"ხატულიკა ჩემი ყველაფერია. კიდევ კარგი, რომ სხვა არ მოვიყვანე"
იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის რამაზ ნოზაძის წარმატებაში, ამაზე ის თავად მოგვიყვება.
რამაზ ნოზაძე: ყველა ადამიანი იღბლიანია, ვინც ამ სამყაროს მოევლინება. ღმერთისგან მოცემული ეს შანსი, უკვე დიდი გამართლებაა.
რაც შემეხება კონკრეტულად მე, გარდა იმისა, რომ დავიბადე, იღბლიანი ვარ იმის გამოც, რომ მაქვს კარგი ოჯახი, მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს და მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩვენი სიყვარული სულ უფრო იზრდება. მყავს არაჩვეულებრივი შვილები, ღმერთმა ასეთი ოჯახი მარგუნა და როგორ არ უნდა ვიყო მადლიერი?! გავაგრძელოთ იმით, რომ ჩემს საქმიანობაში მე უმაღლეს საფეხურამდე მივაღწიე, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ეს დიდი გამართლებაა და ღმერთის მადლიერი ვარ, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რასაც ჩემს უიღბლობად ვთვლი – როდესაც ყველაზე კარგი დრო მქონდა იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე და ამ გვარებს შორის ყოფილიყო ჩემიც, ცუდი ინციდენტი მომივიდა. ამან ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემი ფსიქოლოგია შეცვალა და იმ დროს ჩამოვრჩი მოვლენებს, როცა შემეძლო, ლეგენდა გავმხდარიყავი. აი, ამაში მივიჩნევ თავს უიღბლოდ.
– რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხარ?
– როდესაც ვვარჯიშობდი, მაშინ ჩემს სპორტულ კარიერაში ძალიან დიდ შრომას ვდებდი, რომ დიდი შედეგებისთვის მიმეღწია. ძალიან შრომისმოყვარე ვარ, იმავდროულად დისციპლინირებული ადამიანი. ჩემს მიზანს არ დავაზიანებინებ. ისეთი შრომისმოყვარე ვიყავი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა მიზნისკენ მიდიოდა და რა უნდა გაეკეთებინა მის მისაღწევად. დღე და ღამეს ვარჯიშში ვასწორებდი. უდიდეს სიხარულს გვანიჭებენ ქართველი სპორტსმენები, რომელთა წყალობითაც ჩემპიონატებზე ჩვენი დროშა ფრიალებს. ამ შედეგისთვის არაფერი დამნანებია, ყველაფერი ჩავდე, რაც შემეძლო.
როდესაც ჩემი კარიერა დავასრულე, სხვა საქმიანობაში ჩავები და ვცდილობ ეს საქმეც ბოლომდე და სწორად გავაკეთო. სპორტმა კარგი ნებისყოფა გამომიმუშავა და ამას ყველაფერში ვიყენებ.
– როდის აძლევ თავს სიზარმაცის უფლებას?
– სიზარმაცის უფლებას საკუთარ თავს მაშინ ვაძლევ, როცა ჩემს ოჯახში მოვდივარ. სამუშაო დღეს რომ ვასრულებ, საღამოხანია და ჩემს სახლში ვარ, მაშინ უფლებას ვაძლევ თავს, ცოტა ვიზარმაცო, წამოვწვე და მომემსახურონ ჩემი მეუღლე და გოგონები. არ ვიცი, ეს სიზარმაცეს ნიშნავს თუ არა, მაგრამ გარეთ რომ სიზარმაცე არ მახასიათებს, ამის თქმა ზუსტად შემიძლია. თუ რამე გასაკეთებელია, უნდა გავაკეთო. ბავშვობაში ძალიან მაგარი მწვრთნელი მყავდა და გვეუბნებოდა ხოლმე, ვინც ისვენებს, ის განისვენებსო. კიდევ ამბობდა, ვინც დაიზარა, არ გაიხარაო. ეს რომ გესმის, როგორ უნდა იზარმაცო?! მას შემდეგ, თითქოს ყოველთვის ეს სიტყვები ჩამესმის ყურში და როცა რამე გასაკეთებელია, პირველ რიგში, საქმე და მერე ცოტა ხნით დასვენებაც შეიძლება.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?
– მომავალი, ხვალინდელი დღე. ჩვენ, ადამიანებს ღმერთმა იმის საშუალება მოგვცა, რომ ხვალინდელი დღის იმედი გვქონდეს. ვიძინებთ და ახალ დღეს ვიღვიძებთ. თუ დღეს წაქცეული ხარ, მაგრამ ძლიერი, იცი, რომ არ უნდა დავარდე, რადგან ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, გათენდება და ფეხზე წამოდგები. ძალიან რთულ პერიოდშიც კი მჯერა, რომ გამოსავალი არსებობს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გათენდება და მოვლენებს ისე წარვამრთავ, რომ პრობლემა მოგვარდება. ახალი დღე ახალ გზებს გიჩვენებს და შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ წაიყვან. მდგომარეობა გამოუვალი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ხის ყუთში გვაწვენენ, სხვა შემთხვევაში ყველაფერს მოევლება. ჩვენი ცხოვრების ბოლო წუთებამდე უნდა ვიბრძოლოთ. არავის აქვს უფლება, დავარდეს და წამოდგომისთვის აღარ იბრძოლოს. პირიქით, ყველანი ფეხზე უნდა წამოვდგეთ და ჩვენი ლამაზი ქვეყანა ავაღორძინოთ.
– ვინ არის შენთვის ყველაზე დიდი მოტივატორი?
– ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი დღემდე დედაჩემი და მამაჩემია. ისინი დიდ ძალას მაძლევენ. ყოველდღე, რომ მივალ და დედაჩემს და მამაჩემს ვაკოცებ, იმხელა მოტივაცია მეძლევა, რომ სულ სხვანაირი ვხდები. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, მეგობრები, ახლობელი ადამიანები. ისინი არ მაძლევენ დანაღვლიანების საშუალებას. როცა ჩემი მისამართით ვინმეს რამე შეეშლება, თუ ვინმე რამეს არასწორად გამიკეთებს, მახსენებენ: რამაზ, შენ უკეთესი ხარ და უფრო მაღლა უნდა დადგე! იხილეთ სრულად