მოსკოვმა აფხაზეთში „სასამართლოების შესახებ“ რუსული კანონი დაამტკიცა - კვირის პალიტრა

მოსკოვმა აფხაზეთში „სასამართლოების შესახებ“ რუსული კანონი დაამტკიცა

დიდი მუქარისა და შანტაჟის შემდეგ მოსკოვმა აფხაზებთან თავისი მაინც გაიტანა და "სასამართლოების შესახებ" რუსული კანონი დაამტკიცა, რის მიხედვითაც აფხაზებისგან შევიწროებული რუსი ინვესტორები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში არცთუ ცოტანი არიან და აფხაზები მათ პრეტენზიებს არასდროს ითვალისწინებდნენ, ეკონომიკურ საქმეებზე სარჩელებს რუსულ სასამართლოებში შეიტანენ და სოხუმის რეჟიმი ვალდებული იქნება რუსული გადაწყვეტილება აღასრულოს. 25 სექტემბერს სოხუმში­ ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის პარალელურად დე ფაქტო პარლამენტმა­ "ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ "„რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

რიგში კიდევ მოსკოვის 2 მოთხოვნაა - რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე დოკუმენტის რატიფიცირება და აფხაზებისთვის უკიდურესად მიუღებელი რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ე.წ. აპარტამენტების კანონი), რომელიც დე ფაქტო პარლამენტში 25 ივლისს უნდა განხილულიყო, მაგრამ მთელ აფხაზეთში დიდი პროტესტის გამო ჩაიშალა. რუსეთის ეს სამი მოთხოვნა ეწერა კოზაკი-ბჟანიას სკანდალურ შეთანხმებაში, რომელიც აფხაზურ ტელეგრამარხებზე გავრცელდა. იქვე იყო კრემლის მუქარაც, რომ კრემლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო 1-ლი სექტემბრიდან საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერდებოდათ მასწავლებლებს, ექიმებსა და სამართალდამცველებს, რაც აღსრულდა კიდეც. იყო ორი მუქარაც: აფხაზებს ზამთარში ელექტროენერგიაზე კომერციული საფასურის გადახდა მოუწევდათ და ურჩ ოპოზიციონერებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმეოდათ. რუსეთმა მოთხოვნილი კანონებიდან ერთი უკვე მიიღო, რომელი იქნება მომდევნო, ჯერ არავინ იცის.

„ეს არის სუვერენიტეტის დათმობა...“

აფხაზურ მედიაში კოზაკი-ბჟანიას სკანდალური შეთანხმების გავრცელების შემდეგ სოხუმში ელოდნენ, რომ დე ფაქტო პარლამენტი რუსეთის მოთხოვნების შესრულებას მალე დაიწყებდა და ასეც მოხდა. ბჟანიას გუნდმა მზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო და შეეცადა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მხარდაჭერა მოეპოვებინა. სკოლებმა, საავადმყოფოებმა და კულტურის დაწესებულებებმა მიიღეს წერილის შაბლონი, რაზეც თანამშრომლებს­ ხელი უნდა მოეწერათ. შაბლონში იყო მოწოდება, რომ რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად დე ფაქტო პარლამენტს აუცილებლად უნდა მიეღო კრემლსა და აფხაზეთს შორის დაბრკოლებად ქცეული კანონპროექტები. ამასთან, ხელმომწერებს უნდა დაედასტურებინათ ლოიალურობა ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების კურსის მიმართ და დაეგმოთ­ ოპოზიციონერები, რომლებიც თითქოსდა­ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის გაფუჭებას­ ცდილობენ. ამ შაბლონს აფხაზეთში დაცი­ნვით "ბჟანიას ბედნიერების ბარათები" შეარქვეს­. როგორც ტელეგრამარხებზე დაწერეს, იყო მუქარა, თუკი თანამშრომლები ხელს არ მოაწერდნენ,­ ხელფასს ვერ მიიღებდნენ. ბჟანიას ეს ოპერაცია ჩავარდა, ბევრმა ორგანიზაციამ ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ოპოზიციის ნაწილმაც გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ რამდენიმე კვირაა "პრეზიდენტი" ბჟანია „საკანონმდებლო ორგანოზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს უბინძურესი პოლიტტექნოლოგიებითა და შანტაჟით, რაც მარცხით დამთავრდა.

ამ ოპერაციის ჩავარდნის მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტმა კრემლის საამებლად ნაბიჯი მაინც გადადგა და 25 სექტემბერს სასამართლოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება გადაწყვიტა. დილიდან ე.წ. პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ ჟურნალისტები და აქტივისტები­, რომლებიც შენობაში არ შეუშვეს. რატიფიკაციას 27-მა "დეპუტატმა" დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, 2-მა თავი შეიკავა.

