„საყვარელი თოჯინები თითქოს მუდამ მოგვყვებიან ცხოვრებაში, როგორც ბედნიერების ნაწილი“ - კვირის პალიტრა

„საყვარელი თოჯინები თითქოს მუდამ მოგვყვებიან ცხოვრებაში, როგორც ბედნიერების ნაწილი“

რატომ გიჟდებიან თოჯინებზე დიდები? როგორც კი მათ თვალს მოვკრავთ, მათთან ერთად ბავშვობაც ცოცხლდება, მით უფრო მაშინ, როდესაც ძალიან რთულ გარემოში ვცხოვრობთ. ალბათ, ამიტომაც მოგვიმრავლდნენ მეთოჯინეები. ეს გენიალური ოსტატები თოჯინების შექმნისას დიდ ჯადოსნურ "რიტუალს" ატარებენ ჩვენი ბავშვობის გასაცოცხლებლად და ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს! თბილისთან ახლოს, ცხვარიჭამიაში, თავის თოჯინებთან ერთად მეთოჯინე მაკო გნოლაძე­ ცხოვრობს. ქალი, რომელიც რაც არ უნდა დაღლილი იყოს, თავის თოჯინებს მაინც ეალერსება. ყოფილხართ ოდესმე ცხვარიჭამიაში? თუ აპირებთ, მაშინ მის სახლთან ჩაიარეთ და თქვენც შემოგესმებათ მისი საუბარი თოჯინებთან და ეს ტკბილი ხმა გაგაბედნიერებთ. მაკო ამბობს, ცუდ ხასიათზე არასოდეს დავმჯდარვარ თოჯინის გამოსაძერწადო, და მჯერა, სხვანაირად მის თოჯინებს მხიარული სახეები არ ექნებოდათ.

- იცით, ეს საქმე როგორ დავიწყე? რამდენიმე წლის წინ ვიდეოში შემთხვევით ვნახე უცხოელი ქალი, რომელიც თოჯინას ძერწავდა და ამ მომენტმა უცებ ისეთი ძალით შემიპყრო, თავადაც რომ არ მოველოდი. ყოველ დილით იმ განცდით ვიღვიძებდი, რომ იმ დღეს ყველა საქმეს სწრაფად მოვილევდი, და როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში წავიდოდნენ და სახლს მივალაგ-მოვალაგებდი, მაშინვე მივაშურებდი მაგიდას, სადაც სათოჯინე ატრიბუტები მეწყო. ეს მომენტები იმხელა სიხარულით მავსებდა, რომ პრობლემად უმასალობასაც არ მივიჩნევდი. არადა, ათი წლის წინანდელ ამბებზე ვყვები და მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი დროა, მაშინ ხარისხიან თიხას ძნელად იშოვიდი. მეც ვიშოვე უხარისხო ჩინური თიხა, რომლითაც იმდენი ვიმუშავე და ვიწვალე, რომ მშვენიერი თოჯინა გამოვძერწე - მხიარული იაპონელი კაცი, რომელიც ისევ შინ მაქვს და ვერ ველევი. ხშირად ვათვალიერებ, მაგრამ დიდი ნაკლი ვერ ვუპოვე. როგორც ჩანს, იმდენად მქონდა გული ანთებული, რომ ზედ გადავყევი.

21-1727637888.jpg

- წარმომიდგენია, როგორ შეხვდნენ თქვენი შვილები დედის ნახელავ პირველ თოჯინას. როგორია კარი შემოაღო და მხიარული იაპონელი დაგხვდეს წამოსკუპებული­ ოთახის რომელიმე კუთხეში!

