ბიურო#1: სტალინის საიდუმლო სამსახური - როგორ გეგმავდა საბჭოთა ბელადი ნოე ჟორდანიასა და ევგენი გეგეჭკორის პარიზიდან მოტაცებას - კვირის პალიტრა

ბიურო#1: სტალინის საიდუმლო სამსახური - როგორ გეგმავდა საბჭოთა ბელადი ნოე ჟორდანიასა და ევგენი გეგეჭკორის პარიზიდან მოტაცებას

„ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი მიზანი სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ამ ქვეყანაში პანიკისა და ხელისუფლებისადმი უნდობლობის დამკვიდრებაა. საზოგადოებრივი დაპირისპირების “კოცონი” ხშირად ეთნიკური ან ყოფითი დაპირისპირების “ნაპერწკლიდან” ინთება და შემდეგ უმართავ და ბობოქარ “ხანძარში” გადაიზრდება.

ამ დროს მოწინააღმდეგე აწარმოებს ფარულ ომს, მართვადი ქაოსის საშუალებით. შესაძლებელია, ერთი შეხედვით შემთხვევითმა ფაქტებმა და მოვლენებმა („კრიმინალების“ თავდასხმებმა ტურისტებზე, მოულოდნელად გაჩენილმა ხანძრებმა, შენობების კედლებზე მომრავლებულმა რასისტულმა მოწოდებებმა, დაპირისპირებამ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის და ა.შ.) თავიდან გამიზნული სპეცოპერაციების ეჭვი არ აღძრას, თუმცა თუ მათი ღრმა ანალიზი და შესწავლა მოხდება, მაშინ მტრის სპეცსამსახურის „ყურებიც“ გამოჩნდება.

2024 წლის გაზაფხულიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქებში „შემთხვევითი“ ხანძრები და აფეთქებები გახშირდა. 2024 წლის 3 მაისს ბერლინში დიდი ხანძარი გაჩნდა, კომპანია Diehl-ის მეტალურგიულ ქარხანაში. კომპანია Diehl-ს კონტრაქტი აქვს გაფორმებული გერმანიის მთავრობასთან და აწარმოებს IRIS-T SLM საზენიტო-სარაკეტო სისტემებს , რომლებსაც უკრაინას აწვდის.

klj-1727764726.jpg

2024 წლის 29 ივლისს ქალაქ ლუდვიგსჰაფენში მდებარე გერმანიის ქიმიური წარმოების ლიდერის, კომპანია BASF-ის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავდა 14 ადამიანი.

2024 წლის 10 სექტემბერს გერმანიის ქალაქ დუისბურგში, Grillo-ს ქიმიურ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც ასეულობით მეხანძრემ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩააქრო. გასულ თვეში მხოლოდ ქალაქ კიოლნში ოთხი აფეთქება მოხდა.

28 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ესენის სამ სხვადასხვა რაიონში ერთდროულად გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 30 ადამიანი დაშავდა. ხანძარი ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა სხვადასხვა რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხანძრის კერა საცხოვრებელი კორპუსების კიბის უჯრედში იყო, რის გამოც მოსახლეობას გასაქცევი გზა გადაეკეტა. მაშველებს ხალხის გადარჩენა კიბის გამოყენებით მოუწიათ.

რუსეთის პროპაგანდისტულმა მასმედიამ, თითქოს მომზადებული იყო, უმალ აიტაცა გერმანიაში აფეთქება-ხანძრების თემა და დაუფარავი კმაყოფილება-ნიშნისმოგებით გერმანიაში არსებულ „ქაოსზე“ საუბრით გული იჯერა. ვითომ შემთხვევითი იყო ეს ხანძარ-აფეთქებები?

lll-1727764785.jpg

კიოლნში ერთ-ერთი აფეთქების შედეგები

საბჭოთა კავშირი, თავისი არსებობის მანძილზე, სახელმწიფო ტერორიზმის ცენტრი იყო. ეს ქვეყანა ღიად თუ ფარულად ყოველთვის მონაწილეობდა ტერაქტების ორგანიზებაში. უფრო მეტიც, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საერთაშორისო ტერორიზმის სათავეებთან საბჭოთა კავშირი იდგა.

თავად „დიდ ბელადს“ ახალგაზრდობაში „პროლეტარიატის რევოლუციისათვის” სიმონა ტერ-პეტროსიანთან (პარტიული ფსევდონიმი „კამო“) ერთად მრავალი “ექსი” (უფრო მარტივად: ყაჩაღობა და ტერაქტი) ჰქონდა დიდი წარმატებით ჩატარებული. ისტორია გვიჩვენებს, რომ სტალინი არანაკლები წარმატებით ხელმძღვანელობდა ტერორისტული, დივერსიული და უბრალოდ “ხელისშემშლელი” პიროვნებების ლიკვიდაციის ოპერაციების დაგეგმვასა და შესრულებას. პოლიტიკური მკვლელობების შესანიღბავად იმ პერიოდში საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერატიულ დოკუმენტებში იყენებდნენ ტერმინს - “სპეციალური წესით ჩატარებული აქცია”.

