რამ შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი
ძუძუდან გამონადენი ქალებს აფრთხობს, არადა, სარძევე ჯირკვლის კიბო იშვიათად აჩენს გამონადენს. პათოლოგიური გამონადენი უმეტესად სხვა, ნაკლებად საშიში დაავადების მანიშნებელია, თუმცა მკურნალობა მასაც სჭირდება. ძუძუ ჯირკვალია, ამიტომ ზოგჯერ იგი გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც ორსულობასა და ძუძუთი კვებას არ უკავშირდება. მას ქალების 3-8% აღნიშნავს, თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, რადგან სარძევე ჯირკვალს რეგულარულად ყველა როდი ისინჯავს. სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უპირატესად რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
რა აჩენს სარძევე ჯირკვლიდან გამონადენს?
სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უნებლიეც შეიძლება იყოს და ზეწოლის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს. ის სხვადასხვანაირია: სქელი და თხიერი, რძისმაგვარი, მოყვითალო, ქარვისფერი, მწვანე ან ყავისფერი, რიგ შემთხვევაში -სისხლიანი. გამონადენი შესაძლოა იყოს ნორმალური და პათოლოგიური.
ნორმალური გამონადენი ქალის განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება და თავისთავად წყდება, პათოლოგიური კი დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პათოლოგიურ პროცესებთან, როგორიცაა:
ფიბროკისტოზური მასტოპათია;
ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა;
სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია;
ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებანი;
სარძევე ჯირკვლის სიმსივნე;
ჰიპოფიზის სიმსივნე;
აბსცესი;
ტრავმა.
ნორმალური გამონადენი ჩნდება მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზაში. პრაქტიკულად, ფიქსირდება ფიზიოლოგიური გამონადენი, რომელიც თავს იჩენს როგორც მექანიკური, ისე თერმული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ბანაობის შემდეგ, როდესაც მაღალი ტემპერატურის გავლენით სადინარები ფართოვდება. აღნიშნულ სიტუაციებს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.
რა იწვევს პათოლოგიურ გამონადენს
კისტოზური და ფიბროზულ-კისტოზური ტიპის მასტოპათიებს ახასიათებს სეროზული, გამჭვირვალე, მოყვითალო და მომწვანო ფერის გამონადენი. თუ სადინარი სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკური ინფექციით არის ინფიცირებული, გამონადენი ყავისფერია. ლიპოგრანულომისთვის დამახასიათებელია სპონტანური ხაჭოსმაგვარი, ბლანტი გამონადენი. ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სადინარის შიგნით ვითარდება. ის ყველაზე ხშირად 35-55 წლის ასაკის ქალებში გვხვდება და სისხლიანი გამონადენი ახასიათებს. სადინარშიდა პაპილომა ასიდან 50-60 შემთხვევაში საოპერაციოა, რადგან წარმოადგენს გარდამავალ რგოლს კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მის სალიკვიდაციოდ, ჩვეულებრივ, მინიმალური ქირურგიული ჩარევაა საკმარისი. სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია მკერდიდან პათოლოგიური გამონადენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
ამ დროს მკერდის ერთ ან რამდენიმე წილში ვითარდება ანთებითი პროცესი, რის გამოც სადინარიდან სქელი, წებოვანი მწვანე ან შავი სითხე გამოედინება. ეს პათოლოგია უპირატესად 40-50 წლის ქალებში გვხვდება. სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებების დროს - ამ შემთხვევაში გამონადენის არსებობა ჰორმონ პროლაქტინისა და თირეოტროპული ჰორმონის ნორმალური სინთეზის დარღვევით არის განპირობებული. ეს უმთავრესად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას, ჰიპოთირეოზს ახასიათებს. ასეთ დროს პაციენტებს სისხლში ძლიერ აქვთ მომატებული ჰორმონ პროლაქტინის მაჩვენებელი და აღნიშნავენ სარძევე ჯირკვლიდან ხსენისმაგვარ გამონადენს ან პრაქტიკულად რძეს. სარძევე ჯირკვლის კიბო სარძევე ჯირკვლის ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელსაც ასევე ახასიათებს გამონადენი, თუმცა ეს სიმპტომი კიბოს ყველა ფორმის დროს არ გვხვდება. გამონადენი ჩნდება მაშინ, როდესაც სადინარში კიბოს ჩანასახოვანი კომპონენტი უკვე არსებობს. მას სადინარშიდა კიბოს ვუწოდებთ.
რა არის გალაქტორეა
გალაქტორეა არის ძუძუდან რძის, ხსენის ან რძისმაგვარი სითხის სხვადასხვა ინტენსივობით გამოდინება. ის შეიძლება იყოს როგორც ერთი, ისე ორივე ძუძუდან და ნორმალური მოვლენაა ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ყველაზე მეტად ახასიათებთ ქალებს, რომლებმაც შვილს ძუძუს წოვება მიატოვებინეს და ლაქტაცია დაუმთავრდათ.
ამ დროს რძე იქცევა ხსენად, შემდეგ კი გამონადენი ხდება მომწვანო-ქარვისფერი და გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისთავად ალაგდება. ეს პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადს გრძელდება.
თუ ამ პერიოდის შემდეგ გამონადენი არ გაქრა, პაციენტს ენიშნება დამხმარე მედიკამენტები. გალაქტორეა ყველაზე ხშირად აღენიშნებათ იმ ქალებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ ტრანკვილიზატორებს და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ პრეპარატებს. ის შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტონიის სამკურნალო ზოგიერთმა მედიკამენტმაც.
თუ გალაქტორეა აღენიშნება არამეძუძურ ქალს და ეს არ არის დაკავშირებული მშობიარობასა და ორსულობასთან, აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია და გამოკვლევა, რადგან შესაძლოა, მიზეზი იყოს ჰორმონული დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, საკვერცხეთა პოლიკისტოზური პათოლოგია და სხვა.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილი