თავდასხმები ცხინვალსა და სოხუმში
შემოდგომა სოხუმსა და ცხინვალში "ხელისუფლების სახელით" ძალადობით დაიწყეს - სოხუმში ნიღბიანმა პირებმა სცემეს ორ სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ ანტირუსული განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა, ხოლო ცხინვალში მთვრალმა ე.წ. გენერალურმა პროკურორმა სცემა ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც ტელეგრამარხზე გავრცელებული კომპრომატების გამოქვეყნებაში დასდო ბრალი, სადაც ეწერა, რომ "გენპროკურორი ყოველთვე 800 ლიტრ სარეზერვო ბენზინს იპარავდა და ყიდდა". სოხუმში ოპოზიციამ და მედიის ნაწილმა დე ფაქტო ხელისუფლებას ბრალი დასდეს დაშინების მცდელობაზე და გამოძიებაც დაიწყო, ხოლო ცხინვალში რეაგირებაზე არც უფიქრიათ, მხოლოდ რამდენიმე ტელეგრამარხზე გავრცელდა ფოტოები, ინფორმაცია ცემის დეტალებზე, და ყველაფერი ამით დასრულდა.
საქმის გარჩევა ცხინვალში
რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორი გრიგორ სობაევი დაცვის თანამშრომელთან ერთად შეიჭრა ცხინვალის ე.წ. ყოფილი პროკურორის ალან კულუმბეგოვის სახლში და მას სცემა. თავდასხმის მიზეზი გახდა ერთ-ერთ ოსურ ოპოზიციურ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ცნობა სობაევის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ "გენპროკურორი" ყოველთვე იპარავს და ყიდის სარეზერვო 800 ლიტრ ბენზინს, რომ სობაევის ერთ მოადგილეს არა აქვს უმაღლესი განათლება და მხოლოდ სოფლის სკოლის ატესტატით მოადგილეობა სირცხვილია, ხოლო მეორე მოადგილე„ყოველ დათრობაზე აწყობს სტრიპტიზშოუებს საჯარო დაწესებულებებში. პოსტის ავტორი დე ფაქტო გენერალურ პროკურორს "სისტემის ნგრევაში" ადანაშაულებდა.
როგორც სხვადასხვა ოსური წყაროები წერენ, "გენპროკურორს" უთხრეს, რომ ეს კომპრომატები კულუმბეგოვმა გაავრცელა და ამიტომაც დაიგეგმა შურისძიება. შაბათს ღამით მთვრალმა "გენპროკურორმა" დაურეკა კულუმბეგოვს, რომ რაღაც საკითხზე სასწრაფოდ შეხვედრა სჭირდებოდა. როგორც კი კულუმბეგოვმა ჭიშკარი გააღო, სობაევი თავს დაესხა და რამდენჯერმე დაარტყა. მან კულუმბეგოვს არაფორმალური დაკითხვაც მოუწყო, გაჩხრიკა ტელეფონი და ყოფილ თანამშრომელს აიძულებდა ეღიარებინა, რომ მან გაავრცელა კომპრომატები.
ოსური მედიის თქმით, "ბრალდებულმა" დანაშაული არ აღიარა, "გენპროკურორიც" დარწმუნდა კულუმბეგოვის უდანაშაულობაში და ამით საქმის გარჩევა დასრულდა. დაზარალებულმა მილიციაში არ იჩივლა, როგორც ცხინვალში ამბობენ, მას დუმილის სანაცვლოდ ფული შესთავაზეს, მაგრამ ფაქტი არ დაიმალა. ქუჩაში, სადაც კულუმბეგოვი ცხოვრობს, იმ საღამოს ქორწილი იყო და ხალხმა დაინახა, როგორ მივიდა "გენპროკურორი" მის სანახავად და შემდეგ მასპინძლის ნაცემი სახეც. კულუმბეგოვმა დალურჯებული სახის ფოტო გადაიღო, რამდენიმე დღეში ტელეგრამარხებზე გაავრცელა და მომხდარი დეტალურად აღწერა. მან დე ფაქტო პრეზიდენტსა და პარლამენტს მოსთხოვა რეაგირება მოეხდინათ ინციდენტზე, რათა გონს მოეყვანათ "თავხედი გენერალური პროკურორი, რომელიც ბოროტად იყენებს თანამდებობას". ფაქტის გასაჯაროების მიუხედავად, რეაგირება არ ყოფილა.
