რატომ უნდა წაიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი გრუმინგ-სალონში
ადამიანებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ძალიან უყვართ, უვლიან და ანებივრებენ. ამის დასტურია ცხოველთა სილამაზის სალონები, რომლებიც ბოლო წლებში ძალიან მომრავლდა. ჩვენი სტუმარია ერთ-ერთი სალონის მფლობელი მარიამ დვალიშვილი:
- გრუმინგი - ასე უწოდებენ მსოფლიოში ცხოველის მოვლას, დაბანას და მისთვის სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას. ევროპის ქვეყნებში გრუმინგის ჩემპიონატებსაც კი მართავენ, თუმცა ეს მიმართულება საქართველოშიც ნელ-ნელა იხვეწება. გაზრდილია მოთხოვნა გრუმინგ-სალონებზეც.
- მარიამ, თქვენი მომსახურების ფასი რაზეა დამოკიდებული?
- გააჩნია, რა ჯიშისაა ძაღლი, რომელიც უნდა დავბანოთ და მოვაწესრიგოთ, ან რა პროცედურების ჩატარება სურს პატრონს. სრული გრუმინგი ჩვენთან 74 ლარი ღირს, შეიძლება სხვა სალონებში მეტიც ღირდეს, ან ნაკლები, გააჩნია სალონს და მომსახურებას. ამაში შედის: ბრჭყალებისა და ჰიგიენური ზონების მოწესრიგება, დაბანა, დავარცხნა და სასურველი ვარცხნილობა ჯიშის მიხედვით. ყველა ჯიშს შესაბამისი ვარცხნილობა სჭირდება. თუ მომხმარებელი თავისი ცუგასთვის დამატებით მომსახურებას მოითხოვს, მაგალითად, კბილების გაწმენდას, დავარცხნას, შეღებვას, პედიკიურს, გამოვარცხნას ან ნიღბებს, ამას თანხა კიდევ ემატება.
- ნიღბის პროცედურას როგორ უტარებთ?
- ნიღაბი შეიძლება იყოს როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური, რომელიც ბეწვს ვიტამინებით კვებავს. შეიძლება ყოველდღიური გამოყენების შამპუნმა ისეთი ეფექტი ვერ მოიტანოს, როგორიც ნიღბის პროცედურებმა.
- პედიკიურს ძაღლსაც უკეთებთ და კატასაც?
- არსებობს სხვადასხვა ფერის ფლომასტერის მსგავსი მასალები. ფერს მომხმარებელი ირჩევს. პედიკიურის მასალა უსაფრთხოა და ცხოველმა რომც ალოკოს, არაფერი დაუშავდება.
მე კატების გრუმინგს არ ვემხრობი, რაც უნდა მშვიდი კატა იყოს, მისთვის ასეთი პროცედურების ჩატარება დიდი სტრესია. ამიტომ სულ ვცდილობთ კატას ყველაფერი სწრაფად გავუკეთოთ, რათა ფსიქოლოგიური ზიანი არ მივაყენოთ.
- ბევრი გთხოვთ თავისი ცხოველისთვის პედიკიურის გაკეთებას?
- ვერ ვიტყვი, რომ პედიკიურზე, შეღებვასა და მსგავს მომსახურებაზე დიდი მოთხოვნაა. ის უფრო უცხოეთში მოსწონთ, საქართველოში კი იშვიათად, რადგან უმეტესობა ფიქრობს, რომ ძაღლი თოჯინას არ უნდა დაემსგავსოს. სხვათა შორის, გრუმინგი მარტო სილამაზეს არ ნიშნავს. ბევრი ჰიგიენური პროცედურა პირდაპირ კავშირშია ძაღლის ჯანმრთელობასთან. ზოგიერთი პროცედურა ცხოველს თვეში ერთხელ მაინც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. მაგალითად, თუ ძაღლს ყურის ნიჟარაში ბეწვებს არ მოვაშორებთ, ყურები დაუგუბდება და ტკივილი დაეწყება, შესაძლებელია ყურის ანთება ან სოკოც განუვითარდეს. თუ ბრჭყალებს დროულად არ დავაჭრით, შეიძლება თათების ტკივილი დაეწყოს, მერე კი თათების დეფორმაციაც. ამიტომ ჰიგიენური გრუმინგი თქვენს ოთხფეხა მეგობარს ყოველ თვეში უნდა ჩაუტაროთ, 2-3 თვეში ერთხელ კი - სრული გრუმინგი შეჭრასთან ერთად.
- ალბათ, ლამაზ ვარცხნილობებს ყველაზე ხშირად პუდელისთვის მოითხოვენ.
- საქართველოში პუდელი ძალიან მოსწონთ. გრძელი ბეწვი აქვს, ვარცხნილობასაც ბევრი უკეთებს. გერმანულ ნაგაზს ან ტაქსას შეჭრა არ სჭირდებათ, ასეთ ჯიშებს მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს ვუტარებთ. იგივე უნდა ითქვას კავკასიურ ნაგაზზეც: ჰიგიენური ზონების მოწესრიგება, დაბანა, დავარცხნა და სპა-პროცედურები - აი, რა სჭირდება მსგავს ძაღლებს. სხვადასხვა ვარცხნილობა უხდება იორკშირ-ტერიერს, შპიცს, მალტიპუსა და სხვა პატარა, გრძელბეწვიან ცუგებს, თუმცა მე არ ვემხრობი შპიცისთვის ვარცხნილობის გაკეთებას, რადგან მისი ბეწვი ძალიან მგრძნობიარე.
