"თანამედროვე "მურტალოები" მომრავლდნენ - მამაკაცები ქალებს იმ საჩუქრების დაბრუნებას სთხოვენ, რომელიც ოდესმე მიუციათ - ვარდები თუ უყიდია ან კაფეში დაუპატიჟებია, ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს, რადგან ქალი პარტნიორი არ გახდა" - კვირის პალიტრა

"თანამედროვე "მურტალოები" მომრავლდნენ - მამაკაცები ქალებს იმ საჩუქრების დაბრუნებას სთხოვენ, რომელიც ოდესმე მიუციათ - ვარდები თუ უყიდია ან კაფეში დაუპატიჟებია, ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს, რადგან ქალი პარტნიორი არ გახდა"

"როცა ქალის ცემა 2.000 ლარად ფასდება, ეს ძალადობის წახალისებაა. მოძალადეებს ამნისტია შეეხებათ. ურეკავენ "მსხვერპლებს" - მალე გამოვალ ციხიდანო და ემუქრებიან"

ფემიციდი ჩვენს ქვეყანაში ისევ სერიოზული პრობლემაა

და ამ თემაზე დუმილი რომ დამღუპველია, ამაზე მუდმივად საუბრობენ ქალთა უფლებების დამცველები, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებენ ასეთ ფაქტებზე თვალი არ დახუჭონ და დროულად აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.

ქალთა უფლებების დამცველი, იურისტი ელისო რუხაძე მიიჩნევს, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობა ფემიციდად უნდა შეფასდეს. "კესარია იყო და იქნება ბედნიერებისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალის მაგალითი, რომელმაც შეძლო ყოფილიყო ისეთი, როგორიც თავად სურდა, რაც არ აპატია მკვლელმა და "საზოგადოებამ", რადგან ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, შოკში ვარ. როდესაც ვრცელ პოსტებს ვწერ, სადაც ქალებს მოქმედებისკენ მოვუწოდებ, ვიღაცებს ჰგონიათ, არარსებულ საფრთხეებს ვიგონებ. კესარია უამრავ პლატფორმაზე ამბობდა, რომ მას ემუქრებოდნენ. ვწუხვარ და განვიცდი, საშინელ ხასიათზე ვარ... ქალებო, იმოქმედეთ სანამ დროა! მე მზად ვარ ყოველთვის ვიბრძოლო თქვენთან ერთად და ქალების, გოგონების უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის", - დაწერა სოციალურ ქსელში ელისო რუხაძემ.

"უფლებები საქართველოსთვის" იურისტი უკვე წლებია ამ მიმართულებით მუშაობს, არაერთი ქალის უფლებები დაუცავს და კარგად იცის, რა პრობლემებია ამ მიმართულებით. მისი თქმით, ბოლო დროს ძალიან გაიზარდა მსხვერპლების მომართვიანობა.