1930 წლამდე პოლიტიკური მკვლელობების და რეპრესიების ჩასატარებლად ცალკე სპეცდანაყოფი არ არსებობდა და ამ ოპერაციებს “ვჩკ-ოგპუს” ოპერატიული თანამშრომლები ასრულებდნენ. ინდივიდუალური ტერორის ოპერაციები ტარდებოდა, როგორც საბჭოთა კავშირის შიგნით, ასევე - ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში. საზღვარგარეთ პოლიტიკური მკვლელობების და დივერსიული ოპერაციების ჩატარებას გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (“ოგპუ”) საგარეო დაზვერვის განყოფილების (“ინო”) არალეგალური დაზვერვის ქვეგანყოფილება ხელმღვანელობდა. ეს დანაყოფი ყველაზე გასაიდუმლოებული იყო და საზღვარგარეთ სხვადასხვა საფარქვეშ მყოფი არალეგალური საბჭოთა აგენტურის კურირებას “კარგად უთავსებდა” საბჭოთა რეჟიმისათვის არასასურველი პირების ლიკვიდაციას. იმ პერიოდში ეს ორი, ძალზე განსხვავებული პროფესია: სადაზვერვო-აგენტურული მუშაობა და კილერობა, საბჭოთა დაზვერვაში ფაქტობრივად იდენტური იყო. 1920-1940-იან წლებში არალეგალურ დაზვერვაში მსახურობდნენ ყველაზე მომზადებული და დაუნდობელი საბჭოთა მზვერავი-“კილერები”: ბლუმკინი, სერებრიანსკი, ორლოვი, ეიტინგონი, სუდოპლატოვი, კოროტკოვი და სხვ.

უნდა ვაღიაროთ, რომ სტალინი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე მიხვდა პარტიზანული და დივერსიული ოპერაციების მნიშვნელობას, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ომის ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ ფაზაში მან გააგრძელა სპეციალური დანიშნულების დანაყოფების გაძლიერება. 1942 წლის 18 იანვარს დივერსიული ოპერაციების განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ენ-კა-ვე-დეს მე-4 სამმართველო, რომლის ფუნქციები იყო: მოწინააღმდეგის ზურგში დაზვერვის, ტერორისა და დივერსიების ორგანიზება. მის ხელმძღვანელად, სტალინთან შეთანხმებით, დივერსიებისა და პოლიტიკური მკვლელობების „დიდოსტატი“ გენერალ-მაიორი პავლე სუდოპლატოვი დაინიშნა.

pp-1727764856.jpg

პავლე სუდოპლატოვი

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყოფილ მოკავშირეებს შორის მალევე დაიწყო ახალი, უკვე ფარული დაპირისპირება - ”ცივი ომი”. საბჭოთა დიქტატორმა, მისთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობით, გათვალა, რომ ატომური იარაღის ხანაში, სპეცდანიშნულების მობილური სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფების მნიშვნელობა და მოქმედების არეალი უფრო გაფართოვდებოდა. ამიტომ სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფებთან ერთად მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განიცადეს უშიშროების ორგანოების სპეციალური დანიშნულების დანაყოფებმაც. 1946 წლის 4 მაისს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტრუქტურაში, ადრე არსებული ქვედანაყოფების ბაზაზე, შეიქმნა სრულიად საიდუმლო განყოფილება “დრ” (დივერსია), რომლის ძირითადი ფუნქციები იყო: დივერსიების, ინდივიდუალური ტერორის (!) და აგენტურულ-სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარება საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით (!). ამ განყოფილების უფროსად კვლავ სუდოპლატოვი დაინიშნა. იმავე წლის ნოემბერში ამ განყოფილების სტატუსი გაიზარდა და “დრ” სამსახური“ ეწოდა. ოთხი წლის შემდეგ დიდი დიქტატორი მიხვდა, რომ ეს სამსახური საქმეს ვეღარ აუდიოდა: ქვეყნის შიგნით და გარეთაც თავიდან მოსაცილებელი „ხალხის მტერი“ ძალზე ბევრი იყო.

