რუსეთის ბირთვული შეკავების ახალი დოქტრინა - პუტინმა „ბირთვული შანტაჟი“ ზენიტში აიყვანა... - კვირის პალიტრა

რუსეთის ბირთვული შეკავების ახალი დოქტრინა - პუტინმა „ბირთვული შანტაჟი“ ზენიტში აიყვანა...

იმ დროს, როდესაც დასავლეთი მერამდენე თვეა ფეხს ითრევს, მისცეს თუ არა უფლება კიევს, რომ ამერიკული ბალისტიკური და ევროპული ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტებს შეუტიოს, კრემლი მორიგ და ყველაზე სქელ "წითელ ხაზს" ავლებს - პუტინს "ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში" ანუ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში სამი მნიშვნელოვანი ცვლილება შეაქვს.

ბირთვული შეკავების ცნება პირველი "ცივი ომის" პერიოდში გაჩნდა, როდესაც ნათელი შეიქნა, რომ აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა იმ რაოდენობისა და სიძლიერის სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეიარაღება (თავად ბირთვული ქობინები და მათი გადამტანი საშუალებები: ბალისტიკური რაკეტები, რაკეტმზიდ-ბომბდამშენები, ატომური წყალქვეშა ნავები) დააგროვეს, არათუ ერთმანეთის, არამედ პლანეტა დედამიწის რამდენჯერმე გასანადგურებლადაც კმაროდა.

იმხანად ვაშინგტონმა და მოსკოვმა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ორივე მხრიდან ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე, რითაც საფუძველი დაედო ბირთვული შეკავებისა და განიარაღების დაწყებას, რამაც ამ დაპირისპირებული ზესახელმწიფოების ბირთვული პოტენციალის პარიტეტი შექმნა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ბირთვული შეთანხმებები რუსეთ-ამერიკას შორის თითქმის ბოლო წლებამდე გაგრძელდა, სანამ კრემლმაც და თეთრმა სახლმაც არ შეწყვიტეს ამ ხელშეკრულებების დიდი ნაწილის შესრულება.

2-put-1727645718.jpg
შეიძლება კრემლში ძალიანაც სურთ ასეთი სურათების ხილვა უკრაინის, დასავლეთ ევროპისა თუ ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქების თავზე, მაგრამ გამანადგურებელი ბირთვული პასუხის შიშით თვით პუტინიც კი ამას ვერ გაბედავს...

"მეორე ცივი ომის" დროს აშშ-ც და რუსეთიც ჩართული იყვნენ არაკონვენციურ და კონვენციურ ომებში არაბირთვულ სახელმწიფოებთან - ამერიკელები ერაყსა და ავღანეთში, რუსეთი კი საქართველოსა და უკრაინაში.

აშშ-ს და რუსეთს არც ერაყში და არც ავღანეთში, საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროსაც ისე არ გასჭირვებიათ, რომ ფიქრშიც კი გაევლოთ არათუ სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენება.

თუმცა რუსეთ-უკრაინის თითქმის ათასდღეღამიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების პერიოდში კრემლიდან მინიშნებით ან სულაც ღია ტექსტით არაერთხელ გაისმა ბირთვული მუქარა უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე. თავდაპირველად ამას უკრაინაში, ისევე როგორც დასავლეთში, დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით შეხვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბირთვული მუქარა რუსი პროპაგანდისტების, სოლოვიოვ-სიმონიანის დონემდე "დაეცა", კრემლის "ბირთვულ შანტაჟს" თვით უკრაინაშიც კი უკვე არასერიოზულად აღიქვამენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გერმანიისა და აშშ-ის ხელისუფლებები მაინც ძალზე დიდი სიფრთხილით უდგებიან კრემლის ამ ბირთვულ "წითელ ხაზებს", რისი შედეგიცაა უკრაინის არმიისთვის უკვე გადაცემული 300 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო სამიზნეებზე გაშვების კატეგორიული აკრძალვაც.

შეიძლება იმის გამოც, რომ კრემლშიც მიხვდნენ, მათი "ბირთვული შანტაჟის" პოლიტიკამ უკვე არასერიოზული სახე მიიღო, პუტინმა დააანონსა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში სამი მნიშვნელოვანი ცვლილება:

პირველი - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ნებისმიერი არაბირთვული ქვეყნის მხრიდან აგრესია, თუკი მასში მონაწილეობს ან ამ ქვეყანას ეხმარება სხვა ბირთვული სახელმწიფო, განიხილება როგორც ერთობლივი თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე, საპასუხოდ რუსეთის ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობით.

რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ეს ცვლილება პირდაპირ მისადაგებულია უკრაინაზე, რომელიც არაბირთვული ქვეყანაა, მაგრამ რუსული აგრესიის საპასუხოდ თავადაც შეიჭრა კურსკის ოლქში და იქ იყენებს იმ ჩვეულებრივ შეიარაღებას, რომელიც უკრაინის არმიას ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის ბირთვული არსენალის მქონე აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადასცეს.

მეორე - კრემლის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა განიხილება იმ შემთხვევაშიც, თუკი დადასტურებული ინფორმაციით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიწყება საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი სტარტი და მათ მიერ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, მათ შორის სტრატეგიული და ტაქტიკური დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტებისა და თვით უპილოტო საფრენი აპარატების მიერ.

გამოდის, პუტინმა უკრაინაზე ბირთვული დარტყმების უფლება უკვე მისცა თავს, როდესაც თვით დრონების მასობრივად შეტევის შემთხვევაშიც კი ბირთვული პასუხით იმუქრება, რადგან უკრაინა ბოლო დროს ისედაც 100-200 კამიკაძე-დრონს უშვებს რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში.