ბჟანიას განცხადებით, "ეს შეთანხმება­ არანაირ რისკს არ უქმნის აფხაზეთს, პრეტენზიები აქვთ მხოლოდ თაღლითებს, მათ, ვინც იმედოვნებს, რომ შეუძლია ბანკიდან სესხი აიღოს და შემდეგ არ დააბრუნოს".

"ეს არის სუვერენიტეტის დათმობის პირველი ეტაპი... აფხაზეთის რესპუბლიკა პირდაპირ გადავიდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ამიტომ დაშალეთ ჩვენი სასამართლო სისტემა, ის უკვე აღარ გვჭირდება... გადააქციეთ რუსეთის საელჩო სამთავრობო სახლად... ახლა ყველა რუსი ინვესტორი უჩივლებს აფხაზს და მოიგებენ კიდეც ყველა სარჩელს... რუსეთმა აბორიგენების ხელით რუსებისთვის "სოხუმის გათავისუფლების დღე" უნდა იზეიმოს... დეპუტატებს უნდა ვკითხოთ, ღირს თუ არა 30 სექტემბრის აღნიშვნა? წადით, ყვავილებითა და სევდიანი გამომეტყველებით დიდების პარკში, რათა ქედი მოუხაროთ მათ, ვინც დაიღუპნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებლობა არ არსებობს" - წერენ აფხაზები.

აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობით უძრავი ქონების ფლობის უფლება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს აქვს. ამიტომ­ ყველა, ვისაც "მოქალაქეობა" არა აქვს და ბიზნესის დაწყება სურს, იძულებულია პარტნიორად აფხაზი აიყვანოს. სწორედ ამ "კანონის" გამო აფხაზეთში ბევრია შემთხვევა, როდესაც რუსებმა ჩადეს სოლიდური ფული, ააწყვეს ბიზნესი და მერე პარტნიორმა აფხაზმა წაართვა. არის გახმაურებული შემთხვევებიც. მაგალითად, გუდაუთაში პლასტიკური მილების ქარხნის მფლობელ რუს ბიზნესმენ მიხაილ პანოვს 2018 წელს ქარხანა ორმა აფხაზმა წაართვა. საწარმოში მილიონები იყო ჩადებული, მილები რუსეთშიც გაჰქონდათ. პანოვი აცხადებდა, რომ ორი აფხაზი მისგან შემოსავლის გაყოფას ითხოვდა, ხოლო უარის შემთხვევაში ქარხნის წართმევით და მოკვლით ემუქრებოდა. მან შემოსავლის გაყოფა არ მოისურვა, უარის თქმის შემდეგ კი 50 კაცი დაესხა თავს და რუსი ბიზნესმენი აფხაზეთიდან გააძევეს. პანოვი 3 წელი დარბოდა საჩივრებით, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ასევე გახმაურებული იყო 2013 წელს რუსი დიპლომატის, ვიცე-კონსულ დმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეც. ცოლ-ქმარი საკუთარ ავტოფარეხში ჩაცხრილეს. ვიშერნოვს კონფლიქტი ჰქონდა აფხაზებთან, რადგან აცხადებდა, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებსა და ტურისტებს აყაჩაღებენ. გარდა ამისა, რუსების კუთვნილი ბინების დაბრუნების საკითხებს კურირებდა. ბინები რუსებს აფხაზებმა წაართვეს მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომის დროს რუსებმა ბინები მიატოვეს. წლების შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა აღიარა", რუსებს აფხაზეთში დაბრუნება მოუნდათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი ბინები აფხაზებს დაესაკუთრებინათ. ვიშერნევი ამ საკითხების მუდმივი გამწვავებით აფხაზ სეპარატისტებს ნერვებს უშლიდა და მისი მოკვლაც გადაწყდა.

რუსი ბიზნესმენის გატაცებისა და მკვ­ლელობის შეკვეთის საქმეზე ბრალდებუ­ლი იყო დე ფაქტო დეპუტატი ნოდიკ კვიწინია. რუსი ბიზნესმენი სერგეი კლემანტოვიჩი და მისი პარტნიორი ოქსანა სკარედნოვა სოხუმიდან 2012 წლის სექტემბერში­ გაუჩინარდნენ. 2013 წლის ოქტომბერში აფხაზეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ორივე გაიტაცეს და მოკლეს. მათი გვამები ოჩამჩირის რაიონის ერთ სოფელში აღმოაჩინეს. გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ამას გარდა, დე ფაქტო პროკურატურამ მოითხოვა კვიწინიასთვის "დეპუტატის" იმუნიტეტი ჩამო­რთმევა, რადგან მას დანაშაულის დაკვეთაში­ ადანაშაულებდა. კვიწინია ბრალდებას უარყ­ოფდა, აცხადებდა, რომ რუს ბიზნესმენს ფული ემართა გაგრის რაიონში 2 მილიონ აშშ დოლარად 3.5 ჰექტარი მიწის ყიდვის გამო, რასაც კლემანტოვიჩი ნაწილ-ნაწილ იხდიდა და ამიტომ კვიწინიას არ ჰქონდა მიზეზი, რომ რუსი ბიზნესმენი მოეკლა. "პარლამენტმა" კოლეგას იმუნიტეტი არ ჩამოართვა, თუმცა კვიწინიამ თავად დააყენა შუამდგომლობა მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის ჩამორთმევის თაობაზე და ბოლოს ის დადებითად გადაწყვიტა.