1950 წლის შემოდგომაზე სტალინმა სპეცსამსახურების კიდევ ერთი სერიოზული რეორგანიზაცია განახორციელა, რომელიც უპირველესად სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს შეეხო. მისი გადაწყვიტილებით, უშიშროების სამინისტროს სტრუქტურაში არსებული “დრ” სამსახურის" (დივერსიების, ინდივიდუალური ტერორის და აგენტურულ-სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარება საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით) ბაზაზე ორი დამოუკიდებელი დანაყოფი უნდა შეექმნა. პოლიტბიუროს 1950 წლის 9 სექტემბრის სრულიად საიდუმლო დადგენილების თანახმად, უშიშროების სამინისტროს სტრუქტურაში შეიქმნა: ბიურო #1 (საზღვარგარეთ, უპირველესად, აშშ-სა და “ნატოს” სხვა წევრ ქვეყნებში, დივერსიების და ტერორის ორგანიზება, უფროსად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი სუდოპლატოვი) და ბიურო #2 (საბჭოთა კავშირის შიგნით მკვლელობების, მოტაცებების და ტერორების ჩატარება – გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ დროზდოვის ხელმძღვანელობით. ორივე „ბიუროს“ დამოუკიდებელი სამმართველოს სტატუსი ჰქონდა და უშუალოდ მინისტრს, რეალურად კი - პირადად სტალინს, ექვემდებარებოდნენ.

stt-1727764925.jpg

1952 წელს #1 ბიუროს, სტალინის გადაწყვეტილებით, დაევალა 1917 წელს რუსეთის დროებითი მთავრობის ყოფილი მეთაურის, უკვე საკმაოდ მოხუცი კერენსკის, უკრაინის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის - სტეპან ბანდერას და იუგოსლავიის ლიდერის - ტიტოს საიდუმლო ლიკვიდაციის გეგმების მომზადება. ასევე, ქართული ემიგრაციის ღრმად მოხუცი ხელმძღვანელების: ნოე ჟორდანისა და ევგენი გეგეჭკორის მოტაცება და პარიზიდან მოსკოვში გადმოყვანა.

აღნიშნული ოპერაციები უნდა განეხორციელებინათ საზღვარგარეთ, ღრმა იატაკქვეშეთში მოქმედ საბჭოთა დაზვერვის “ბოევიკ-ტერორისტების” მობილურ ჯგუფებს. თუმცა სტალინის გარდაცვალების შემდეგ საკმაოდ მოძლიერებულმა შინაგან საქმეთა (სადაც უშიშროების სამინისტროც გაერთიანდა) ახალმა მინისტრმა ლავრენტი ბერიამ შეაჩერა აღნიშნული ტერორისტული ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელება. ბერიას დიდი გეგმები ჰქონდა საბჭოთა კავშირში, როგორც საგარეო - პოლიტიკური, ასევე, საშინაო - სოციალურ-ეკონომიკური, საკმაოდ რადიკალური რეფორმების ჩასატარებლად. რეორგანიზაცია შეეხო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დანაყოფებსაც.

შსს მინისტრის, ლავრენტი ბერიას 1953 წლის 30 მაისის ბრძანებით, ბიურო #1-ის და ბიურო #2-ის ბაზაზე შეიქმნა სსრკ შსს-ს მე-9 განყოფილება (ინდივიდუალური ტერორისა და დივერსიების ორგანიზება). უფროსად დაინიშნა ბერიას ერთგული კადრი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი. აღნიშნული ოპერაციების ჩასატარებლად განყოფილების განკარგულებაში იყო განსაკუთრებული დანიშნულების სპეციალური საბრძოლო ბრიგადა. ბერიას დავალებით, სუდოპლატოვმა მოამზადა ევროპაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და სხვა სტრატეგიულ (დაახლოებით 150) ობიექტზე დივერსიების და ტერაქტების მოწყობის დეტალური გეგმა, რომელიც ომის შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო. სუდოპლატოვმა ამ განყოფილებაში მაღალ თანამდებობებზე დააბრუნა უშიშროებიდან ადრე დათხოვნილი გამოცდილი მზვერავი-ლიკვიდატორები: ეიტინგონი, სერებრიანსკი, ვასილევსკი, ცოლ-ქმარი ზარუბინები, სემიონოვი, ტაუბმანი და სხვები.

kljkj-1727764875.jpg

„დრონი მეფობენ და არა მეფენი“

1953 წლის 26 ივნისს ლავრენტი ბერია, ოფიციალური ვერსიით, დააპატიმრეს, რეალურად კი - მოკლეს. ამას ბერიას ერთგული კადრების, მათ შორის - სუდოპლატოვის დაპატიმრებაც მოჰყვა. მე-9 განყოფილება კი 1953 წლის 31 ივლისს გააუქმეს. თუმცა დივერსიებისა და ტერაქტების გარეშე საბჭოთა რეჟიმი როგორ იარსებებდა?

