ონლაინშოპინგი და მოტყუებული მომხმარებელი
ამჯერად სამართლებრივ რჩევებს გვაძლევს როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებული ადვოკატი გიორგი ქათამაძე.
მაქვს სამეზობლო დავა. მეზობელმა, ფაქტობრივად, ჩემი სახლის წინ გამიკეთა საღორე და გაუსაძლისი სუნია. ეზოში ვერ გავსულვართ, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ყარს აქაურობა. არადა, ვერ გადავატანინე ვერსად, მით უფრო გაუქმებაზე უარს ამბობს, ჩემთვის სახლის უკანა მხარე ეს არისო. მყავს პატარა შვილები და ამ პრობლემის გამო ეზოში ვერ გამყავს. როგორ მოვიქცე?
- ზოგადად, მეზობელს აქვს თმენის ვალდებულება, თუ ეს დროებითი ხასიათის ზეგავლენაა ნიადაგზე. თუ ამას მუდმივი და უწყვეტი ხასიათი აქვს, უნდა მოითხოვოთ ქმედების სასამართლო გზით აღკვეთა.
ბანკიდან აღებული მაქვს სესხი ოჯახის წევრის თავდებობით, რომელიც ვერ გადავიხადე. უკვე 3 წელია გასული, გადაეცა პრობლემურს. ჯერჯერობით არაფერი არ არის დაყადაღებული და ჩვეულებრივ ვსარგებლობ საბანკო ბარათებით. ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ არის, თავდების სახელზე კი გაფორმებულია საცხოვრებელი სახლი. შეიძლება ამ სახლს პრობლემა შეექმნას? ხომ არ წაართმევენ თავდებს სახლს?
- რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, 3 წელი უნდა იყოს გასული მოთხოვნის წარმოშობიდან და არა სესხის ხელშეკრულების დადებიდან. ამასთან, სესხი თავისით ხანდაზმულად ვერ იქნება აღიარებული და ხანდაზმულობა სასამართლოს გზით უნდა დადგინდეს. თავდების პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არის სოლიდარული, ამიტომ თავდებიც ისეთივე პასუხისმგებელია, როგორიც ძირითადი მსესხებელი, ხოლო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი.
ცივი იარაღის ტარებისთვის დაკისრებული მაქვს ჯარიმა, ვაპირებ გერმანიაში წასვლას და საზღვარი რომ გადავკვეთო, პრობლემა ხომ არ შემექმნება?
- თუ მხოლოდ ჯარიმა არის შეფარდებული და ტერიტორიის დატოვება არ არის აკრძალული, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება.
ბინაში მყავს მდგმურები და ბინას ვატოვებინებ, სხვაზე უნდა გავაქირაო. ძველი მდგმურები არ გასულან და არც ბინის დათვალიერების უფლებას მაძლევენ, რომ ახალი მდგმური მივიყვანო. როგორ მოვიქცე? მაქვს თუ არა უფლება, სანამ გავლენ ბინიდან, სხვა მსურველებს ბინა ვაჩვენო?
- საცხოვრებელი, ვისაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვს დაკავებული, შეიძლება გამოსახლდეს სასამართლო გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, სარჩელით უმჯობესია მოთხოვილ იქნეს მიუღებელი შემოსავალი, თანხა, რომელიც გაქირავებით უნდა მიეღო მეპატრონეს. სხვა მხრივ რაიმე ბერკეტი არ არსებობს, რომ თუნდაც დასათვალიერებლად შევიდეს მესაკუთრე, თუ დამქირავებელი არ უშვებს.
მოულოდნელად გარდამეცვალა მეუღლე და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დავრჩი. 2 წლის შემდეგ მაიძულეს დედამთილმა და მაზლმა სახლიდან წამოვსულიყავით მე და ჩემი შვილები. ვცხოვრობ ჩემი მშობლების ოჯახში, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად. ქმრის სახლი, სადაც ვცხოვრობდით, იყო ჩემს დედამთილზე გაფორმებული. აქვთ ბევრი მიწის ნაკვეთი, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა ჩემი მეუღლის სახელზე. ეკუთვნით თუ არა რაიმე წილი ჩემს შვილებს? ერთად ცხოვრების პერიოდში სოფლის სახლში ყველანი ერთად ვცხოვრობდით.
