"საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია - ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით"
საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია - ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი მშვიდი საარჩევნო კამპანია, როგორიც წელსაა, არასდროს გვქონია.
„საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად, თავისი შინაარსით, ხომ იცით, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია. არ არსებობს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია. ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან და დაკომპლექტებული არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით. როგორ შეიძლება ამ კონკრეტულმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ [„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“] შეაფასოს ან დააკვირდეს არჩევნებს. რამდენი ხანია მიმდინარეობს არჩევნები? გულწრფელად გეტყვით, 2011 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში და ასეთი მშვიდი საარჩევნო კამპანია, მგონი, არასდროს გვქონია. დღეს ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩაატაროს კამპანია, მივიდეს ხალხთან. ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ მიდის ხალხთან, არ მიესვლებათ. როგორ უნდა მივიდეს გვარამია, ან მელია ხალხთან, ხომ? ან იგივე ხაზარაძე, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა და ა.შ. ისინი კამპანიას ატარებენ ვიღაც ელჩებისთვის, საელჩოებისთვის და გარე აქტორებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
IPN