ე.წ. გენერალურ პროკურორზე კიდევ ერთი კომპრომატი გავრცელდა. ტელეგრამარხზე დაიწერა - კერძოდ, ოსეთის ყოფილი „გენპროკურორის“ ინიციატივით შედგა შეთანხმება, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის აკადემიაში გამოიყოფოდა 8 ადგილი სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდებისთვის და შერჩევა კონკურსის საშუალებით მოხდებოდა. სასწავლებელში ახალგაზრდები იგზავნებიან, ნაწილი ჩრდილოეთ ოსეთიდანაც და თან, გენპროკურორთან“ ჩაწყობით, რომელსაც ნამდვილად ძალიან უყვარს ქრთამის აღება, მით უმეტეს ჩრდილოეთ ოსეთიდან ნაკლებად სარისკოცაა. ამ ახალი კომპრომატის გამო სობაევს ცხინვალში ჯერ არავინ უცემია.
ოსურ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ ბოლო წლებში სამხრეთ ოსეთში კრიმინალური ვითარება გაუარესდა. ცხინვალის ქუჩებში დროდადრო კრიმინალური წრეების წევრებსა და მათ ოპონენტებს შორის ორმხრივი სროლაა. ამ დანაშაულების სკანდალურ სიას ცხინვალის ცენტრში მორიგი ინციდენტი დაემატა. 12 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, მე-12 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა ატყდა. ხალხმა მილიციას მიმართა, ტელეგრამარხებზე კი დაწერეს, რომ ცხინვალი განგსტერული გარჩევების ადგილად იქცა, სადაც ხან "გენპროკურორი" სცემს არასასურველ პირებს, ხან კი "პრეზიდენტის" ძმა არჩევს საქმეებს და გაიხსენეს 2 თვის წინ სწორედ ამავე სკოლასთან ყველას თვალწინ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის ნათესავების, ძმებ კაბისოვების დაჭრა, სადაც თავდამსხმელთა მხარეს მოქმედი "პრეზიდენტის", ალან გაგლოევის ძმა ალიკი მონაწილეობდა. ეს საქმე ისევ გამოუძიებელია. როგორც მაშინ ითქვა, კაბისოვები ბიბილოვის "პრეზიდენტობისას" განაგებდნენ სიგარეტის კონტრაბანდას, ერთი ძმა კი ბიბილოვის გაკრიტიკებისთვის ხალხს ატერორებდა კიდეც. გაგლოევის "გაპრეზიდენტების" შემდეგ ეს საქმეები გაგლოევის კლანმა და მისმა ძმამ ალიკ გაგლოევმა გადაიბარეს და სწორედ ამ კლანურ გავლენებთან იყო დაკავშირებული სისხლიანი გარჩევაც.
როგორ უსწორდებიან არასასურველ პირებს აფხაზეთში
აფხაზეთში 15 სექტემბერს თავს დაესხნენ ტელეგრამარხ "აფხაზ პორტალის" ჟურნალისტს დავით გობეჩიას და ახალგაზრდული მოძრაობა "ჩვენი ბიჭვინთის" ("ხარახ პიცუნდა") წევრს ლია აგრბას. ისინი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა სოხუმის გარეუბანში მოხდა. დავით გობეჩია და ლია აგრბა მანქანაში ისხდნენ, როდესაც მოულოდნელად ოთხი ნიღბიანი მამაკაცი გამოჩნდა. თავდაპირველად მათ წიწაკის სპრეი შეასხეს ახალგაზრდებს, ამის შემდეგ კი მანქანაში მსხდომებს სცემეს, მთელი პროცესი ტელეფონით გადაიღეს და გაიქცნენ. დავით გობეჩია ამბობს, რომ მას რამდენიმე დღეა უთვალთვალებდნენ დაბურულმინებიანი "ტოიოტათი". მან დაასახელა მანქანის ნომერიც, რომელიც სავარაუდოდ ყალბია... ამ ანგარიშსწორებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოხუმში. ოპოზიციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ ეს იყო "ხელისუფლების" სპეცოპერაცია, რომელიც ცდილობს დააშინოს და ციხეში ჩასვას ყველა, ვინც მას აკრიტიკებს. "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავის დისკრედიტაციისთვის, განსხვავებული აზრის ჩასახშობად მიმართავს უკანონო მეთოდებს. ხელისუფლებას აქვს თავის გამართლების შანსი: დაუყოვნებლივ გამოავლინოს საშინელი დანაშაულები, რომლებსაც აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს დაამტკიცოს, რომ არ არის ჩართული ასეთ სამართლებრივ ქაოსში". დიდი ხმაურის შემდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ორ კვირაზე მეტია გასული და მილიციამ ვერაფერი დაადგინა. აფხაზი ჟურნალისტების თქმით, მაშინ როდესაც მთელი ქალაქი სათვალთვალო კამერებითაა სავსე, საეჭვოა, რომ გამოძიებამ ვერსად აღმოაჩინა ნაცემი ჟურნალისტის მიერ დასახელებული მანქანის კვალი.