- მეუღლე და შვილები არიან გარდაცვლილი მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრეები, თუ გარდაცვლილ მეუღლეს ჰქონდა ქონება, ანუ მის სახელზე იყო რაიმე ქონება, ის მემკვიდრეობით ეკუთვნის პირველი რიგის მემკვიდრეებს. პირველი რიგის მემკვიდრედ ითვლება მათ შორის გარდაცვლილის დედა. თუ მხოლოდ გარდაცვლილის დედის სახელზეა ქონება, ამ ეტაპზე არც მემკვიდრეობის საფუძველი არსებობს, მემკვიდრეობის საკითხი წარმოიშვება, როდესაც ქონების მესაკუთრე გარდაიცვლება. მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილი პირი არის დედამისის მემკვიდრე, ხოლო გარდაცვლილის მემკვიდრეები მისი ცოლი და შვილები.
წლებია იტალიაში ვუვლი მოხუცს და ვაკოწიწებდი თანხას ბინის შესაძენად. როცა გარკვეული თანხა მოვაგროვე, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში შევიტანე. მეპატრონემ ყველაფერი შეჭამა და ამერიკაში გაიქცა. ახლა ამბობენ, რომ ამ კორპუსის მშენებლობაში აღარ ფიგურირებს მისი სახელი და გვარი. ხელშეკრულებაში, რომელიც ხელთ მაქვს, წერია, ის იღებს ვალდებულებას, რომ ჩამაბარებს კორპუსს. ახლა სხვა კომპანია აშენებს იქ სახლს და ამბობს, რომ არანაირი ვალდებულება მასზე არ გადადის. როგორ მოვიქცე? როგორ შევარჩინო ჩემი წვალებით მოპოვებული ფული სხვას? ყველა საბუთი მაქვს. ფულის დაბრუნება მაინც თუ არის შესაძელებელი?
- მოცემული საკითხი დეტალურ შესწავლას საჭიროებს, შესაბამისად, მსგავს ფორმატში შეუძლებელია განიხილო. თუმცა კომპანიების ერთმანეთის მიმართ უფლებამონაცვლეობის საკითხზე უნდა ითქვას, რომ თუ ერთი კომპანია მეორის უფლებამონაცვლე გახდა, ეს ნიშნავს, რომ ის ვალდებულებები, რაც ჰქონდა წინამორბედს, გადადის უფლებამონაცვლეზე. ეს საკითხი დამოკიდებულია ბევრ სხვა დეტალზეც, რომელიც საჭიროებს შესწავლას.
წლების წინ ბინა მქონდა დაგირავებული 5.000 დოლარად ნაძალადევში. ბინის პატრონმა თანხა არ დამიბრუნა, ეს ბინა 85 წლის მოხუცის სახელზეა ახლა რეგისტრირებული. რამდენიმე წლის წინ დაინგრა ის ადგილი და ეს ოჯახიც ქირით გადაიყვანა სახელმწიფომ. ფულს მერია უხდის. სესხის ხელშეკრულებას ვადა გასული ჰქონდა და ორი წლის წინ ისევ განვაახლეთ, მაშინ დამპირდა, რომ გამისტუმრებდა. ელოდებოდა ინვესტორს. იმ ასაკოვან ქალს რაიმე რომ მოუვიდეს, ფული დამეკარგება, თუ ეს ვალდებულება გადავა შვილების სახელზე? ბოლოს დადებულ სესხის ხელშეკრულებასაც მალე ვადა გასდის, როგორ მოვიქცე?
- ასეთ შემთხვევაში უმჯობესია სასამართლოში შეიტანოს კრედიტორმა სარჩელი და სასამართლოს მეშვეობით დაეკისროს თანხის გადახდა, ხოლო, თუ მოვალე გარდაიცვლება, ვალდებულება მემკვიდრეებზე გადავა.
ვაქირავებ ბინას უცხოელ სტუდენტებზე. შემიძლია ქირავნობის ხელშეკრულება დოლარში გავაკეთო? სად უნდა დავრეგისტრირდე, რომ საშემოსავლო გადავიხადო? როგორც მითხრეს, ქირის 5 პროცენტია გადასახდელი.
- შესაძლებელია ხელშეკრულებაში მიეთითოს თქვენთვის სასურველი დოლარის ეკვივალენტი ლარში და თანხის გადახდა მოხდეს დოლარში. იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთათვის გათვალისწინებული საგადასახადო წესით უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ავტორიზებულ მომხმარებლად, განცხადების რეგისტრაცია უფასოა და კეთდება ერთ სამუშაო დღეში, ხოლო აღნიშნული მომსახურება სერვისცენტრში ფასიანია და ღირებულება შეადგენს 50 ლარს. დიახ, აღნიშნული სახის შემოსავალი იბეგრება 5%-ით.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები