რას ამბობს გია ვოლსკი ლავროვის განცხადებაზე?! - "ყველა შემთხვევაში პირველი ნაბიჯები გადასადგმელია და ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ"
ლავროვი განცხადებას იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რაც რუსეთის ფედერაციას გააჩნია - რბილი ძალით შეინარჩუნოს გარკვეული პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ყველა შემთხვევაში პირველი ნაბიჯები გადასადგმელია და ლავროვის ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, ვინაიდან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება.
მისი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს.
„რასაკვირველია, ამ ტერიტორიაზე რუსეთს უნდოდა სტრატეგიული პოზიციების დაკავება და დაიკავა კიდეც, რაც მოღალატეობრივი შეცდომა დავარქვათ თუ მიზანმიმართული, მავნებლური საქმიანობა, პრაქტიკულად, შეძლო 2008 წლის ომის შემდეგ. მან ცისფერი ჩაფხუტი მოიხადა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს კონტროლის ქვეშ იყო და დაიხურა ხაკისფერი - ეს არის რუსეთი და ოკუპაცია ისე გააფორმა, რომ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა ცნო.
რასაკვირველია, მისი ინტერესები დღეს ამ ტერიტორიების და სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებაა. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის საფრთხეები, რაც მისგან მომდინარეობდა, კიდევ არ არის დავიწყებული. ეს გარკვეულწილად რბილი ძალაა, მაგრამ ამას ჩვენი კუთხიდან, ჩვენი რაკურსით და გადმოსახედით უნდა შევხედოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენ გვაწყობს. ასე რომ ლავროვი განცხადებას იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რაც რუსეთის ფედერაციას გააჩნია - რბილი ძალით შეინარჩუნოს გარკვეული პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. მითუმეტეს ადრე თუ გვიან, იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დიდ ძალებს შორის განხორციელდება. მისთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო შენაერთები გაიყვანოს საქართველოდან. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში პირველი ნაბიჯები გადასადგმელია და რასაკვირველია, ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, ვინაიდან ასე იწყება მოგვარება ურთულესი პრობლემებისა. ასეთი ფორმულის გარეშე მსოფლიოში არ არსებობს გამოცდილება, თუ არა სხვა გამოცდილება - რასაც ჰქვია შეიარაღებული ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
"ინტერპრესნიუსი"