ამიტომ 1953 წლის სექტემბერში, ორი თვით ადრე გაუქმებული მე-9 განყოფილების ნაცვლად, შეიქმნა მე-12 (სპეციალური) განყოფილება. მისი ამოცანები შემდეგი იყო:

- საზღვარგარეთ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიების ჩატარება;

- საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე პიროვნებების (პოლიტიკოსების, სპეცსამსახურის თანამშრომლების, სამხედროების და ა.შ.) ფიზიკური ლიკვიდაცია და ტერორის განხორციელება;

- ცალკეული პიროვნებების მოტაცება და საბჭოთა კავშირში გადაყვანა და ა.შ.

განყოფილების საშტატო რიცხოვნობა 82 კაცს შეადგენდა, რომლებიც 10 რეგიონალურ ქვედანაყოფში ირიცხებოდნენ.

1954 წლის 13 მარტს სსრკ შსს-ს ცალკე გამოეყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. არალეგალური დაზვერვის სამმართველო აღდგენილი იქნა კა-გე-ბეს საგარეო დაზვერვის მთავარ სამმართველოში. “სისხლიანი საქმეების”, დივერსიებისა და საბოტაჟის ახალმა სტრუქტურამ, უკვე მე-13 განყოფილების სახელწოდებით, არალეგალურ დაზვერვაში დაიდო ბინა, ფუნქციები კი იგივე დარჩა.

1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, ფართომასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები და „სისხლიანი საქმეები“, შეძლებისდაგვარად, უცხოეთის ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების ხელითაც ეკეთებინა.

ადრე საბჭოთა, ამჟამად კი - რუსეთის სპეცსამსახურები ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, სისტემატურად იყენებდნენ და იყენებენ “ქურთულ ფაქტორს”.

ისტორია კი ამგვარია: 1947 წელს ქურთების შეიარაღებულმა შენაერთმა, მუსტაფა ბარზანის მეთაურობით, ბრძოლებით გაარღვია სსრკ-ირანის საზღვარი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადმოვიდა. სტალინის გადაწყვეტილებით, ირანის ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირში გადმოსული ათასობით ქურთი უზბეკეთში, ტაშკენტთან ახლოს, ერთ-ერთ დიდ კოლმეურნეობაში დაასახლეს. მათ საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორები ამზადებდნენ და დივერსიებისა და ტერაქტების მოწყობას ასწავლიდნენ.

საბჭოთა დიქტატორი ქურთების გამოყენებას ახლო აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ აპირებდა და სათანადო პოლიტიკური ვითარების დადგომას ელოდა. საბჭოთა კავშირის მთავარი მოწინააღმდეგეების შეიარაღებული ძალები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში იყვნენ განლაგებულნი, ნავთობით, ძირითადად, ერაყიდან მარაგდებოდნენ. სტალინი გეგმავდა „დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქურთი პარტიზანების“ გამოყენებას, როგორც ერაყის პროდასავლური რეჟიმის დასამხობად და ამ ქვეყნის ნავთობსადენებზე დივერსიების მოსაწყობად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, “ქურთული ფაქტორის” დახმარებით, თურქეთსა და ირანში დესტაბილიზაციის გამოწვევას.

თუმცა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ (1958 წელს) მოახერხეს საბჭოთა სპეცსამსახურებმა ერაყის პროდასავლური პრეზიდენტის, ნური საიდის ჩამოგდება და მათთვის სასურველი კასემის რეჟიმის სათავეში მოყვანა. ერთი წლის შემდეგ მუსტაფა ბარზანი და მისი მებრძოლები ერაყში გაისტუმრეს, მაგრამ ქურთებს ახალ ხელისუფლებასთანაც მალევე მოუხდათ შეიარაღებული კონფლიქტი. საბჭოთა კავშირმა კვლავ სეპარატისტების მხარე დაიჭირა.

nikk-1727764898.jpg

ნიკიტა ხრუშჩოვი და მუსტაფა ბარზანი

1961 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტბიურომ საიდუმლო დადგენილება მიიღო “ქურთთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის" დახმარების აღმოჩენის შესახებ”. საბჭოთა სპეცსამსახურებს (კა-გე-ბეს და გე-ერ-უს) დაევალათ იარაღის და საბრძოლო მასალების ქურთებისთვის გადაცემის ფარული ოპერაციის მომზადება და ჩატარება. საზღვაო გზით იარაღის ფარულად გადატანის შემდეგ ერაყში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც თოთხმეტ წელს გაგრძელდა. ბარზანის გარდაცვალების შემდეგ ქურთთა ეროვნულ მოძრაობას სათავეში მისი ვაჟი - მასუდი ჩაუდგა, რომელიც ქურთთა პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტის მომხრე იყო. საბჭოთა კავშირს კი მოვლენების მშვიდობიანი განვითარება ხელს არ აძლევდა, ამიტომ 1980-იანი წლების დასაწყისიდან ქურთთა მოძრაობის ეპიცენტრის თურქეთში გადატანას შეუწყო ხელი.

(პირველი ნაწილის დასასრული)