ისრაელის ტანკები ლიბანში შეიჭრნენ - გადაიზრდება თუ არა ეს სახმელეთო ოპერაცია ლიბანის მესამე ომში?! - კვირის პალიტრა

ისრაელის ტანკები ლიბანში შეიჭრნენ - გადაიზრდება თუ არა ეს სახმელეთო ოპერაცია ლიბანის მესამე ომში?!

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ისრაელი არ შეჩერდა და „პეიჯერების დეტონაციისა“ და „ბუნკერების განადგურების“ წარმატებული სპეცოპერაციების შემდეგ, დღეს,1 ოქტომბრის დილიდან, უკვე სახმელეთო ოპერაციაც წამოიწყო სამხრეთ ლიბანის მიმართულებით...

სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ თანამგზავრულ ფოტოებზე მოჩანდა ისრაელის „ცახალის“ ასამდე ტანკი და ჯავშანმანქანა, რომლებიც ლიბანის სამხრეთ საზღვრიდან რვა კმ-ში იყვნენ თავმოყრილნი.

ისრაელის „მერკავებმა“ ქვეითებთან ერთად გადალახეს ისრაელ-ლიბანის საზღვარი და შეუტიეს „ჰეზბოლას“ პოზიციებს, რომლებიდანაც მოასწრეს 35 რაკეტის გაშვება, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლებული პუნქტების მიმართულებით...

„ცახალისა“ და „ჰეზბოლას“ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ერთგვარად იჭყლიტება თავად ლიბანის არმია, რომელსაც არ სურს საბრძოლო შეტაკებაში ჩაერთოს ისრაელის „ცახალთან“ და ამიტომ ისიც იძულებული გახდა, საკუთარი ქვეყნის საზღვრიდან სიღრმეში, ხუთი კმ-ით უკან დაეხია.

1-mer-1727768865.jpg
ისრაელის „მერკავები“ ლიბანის ტერიტორიაზე შეჭრის წინ...

არადა ლიბანის არმია, რომელიც 70 ათასამდე ადამიანს მოითვლის, არცთუ ხელწამოსაკრავი ძალაა, შეიარაღებაში აქვს 300-ზე მეტი ტანკი (მართალია - მოძველებული), 1 300-მდე ჯავშანმანქანა, 500-ოდე საარტილერიო დანადგარი, 300-ზე მეტი ნაღმსატყორცნი.

მიუხედავად ამისა, ლიბანის ხელისუფლება, ახსოვს რა ლიბანის მეორე ომის მძიმე შედეგები თავისი ქვეყნისთვის, ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს ახალ დიდ ომს, რის გამოც ლიბანელი პოლიტიკოსები უფრო და უფრო გაბედულად მოითხოვენ „ჰეზბოლას“, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვას ლიბანის ტერიტორიაზე.

ეს გაბედულება კი ლიბანის პოლიტიკოსთა, ისევე, როგორც მოსახლეობის ნაწილში, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისრაელმა ასეთი წარმატებული სპეცოპერაციები ჩაატარა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, მათ შორის, მისი ლიდერის - ჰასან ნასრალასა და კიდევ ორ ათეულამდე საველე მეთაურის ლიკვიდაციის სახით.

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში წამოწყებული სახმელეთო ოპერაციის გადაზრდა ლიბანის მესამე ომში, შეიძლება, ძალიან არც თელ-ავივში სურდეთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პოლიტიკური გუნდი ყველანაირად ეცდება, რაც შეიძლება მეტი დარტყმა მიაყენოს „ჰეზბოლას“ და ამისთვის ლიბანის დედაქალაქ ბეირუთამდეც კი „მიუსევს“ „მერკავებს“, რადგან ნეთანიაჰუს სჭირდება პოლიტიკური რეაბილიტაცია თავისი ამომრჩევლების თვალში იმ საშინელებების გამო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა „ჰამასის“ დივერსიულ-ტერორისტული შეჭრის დროს ებრაულ კიბუცებში და მაშინვე რის აღსაკვეთადაც მზად არ აღმოჩნდა ნეთანიაჰუს მთავრობა...

2-mer-1727768788.png
ისრაელისა და „ჰეზბოლას“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ყველაზე მეტად ლიბანელები ზარალდებიან...

ოფიციალურად კი ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დღეს ლიბანის სამხრეთში დაწყებული სახმელეთო ოპერაცია ატარებს შეზღუდულ მასშტაბებს და მისი მთავარი მიზანია „ჰეზბოლას“ ძალების გადადევნა მდინარე ელ-ლიტანის ჩრდილოეთით, როგორც ეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაშია ჩაწერილი, რათა მათ მიერ გამოშვებული რაკეტები ვეღარ მისწვდნენ ჩრდილოეთ ისრაელის მაცხოვრებლებსო...

საგულისხმოა, რომ ლიბანის პირველი ომი 1982 წელსაც სწორედ ასე, „შეზღუდული ოპერაციის“ სახით დაიწყო, რაც ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის 18-წლიან ოკუპაციაში გადაიზარდა.

„ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელი ვერ მისწვდება!“, - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამწუთიან სატელევიზიო გამოსვლაში ამ სიტყვებით ყველა არაკეთილმოსურნეს მიმართა, რასაც ასრულებს კიდეც -ღაზას სექტორში „ჰამასის“, ხოლო სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების პარალელურად, ისრაელის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე დაბომბა ამ ქვეყნის არმიის მეოთხე სატანკო ბრიგადის, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის - ბაშარ ასადის ძმა მეთაურობს, შტაბი და შორეულ იემენში ჰუსიტების მთავარ საზღვაო პორტს ჰოდეიდასაც მისწვდა რაკეტებით...