- ქალებმა იციან, რომ არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, მაგრამ ის პოლიტიკა, რაც სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინ ჰქონდა, არსებითად შეცვლილია. თუ ადრე მოძალადე მამაკაცებს უსჯიდნენ პატიმრობას და ციხეში უშვებდნენ, დღეს შეცვალეს ეს დამოკიდებულება, რასაც მოსალოდნელ არჩევნებს ვუკავშირებ. 9 თვის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სასამართლო ასეთ საქმეებზე პატიმრობას პრაქტიკულად არ იყენებს, თუ საქმე არ ეხება ძალიან "მძიმე" მოძალადეებს, რომელთა გარეთ დატოვება შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში იყენებენ გირაოს 2.000-დან 5.000 ლარის ოდენობით, რაც ცუდი ფაქტია. როდესაც საუბარია მაღალი რისკის მოძალადეზე, მოკვლის მუქარასა და სისტემატურ ფიზიკურ ძალადობაზე, ასეთ მოძალადეებს 2000-ლარიანი გირაო ვერ შეაჩერებს. ჩემი აზრით, აუცილებელია მოძალადეები აღიჭურვონ ელექტრონული სამაჯურით. ამაზეც დიდი გამოწვევებია. ელექტრონული სამაჯურის დამაგრება რომ მოხდეს, მანამდე მსხვერპლი პროფესიულად უნდა გამოიკითხოს. არსებობს სპეციალური კითხვარები და მიღებული პასუხების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ პოლიციის განყოფილებებში მარტო მისულ მსხვერპლებს ეუბნებიან: მოდი, მსუბუქად შევავსოთ ეს ანკეტა და ნაკლებ კითხვას ვუპასუხოთო. არადა, ელექტრონულ სამაჯურს სჭირდება მაღალი ქულები და თუ მოძალადეს მას გაუკეთებენ, მასზე ზედამხედველობა საკმაოდ შრომატევადია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რადგან მათ უნდა მოახდინონ მოძალადესა და მსხვერპლზე დაკვირვება. ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ ელექტრონული სამაჯური ფემიციდის თავიდან აცილების უალტერნატივო გზაა. არ ყოფილა შემთხვევა, ელექტრონული სამაჯურის დროს ფემიციდი მომხდარიყოს. მსხვერპლის დასაცავად ის ყველაზე კარგი საშუალებაა, თუმცა იშვიათად იყენებენ. როცა ქალის ცემა 2.000 ლარად ფასდება, ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის წახალისებაა. ახლა მას დაემატა ისიც, რომ პარლამენტში სამი მოსმენით უკვე მიღებულია ამნისტიის აქტი და ამ დღეებში ის კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს. მოძალადეებს შეეხებათ ამნისტია. ბევრი მათგანი სწორედ ამის მოლოდინშია, ურეკავენ კიდეც "მსხვერპლებს". ეუბნებიან, მალე გამოვალ ციხიდანო და ემუქრებიან. არადა ვიცით, რომ ბევრ მსხვერპლ ქალს არსად აქვს წასასვლელი და მოძალადის სახლში ცხოვრობს შვილებთან ერთად. ეშინიათ მსხვერპლებს და ბევრი მირეკავს, რჩევას მთხოვს, როგორ მოიქცეს. ბოლო დროს რამდენიმე მსხვერპლი ქალი ამნისტიის შიშით იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ბევრი შიშით ელოდება მოძალადის გამოსვლას. დარწმუნებული ვარ, ამნისტიის აქტის ამოქმედების შემდეგ მოიმატებს მომართვიანობა. მაგალითად, გუშინ, სხვადასხვა რეგიონიდან: აჭარიდან, კახეთიდან დამირეკეს ქალებმა, რომ მამაკაცები მათ უკან სთხოვდნენ იმ საჩუქრებს, რომელიც ოდესმე მათთვის მიუციათ. თანამედროვე "მურტალოები" მომრავლდნენ. მართლა უკვე მერამდენე ქალი მიყვება, ოდესმე ვარდები თუ უყიდია და კაფეში დავუპატიჟებივარ, ამის ფულის უკან დაბრუნებას მთხოვს დაჟინებითო, რადგან ქალი ცოლად არ გაჰყვა ან პარტნიორი არ გახდა. რა სამარცხვინო ამბავია. ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც პედაგოგია, მამაკაცმა ხელი მოსტეხა. ეს მოძალადე ეუბნება, - მე თუ არ გამომყვები, ახლა ხელმოტეხილი არავის ენდომებიო. ასეთი ძალადობა მოხდა, მაგრამ ეს ქალი არ მიდის პოლიციაში, რადგან რცხვენია ფაქტის გახმაურების, თან ეშინია, ჩივილის შემდეგ მოძალადემ უარესი არ გაუკეთოს. არ ენდობიან პოლიციას. შედიხარ მსხვერპლი განყოფილებაში და დაკითხვის დროს შენი ამბავი შეიძლება 30-მა ძალოვანმა მოისმინოს. მით უმეტეს, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია მსხვერპლი, როცა ის არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მათ ჩემთან კონსულტაციის ფარგლებშიც კი უჭირთ ამაზე ხმამაღლა საუბარი...

