საარჩევნო სიები - დაჩაგრულები, ახალი ადამიანები და გამორჩენილები - კვირის პალიტრა

საარჩევნო სიები - დაჩაგრულები, ახალი ადამიანები და გამორჩენილები

საპარლამენტო არჩევნებამდე სამიოდე კვირა რჩება. ამ არჩევნებს უზარმაზარი მნიშვნელობა რომ აქვს ქვეყნის მომავლისთვის, ამაზე არავინ კამათობს. ისე, პრინციპში, ეს შემოდგომა მარტო საქართველოსთვის კი არა, აგერ მსოფლიოსთვის შეიძლება გახდეს გადამწყვეტი. 26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას, 5 ნოემბერს კი ამერიკა. ტრამპის ხელმეორედ შესვლამ თეთრ სახლში შეიძლება ისეთი რყევები გამოიწვიოს მსოფლიოში, რომ ჩვენი არჩევნები დაგვავიწყდეს კიდეც. თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს არჩევნებს­ და გადავხედოთ პარტიების საარჩევნო სიებს. უფრო ზუსტად, ოთხი სუბიექტის, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ მომავალ პარლამენტში გადამწყვეტ როლს შეასრულებენ.

სად მიდიან თალაკვაძე და ოდიშარია?

წინა ნომერში "ქართული ოცნების" ოცეული განვიხილეთ, ამიტომ ამაზე დეტალურად აღარ შევჩერდებით. როდესაც მმართველმა პარტიამ სრული საარჩევნო სია გამოაქვეყნა, აღმოჩნდა, რომ იქ არ არიან არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია - ერთ-ერთი მთავარი სპიკერები. არსებული ინფორმაციით, თუ "ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, ორივე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს. ოდიშარიაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ აი, თალაკვაძე, სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

სხვა მხრივ, "ოცნების" სია დიდი სიურპრიზებით არ არის დატვირთული. მათ შორის არც ოცეულში ლაშა ტალახაძისა­ და გენო პეტრიაშვილის მოხვედრაა გასაკვირი, რადგან­ დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ მმართველი გუნდი მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

რატომ ჩაგრავენ ბარამიძეს?

"ნაცმოძრაობის" ოფიციალური ინფორმაციით, მათი საარჩევნო სია ასახავს მიხეილ სააკაშვილის ხედვას, რომ ისეთი ხალხი იყოს სიაში, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში. ჩვენი ინფორმაციით, მთლად ასე არ იყო და სიის შედგენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულეს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა, მაგრამ კარგი, დავიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მიშას ხედვებს ასახავს.

"ნაცმოძრაობამ" თავიდან გამსვლელი სია წარადგინა ანუ პირველი 22-ეული. საკმაოდ უცნაური ხედვა ჰქონია სააკაშვილს, რადგან ამ 22 კაცში გიორგი ვაშაძე, კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი, კახა ოქრიაშვილი და რამაზ ნიკოლეიშვილი ხელისუფლებაში იყვნენ "ნაცმოძრაობის" დროს - ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე, ზოგიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

უკვე მერამდენედ გამსვლელ სიაში არ არის გია ბარამიძე, რომელიც სააკაშვილის ისეთი გულმხურვალე მხარდამჭერია, რომ კომედიური სკეტჩის გადაღება შეიძლება. ორ სიტყვაში სამჯერ იტყვის "თავისუფლება" მიშას. რატომ არ დაუფასეს ამ ადამიანს ასეთი მოწადინება? ნუთუ თვითონაც ეხამუშებათ ბარამიძის ასეთი ულტრამიშისტობა? ეს არ არის უსამართლობა? თქვენი მონა-მორჩილი "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი რომ იყოს, იტყოდა, რომ ბარამიძე უფრო იმსახურებს გამსვლელ სიაში ყოფნას, ვიდრე იგივე გუბაზ სანიკიძე. ასევე, საინტერესოა, განმარტავენ თუ არა "ნაცმოძრაობის" ოფიციალური თუ ჩრდილოვანი ლიდერები, რად უღირთ გუბაზ სანიკიძე? ამ ადამიანის სიაში მოხვედრამ ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებისას გამოიწვია "ნაცმოძრაობის" აქტივში დიდი მღელვარება და აბსოლუტურად გასაგებია მათი - დარბიხარ მიტინგებზე, ზოგჯერ გიჭერენ,­ ზოგჯერ გცემენ და ამ დროს შენ უკანა პლანზე გადაგწევენ და გამსვლელ სიაში გუბაზ სანიკიძეს გამოჭიმავენ. გია ბარამიძის ადგილას რომ ვიყო, "ნაცმოძრაობას" დავტოვებდი.

