უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დიდი საკადრო წმენდა დაიწყო?! - კვირის პალიტრა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დიდი საკადრო წმენდა დაიწყო?!

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა 8 მოადგილიდან 4-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ხელი მოვაწერე მინისტრთა კაბინეტისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების - სტანისლავ გაიდერის, ალექსანდრე სერგეის, იური ჯიგირის, ლუდმილა დარაგანის გათავისუფლების წარდგენას შესახებ“, - აღნიშნა უმეროვმა.

მისი განმარტებით, საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმ კონტექსტში, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სისტემა - შეიარაღებული ძალები, დაზვერვის მთავარი სამმართველო და სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალური სამსახური - არის დახურული პერიმეტრი საომარი მდგომარეობის დროს, რაც ნიშნავს, რომ „შიგნით ყველა პროცესი უნდა იყოს მკაფიო და კონტროლირებადი და მათზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი გარე ან შიდა მცდელობა მიუღებელია“.

„ახალი დანიშვნების შესახებ, მათ შორის მინისტრის მოადგილეების შესახებ, ცალ-ცალკე შეგატყობინებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, აგრძელებენ თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს და სახელმწიფო ლოგისტიკის ოპერატორის რეფორმას და უახლოეს მომავალში ორივე სტრუქტურისთვის სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნება.

"ინტერპრესნიუსი"