რაც შეეხება ამ დღეებში მომხდარ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეს, ჩემთვის, როგორც ქალთა უფლებადამცველისთვის, ეს არის ფემიციდის საქმე. არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ ჩემთვის ბევრი კითხვის ნიშანია ამ მკვლელობის საქმეში და იმედი მაქვს, კითხვებს პასუხი გაეცემა. ვიცით, სახლიდან გამქრალია მისი ტექნიკა. ფემიციდის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს წინარე ისტორიებს. თუ ვიმსჯელებთ მეგობრებისა და გარემოცვის მონათხრობით, კესარია აბრამიძე იყო ხანგრძლივი და მრავალჯერადი ძალადობის მსხვერპლი. თუ ყურადღებით წავიკითხავთ მსხვერპლის სტატუსს, ის ამბობს, რომ მძიმე ფიზიკური დაზიანებით მოხვდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და მას მეზობელი დაეხმარა. „მოგესალმებით, მეგობრებო. თითქმის 2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში. ხშირად მეკითხებიან, რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილი რთული სიტუაციისთვის. აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას! აქვე მადლობა ჩემი კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლებს ნუ გაატარებთ მანიპულატორ, ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები, ჩემთანაც მოხდა ეს", - დაწერა კესარია აბრამიძემ სოციალურ ქსელში.

შესაბამისად, კითხვები ჩნდება საავადმყოფოსთან. ასეთ დროს მედპერსონალი ვალდებულია რეფერირება გააკეთოს და ფაქტი პოლიციას აცნობოს. თუმცა, ბევრი საავადმყოფო თვალს ხუჭავს ასეთი ფაქტების დროს და კლინიკაში მიყვანილი მსხვერპლის მონაყოლს იჯერებს, რომ თითქოს ის კიბიდან დაგორდა, რაღაცას დაარტყა და დაიზიანა. ანამნეზში ამის დაწერა აწყობთ, რადგან იციან, თუ პოლიციას მიმართავენ, ამას მოჰყვება დაკითხვები და სხვა პროცედურები, შეიძლება სასამართლოშიც დაიბარონ და ამას არიდებენ თავს. ასეთი ინფორმაციის დამალვა არის დანაშაული. მეორე საკითხია, როცა ამას საჯაროდ წერს მსხვერპლი სოციალურ ქსელში და თან, როცა საუბარია ცნობად პირზე, რომლის სოციალურ გვერდს არაერთი ადამიანი უყურებს. შესაბამისად, მისი ეს საჯარო განცხადება ჩვენი კანონმდებლობით გამოძიების დაწყების საფუძველი იყო. მაგალითად ავიღოთ ბაგრატიონების ხმაურიანი საქმე. ადვოკატმა რომ თქვა საჯაროდ, რომ მის დასაცავს სცემა დავით ბაგრატიონმა, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, მაგრამ კესარია აბრამიძის ამხელა სტატუსს არავინ მიაქცია ყურადღება. ეს სხვა არაფერია, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება.

2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობის იდეას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ჰომოფობიის საკანონმდებლო პაკეტი აწესებს ცენზურას, კონკრეტული ჯგუფისთვის არასასურველ თემატიკაზე ინფორმაციის, აზრისა და იდეების გამოხატვის, აგრეთვე ნებისმიერი სახის შეკრება-მანიფესტაციის აკრძალვით. ცენზურის დაკანონება და დემონსტრაციის აკრძალვა კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას, რადგან სწორედ მსგავსი მეთოდებით იწყება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაკანონება და ავტორიტარული მმართველობის დამყარება ქვეყანაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებიდან მეორე დღეს, 18 სექტემბერს, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს საკუთარ სახლში. ეს ტრაგიკული მოვლენა, რაც კანონის მიღების მეორე დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სავალალო შედეგებს, რასაც ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილის დაკანონებას მოჰყვება. აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლგბტ თემის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული სიძულვილისა და ჩაგვრის პოლიტიკასთან. შეშფოთებული ვარ ამ კანონის მიღებით.

- როცა მსხვერპლი ვერ ბედავს პოლიციაში დარეკვას, ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?