- როგორია და მშვენიერი! კარგა ხანს გახარებულები იყვნენ. იმასაც მალე მიხვდნენ, რომ დედას ეს საქმე უყვარდა და თამაშისას თოჯინებისათვის რაიმე არ უნდა დაეზიანებინათ. დედის საქმე უხაროდათ და ამაყობდნენ. ახლაც ამაყობენ, როცა დიდები არიან. სხვათა შორის, თოჯინებს კიდევ ერთი მაგია აქვთ: მათ ბევრი ინახავს ბავშვობის გასაცოცხლებლად. ამით თაობებს იმ დროზე უყვებიან, როდესაც თავად აღარ იქნებიან. მინდა ჩემს შვილიშვილებსაც უამბონ ჩემმა თოჯინებმა ჩემზე. ამიტომ არის მეთოჯინეობა ასეთი იდუმალი შემქმნელისთვისაც და მფლობელისთვისაც. საყვარელი თოჯინები თითქოს მუდამ მოგვყვებიან ცხოვრებაში, როგორც ბედნიერების ნაწილი. ვინ იცის ჩვენი ბავშვობის რამდენი ოცნება, ზღაპარი და სიზმარი უკავშირდება მათ სახეებს.

3-1727637888.jpg

- მით უფრო, თუ სახე მეტყველია. გულწრფელად მიკვირს, როგორ აღწევენ მეთოჯინეები ამ ხელოვნებას, რომ თოჯინებს მეტყველი სახე ჰქონდეთ, თითქოს შენ თვალწინ გაცოცხლდნენო..

- ისე უნდა შექმნა, თითქოს ისინიც გელაპარაკებიან და შენც ელაპარაკები. მე მხოლოდ ძერწვისას კი არ ვაკეთებ ამას, არამედ სხვა დროსაც. ცხვარიჭამიაში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი თოჯინებისთვის მუზეუმი გავაკეთე, სადაც მათთან ძალიან ხშირად შევდივარ, ვეფერები და ველაპარაკები. სევდიანი თოჯინებიც არსებობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თოჯინების სახეზე სევდა არ მიყვარს. სევდა ისედაც ბევრია გარშემო. დაე, სირთულეები მათი სახეების მიღმა დარჩეს და ცქერით ვისიამოვნოთ. თოჯინები უნდა იღიმოდნენ და მათ დანახვაზე - ჩვენც. ამიტომაც ცუდ ხასიათზე მყოფი არასოდეს დავმჯდარვარ თოჯინების გამოსაძერწად. უკვე ათასობით თოჯინა მყავს გამოძერწილი. მართალია, ისინი გაიყიდა, მაგრამ ყველა მახსოვს.

9-1727637888.jpg

- ვინ ყიდულობს თოჯინებს, რა ასაკის ხალხი?

- შუახნის ასაკამდე, ყველა. არა მგონია, იყოს ვინმე, ვისაც არ სურდეს შინ, სახლის რომელიღაც კუთხეში, ლამაზი თოჯინა ჰყავდეს, როგორც "მხარდამჭერი" ბავშვობიდან. არსებობს ერთი ცნობილი უცხოელი ბლოგერი, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს. ის კაცი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ერთხელ საქართველოშიც იყო. რამდენიმე ცნობილმა პირმა განიზრახა, მისთვის საჩუქარი მიერთმია და რთულ მდგომარეობაში იყვნენ. განა რით უნდა გააკვირვო უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს. მერე ისე მოხდა, რომ მისთვის საავტორო თოჯინა გავაკეთე და ის კაცი გაოგნდა, რა უნდა მოგეფიქრებინათ, რომ უფრო გამხარებოდაო!

ამ რთულ დროში თავი პრობლემებით გვაქვს სავსე, განუწყვეტლივ ვფიქრობთ, როგორ გავუმკლავდეთ, ამ ფიქრში წინ და უკან ბოლთასაც ვცემთ და ამ დროს სახლის რომელიღაც კუთხეში მოღიმარ თოჯინას წავაწყდებით. ხომ არის ეს ემოცია, რომელიც ყველაფერს თუნდაც რამდენიმე წამით დაგავიწყებთ? მე ამ განცდით ვარ, - მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე მაქვს, თოჯინებისთვის მაინც ვიცლი. დაე, ღიმილით მანიშნებდნენ, რომ ერთ დღეს ნებისმიერი სირთულე გაივლის.