გამსვლელ სიაში არ არის ხატია დეკანოიძეც (22-ს იქითაა და ძალიან საეჭვოა, რომ პარლამენტში მოხვდეს), რომელიც დიდი ზარ-ზეიმით დაბრუნდა "ნაცმოძრაობაში" და ამის გამო ანა წითლიძის რისხვაც დაიმსახურა (წითლიძე 20 აგვისტოს წერდა: "საპარლამენტო სიის ხათრით კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში­ ხატია დეკანოიძის სახით. ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი. ხატია დეკანოიძე - რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა, უკან რომ ბრუნდები? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ ხაბე არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ "ოლიგარქები არ მართავენ პარტიას?"). სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილმა ვერ აპატია დეკანოიძეს ის, რომ "ნაცმოძრაობის" დატოვების მიზეზად ყოფილი შს მინისტრის ჩრდილოვან გავლენებს ასახელებდა.

"ევროპული საქართველოს" ნარჩენებიდან გამსვლელ სიაში მოხვდა გიგი წერეთელი, აი, აკაკი ბობოხიძისთვის კი არც გამსვლელ და არც გაუსვლელ სიაში ადგი­ლი არ მოიძებნა. როგორც ჩანს, ვერ აპატიეს, რომ თავის დროზე სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობაზე" მწვავე თავდასხმებით გამოირჩეოდა. ზომიერი გიგი წერეთელი კი, როგორც სჩვევია ხოლმე, წლების განმავლობაში არც მწვადს წვავდა და არც შამფურს.

როგორც ჩანს, კეზერაშვილს არ გამოუვიდა სოფო ჯაფარიძის მოშორება და ის სიაში მესამე ნომერია. სამაგიეროდ, სიაშია კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც კეზერას ზეობისას (სააკაშვილის ხელისუფლების დროს) ყველა სკანდალური სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.

გამსვლელ სიაში არის ლევან ხაბეიშვილი, თუმცა პარტიის ყოფილი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელისთვის მე-14 ადგილი ცოტა უპატივცემულობა ხომ არ არის?! თუმცა ხაბეიშვილმა მელიას "დამხობის" შემდეგ იმდენად ვერ გაამართლა კეზერაშვილის იმედი, რომ საერთოდ სიაში რომ მოხვდა, ალბათ, მადლიერი უნდა იყოს.

ნიკა გვარამია და "ახალი ადამიანები"

"კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო სიის პრეზენტაციამდე ნიკა გვარამიამ­ განაცხადა, რომ ის არ იქნება სიაში, რადგან სურს გზა გაუხსნას ახალ ადამიანებს,­ რომლებიც არც ერთი ხელისუფლების ნაწილი არ ყოფილან (არ გაგონებთ სააკა­შვილის ხედვებს?). ზოგადად, პარტიის ლიდე­რი რომ სიაში არ უნდა იყოს, ეს არ არის გვარამიას ნოუ-ჰაუ. ბევრ ქვეყანაში ასეა, რადგან მიიჩნევა, რომ პარტიის ხელმძღვანელის საქმიანობა უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე საპარლამენტო მუშაობა.

გვარამიამ ასევე თქვა, რომ ახალ ადამიანებად ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას მიიჩნევს. თუ სახელმწიფო სტრუქტურებში 7-წლიანი მუშაობა, მათ შორის აღსრულების ბიუროს უფროსად, (ნიკა მელია) ან ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილეობა (ელენე ხოშტარია) არ ითვლება ხელისუფლებაში ყოფნად, მაშინ რაღაც ახლისთვის ნამდვილად მიუგნია ნიკა გვარამიას. ზურაბ ჯაფარიძე, კი ბატონო, არ იყო ხელისუფლებაში და "ნაცმოძრაობას" მაშინ შეუერთდა, როდესაც მან ძალაუფლება უკვე დაკარგა.

