„მორჩა, ოზონის ხვრელი იხურება!“ - კვირის პალიტრა

„მორჩა, ოზონის ხვრელი იხურება!“

როდესაც გლობალური სტრესული ინფორმაციის წყალობით კოშმარულ სცენარებზე ვფიქრობთ - მაგალითად იმაზე,­ რომ ოზონის ხვრელი ისე ფართოვდება, დედამიწას ულტრაიისფერ სხივებში­ ამოგუდვას უპირებს - აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ხვრელი ისე ივსება, რამდენიმე წელიწადში მისგან წერტილიც არ დარჩება. ახლა თურმე დედამიწა ბევრად მწვანდება და ცოცხლობს, ვიდრე თუნდაც 20 წლის წინ... აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიოს გრანდიოზული სამედიცინო ცენტრების მიერ თაგვებზე ჩატარებული­ მრავალწლიანი ექსპერიმენტებით, მალე მსოფლიოს ეცოდინება, როგორ გაახალგაზრდაოს ადამიანი. თავად თაგუნები უკვე რამდენჯერმე გააახალგაზრდავეს, იმდენჯერ, რამდენჯერაც დაბერდნენ!

ამ და სხვა პოზიტიურ ამბებზე ბიოქიმიკოს ნელი გოგალაძეს ვესაუბრეთ:

- გლობალურმა ნეგატიურმა ინფორმაციამ ბევრი ჩააგდო დეპრესიაში. ამ დროს ირგვლივ სამყარო ცოცხლობს და ვითარდება. კატაკლიზმების გვერდით ყოველთვის იქნება სიკეთის მომტანი მოვლენები. როდესაც ოზონის ხვრელი ინგლისელმა მეცნიერებმა ანტარქტიდაში 1985 წელს აღმოაჩინეს, მართლაც შიში გამეფდა და ის წლების განმავლობაში მძაფრდებოდა. მოგეხსენებათ, ოზონის ფენა ადამიანს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რათა რომელიმე დაავადება არ დაემართოს. ვიცი ხალხი, რომელიც ხვრელის აღმოჩენის პირველ წლებში ყველა დაავადებას მას მიაწერდა. განა მარტო ჩვენთან, ამ ამბავმა იმდენად შეზარა მსოფლიო, რომ პოლიტიკოსები შეიკრიბნენ­ სამსჯელოდ, რათა ოზონის შრის გაფართოება შეეჩერებინათ და მნიშვნელოვანი ღონისძიებები მართლაც გატარდა. მაგალითად, შეჩერდა ისეთი ნივთიერებების წარმოება, რომლებიც ოზონის გამანადგურებელ აირებს შეიცავს. ამასობაში, 2020 წელს, ოზონის შრის იმავე დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ მორჩა, ოზონის ხვრელი იხურება და კაცობრიობას საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დღეებში წავიკითხე სწორედ, გაეროს გენერალური მდივნის გამოხმაურება ამ თემაზე: ოზონის ხვრელი, რომელიც ამდენ ხანს დაავადებული პაციენტი იყო, ახლა ჯანსაღდებაო.

- დედამიწასაც აქვს თავისი გადამრჩენი მექანიზმები.­ ჩემი აზრით, ეს ამბავი მხოლოდ ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოების შემცირებას არ გამოუწვევია: უბრალოდ, სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს და "მონსტრი" დაიხურა.

- დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია და, რა თქმა უნდა, როგორ განვითარდება მოვლენები, დაბეჯითებული პროგნოზი შეუძლებელია. მაგალითსაც გეტყვით­: დედამიწაზე სულ ორი წლის წინ, 29 ივნისს, იყო ყველაზე მოკლე დღე იმ დროიდან, რაც კი კაცობრიობამ დღეების ხანგრძლივობის აღრიცხვა დაიწყო. მართალია, დღე სულ რამდენიმე მილიწამით ჩამორჩა სხვა საუკუნეების დღეებს, მაგრამ დრო ხომ სწორედ მილიწამებით იზომება. იმხანად მეცნიერებმა ეს მოვლენა იმით ახსნეს, რომ დედამიწამ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა ააჩქარა და დღეც დამოკლდა. თუმცა ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ დედამიწის აჩქარება მოულოდნელად შენელდა და დღეები ისევ დაგრძელდა. თუ რატომ, არავინ იცის.

