"როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის - სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან - ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება"
კოალიციამ "ძლიერი საქართველო" რუსთავში ქვემო ქართლის ამომრჩეველთან რეგიონული შეხვედრა გამართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოალიციის ლიდერები. ამომრჩეველს მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, მან მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და პროგრამა „ილიას გზა“ გააცნო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ზუსტად ოთხ კვირაში „იქნება გამარჯვება“ და „რუსული ხელისუფლება“ ჩანაცვლდება.
„გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის, ქართველი ადამიანების, რომლებიც ჩაანაცვლებენ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი ზუსტად 27 დღეში წავა იქ, სადაც მას ელოდებიან, ეს არის რუსეთი, ეს არის პუტინი, რომლის დავალებასაც ის ასრულებს საქართველოში“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ ისაუბრა რუსთავის პოტენციალზე და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებულად უყვარს რუსთავი, რადგან ბევრი რამ აკავშირებს.
„ეს ქალაქი არის ინჟინერიის, მეტალურგიის, ქიმიის, ხალხური სიმღერის, ცეკვის, თეატრის, ულამაზესი არქიტექტურის ქალაქი. ეს არის ქალაქი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში შეასრულა ქვაკუთხედის როლი. ეს იყო გზაჯვარედინის ქალაქი, რომელმაც მრეწველობას ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ინჟინერიის ქალაქი და დიდი ცოდნის ქალაქი. მაგრამ დღეს, ეს ქალაქი, ისევე, როგორც ყველა ქალაქი საქართველოში, „ქართულ ოცნებას“ აქვს მიტოვებული, რადგან დაპირებებით, რომელმაც ჩვენ ყველას თავი მოგვაბეზრა ამ 12 წლის გამავლობაში: ასი ქარხანა, ახალ ქარხნებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ; უფასო ფული - მსგავსი რამ არ მინახავს; მილიარდიანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში - სამწუხაროდ, ყველა გადასული ვართ იმპორტირებული პროდუქტზე. ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, ახლა არაფერი იქმნება.
„ხმა უნდა მისცეთ ძლიერ საქართველოს, ნომერ 9-ს. რომელიც არის რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ეს არის ოთხი პარტიის გაერთიანება, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა - ილიას გზა.
ხაზარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროინტეგრაციაზე და განაცხადა, რომ „როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის - შენი სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან.
„ამიტომაც ოთხ კვირაში ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება და ქვეყანაში მოვა ნამდვილი ეროვნული ძალა, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება და არა როგორც ესენი ემსახურებიან, ჩრდილოეთიდან დავალებულ საქმეებს აკეთებენ საქართველოში“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სასწრაფოდ გადაიდგმება ნაბიჯები, რომელიც ევროკავშირს დაახლოების ქვეყანას და ყველა რუსული კანონი, რომელიც იქნა მიღებული, მოხდება უკან გამოწვევა.
ხაზარაძემ ისაუბრა ეკონომიკურ გეგმაზეც, კერძოდ, რუსთავზე საუბრისას მან თავისუფალი ინდუსტრიული და ინოვაციური ზონის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.
„ცოდნა არ უნდა დაიკარგოს, რომელიც ისტორიულ მეხსიერებასაც გადასცემს შთამომავლობას“, - მიმართა რუსთაველებს ხაზარაძემ.
კოალიციის ლიდერმა ისაუბრა 1000-ლარიანი პენსიის დაპირებაზეც და სახსრებზეც, საიდანაც შესაბამისი რესურსის მობილიზება მოხდება.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომელიც „ძლიერ საქართველოს“ უერთდება.
„ჩვენ ვართ ერთად და ვიქნებით იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში 27 ოქტომბერს ძლიერ საქართველოს მოიტანს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
IPN