ამერიკელი ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, ქალი, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის აფხაზეთის ომზე მოეყოლა - კვირის პალიტრა

ამერიკელი ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, ქალი, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის აფხაზეთის ომზე მოეყოლა

ამერიკაში, მერილენდის შტატში, ჩესტერთაუნის წმინდა პეტრეს სახელობის სასაფლაოზე განისვენებს ახალგაზრდა ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, ქალი, რომელსაც სურდა მსოფლიოსთვის აფხაზეთის ომზე მოეყოლა. 1993 წლის 21 სექტემბერს ალექსანდრა სოხუმში, აფხაზების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაიღუპა.

სასაფლაოს ვებგვერდი აქვს, სადაც სიმბოლური ელექტრონული საფლავების გასწვრივ შესაძლებელია ხსოვნის ტექსტის ან უბრალოდ ანიმაციური ყვავილების დატოვება.

ბოლო წლებია, ალექსანდრას საფლავს­ შორიდან, საქართველოდანაც ელექტრონულად მიაგებენ პატივს, ამერიკაში მცხოვრებმა მანანა გაგუამ კი პირადადაც მოინახულა. მერე კი, ვისგანაც ალექსანდრას საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ შეიტყო, ჟურნალისტსა და მწერალს ნანა აკობიძეს მისწერა: "დღეს მე და ჩემი შვილი ვიყავით ჩესტერთაუნში და შენი სახელით ყვავილები დავუტოვეთ ალექსანდრას. თავიდან ვიფიქრეთ, რომ დახმარების გარეშე ვერ მივაგნებდით, მაგრამ ვიარეთ და ვიპოვეთ. საფლავის ქვა ბალახებში დევს და ადვილად არ ჩანს. ისეთ ლამაზ ადგილზეა, წყლის პირას, უზარმაზარი ხის ძირში...".

ამაოდ ვეცადე სასაფლაოს გვერდზე დავრეგისტრირებულიყავი და პატივი მიმეგო ალექსანდრას ხსოვნისთვის. იქნებ იმიტომ, რომ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მეტია საჭირო?! ბედნიერი ვიქნებოდი, სოხუმში ალექსანდრა ტატლის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდე, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად იქნება. მანამდე კი თბილისსაც მოუხდებოდა იმ ქალის ქუჩა, ვისთვისაც სხვისი ომი არ არსებობდა, მიზნები კი მშვიდი და ნათელი ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ ნანა აკობიძემ სოციალურ ქსელში თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციის შესახებ განაცხადა და მის თანაავტორებად 31 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ ალექსანდრა ტატლის, ბრიტანელ ფოტოგრაფ ჯონ რეარ დონსა და "შავნაბადას" ჯარისკაცს, "ციცინათელას" ასახელებს. ცხადია, თანაავტორობა სიმბოლურია, ავტორი წიგნს იმ სამ ადამიანს უძღვნის.

"წიგნი ეძღვნება მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ომში დარჩა. ზოგი ფიზიკურად, ზოგი მენტალურად. ასეთია ომი - არასდროს გადის, მაგრამ გადის დრო", - ამბობს ნანა აკობიძე, ჟურნალისტი, პოეტი, მწერალი, მედიამკვლევარი, რომლის ჟურნალისტური დებიუტი 1993 წელს, აფხაზეთის ომში შედგა და სწორედ იმდროინდელი გაუხუნარი ამბების კრებულია "სამი ომი", რომელსაც ვერც უცრემლოდ წაიკითხავთ, ბევრ კითხვასაც გაგიჩენთ.

შეიძლებოდა ცოტ-ცოტა წიგნის ყველა პერსონაჟზე გვეთქვა, მაგრამ ალექსანდრაზე თქმა ვარჩიე, როგორც ჩვენს ომს შეწირულ უცხოელ მსხვერპლზე, რომელიც სულაც არ ფიქრობდა, თუ სამყაროს რომელიმე კუთხეში ომი მძვინვარებს, გლობალური სატკივარი კი არა, სხვისი ჭირია. ალექსანდრას პროფესიული­ და ადამიანური მორალი უბიძგებდა იქ ყოფილიყო, სადაც ტრაგიკულად ჩაიფერფლა, თორემ ყოველდღე მერილენდში ოჯახზე, ჩემპიონ ცხენსა და საყვარელ ძაღლზე ფიქრობდა.

