ირანმა ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა - ისრაელი შურისძიებით იმუქრება
ირანმა ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა.
თეირანმა განაცხადა, რომ მან ეს „ჰეზბოლას“ და "ჰამასის" ლიდერების ლიკვიდაციის საპასუხოდ ჩაიდინა.
სხვადასხვა სააგენტოებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ აფრინდნენ რაკეტები ირანში, გამოჩნდნენ იორდანიის თავზე, ზოგიერთ მათგანს კი იგერიებდნენ ან ცვიოდა ისრაელში.
ისრაელის სამხედროების წინასწარი შეფასებით, ირანელებმა 180 რაკეტა გაუშვეს.
1 სექტემბერს, ადგილობრივი დროით საღამოს ცხრის ნახევარზე ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ საშიშროებამ გადაიარა და შესაძლებელია თავშესაფრების დატოვება.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოქალაქეებს თავშესაფრების დატოვება უკვე შეუძლიათ. ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს, ვინაიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმას „შედეგები მოჰყვება“.
„უფრო ფხიზლად ვართ თავდაცვაში და თავდასხმაში, დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [სარაკეტო] თავდასხმას შედეგები მოყვება. გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილში, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ“, - განაცხადა ჰაგარიმ.
მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ისრაელის მიმართ ირანის მხრიდან დამატებითი საფრთხეები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაკეტო თავდასხმა დასრულდა.
„თავდაცვის დროს საკმაოდ ბევრი [რაკეტა] ჩამოვაგდეთ. რამდენიმე ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში… ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვახდენთ [თავდასხმის] შეფასებას, მსხვერპლის შესახებ არ ვიცით“, - განაცხადა ჰაგარიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უბრძანა ამერიკელ სამხედროებს დაეხმარონ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში.
მედიის ინფორმაციით, ირანმა დაახლოებით 500 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ასევე, მედიის ინფორმაციით, ისრაელმა, ერაყმა და იორდანიამ ამის შედეგად საკუთარი საჰაერო სივრცე ფრენებისთვის დახურეს.