ჩინელი გოგონა თამარ მეფესა და წმინდა ნინოს „აღმერთებს“... - კვირის პალიტრა

ჩინელი გოგონა თამარ მეფესა და წმინდა ნინოს „აღმერთებს“...

"ადრე მეგონა, რომ ქართული ცეკვა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ანა დამეხმარა, უკეთესი შედეგისთვის მიმეღწია. ვფიქრობ, უფრო თავდაჯერებული გავხდი. როცა ვცეკვავ, ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივზე უფრო ლამაზი და მიმზიდველი ვარ. მსოფლიოში ბევრი კარგი ცეკვაა, მაგრამ ქართული ცეკვა საოცრებაა", - ამბობს ჩინელი გოგონა ლულუ ჭანგი, რომელსაც საქართველო უსაზღვროდ უყვარს..." ანა ჭუნაშვილი და ლულუ ჭანგი.

ანა ჭუნაშვილი, ანსამბლ "კავკასიის" პედაგოგი: - ლულუს ჩემი კლასელის თხოვნით შევხვდი... მითხრა, ჩინელი­ გოგონაა, რომელსაც ქართული ცეკვის შესწავლა სურს, იქნებ შეხვდე, გაისაუბროთო... თავიდან ვიფიქრე, უცხოელს ალბათ, გაუჭირდება ქართული ცეკვის შესწავლა-მეთქი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე შევხვედროდი... ლულუ იმდენად ნიჭიერი, კეთილი და თბილი ადამიანი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, მისი ცეკვის მასწავლებელი მე გავმხდარიყავი. ლულუსთან მუშაობა იოლია,­ რადგან ინგლისურად კარგად საუბრობს. ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარეა, ერთ დღეს ნასწავლი ილეთები მეორე დღეს იმდენად კარგად იცის, შეგვიძლია შემდეგ ილეთებზე გადავიდეთ. ძალიან მოსწონს ქართული ცეკვა, კულტურა, საქართველო... ეს ჩემთვის მთავარი მოტივაციაა, რომ ქართული ცეკვის სწავლაში დავეხმარო. სასიამოვნო და საამაყოა იმის ყურება, როგორ ლამაზად ცეკვავს­ ჩინელი გოგონა ქართულ ცეკვას ციმციმა­ თვალებით. დღეს არა მხოლოდ მოსწავლე და მასწავლებელი, არამედ მეგობრებიც ვართ.

ლულუ ჭანგი: - 10 წლის წინ ღვინის­ ბიზნესში ვიყავი. მაშინ გავიგე, რომ საქა­რთველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა­ იყო, რომელმაც ღვინო დაამზადა. ღვინის დაყენების ტექნოლოგია ბორდოში შევისწავლე. მას შემდეგ სულ უფრო დავინტერესდი საქართველოთი და 2017 წელს ჩამოვედი კიდეც. საქართველოში რაც უფრო მეტს ვმოგზაურობდი, მეგობრებიც მემატებოდა. ახლა უფრო მეტი ვიცი ქართული კულტურის, ისტორიის, საკვებისა და ღვინის შესახებ... ჩემი საყვარელი საჭმელია ხაში (ჭაჭასთან ერთად) და ხინკალი, საყვარელი ისტორიული გმირები კი არიან თამარ მეფე და წმინდა ნინო.

- რატომ გადაწყვიტეთ ქართული ცეკვის შესწავლა და რამდენად რთული ან პირიქით, ადვილია თქვენთვის?

- პირველად ქართული ცეკვები რესტორანში ვნახე. თავიდან მეგონა, ცეკვა ძალიან გამიჭირდებოდა. მეშინოდა, კარგად რომ ვერ მეცეკვა, შემრცხვებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ანა გავიცანი. ის საუკეთესო ცეკვის მასწავლებელი და ჩემი ქართული მზეა. როცა ჩემს პროგრესს ვხედავდი, ყოველთვის ძალიან ვღელავდი. ანა ყოველდღე მამხნევებს და მაგრძნობინებს, რომ უკეთესად შემიძლია ცეკვა. სახლშიც ვვარჯიშობ, რადგან მინდა ჩემი საყვარელი მასწავლებელი გავახარო... რაც მასთან ერთად ვცეკვავ, უფრო თავდაჯერებული გავხდი, ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივზე ლამაზი და მიმზიდველი ვარ...

- ჩინეთში სად დაიბადეთ და აღიზარდეთ?

- დავიბადე ჩინეთის ჩრდილოეთით და ვმუშაობდი სამხრეთ ჩინეთში. ადრე ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ღვინის კომპანიაში ვმუშაობდი. ახლა საკუთარ ტურისტულ ბიზნესს ვქმნი საქართველოში. ჩემი კლიენტების უმეტესობას მოსწონს ძვირად ღირებული მოგზაურობა. მათ ვურჩევ საქართველოში საუკეთესო სასტუმროებსა და რესტორნებს... იმავდროულად, სულ უფრო მეტს ვსწავლობ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ცეკვას. მყავდნენ კლიენტები, რომლებმაც ნახეს ჩემი ცეკვის ვიდეოები, ძალიან დაინტერესდნენ და ანა მასწავლებლის ცეკვის გაკვეთილსაც დაესწრნენ.

- საქართველოში დარჩენას დიდხანს აპირებთ?

- რაც მეტს ვიგებ ამ ქვეყნის შესახებ, უფრო და უფრო მიყვარდება... ერთხელ მეგობრებთან ერთად წმინდა ნინოს ძეგლის დასუფთავებაზე ვიყავი. მართალია, მართლმადიდებელი არა ვარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკუთარი სახლი დავასუფთავე. მომწონს აქაური ულამაზესი პეიზაჟები, კერძები, ისტორია და კულტურა... წელს ქართული სპორტი მსოფლიოში უფრო ბრწყინვალე გახდა. ძალიან ვამაყობ მათით და ყველა ჩემს ჩინელ მეგობარს ვაჩვენებ. ჩინელებსაც მოსწონთ კვარა, მამარდაშვილი, ტალახაძე, თოფურია... ვფიქრობ, აქ დიდხანს ვიქნები, რადგან მინდა უფრო მეტ ჩინელს ვაჩვენო საქართველოს სილამაზე... ქართველებს ჩინეთშიც უვიზო მიმოსვლა აქვთ. იმედია, უფრო მეტი ქართველი შეძლებს ჩინეთში გამგზავრებას. ჩინეთი უძველესი ისტორიული და დიდი კულტურის ქვეყანაა, ლამაზი პეიზაჟები აქვს, კეთილი ხალხი ჰყავს... ქართველებს ისევე მოეწონებათ ჩინეთი, როგორც მე საქართველო. ვისურვებდი საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა სამუდამო იყოს.