- როგორც ცნობილია, სიცოცხლესთან დაკავშირებული უამრავი ახალი აღმოჩენაც არის. მსოფლიოს ცნობილ სამედიცინო ლაბორატორიებში ლამის გადამწყვეტ საფეხურებზეა სიბერესთან ბრძოლის ექსპერიმენტების მიღწევები.

- ასე ვთქვათ, "მარადი ახალგაზრდობისათვის" კვლევები არა ერთ ქვეყანაში და არა ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორის მოლეკულური ბიოლოგიის დახმარებით სწორედ მოლეკულების გადაადგილებით მოხერხდა, რომ საექსპერიმენტო თაგვების ორგანიზმიდან, ასე ვთქვათ, "სიბერის მოლეკულები" გამოვიდეს. მიღწევების შესახებ კი ბოლო, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბიოლოგის, გენეტიკის პროფესორ დევიდ სინკლერის კვლევაზე გეტყვით: მისი პირველი კვლევა 2020 წელს გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის შემდეგ დაზიანებული თვალის ბადურით ბრმა თაგვებმა უცებ მშვენივრად დაინახეს. იმდენად კარგად, რომ ეს მათ ნაშიერებსაც შეშურდებოდათ. საილუსტრაციოდ იმ თაგვების ფოტოც კი გამოქვეყნდა, სადაც თანაბარი ასაკის თაგვებიდან ერთი ახალგაზრდაა უკვე შეცვლილი გენეტიკური ასაკით, მეორე კი, მისივე ტოლი, ასაკოვანი და უძლურია. როგორც სინკლერი წერს, თაგვებს მხედველობის დასაბრუნებლად თვალის დაზიანებულ ნეირონებში შეუყვანეს სიბერის მოლეკულებისაგან უკვე გასუფთავებული უჯრედები, რის შემდეგაც სულ რამდენიმე ხანში მათ მშვენივრად დაინახეს. მართალია, ეს პროცესი და ახალგაზრდობა თაგვებში მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, სიბერის უჯრედებმა ისევ შემოუტიათ და დაბერდნენ, მაგრამ მეცნიერს გული არ გაუტეხია და ახალგაზრდობა თაგვებში უკანვე, ისევ იმავე უჯრედების შეყვანით დააბრუნა. მან თქვა, რომ გაახალგაზრდავების პროცესი ბუნებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ არ ვაახალგაზრდავდებით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გენომს არ ახსოვს, ეს როგორ გააკეთოს, თორემ ეს, მაგალითად, ჩვეულებრივმა ხვლიკმა იცის. თუ მას კუდს მოვწყვეტთ, ის ახალ კუდს მალევე გაიზრდის. სინკლერი დაჰპირდა კაცობრიობას, რომ მალე გაახალგაზრდავება ჩვეულებრივი ამბავი იქნება.

mecnieri-sinkleri-harvardshi-tagvit-1727630118.jpg

- როგორც ცნობილია, სიკვდილ-სიცოცხლის თემაზეც უამრავი მეცნიერი მუშაობს.

- ადამიანის ცხოვრების მთავარი მსაზღვრელი სწორედ სიკვდილ-სიცოცხლეა და ამაზე ფიქრობს ადამიანი გამუდმებით უძველესი დროიდან. ამიტომ, ცხადია, მუშაობენ. ყოველ ჩვენგანს წაუკითხავს თუ მოუსმენია აზრი სიცოცხლისა და სიკვდილის მდგომარეობის გარდა, "რაღაც მესამეზე", პარალელურზე, რომლის შეცნობასაც ყველა ცდილობს. მეცნიერებაში ეს "მესამე მდგომარეობა" იმ პროცესით იხსნება, როდესაც გარდაცვლილის უჯრედები კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს, მაგალითად, ადამიანის ტვინის უჯრედები. მაგრამ ბოლო დროს მეცნიერებაში ე.წ. მესამე მდგომარეობის შესწავლას უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. რა მოვლენაა ის, რომ ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ უჯრედები ისევ ცოცხლობენ და სხვა მდგომარეობაში გადადიან, მათგან სიცოცხლის ახალი ფორმები წარმოიქმნება, ახალ ფუნქციას იძენს. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ მკვდარი ბაყაყის უჯრედები, რომლებიდანაც წარმოიქმნება ე.წ. მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, იგივე ქსენობოტი. ქსენობოტს "ეზრდება" თმის ღერის მსგავსი შვერილები, რომლებითაც ის მოძრაობს. საოცარია არა? თუ ამ თემაზე დავფიქრდებით, მივადგებით აზრს, რომ სიცოცხლე, როგორც ასეთი, არასოდეს წყდება, ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში გადადის, მაგრამ რატომ არ შეიძლება მუდამ სიცოცხლის ის ფორმა შევინარჩუნოთ, რომელიც გარდაცვალებამდეა? აი, ეს კითხვაა, რომლის პასუხსაც ეძებენ ის მეცნიერები, რომლებიც სიცოცხლის მექანიზმს სწავლობენ.