8-1727635693.jpg

ტრილოგიის ერთ-ერთი, - ფენტეზის ჟანრის მოთხრობა "დოღი" ალექსანდრა ტატლს ეძღვნება და დასასრულს დოკუმენტურ ინფორმაციას შეიცავს ამერიკელი ჟურნალისტის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ.

ამონარიდი წიგნიდან:

"ალექსანდრა სტალინის აგარაკზე გავიცანი, ბრიტანელ ჟურნალისტებთან ერთად. გაცილებით უფროსი იყო ჩემზე და ისე მექცეოდა, როგორც პოლკის შვილობილს.

– გინდა რაღაც გაჩვენო? მკითხა გაცნობისას, საიდუმლო ხმით, პატარა გოგონებმა რომ იციან, ისე. საფულე გახსნა და ორი ფოტო ამოიღო.

– ეს ჩემი ცხენია, ჭკვიანი ალეკი. მე გავზარდე. დოღზე ყველა ამაზე დებს ფსონს! ეს კი ჩემი ძაღლია, ჯორჯი. მხოლოდ სამი დღე ძლებს უჩემოდ, მერე ტირილს იწყებს და ჩემს დაბრუნებამდე ტირის. შარშან ცხელ წერტილებში 61 ჟურნალისტი დაიღუპა. ხანდახან ვფიქრობ, აღარ ვიარო: ერთხელაც რომ ვერ დავბრუნდე, მოკვდება.

სექტემბერში ალექსანდრა ისევ საქართველოში იყო და სოხუმისკენ მიფრინავდა. მე და გერმანელი ფოტოგრაფი რეისიდან მოგვხსნეს: მე - ძალით, ფოტოგრაფი კი თავისი ნებით - გადაიფიქრა გაფრენა და კოლეგასაც ურჩევდა, დარჩენილიყო.

- გული ცუდს მიგრძნობს, - თქვა გერმანელმა, როცა აეროპორტიდან უკან ვბრუნდებოდით.

1993 წლის 21 სექტემბერს სამგზავრო თვითმფრინავი Ty­134A­ აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის აეროპორტში დაშვებამდე, 300 მეტრი სიმაღლიდან ჩამოაგდეს. დაღუპულთა შორის იყო The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი, რომელიც სოხუმში სახელმწიფოს მეთაურ ედუარდ შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მიფრინავდა.

5 დღე იწვა სოხუმის აეროპორტის მახლობლად სახელდახელოდ გათხრილ საფლავში, სანამ მისი კოლეგები და მერილენდში მცხოვრები მშობლები შეიტყობდნენ, რომ ალექსანდრა დაიკარგა. ვიღაცამ შემთხვევით იპოვა მისი დაზიანებული ამერიკული პასპორტი და ძაღლის ფოტო.

ინტერნეტში ალექსანდრა ტატლის ერთადერთი ფოტო იძებნება: ჟურნალისტი ხორვატიაში, სერბულ სოფელში სამხედრო პირებთან ერთადაა გადაღებული. ფოტოს ავტორი ფრანგი ფოტოგრაფი არნო ბეინათია, რომელიც დღესაც აგრძელებს რეპორტიორობას. ის მწერდა: "ეს ერთადერთი ფოტო მაქვს, რომელზეც მისი სახე მკვეთრად ჩანს. 1991 წლის დეკემბერში, ხორვატიაში გავიცანი, სასტუმროში: მე და ჩემს კოლეგებს გვთხოვა, ჩვენი მანქანით გაგვეყოლებინა წინა ხაზზე. დავახლოვდით და შემდეგში ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს. რამდენჯერმე დავგეგმეთ შეხვედრა, მაგრამ ყოველთვის სადღაც უხდებოდა გამგზავრება. ხშირად დადიოდა ცხელ წერტილებში, როგორც იტყვიან, "ომის ჯანქი" გახდა. ერთ დღეს ჩვეულებისამებრ დავურეკე და სხვამ მიპასუხა. მაშინვე მივედი მის ბინაში. ხშირად მიფიქრია, რომ ჯობდა, არ წაგვეყვანა ომის წინა ხაზზე, არ გამეცნო. სერიოზული გრძნობები მქონდა... მას შემდეგ მე დავბერდი, მაგრამ ალექსანდრა - არა. ის ყოველთვის ახალგაზრდა და ლამაზი დარჩება".