მარგველაშვილის ფაქტორი

ძალიან სამწუხაროა, რომ დავით უსუფაშვილი ვერ მოხვდა "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სიაში. როგორც ვიცით, ამას ობიექტური მიზეზები აქვს, რომლის განვრცობას არ დავიწყებთ. იმედია, უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას მალე დაუბრუნდება.

ასევე, ცოტა გაუგებარი იყო ალეკო ელისაშვილის პირველ ხუთეულში ვერმოხვედრა და სიაში მე-20 ნომრად დაფიქსირება.

მამუკა ხაზარაძემ დიდი ზარ-ზეიმით წარადგინა მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ასევე ვერ მოხვდა სიაში - სავარაუდოდ, თავად მარგველაშვილის სურვილით, რომელიც, ალბათ­, მიიჩნევს, რომ მეოთხე პრეზიდენტობის სტატუსი დეპუტატობაზე არ უნდა დახურდავდეს. თუმცა წმინდა პიარის თვალსაზრისით, ალბათ, აჯობებდა, მარგველაშვილი სიაში ან პირველი ნომერი ყოფილიყო ან მეორე (ხაზარაძის შემდეგ). პარლამენტში­ მოხვედრის შემდეგ კი შეეძლო უარი ეთქვა დეპუტატის მანდატზე და საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილმონაცვლე შევიდოდა. ასევე, საინტერესოა, რა ფუნქცია ექნება მარგველაშვილს "ძლიერი საქართველოს" ფარგლებში 26 ოქტომბრამდე ან 26 ოქტომბრის შემდეგ?!

ალბათ, მამუკა ხაზარაძის კოალიციისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზენტაცია მოეხდინათ არა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, არამედ, მაგალითად, ზაფხულის დასაწყისში და ყოფილი პრეზიდენტი აქტიურად ჩართულიყო წინასაარჩევნო კამპანიაში.

ამ ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში მომრავლდა "დაგვიანებული რეაქციები", რომლის მაგალითი იყო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ხაზარაძისა და გახარიას ალიანსის მცდელობა.

ქობულიას მინისკანდალი და "გამორჩენილი" დაუშვილი

გახარიას პარტიის სიაში, თქვენი მონა-მორჩილის აზრით, კარგია ლევან გოგიჩაიშვილის მეტ-ნაკლებად გამსვლელ ადგილას ყოფნა. სიაში არის ჩვენი საამაყო ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილიც. სხვა მხრივ, გახარიას პარტიის სიის პრეზენტაციას წინ უძღოდა და თან სდევდა გაუგებრობები.

ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ გახარია რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. თუმცა, მისი თქმით, საბოლოოდ, "ნდობა არ შედგა". მისივე მტკიცებით, გახარიას სხვა საარჩევნო სია ჰქონდა, მაგრამ შემდეგ სხვა წარადგინა.

რატომ "არ შედგა ნდობა" გახარიასა და ქობულიას შორის, გაუგებარია, მით უმეტეს, გუშინ არ გაუცნიათ ერთმანეთი. ორივე ამ ხელისუფლებაში იმ თანამდებობებზე იყო, როდესაც ერთმანეთთან თანამშრომლობა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდათ.

მეორე გაუგებრობა იყო გახარიას პარტიის ერთ-ერთ სახესთან - მიხეილ დაუშვილთან დაკავშირებით. სიის პრეზენტაციისას გახარიამ განაცხადა, რომ "მიხეილ დაუშვილი სიის შემადგენლობაში არის, მე, უბრალოდ, გამომრჩა". შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაუშვილი საერთოდ არ არის სიაში.­ თავად დაუშვილმა თქვა, რომ სიაში საკუთარი ნებით არ მოხვდა და გახარიას განცხადებას "გამორჩენის" შესახებ გულდასაწყვეტი უწოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვური განმარტებები და შეუსაბამობები (გინდ ქობულიას და გინდ დაუშვილის შემთხვევაში) ეჭვებს აჩენს. თუ ასეთი გაუგებრობები გახშირდა, ის გახარიას პარტიის საარჩევნო შედეგზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.

გიორგი კვიტაშვილი