- გისმენთ და იმაზე ვფიქრობ, რომ უფალსაც სურდა ადამიანის უკვდავება, რომ არა შეცოდება.P პარალელურად, ცხადია, როგორც კი რაიმე მოვლენა დაიწყებს გაბატონებას, გნებავთ, ადამიანები გათარეშდებიან ან დაავადება იმძლავრებს, იქვე ჩნდება საპირისპირო ძალები, რომლებიც ამ გაბატონებას აღკვეთენ. ეს ხომ ნიშნავს, რომ თავად ბუნებაც იცავს ადამიანს განადგურებისაგან?

- კი, ეს ყველაფერი ჩადებულია სიცოცხლისა და მისი გადარჩენის საიდუმლოში. სიცოცხლის გადარჩენის მექანიზმი მცენარეულ საფარშიც ბრწყინვალედ მუშაობს. მაგალითად, ხომ ბევრი ვხედავთ, თუნდაც პოლიეთილენით რა ზიანი მიაყენა ადამიანმა დედამიწას და ოკეანეებს. რაც ოკეანეებში ტონობით პოლიეთილენია ჩარეცხილი, მას იქ ყველა სასიცოცხლო პროცესი უნდა გაეწყვიტა,M მაგრამ აღმოჩნდა, რომ პოლიეთილენის დიდი ნაწილი წყალში უკვალოდ ქრება. როგორ? ოკეანის წყალში აღმოჩნდა ე.წ. პლასტმასის მჭამელი სოკოები, რომლებიც ზღვებში ჩადენილ პლასტმასას შთანთქავენ და აქრობენ.

- ბუნება იბრძვის მისივე დაბინძურების წინააღმდეგ!

- დიახ. პლასტმასის მჭამელი ნივთიერება მეცნიერებმა ხმელეთზეც აღმოაჩინეს და გამოყენებაც დაიწყეს. თუმცა მანამდე, როგორც გითხარით, თავად ბუნებამ შექმნა თავისივე დაცვის სისტემა. უამრავი საინტერესო კვლევაა მცენარეების შესწავლის საქმეში. თანამედროვე ტექნოლოგიებით ირკვევა, რომ მცენარეებს ერთმანეთთან უნიკალური საკომუნიკაციო სისტემა აკავშირებს. ამის შესახებ ნაწილობრივ ხალხმა ყოველთვის იცოდა, - სოფლად რომ ორ სხვადასხვა ჯიშის ხეს ერთმანეთის გვერდით არ დარგავდნენ, ერთმანეთს გაახმობენო, ამ ცოდნის ნაწილი იყო.

ახლა, როდესაც უკვე იწერება მცენარეთა ელექტროსიგნალები, ირკვევა, რომ, მაგალითად, დაზიანებული ხეები სულ სხვა სიგნალებს გამოყოფენ, ვიდრე გალაღებულები. თუმცა, ცხადია, ეს ხმები ჩვენამდე ვერ აღწევს. ისიც ირკვევა, რომ ყველაზე დიდი "ურთიერთობანი" მცენარეებს მიწის ქვეშ აქვთ, სადაც საარსებო რესურსებს უზიარებენ ერთმანეთს ან გამაფრთხილებელ სიგნალებს გადასცემენ. ეს საკითხი ჯერ შეუსწავლელია და აუცილებლად შეისწავლება. მცენარეთა ეს ე.წ. კომუნიკაცია რომ არ იყოს, არ იქნებოდა სულიერთა სიცოცხლე დედამიწაზე.

მოკლედ, რაც მეტი გვეცოდინება ჩვენი სამყაროს პოზიტივებზე, რაც მეტად ავყვებით მას და არა ნეგატივს, მით უფრო მოვიპოვებთ იმ ბედნიერებას, რომელიც ჩვენი წილი ბედნიერებაა.