„ახლა გაახსენდათ სუვერენიტეტი?“

პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი რეინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრი: - აფხაზებსა და რუსებს შორის წლების წინ მოეწერა ხელი შეთანხმებას კანონების ჰარმონიზაციაზე და სასამართლოების თემაც მაშინ იყო ჩადებული. მოსკოვი სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე ითხოვდა რატიფიცირებას - რუსული სასამართლოების გადაწყვეტილებების აფხაზეთში აღიარებას, რაც გულისხმობს რუსი ბიზნესმენების ინტერესების დაცვას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსები ყიდულობდნენ ქონებას აფხაზეთში, აფორმებდნენ ბიზნესს და შემდეგ ხდებოდა მათი "გადაგდება". ბიზნესმენები ჩიოდნენ რუსეთში, სასამართლო­ მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებდა, თუმცა აფხაზური მხარე­ არ ითვალისწინებდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ დოკუ­მენტის შექმნა. ამ კანონის არმიღების გამო გადაწყვიტა რუსეთმა აფხაზებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეჩერება. ამ რატიფიცირების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, აფხაზებს აგვისტოსა და სექტემბრის ხელფასები ჩაერიცხებათ. ეს არის აფხაზი საზოგადოების მოგუდვა, მოხრჩობა. რუსეთი აფხაზებს შანტაჟის ენით ელაპარაკება, თუ არ შეასრულებთ ჩვენს პირობებს, სანქციები გელოდებათო. კოზაკი-ბჟანიას შეთანხმებაში პირველი მოთხოვნა სწორედ სასამართლოების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება იყო. სამი პირობა იყო და პირველი უკვე შესრულდა. ვნახოთ, დარჩენილი ორი მოთხოვნა როდის შესრულდება.

აფხაზები შფოთავენ იმაზეც, რომ აპარტამენტების შესახებ კანონსაც მიიღებენ, თუმცა რუსეთსა და აფხაზებს შორის კანონების ჰარმონიზაციის შეთანხმებაში აპარტამენტებზე არაფერი წერია. ამდენად მოსკოვი აფხაზებს ვერ შეედავება შეთანხმების დარღვევასა და აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. სასამართლოების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება კი შეიძლება შეეხოს ბიჭვინთის აგარაკების საკითხსაც. დეკემბერში ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოეწერა, მაგრამ შეცვლილი ფორმით. მიწებისა და ასევე მესამე პირისთვის ქონების გადაცემა აკრძალულია. დიდია ალბათობა, რომ რუსეთმა სასამართლოში უჩივლოს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს. აფხაზები აღშფოთებული არიან, მიაჩნიათ, რომ ეს სუვერე­ნიტეტის დათმობაა. 2020 წელს რატომ არ ამბობდნენ ამას, როდესაც ამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მაშინ რატომ არ გაანძრიეს ტვინი? ახლა გაახსენდათ სუვერ­ენიტეტი? აფხაზებს ეგონათ, რუსეთი არ მოითხოვდა დანაპირების შესრულებას, რუსეთს კი დიდხანს ლოდინი შეუძლია და კრიტიკულ სიტუაციაში დაარტყა. ამით კრემლი არ დაკმაყოფილდება, უკვე აჩვენეს, რისი გაკეთება შეუძლია და უფრო მკაცრ ზომებსაც მიიღებს.

"შეიძლება მართლაც მოხდეს ცვლილებები აფხაზეთის საკითხში საქართველოს სასარგებლოდ..."