"შემთხვევა თუ ბედისწერა?" - სვამს კითხვას გელა ჩარკვიანი წიგნში "ნაგერალა", რომელშიც ალექსანდრა ტატლის საქართველოში ჩამოსვლას იხსენებს:

"1993 წლის სექტემბერში პარიზიდან ამერიკელმა ჟურნალისტმა გოგონამ დაგვირეკა სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს ვხელმძღვანელობდი და შემევედრა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ თუმცა დროის სიმცირის გამო ეს თითქმის შეუძლებელი იყო, იქნებ მომეხერხებინა ჩვენი ვიზის მისთვის მიცემა იმავე დღეს. ამ საკითხის მოგვარება ჩემს მოადგილეს, უწესიერეს კაცს, შალვა ფიჩხაძეს დავავალე. მან აიკლო საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეძლო სრულიად უიმედო სიტუაციაში მოეხდინა ბიუროკრატიული სასწაული. ამერიკელი გოგონა თბილისშიც ჩამოფრინდა და სოხუმშიც გაფრინდა. სწორედ იმ Ty 134­-ით...".

შალვა ფიჩხაძე, როგორც მისი მეუღლე ლიკა წერეთელი ამბობს, სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა ამ ტრაგედიას (გარდაიცვალა 2009 წელს, 55 წლის ასაკში) და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რა მოხდებოდა, რომ არ დახმარებოდა ალექსანდრას აქ ჩამოსვლაში.

ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ ფისკი იხსენებდა, რომ იმ დღეს თვითმფრინავით სოხუმში კიდევ ერთი გერმანელი ჟურნალისტი გეგმავდა გაფრენას, რომელმაც ბოლო წუთებში გადაიფიქრა. გული ცუდს მიგრძნობსო, და ალექსანდრასაც ურჩევდა დარჩენას.

"როცა ამგვარი რამ ხდება, შენდა უნებურად ფატალიზმისკენ იხრები", - წერს გელა ჩარკვიანი.

წლების შემდეგ ალექსანდრას კვალს გავყევი. მოვიძიე, რას წერდა მასზე მაშინდელი პრესა, რას იხსენებდნენ ალექსანდრას ოჯახი და მეგობრები, როგორი იყო თავის პროფესიაზე შეყვარებული ომის ჟურნალისტი ალექსანდრა ტატლი. ცხოველების მოყვარულს (მისი ოჯახი მერილენდში საცხენოსნო სპორტით იყო დაკავებული, ალექსანდრას შერჩეული ცხენი არაერთხელ გამხდარა ჩემპიონი) საყვარელი ძაღლი ჰყოლია, სახელად ჯორჯი, რომლის ფოტოც სულ ედო საფულეში. მეგობრები წერდნენ, რომ ალექსანდრას ნეშტის ამოცნობა სწორედ სასწაულით გადარჩენილი ამ ფოტოთი მოხერხდა.

ყოველ 21 სექტემბერს მე ვწერ ამერიკელ ლამაზ გოგოზე, რომელიც ჩვენს ომში დაიღუპა. "არ დაგივიწყებ, ალექსანდრა" - ეს პირველი ტექსტია, რომელიც ორი წლის წინ მისი საფლავის ელექტრონულ გვერდზე დავტოვე, მელნისფერ სიფრიფანა ყვავილთან ერთად. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე და ლინკი მივუთითე, ალექსანდრა ტატლისთვის პატივის მიგების სურვილი ბევრს გაუჩნდა და მისი საფლავის გვერდზე ყვავილები და საქართველოდან გაგზავნილი ხსოვნის მესიჯები გაჩნდა".

P.S. "ომი ბოლომდე მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა - მთელი მისი მოცულობის მხოლოდ 10-15 პროცენტს ხედავ, ოღონდ აისბერგი თანდათან დნება. ომი კი, თუ ერთხელ მაინც შეგეხო და ცოცხალი გადარჩი, არასდროს "დნება" - სამუდამოდ რჩება შენში.

ამ წიგნით დავასრულე ჩემი ომის ამბავი, რომელსაც, როგორც საფლავის ქვას აწერენ დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, ისე ვაწერ: "1993-2023", - ამბობს ნანა აკობიძე, მაგრამ ეს "დასასრული" ამბის პასიური მეხსიერების საცავში ჩაკეტვას უფრო ჰგავს, რადგან "ომის აისბერგი არადროს დნება".