებს.

ოპოზიცია ვერ ქმნის გამარჯვების განწყობას. მას არ ჰყავს ლიდერები, ვისაც საზოგადოება ენდობა. მთავარია, საზოგადოებაში გამარჯვების განწყობის შექმნა და მერე ამას ვერც ბიძინას მილიარდები შეცვლის და ვერც "ოცნების" ხრიკები.

სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რაც არ უნდა ცუდი ოპოზიცია იყოს, უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არა იმიტომ, რომ კარგი ოპოზიცია გვყავს, არამედ იმიტომ, რომ "ოცნება" რომ დარჩეს, უფსკრულში გადაჩეხს ქვეყანას. თუ ესენი მოვლენ, რას იზამენ, ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. ყოველ შემთხვევაში, იმ კატასტროფას მაინც ავცდებით, რაც შეიძლება ძალიან მალე მივიღოთ - ქვეყნის დასანქცირება.

რუსა მაჩაიძე