მამუკა არეშიძე, „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი: - რუსეთსა და აფხაზებს შორის 2014 წელს ხელი მოეწერა "თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ" შეთანხმებას. სწორედ ამ შეთანხმებით იყო გათვალისწინებული სასამართლოების შესახებ შეთანხმების დამტკიცებაც, რომელსაც აფხაზები არ ასრულებდნენ. რუსები ძალიან­ შეწუხებული იყვნენ, რომ აფხაზეთში წლების განმავლობაში მცხოვრებ რუსებს აფხაზები ბინებს ართმევდნენ. იქაური რუსული საელჩოს ჩართვის მიუხედავად, სამართლებრივი შედეგი არ დგებოდა, ამიტომ ეს კანონი აფხაზებს თავის დროზე შეაპარეს, რათა ამგვარი ტიპის სასამართლო დავები რუსეთში­ გადაწყვეტილიყო. აფხაზებს არ ეგონათ, რომ რუსები შეთანხმებების შესრულებას მოსთხოვდნენ. წლების განმავლობაში აფხაზეთში მუშაობდა ფორმულა, თქვენ (რუსებმა) გვაჭამეთ და ჩვენ არაფერს გავაკეთებთო. რუსებს ეს მოჰბეზრდათ და სანქციებზე გადავიდნენ. ახლა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, აფხაზებმა ატეხეს ამბავი,­ არიქა, ჩვენი­ სუვერენიტეტი ილახებაო. აპარტოტელების საკითხიც ამ თემაში შედის. საარბიტრაჟო დავები სწორედ ამას გულისხმობს - რუსი ინვესტორის დაცვას აფხაზეთში და პლუს განსაკუთრებული პირობების შექმნას. ახლა ოპოზიცია დაიწყებს ხელების შლას, მაგრამ ამას შედეგი არ ექნება. მალე აპარტოტელების კანონის მიღების ჯერიც დადგება. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი გაიტანოს.

- აფხაზებისგან შევიწროებულ რუსებში არის დიპლომატი ვიშერნევის­ მკვლელობის ამბავიც, რომელიც რუსებისთვის­ ბინების წართმევას შეეწირა. სხვა ამბები თუ გახსენდებათ?

- ვიშერნევის მკვლელობა ყველაზე გახმაურებული ფაქტი იყო, იმიტომ, რომ დიპლომატი მოკლეს. მაშინ ეს ამბავი რუსებმა მალევე დაივიწყეს, თუმცა ახლა დაიწყო გახსენებების ციკლი. 2019 წელს აფხაზმა გააუპატიურა და მოკლა რუსი ტურისტი, რომელიც წელს ვადაზე ადრე გამოუშვეს. ეს ამბავი რუსეთში ახლა ისევ გაიხსენეს, კეთდება განცხადებები, რომ აფხაზეთში რუსებს ჩაგრავენ და უკვე დიდი და პატარა ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს რუსული პოლიტიკა აფხაზეთში. აშკარაა, რომ აფხაზების წინააღმდეგ პროპაგანდისტული მუშაობაა დაწყებული. აფხაზეთში რუსების შევიწროების უამრავი ფაქტია. ხანში შესული რუსების ბინებიდან გამოყრა აფხაზეთში 1990-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. საინტერესოა, რომ რუსებმა ბოლო დროს ქართველების თემაზეც დაიწყეს ლაპარაკი. ეტყობა, მოსკოვს სჭირდება ამ პოლიტიკის გატარება. პირველი რანგის ჩინოვნიკმა და რუსმა პოლიტოლოგმა ტატიანა პოლოსკოვამ ქართველებთან დაკავშირებით ტერმინი "გენოციდიც" ახსენა. ის ამბობს, რადგან ჩვენ არ ვუნდივართ აფხაზებს, იცხოვრონ ქართველებთან კონფედერაციის რეჟიმში, რადგან რუსეთი დამოუკიდებლობის ცნობას უკან ვერ წაიღებს, მაგრამ გაუჭირდებათ, რადგან იძულებული იქნებიან აღიარონ ქართველების გენოციდიო. მე, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაში ღრმად ვარ ჩახედული და დიდი ხანია ამ პროცესს ვაკვირდები, არ მჯერა რუსეთის ამ პოლიტიკის გულწრფელობის. რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზებს ჭკუა ასწავლოს და მორჩილი გახადოს. რუსეთს მოჰბეზრდა აფხაზების უფასოდ რჩენა და გადაწყვიტა, თუ აძლევს ფულს, მაშინ დააჩოქოს ისე, რომ კრემლის ნებისმიერი სურვილი ასრულდეს. რუსეთს აფხაზეთი თავისთვის უნდა შავი ზღვის, ოჩამჩირის პორტის, ტურისტული ინფრასტრუქტურის გამო და ა.შ. და ნაბიჯ-ნაბიჯ მის ანექსიას ახორციელებს... მინდა საქართველოსთან რუსულ თამაშზეც ვთქვა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც გეგმა არსებობდეს, მაგრამ ქართულ მხარეს მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად იყოს. შეიძლება მართლაც მოხდეს ცვლილებები აფხაზეთის საკითხში საქართველოს სასარგებლოდ, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოვტყუვდეთ.

ეკატერინე ბასილაია