მესამე - ბელარუსზე ნებისმიერი შეტევა მიჩნეული იქნება თავდასხმად რუსეთის ფედერაციაზე და ამ შემთხვევაშიც შეიძლება საპასუხო ქმედებები ბირთვული იარაღის გამოყენებით.

პუტინმა გული მოულბო ლუკაშენკოს, რომლის ტერიტორიაზე უკვე შეტანილია ბირთვული ქობინები "ისკანდერის" 500 კმ-ზე (ან უფრო შორსაც) მფრენი კვაზიბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისთვის, თუმცა მათზე სრული კონტროლი რუსი სამხედროების ხელშია. გამოდის, რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ასეთი ცვლილებების შეტანით კრემლმა სამართლებრივადაც ხელ-ფეხი გაიხსნა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის, რადგან უკრაინა იბრძვის კურსკის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად უშვებს კამიკაძე-დრონებს თვით მოსკოვამდეც კი და ამასთან, უკრაინას სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას უწევს დასავლეთის სამი ბირთვული სახელმწიფოც.

მაგრამ ის, რასაც კრემლი თავისი კანონმდებლობით "აპრავებს", მსოფლიოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და არა მარტო ნატოს წევრი ბირთვული ქვეყნებისთვის. ჩინეთი და ინდოეთი, როგორც "ბირ­თვული კლუბის" წევრი სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, მაინც საერთო აზრზე არიან და რუსეთს კატეგორიულად მოუწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ბირთვული შეიარაღება.

3-put-1727645718.jpg
საბჭოთა და რუსული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, რომლებითაც კრემლი მსოფლიოს ემუქრებოდა და ახლაც ემუქრება...

შეიძლებოდა თუ არა ბირთვული იარაღი... უკრაინასაც ჰქონოდა

წარმოიდგინეთ, რომ უკრაინაც ბირთვული სახელმწიფო ყოფილიყო, გააგრძელებდა კი კრემლი მუდმივად მის "ბირთვულ დაშანტაჟებას" ან საერთოდ გაბედავდა პუტინი კიევზე იერიშის მიტანას?

ეს სავსებით შესაძლებელი გახლდათ, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობამოპოვებული უკრაინის ტერიტორიაზე დარჩა 176 ერთეული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა და 38 მძიმე ბომბდამშენი, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ 1 700-მდე ბირთვული ქობინით, რომელთა მიტანა, ევროპის გარდა, ჩრდილო ამერიკის კონტინენტამდეც შეეძლოთ.

ელცინის მმართველობის პერიოდში ეკონომიკური კოლაფსის უფსკრულისკენ მიმავალ რუსეთს ნაკლებად ეცალა დასავლეთის ბირთვული რაკეტებით დასაშინებლად, პირიქით, ამერიკელები იქით ეხმარებოდნენ მოსკოვს, დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, რათა ყაზახეთში, ბელარუსსა და უკრაინაში დარჩენილი ბირთვული მუხტები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე სტრატეგიული ბომბდამშენები გატანილი ყოფილიყო რუსეთის ტერიტორიაზე, რითაც დასავლეთმა, ფაქტობრივად, გააძლიერა რუსეთის ბირთვული პოტენციალი.

ამის შედეგად მოტყუებული უკრაინა დარჩა, რომელსაც აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ერთად 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით გარანტად დაუდგნენ, რომ ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არავინ დაემუქრებოდა.

რეალურად კი ერთმა გარანტორმა რუსეთმა 2014 წელს თავად წამოიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, დანარჩენმა ორმა კი, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, ამას ვერაფერი დაუპირისპირეს.

ჩვენი დოსიე:

მსოფლიოს პრობლემების შემსწავლელი სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, დღეს ცხრა ქვეყნის შეიარაღებაში არის არანაკლებ 12 512 ბირთვული ქობინი.

ბირთვული შეიარაღების ლომის წილი რუსეთის ფედერაციასა (5 889 ბირთვული მუხტი) და აშშ-ზე (5 244) მოდის, დანარჩენი კი ასეა განაწილებული: საფრანგეთს 290 ბირთვული ქობინი აქვს, ჩინეთს - 410-მდე, დიდ ბრიტანეთს - 225, პაკისტანს - 170, ინდოეთს - 164, ისრაელს - 90, ხოლო ჩრდილო კორეას - 30.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში არ შედის რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული შეიარაღება - ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებისთვის, საავიაციო ბომბებისთვის, საარტილერიო ჭურვებისა და საინჟინრო ნაღმებისთვის განკუთვნილი ბირთვული მუხტები.

ტაქტიკური ბირთვული მუხტებით (რომელთა რაოდენობას, განსხვავებით სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული მუხტებისგან, არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი პირველი "ცივი ომის" დროსაც არ ასაჯაროებდნენ, რადგან არ არსებობდა შეთანხმება ტაქტიკური ბირთვული ქობინების აღრიცხვასა და მათ პარიტეტზე) რუსეთი, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად აღემატება აშშ-ის ანალოგიურ მაჩვენებელს, თუმცა მათი რაოდენობა დღეს გადამწყვეტ ფაქტორს აღარ წარმოადგენს, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ბირთვულქობინიანი "ისკანდერის" გაშვებაც კი არათუ უკრაინას, მთელ მსოფლიოს კარდინალურად შეცვლის და ეს ბირთვული გამოძახილი კრემლში პუტინს უკან მწარედ დაუბრუნდება.