ამ თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე ბჟანიას მომხრე ჩინოვნიკმა, "საზოგადოებრივი პალატის" წევრმა დავით ფილიამ ორგანიზაცია "ჩვენი ბიჭვინთის" აქტივისტები ანტირუსული განწყობის გაღვივებაში დაადანაშაულა. როგორც მან თქვა, ორგანიზაცია რუსეთის საელჩოს წინ ატარებდა აქციებს და მათ ანტირუსული აქციების გამართვაში დიდ ფულს უხდიან. ამის გამო აქტივისტმა ე.წ. გენპროკურატურას მიმართა მოთხოვნით, ფილიას ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
თავდასხმების სერია ამით არ დასრულებულა. 19 სექტემბერს სოხუმის ცენტრში უცნობმა პირებმა სცემეს დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას ძმისშვილს, ახალი ათონის მღვიმის დირექტორის მოადგილეს ინალ კვიწინიას. აფხაზური მედიის ცნობით, კვიწინია სამოქალაქო აქტივისტებთან მრავალი შეტაკების მონაწილეა და მასზე თავდასხმაც შურისძიება უნდა იყოს. კვიწინიას საჩივარი არ დაუწერია, თუმცა გამოძიება მაინც დაიწყო და აფხაზური მედიის ცნობით, კარგად დააკვირდებიან, გამოააშკარავებს თუ არა გამოძიება "პრეზიდენტის გვარდიელის" თავდამსხმელებს.
ცხინვალის სკანდალი „კარმუშკის“ გადანაწილებაა
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“თავმჯდომარე: - ცხინვალის სკანდალი დაპირისპირებაა მოქმედ და ყოფილ ძალოვანებს შორის ჩრდილოვანი შემოსავლების გადანაწილებისთვის. ცხინვალში შემოსავლის ძირითადი წყაროა როკის გვირაბიდან შემოტანილი კონტრაბანდა, მათ შორის სიგარეტის; მეორე წყაროა მანქანების ბიზნესი, არაოკუპირებული საქართველოდან შეჰყავთ მანქანები და იქიდან რუსეთში იყიდება (როგორც ბრიტანული მედია წერს, სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის ძვირად ღირებული ევროპული მანქანების მიწოდებაში საქართველო ლიდერობს); ყველაზე დიდი "კარმუშკა" კი რუსეთის ბიუჯეტია, რომელიც ცხინვალში სუბსიდირების სახით მოდის. ე.წ. პროკურორების ამ სკანდალშიც ეს ფაქტორი დომინირებს - ახალი დე ფაქტო ხელისუფლების ახალმა ჩინოვნიკებმა სხვადასხვა უკანონო შემოსავალი თავიანთი კლანისკენ გადაიბარეს და ეს "კარმუშკა" გაუსაჯაროეს დე ფაქტო გენერალურ პროკურორს, რასაც მოჰყვა გარჩევები.
- რამდენად ხშირია მსგავსი გარჩევები ცხინვალში? ივლისში დაჭრეს ე.წ. ექსპრეზიდენტის ნათესავები, ძმები კაბისოვები და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია.
