„ერთადერთი დღე იყო 9 აპრილი, როცა ერთსულოვნება სუფევდა ხალხში, მას მერე ყველაფერი ცირკია“ - კვირის პალიტრა

„ერთადერთი დღე იყო 9 აპრილი, როცა ერთსულოვნება სუფევდა ხალხში, მას მერე ყველაფერი ცირკია“

ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ხან "ჯინსების თაობას" უწოდებენ, ხანაც დაკარგულ თაობას. 1970-80 წლების თბილისის "ოქროს ახალგაზრდობის" წარმომადგენელია, ცნობილი ელიტური ოჯახის შვილი. ლევან ბერძენიშვილმა ის როგორც პოეტი, "ახალ აპოლინერად" მონათლა, ხელოვნებათმცოდნეებმა კი ახალი მოდერნისტი, ნეოიმპრესიონისტი უწოდეს. ის არ ცდილობს გაემიჯნოს "მირზაშვილების დიდი ოჯახის ტრადიციებს". პირიქით ამბობს, რომ მამასთან, თენგიზ მირზაშვილის შემოქმედებასთან ერთი რამ ნამდვილად აკავშირებს და ესაა დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ, "რომ არ დაიკარგოს ნაღდი, პირველს რასაც შეიგრძნობ, ის გადმოიტანო ტილოზე". ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს, იმ დღიდან ხატავს. ჩვენი სტუმარია მხატვარი გია მირზაშვილი.

- სამი წლიდან ვხატავდი, ბევრს ვმუშაობდი და ისე შევტოპე, საკუთარ თავს სხვა არჩევანი აღარ დავუტოვე. წლები გამოცდილებას გძენს, სწავლობ და გარკვეულ პერიოდში ძნელია, არ მოექცე სხვისი გავლენის ქვეშ. მერე, მთავარია, მზა რეცეპტებზე განაცხადო უარი და შენი, სხვებისგან განსხვავებული სათქმელი თქვა.