„გრიპი მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებადი დაავადებაა“
სეზონური გამოწვევების შესახებ "კვირის პალიტრას" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა:
- ინფექციური დაავადებები ყველა სეზონზე გვხვდება, მაგრამ გამომწვევები სხვადასხვა სეზონზე განსხვავებულია. მაგალითად, ზაფხულში ხშირია ისეთი ინფექციები, რომლებიც მიმდინარეობს ნაწლავური კომპონენტით, ვითარდება გასტროენტერიტები. განსაკუთრებით ეს ასოცირებულია ხოლმე ზღვის სეზონსა და მალფუჭებად პროდუქტებთან. შემოდგომასა და ზამთარში აქტიურდება რესპირაციული ინფექციის გამომწვევი ვირუსები. ამჟამადაც გვხვდება სხვადასხვა ვირუსი, მაგალითად, ადენოვირუსული ინფექცია, რინოვირუსული, ენტეროვირუსები, კორონავირუსებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც ხასიათდება ზემო სასუნთქი გზების დაზიანებითა და შემდეგი სიმპტომატიკით, როგორიცაა მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, შესაძლოა ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ზოგჯერ ახლავს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებიც, საერთო სისუსტე, სახსრების, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, მაგრამ ეს დაავადებებები თვითრეგულირებადია და არ საჭიროებს სპეციფიკურ ჩარევას, პაციენტები შინ მკურნალობენ.
შემოდგომის მეორე ნახევარში შესაძლებელია გრიპის შემთხვევებიც, რაც სეზონურად ყოველ წელს არის ხოლმე. გრიპი, განსხვავებით სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, უფრო მძიმე დაავადებას იწვევს და განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ-ჯგუფებში, ასაკოვან ადამიანებში, ასევე მცირეწლოვან ბავშვებში და განსაკუთრებით ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვს. საბედნიეროდ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არსებობს და ეფექტურია მძიმე მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად. ამიტომაც მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია ჩატარდეს ოქტომბერში, არა უგვიანეს ნოემბრისა, რათა გამომუშავდეს გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.
2024 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ გრიპის სეზონი გახანგრძლივდა, შემთხვევები იყო ზაფხულშიც, რაც უჩვეულოა და მიუთითებს, რომ გრიპი საყურადღებო და მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებადი დაავადებაა. ის, რომ სეზონურობა ახასიათებს ვიცით, მაგრამ წლევანდელი წელი გამონაკლისი იყო, ამიტომ მომავალ სეზონს უფრო მომზადებული უნდა შევხვდეთ.
- ამბობთ, რომ რაც უფრო აცივდება, შემთხვევებიც იმატებს?
- დიახ, ასე ხდება ყოველწლიურად - ესაა რესპირაციული ინფექციების ბუნება. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადება.
- ბრძანეთ, რომ გვხვდება კორონავირუსული ინფექციებიც.
- დიახ, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი სტატისტიკური ცვლილება არ ყოფილა, მკვეთრი მატება არ აღინიშნება. თუმცა ვიმეორებ, მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების დაცვა. თუ ადამიანს აქვს რესპირატორული ინფექციის ნიშნები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია დროულად მიმართოს ექიმს დიაგნოზისთვის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკაში. ვთქვათ, "კოვიდის" დროს მეტია გართულების ალბათობა, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების დროს და ამიტომ თუ ვიცით, რომ "კოვიდთან" გვაქვს საქმე, ეს ექიმებს გაუადვილებს მკურნალობის სქემის შედგენას.
- როგორც ვიცით, გრიპის საწინააღმდეგო აცრები ყოველ წელს სხვადასხვა ვირუსზე ხდება. წინასწარ იციან, თუ რა ტიპის ვირუსი, შტამი იქნება სეზონზე აქტიური?
- დიახ, ეს ინფორმაცია არსებობს, მაგრამ არ არის 100%-იანი სიზუსტის, თუმცა კვლევების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რომელი შტამი იქნება დომინანტი. წელს H1 და H3 ქვეშტამების ცირკულირებაა უფრო მოსალოდნელი და ის ვაქცინები, რომლებიც ხელმისაწვდომია, ზუსტად ამ ქვეშტამებისგან გვიცავს.
