მერაბ კოკოჩაშვილი: „ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობასთან“ - კვირის პალიტრა

მერაბ კოკოჩაშვილი: „ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობასთან“

ფართო საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმიანობაშია ჩართული. საკუთარი შემოქმედებითა თუ ეროვნული საქმიანობით უკეთესი საქართველოს, ცივილიზებული ქვეყნისა და განათლებული საზოგადოების შექმნას ცდილობს.

მერაბ კოკოჩაშვილი გახლავთ „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი საზოგადოების სხვა ცნობილ და პატივსაცემ ადამიანებთან ერთად. „საზოგადოება ივერიისამ“ საქმიანობა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით დაიწყო. ის 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქტიტორთა საბჭოს წევრებთან ერთად დღემდე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული.

მერაბ კოკოჩაშვილი „საზოგადოება ივერიისას“ ფარგლებში მის მიზნებსა და აქტივობებზე გვესაუბრება.

როგორ დაიწყო თქვენი და „საზოგადოება ივერიისას“ ურთიერთობა? რატომ გადაწყვიტეთ ქტიტორთა სათათბიროს წევრი ყოფილიყავით?

თავდაპირველად ჩემი და „საზოგადოება ივერიისას“ დაკავშირება მეუფე დანიელის საშუალებით მოხდა. მე ის ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მახსოვს. საკმაოდ დავახლოვდით და ხშირი საუბრებიც გვქონდა. ამასობაში ჩამოყალიბდა „საზოგადოება ივერიისა“, რომლის საქმიანობაშიც მეუფე დანიელი აქტიურად არის ჩართული. მე სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, რომ ქტიტორთა საბჭოს წევრი გავმხდარიყავი, რადგან ყველაფერი, რასაც საზოგადოება აკეთებს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ღირებულია.

შესანიშნავი პიროვნება გახლავთ „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე გიორგი თავაძე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მან უზარმაზარი ენერგია და ძალა ჩადო იმაში, რომ მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე საერთო შემოწირულობით ტაძარი აშენებულიყო.

პრინციპებმა, რომელიც „საზოგადოება ივერიისა“ ამოძრავებს და რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის უმთავრესი იყო, მომიყვანა ამ საზოგადოებაში. ეს გახლავთ პრინციპი, რომელიც ილია ჭავჭავაძის საქმიანობის საფუძველიც გახლდათ და მან ეს ასე გადმოსცა „მამული, ენა, სარწმუნოება“. აქ ერთიანდება ყველაფერი, რის გარეშეც შეუძლებელია ერმა იარსებოს და საქმე აკეთოს. სწორედ ეს პრინციპი არის ჩადებული „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობაში. ის მუშაობს რწმენისა და კულტურის მიმართულებით, რაც ცივილიზებულ ქვეყანას ქმნის. ეს რომ დავინახე, მომინდა მათთან ერთად მემუშავა იმ უმნიშვნელოვანეს მიზნამდე, რასაც ჩვენ ცივილიზებულ ქვეყნამდე მივყავართ.

დღეს ჩვენ ვერ ვიარსებებდით ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ეს პრინციპები რომ არ ყოფილიყო განხორციელებული. შესაბამისად ცალსახაა, რომ „საზოგადოება ივერიისა“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

untitled-1727688207.jpg

თქვენი აზრით, რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ფართო საზოგადოებამ „ივერიისას“ პროექტებში და მხარი დაუჭიროს მას თუნდაც მცირე შემოწირულობით?

მახათას მთაზე უკვე დასრულებულია ტაძრის მშენებლობა, რომლის მრევლიც წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა იქ უნდა აშენდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. ეს გახდება ადგილი, რომელიც გააერთიანებს როგორც რელიგიურ ტაძარს, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს.

სწორედ ამ პრინციპებით იყო შექმნილი გელათი და მისი აკადემია. ის აერთიანებდა ტაძარსა და სასულიერო ცენტრს. ნამდვილი მუზეუმია გელათი თავისი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშებით. ამ ყველაფრის შექმნის შემდეგ კი დავითმა თავი დაიმარხა იქ, სადაც ყველამ ფეხი უნდა დააბიჯოს. გელათი ქართველი ხალხის მორალისა და ამ მორალის მატერიალური გამოსახულების საუკეთესო მაგალითია.

ამავე გზას იზიარებს დღეს მახათას მთა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა გახდეს. სწორედ ამიტომ არის თითოეული ადამიანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც კულტურული ცენტრი გაიხსნება, მისი ყველა თანამონაწილე საოცარ სიამაყეს იგრძნობს, რომ ის პროექტის მონაწილეა თუნდაც 1 ლარიანი შემოწირულობით. ამ პროექტის მიზანია ქართული კულტურის კერა შექმნას. დღეს ჩვენი ქალაქის განვითარების გეზი სწორედ მახათას მთისკენ მიდის. ძალიან მალე ის გახდება ცენტრი, სადაც დიდი საზოგადოება მოიყრის თავს. მახათა ერთდროულად იქნება როგორც რელიგიური ტაძარი, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა.

kkk-1727688179.jpg

როგორ წარმოგიდგენიათ გელათის გადარჩენის გეგმა? როგორ ხედავთ ამ პროცესში „საზოგადოება ივერიისას“, თქვენი და თითოეული ადამიანის როლს?

გელათს უზარმაზარი სახსრები სჭირდება. თუმცა საქართველო გელათის პრინციპებისა და ტრადიციების გარეშე წარმოუდგენელია. კულტურისა და სულიერების ერთ სივრცეში გაერთიანება დავითის მიერ გაკეთებული უმნიშვნელოვანესი საქმეა. ეს ყველაფერი დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საუკუნეების წინ. ამიტომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საბოლოო შედეგის დანახვისას მათ სიამაყისა და კეთილშობილების საოცარი განცდა დაეუფლებათ.

გელათის გადარჩენაში ჩართული უნდა იყოს როგორც ეკლესია და სახელმწიფო, ისე მთელი საზოგადოება. საოცარია პრინციპით, რომლითაც ის ჩამოყალიბდა და რა თქმა უნდა, უდიდესი დატვირთვა აქვს თავად ჩამომყალიბებელსა და მის ქმედებებს. დავით აღმაშენებლემა „გალობანი სინანულისანი“ შექმნა და თავი დაიმარხა იქ, სადაც ყველამ უნდა დააბიჯოს ფეხი. რადგან ის თვლიდა რომ დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი. ეს არის ქართველი ხალხის მორალი.

ზოგადად, როგორია თქვენი საქმიანობისა და „საზოგადოება ივერიისას“ მიზნების თანხვედრა?

ის, რაც ჩემთვის საწუხარი იყო ჩემი შემოქმედების განმავლობაში, ძალიან ახლოს არის იმასთან, რასაც „საზოგადოება ივერიისა“ აკეთებს. ამიტომ მათთან ერთად ფიქრი ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო. ეს ისეთი მიზანია, რომელშიც მთელი ქართული საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. მე, პირადად კი მოხარული ვარ, რომ მისი საქმიანობის მონაწილე ვარ სხვა შესანიშნავ პიროვნებებთან ერთად.

kk-1727688262.jpg