- ალბათ, მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა - რა არის გამოვარცხნა?
- ხშირად ეს პროცედურა დავარცხნაში ეშლებათ, მაგრამ ეს სულ სხვა პროცედურაა: როდესაც ძაღლს დაბურდული, ჩახვეული თმა აქვს, სპეციალური ტექნიკა სჭირდება, რომ დავარცხნო. მაგალითად, თუ პუდელს ყოველდღიურად არ დავარცხნით, მას ცალკე პროცედურა, დიდი დრო და ენერგია დასჭირდება. თუ ბეწვი ძალიან ჩახვეულია, მაშინ გამოვარცხნის ფასი შეიძლება 80-100 ლარსაც ასცდეს.
- კბილების გაწმენდას როგორ აკეთებთ და როდისაა ეს პროცედურა აუცილებელი?
- კბილების გაწმენდა სპეციალური პასტებითა და სილიკონის ჯაგრისით შეიძლება, ზოგჯერ სპეციალური ინსტრუმენტებითაც ვსარგებლობთ. თუ ძაღლს ქვები და ნადები აქვს, შეიძლება კბილი მოსძვრეს, ამიტომ ცხოველებს კბილების გაწმენდა ხშირად სჭირდებათ. სტანდარტული წმენდა 10 ლარი ღირს, მაგრამ თუ ქვები აქვს, მაშინ პროცედურა 20 ლარიდან იწყება და უფრო ძვირიც ღირს, გააჩნია, რა მდგომარეობა აქვს ძაღლს. პრობლემური კბილების წმენდა შეიძლება 60 ლარიც დაჯდეს, 80-იც და 100 ლარიც.
- კატების პატრონები რა პროცედურებს ითხოვენ?
- დაბანა, გაპარსვა და გამოვარცხნა - კატებს, ძირითადად, ამ პროცედურებს ვუტარებთ. კატა ისედაც სუფთა ცხოველია და ხშირი დაბანა არ სჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ტალახში არ ჩავარდა. კატის დაბანა და გაპარსვა დაახლოებით 70-75 ლარი ღირს, რადგან მასთან მუშაობა გაცილებით რთულია, ძალიან ემოციური ცხოველია და ბევრი გრუმერი მასთან მუშაობას ერიდება.
- ამბობენ, რომ ზოგიერთ სალონში ცხოველებს აძინებენ, რომ გრუმინგი ჩაუტარონ.
- ჩემი აზრით, ეს სადიზმია. თუ ძაღლი მოუსვენარი და აგრესიულია, არსებობს მისი დასამშვიდებელი სხვადასხვა ტექნიკა. კატას თუ არ უნდა, ვერაფერს გაუკეთებ, ამიტომ, თუ არ გვემორჩილება, პროცესს ვაჩერებთ. ცხოველის მოვლას მე ბავშვის მოვლასთან ვაიგივებ: მას ბავშვზე არანაკლები ყურადღება სჭირდება. ამიტომ როცა ვეღარ უვლიან, აჩუქებენ, ასხვისებენ ან უარესი - ქუჩაში ტოვებენ. ზოგს ჰგონია, ძაღლს მარტო წელიწადში ერთხელ უნდა დაბანა, არადა, ის ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს. პერიოდულად გრუმინგი ძაღლსაც სჭირდება, კატასაც და რაც უფრო ადრე შეეჩვევა ცხოველი სალონსა და ჰიგიენურ პროცედურებს, მით უკეთესია მისთვის. უნდა მიეჩვიოს უცხო ხალხს და სხვა ცხოველებს, მაკრატლისა და საკრეჭის ხმას, სალონის სიტუაციას...
- მარიამ, თქვენს პროფესიაზე რას გვეტყვით?
- ეს შედარებით ახალი პროფესიაა, რომელსაც საქართველოში ყველა არ იცნობს. ამ საქმის შესწავლას წლები მოვანდომე, ძალიან ბევრი სერტიფიკატი მაქვს, მაგრამ გამუდმებით რაღაც ახალს ვსწავლობ, რადგან ცოდნის გარეშე კარგი გრუმერი ვერ იქნები. კიდევ არის ერთი აუცილებელი თვისება, რომელიც გრუმერს უნდა ჰქონდეს: ცხოველები ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ ამ პროფესიას დაეუფლო და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მკურნალი და დამცველი გახდე.
- ცხოველის მოვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თქვენი სალონის სტუმრები შედარებით შეძლებული ადამიანები არიან?
- ვერ დაგეთანხმებით: არის შედარებით დაბალი კლასის საკვები და ვისაც შინაური ცხოველის ყოლა სურს, ამგვარ საკვებს ყიდულობს. ამასთან, მე ვიცი ხალხი, რომელიც თვითონ იკლებს, რომ თავის ცხოველს არაფერი მოაკლოს. ასეთი ადამიანები ცხოველებს ოჯახის წევრებად თვლიან, ბავშვებივით უვლიან და ამას რომ ვხედავთ, ჩვენც ვცდილობთ შეღავათი გავუწიოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე