ევროპა, რომელიც ქართული არმიის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგის ლიკვიდაციას მოითხოვდა, ახლა თვითონ ნაღმავს საზღვრებს რუსეთთან... - კვირის პალიტრა

ევროპა, რომელიც ქართული არმიის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგის ლიკვიდაციას მოითხოვდა, ახლა თვითონ ნაღმავს საზღვრებს რუსეთთან...

ორიოდე დღის წინ, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა და მათ შორის - ჩვენმა „ინტერპრესნიუსმაც“ ამ სახის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს:

„პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გაძლიერების დაფინანსებისთვის მიმართავენ.

ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ლატვიურ ქალაქ დაუგავპილსში შეთანხმდნენ.

კერძოდ, ქვეყნები ევროკავშირისგან რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ ბუნკერების, ბარიერების, გამყოფი ხაზებისა და სამხედრო საწყობების მშენებლობის დაფინანსებას მოითხოვენ.

თავდაცვის მინისტრების თქმით, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ბუნებრივი თავდაცვითი წინაღობების არმქონე ღია სივრცეზე ფიზიკური დაბრკოლებების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ტექნოლოგიურად განვითარებულ ომშიც კი”.

მათ აღნიშნეს, რომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საზღვრებზე საფრთხეები მუდმივად იზრდება, ხოლო რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ გამაგრებების გაზრდა “პრიორიტეტულ ამოცანად რჩება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ვალდებულების შესრულებას, დავიცვათ [ნატოს] ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი”.

2-saz1-1727696231.png
პოლონეთში ხვდებიან, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული კალინინგრადის ოლქიდან რუსული ტანკების შესაძლო შეტევების შესაჩერებლად საზღვარზე აუცილებლად სჭირდებათ საფორტიფიკაციო ნაგებობები...

კარგია, რომ ნატოდან მისი წევრი აღმოსავლეთ სახელმწიფოების მთავრობები მაინც ხვდებიან, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგანან მათი ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან და ბელარუსთან საერთო სახმელეთო და საზღვაო საზღვრები აქვთ, თორემ დასავლეთ ევროპაში და მათ შორის - ალიანსის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, ამ საშიშროებას ჯერ მთელი სიცხადით კიდევ ვერ აღიქვამენ...

ფაქტია, რომ რუსეთის არმიამ თითქმის ათას დღეღამიან ინტენსიურ ომში, უკრაინის მიწაზე, დიდი საბრძოლო გამოცდილება მიიღო, თუნდაც კოლოსალური დანაკარგების სანაცვლოდ, მაგრამ რუსეთში ისტორიულად ვინ აქცევდა ამას ყურადღებას?!

დღევანდელი მსოფლიოს არმიებს შორის თანამედროვე ომის საბრძოლო ტაქტიკას ყველაზე მეტად რუსეთისა და უკრაინის არმიები დაეუფლნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ავღანეთის ოცწლიან, არაკონვენციურ ომში ამერიკელებმა მხოლოდ ანტიპარტიზანული მოქმედებების ტაქტიკა თუ დახვეწეს, რომელიც, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის მსგავს შეიარაღებულ კონფლიქტში.

შესაბამისად, თუკი განვიხილავთ რუსეთი-ნატოს შესაძლო პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას, მხოლოდ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან სულაც აღარ მოჩანს წარმოუდგენლად, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში შეჭრილი რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებულმა ძალებმა შეიძლება გამოიყენონ ბრძოლის იგივე ტაქტიკა, რაც დღეს კრემლს საშუალებას აძლევს, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც განააგრძოს უკრაინის ახალი დასახლებული პუნქტების დაპყრობა, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით...

3-saz-1727696182.jpg

ქვეითსაწინაღმდეგო ნაღმი - ის არაჰუმანურია,მაგრამ საუკეთესო საშუალებაა თავდამსხმელი ქვეყნის არმიის ქვეითების შესაჩერებლად...

ამის შესახებ დამიწერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - 2008 წლის ბოლოს, რიგაში კონფერენციაზე ყოფნისას, ლატვიელმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა პირად საუბარში მითხრა, - თქვენ ღმერთისგან გქონდათ ბოძებული ბუნებრივი ფარი, კავკასიის ქედის სახით, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერეთ რუსული ტანკების შემოჭრა საქართველოში, აბა, ჩვენ რა ვქნათ? - დილას ლატვიის აღმოსავლეთ საზღვართან რომ დაქოქოს ძრავები რუსულმა სატანკო არმადამ, საღამოს უკვე ლატვიის დასავლეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე გამორთავენო...

ეს, რა თქმა უნდა, გადატანით ნათქვამი გახლდათ, რადგან ლატვია-რუსეთის საზღვრიდან საპორტო ქალაქ ლიეპაიამდე პირდაპირი ხაზით 410 კმ-ია და რუსულ ტანკებს ამ მანძილის დასაფარად, ყოველგვარი ბრძოლების გარეშეც, შეუჩერებლად, კოლონებით სიარულისას, 24 სთ. მაინც დასჭირდებოდათ, მაგრამ ლატვიელი სამხედროს ამ ნათქვამში დიდი გულისტკივილი გამოსჭვიოდა იმის გამო, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მიუხედავად, ლატვია ვერაფერს დაუპირისპირებდა შესაძლო რუსულ სამხედრო აგრესიას...

მას შემდეგ 16-მა წელმა განვლო და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისი წევრები ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ტერიტორიებზე განთავსდნენ, ალიანსის წევრი სხვა ქვეყნების საბრძოლო დანაყოფების როტაციის პრინციპით, გაძლიერდა საჰაერო თავდაცვა და, რაც მთავარია, ამ ბალტიისპირეთის ქვეყნების არმიებმა (რომლებსაც მხოლოდ ერთი საერთო ტანკი ჰქონდათ და ერთმანეთს სამხედრო წვრთნებზე ათხოვებდნენ ხოლმე, რათა ჯარისკაცებს დაენახათ მაინც, თუ როგორ გამოიყურება რუსული ტანკი) დაიწყეს თანამედროვე სარაკეტო და საარტილერიო სისტემების შეძენა, რაც ერთიათად გააძლიერებს მათ საბრძოლო შესაძლებლობებს.

და მიუხედავად ყოველივე ამისა, როგორც ხედავთ, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის წევრი ქვეყნები მაინც დაშინებულები არიან იმით, რაც დღეს უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ხდება და ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებზე საინჟინრო თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად.

„აღმოსავლეთის ფარი“ - სწორედ ასეთი კოდური სახელი მიენიჭა რუსეთ-ბელარუსთან ევროკავშირის 700 კმ-მდე სიგრძის საზღვრის დაცვის გაძლიერების პროგრამას, რომელიც არანაკლებ 2,5 მლრდ ევრო დაჯდება...

გარდა ამისა, ნორვეგია თავის 195-კმ-იან, ხოლო ფინეთი - 1 271-კმ-იან საზღვრებს კეტავენ და ამაგრებენ რუსეთის ფედერაციასთან...

სახელმწიფო საზღვრებისა და სავარაუდო მოწინააღმდეგის შეტევა, საშიში მიმართულებების ჩაკეტვა, სამხედრო-საინჟინრო საშუალებების გარეშე შეუძლებელია, რომელთა შორის, ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებენ ნაღმები - ტანკ და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.

თუკი ნატოს სურს საზღვრისა და შეტევსაშიში მიმართულებების გამაგრება, რუსეთისგან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, მაშინ ის უარს ვერ იტყვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებაზე, მით უმეტეს, რომ უკრაინის ომმაც აჩვენა, რომ რუსული საიერიშო ჯგუფები ხშირად იერიშზე ფეხით გადადიან, ყოველგვარი ჯავშანტექნიკის გამოყენების გარეშე - ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი კი ადამიანის ფეხის დაბიჯებაზე არ ფეთქდება, ამისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებია გათვალისწინებული.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე ასეთი ყურადღება კი იმიტომ შევაჩერეთ, რომ წლების განმავლობაში ევროპული ქვეყნების სახელისუფლებო სტრუქტურები საქართველოსგან დაჟინებით მოითხოვდნენ ქართული არმიის შეიარაღებიდან ამოგვეღო და გაგვენადგურებინა საბჭოთა დროინდელი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, როგორც - არაჰუმანური იარაღი...

როდესაც 3კგ-ის დაწოლაზეც ანუ ბავშვის ფეხის დადგმაზეც ფეთქდება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, იგი მართლაც არაჰუმანურია, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ტანკსაწინააღმდეგოებთან ერთად, წარმოადგენენ შეტევაზე გადმოსული მტრის შეჩერების ერთ-ერთ უმთავრეს, ყველაზე მოხერხებულ და, ამასთან, ძალზე იაფ საშუალებას - მომხვდური მტრისგან სამშობლოს დასაცავად კი ყველა საშუალების გამოყენება მისაღებია.