- ორსულების აცრა თუ შეიძლება?
- რა თქმა უნდა, მეტსაც ვიტყვი, აუცილებელია. იმიტომ რომ ორსულებში არის დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკები, აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია ხელს შეუწობს რისკის შემცირებას.
მომატებულია ყივანახველას შემთხვევები. ივლისში 700-მდე ახალი შემთხვევა იყო, არადა, წლების განმავლობაში 100-150 შემთხვევა თუ ფიქსირდებოდა. ყივანახველა ძირითადად ბავშვთა ასაკში ვითარდება, მეტწილად იმ კონტინგენტში, ვისაც არ ჩასტარებია გეგმური ვაქცინაცია. ყივანახველა ვაქცინით კონტროლირებადი დაავადებაა. თუ ბავშვებს ავცრით ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, რისკს, რომ ეს დაავადება გავრცელდეს, მინიმუმამდე დავიყვანთ. ბავშვთა ასაკის 90% უნდა იყოს ვაქცინირებული.
ბოლო 3-4 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, მკვეთად შემცირებულია ყივანახველას კალენდარული ვაქცინაცია, შედეგად კი ყივანახველას ეპიდსიტუაცია გაუარესდა.
- აცრილსაც შეიძლება დაემართოს?
- დიახ, მაგრამ ბევრად დაბალია მძიმე მიმდინარეობა.
ყივანახველას ახასიათებს გახანგრძლივებული შეტევითი ხველა. დღის განმავლობაში რამდენიმე შეტევა შეიძლება ჰქონდეს როგორც მოზრდილს, ასევე ბავშვს და ამ ფონზე ღებინების რეფლექსიც უვითარდებათ.
წითელა და წითურაც ვაქცინაციით კონტროლირებადი დაავადებებია და მათგან თავის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ სრულფასოვანი ვაქცინაციით, იმ კალენდარული ვაქცინაციის წესების დაცვით, რაც ქვეყანაში მოქმედებს. ამ ეტაპზე წითელას შემთხვევებიც შედარებით მეტია, ვიდრე წინა წლებში. პერიოდულად ფიქსირდება მცირე ზომის ეპიდაფეთქებები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს სათანადოდ.
- თუ ადამიანი არ აიცრა, მოგვიანებით აცრა რეკომენდებულია?
- დიახ. თუ არ ვიცით ჩვენი ვაქცინაციის სტატუსი, შესაძლებელია დამატებით ჩაგვიტარდეს.
„საგრძნობლად იმატა ყივანახველას შემთხვევებმა“
მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი: - საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული.
ყივანახველას იწვევს ბაქტერია Bordetella pertussis, რომელიც გადაედება წვეთოვანი გზით. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას იწვევს. სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ, თუმცა ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ 3 კვირამდე გრძელდება. თავიდან იწყება გრიპისმაგვარი სიმპტომებით (ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, სუბფებრილური ტემპერატურა, ზომიერი ხველა), თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიურდება და ახასიათებს შეტევითი ეპიზოდები. ხველა კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. მას ზოგჯერ ახლავს ღებინება, ძლიერი სისუსტე. შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ აღწერილია ნეკნების მოტეხილობის შემთხვევებიც. იშვიათად შეიძლება პნევმონიით გართულებაც. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ასთმის მქონეებში.
ჩვილ ბავშვებში დაავადება შეიძლება ხველის გარეშეც, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებით და ციანოზით (კანის მოურჯო ფერი) მიმდინარეობდეს. წლამდე ბავშვებში ხშირია გართულებები, როგორიცაა აპნეა, პნევმონია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია. ამ ასაკში ყივანახველას ლეტალობის მაჩვენებელია 1%.
დიაგნოსტიკა ხდება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრით ან ნახველის გამოკვლევით. დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის შეჩერება მედიკამენტებით შეუძლებელია. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე ამცირებს ინფიცირებული პირის მიერ ბაქტერიის გარემოში გავრცელებას.