- ძალიან ხშირი არ არის. თუმცა, რადგან ამგვარ გარჩევებში მუდმივად დე ფაქტო ხელისუფლების კლანია ჩართული, ე.წ. სამართალდამცველები არ რეაგირებენ. გაგლოევის ძმა რომ კრიმინალია, ეს ცხინვალში ყველამ იცის და სწორედ იმიტომ, რომ ამ ამბებში "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი არ დაზიანებულიყო, ცდილობენ ჩაფარცხონ საქმე. ცოტა განსხვავებულია "პროკურორების" სკანდალი, დე ფაქტო გენერალური პროკურორი სობაევი ადგილობრივი არ არის, მას თავისი კლანი არ ჰყავს, თუმცა ადგილობრივია კულუმბეგოვი, ვისაც სცემეს და ის ეცდება ეს საქმე ჩუმად გაარჩიოს. იმუქრება კიდეც.
- სექტემბერში თავდასხმები იყო აფხაზეთშიც, აქტიურ ახალგაზრდებს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს, თუმცა ცხინვალისაგან განსხვავებით ამ ფაქტზე ოპოზიცია და მედია ძალიან ახმაურდა და მილიცია იძულებული გახდა გამოძიებაც დაეწყო.
- აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მდგომარეობა ძალიან მყიფეა. ოპოზიცია და აქტივისტები მწვავედ აპროტესტებენ რუსეთიდან წამოსულ ინიციატივებს. ამას ემატება რუსეთიდან მუქარები და ფინანსური ბლოკადა. ის ახალგაზრდები რადიკალურები და აბსოლუტურად უკონტროლონი იყვნენ, თან მათ აქტივიზმს და მედიაგამოცემას საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც გადაწყდა მათი დაშინება.
- სად უფრო ხშირია კრიმინალური გარჩევები თუ პოლიტიკური ანგარიშსწორებები, ცხინვალში თუ აფხაზეთში?
- აფხაზეთში უფრო ხშირია. თავს ესხმიან ტურისტებს, ძარცვავენ, კლავენ. აფხაზეთში კრიმინალურ ავტორიტეტებს თავიანთი პატარ-პატარა სამოქმედო ტერიტორიები აქვთ. ცხინვალში ასეთი რამე არ არის. მაგალითად, კრიმინალები მიეხმარნენ ბჟანიას გამარჯვებაში, მას მხარს უჭერდა ახრა ავიძბა, რომელიც ახლა დონბასში ომობს. შემდეგ ავიძბა შეეცადა ცალკე ძალაუფლება შეექმნა თავისი ჯგუფისგან, ლამის გადატრიალება მოინდომა, თუმცა ეს აღკვეთეს და ის აფხაზეთიდან გააძევეს.
აფხაზებსა და ოსებს შორის განსხვავებაა ისიც არის, რომ აფხაზეთში ოპოზიციური თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი ძალიან აქტიურია. ოპოზიციური ტელევიზია და გაზეთი ახერხებენ არსებობას გარე გრანტების გარეშე. ძალიან უფრთხიან დასავლურ დაფინანსებას, რათა "მთავრობამ" არ დახუროს. მათ ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფებიც ეხმარებიან. ცხინვალში კი არც დამოუკიდებელი მედია და არც არასამთავრობო სექტორი არ არსებობს. ოპოზიციურ მედიას ცხინვალში აზრიც არა აქვს. იყო ერთი ოპოზიციური გაზეთი, პატარა პოპულარობაც ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ იარსება, ვიღაცამ ხომ უნდა დააფინანსოს. არასამთავრობოების გაუქმება კი "აგენტების კანონმა" გამოიწვია, ყველა არასამთავრობო დაიხურა. ცხინვალში სულ რაღაც 20 000 კაცი ცხოვრობს და რთულია ოპოზიციური ამინდის შექმნა. გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს, აფხაზეთს კი შიდაავტონომიურობა შენარჩუნებული აქვს. თვითკმარი საზოგადოებაა და სოხუმის რეჟიმი ცდილობს თვითონ მართოს, სამოქმედო ტერიტორიის გაკონტროლებას ძალისმიერი სტრუქტურებით ცდილობს. ცხინვალს კი თავდაცვა არ გააჩნია, რუსეთის დაქვემდებარებაშია.
ეკატერინე ბასილაია