- აუცილებელია ნებისმიერმა ადამიანმა იმოქმედოს, როცა საქმე ეხება ძალადობას. პირველ რიგში, მსხვერპლი უნდა დაარწმუნოს, რომ მიმართოს პოლიციას, მაგრამ თუ ის არ აკეთებს ამას, მაშინ თვითონ უნდა აცნობოს. ჩემი მაგალითით შემიძლია გითხრათ, ბევრჯერ დამირეკავს "112"-ში ძალადობის ფაქტზე, მხოლოდ ჩემი მხრიდან ასობით ზარია შესული და მართლა გადამირჩენია ქალების სიცოცხლე. ამ განცხადების გამო დამმუქრებიან კიდეც, შენ ვინ გეკითხება, ეს ჩვენი ოჯახის საქმეა, მოგკლავ, თავს მოგაჭრიო, მაგრამ ამან მე ვერ შემაჩერა. ეს მოქალაქეობრივი ვალია. გარდა ამისა, როცა დანაშაულის შემსწრე ხარ, კანონი გავალდებულებს, იმოქმედო. საკანონმდებლო პრობლემაა ისიც, რომ ანონიმური ზარის ავტორს არ აძლევენ გარანტიებს, რომ ბოლომდე ანონიმური დარჩება, ვინაიდან კანონი ითვალისწინებს, რომ გამოძიების პროცესში წყარო იყოს მითითებული. ამ საკანონმდებლო ხარვეზების ბოლომდე დახვეწასაც ვისურვებდი. საქართველოში ჯერ კიდევ ასეთი მენტალობაა, რომ დღეს ქმარი, ძმა, მამა გიწყვეტს, რა უნდა გააკეთო. მოწმედ წახვიდე, "112"-ში დარეკო, სალონში წახვიდე თუ რა უნდა ქნა. სანამ დამოუკიდებლობის საკითხი უფრო მეტად არ გვექნება შესისხლხორცებული, ეს პრობლემები იარსებებს. არ მქონია შემთხვევა, მამაკაცს დაერეკა პოლიციაში და ინფორმაცია მიეწოდებინა ქალზე ძალადობის ფაქტზე. მე ვისურვებდი ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც კაცები გააკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომ ძალადობა მოძალადის სირცხვილია! ისინი უნდა რეაგირებდნენ, რეკავდნენ პოლიციაში, უნდა იყვნენ მოძალადე კაცების წინააღმდეგ და ფემიციდის რიცხვი ნაკლები გვექნება.

ხშირად მიწევს ჩემი კოლეგების, ადვოკატების გაკრიტიკება, რომლებიც იცავენ მოძალადეს. ადვოკატი არ ეუბნება მის დასაცავს: ცუდად იქცევი, აქ უნდა გაჩერდე, არ გაიმეორო და ა.შ. უმეტესად ადვოკატი იქით აქეზებს და ეუბნება: ნახე, ცოლმა გიჩივლა, ეს კაცი ხშირად ფიქრობს რევანშზე, რომ ღირსების სახელით მერე შური იძიოს მსხვერპლზეო. ამას აკეთებენ მოძალადეების ადვოკატები ან მიდიან თავშესაფრებში მსხვერპლებთან. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლზე მარტივია მანიპულირება. ამ დროს ის გაორებულია, არ იცის რა ქნას. დააწერინებენ, თითქოს მოეჩვენა ეს ძალადობა, პოლიციამ აიძულა ასეთი ჩვენება მიეცა, რომ არ აქვს პრეტენზია და არ ჩივის, ასეთი ჩვენებებით ხდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და მერე დებენ სტატუსებს ჩემი კოლეგები, რომ მოიგეს საქმე სასამართლოში. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ეს არ არის საქმის მოგება, ეს არის ზემოქმედება მოწმეზე და შესაბამისად, დანაშაული. ასობით ასეთი საქმე ხდება და სამწუხაროა, რომ არ მაქვს ბერკეტი, ეს პროცესი შევაჩერო, მაგრამ ვდგამ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს. ქალებს ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა იმოქმედონ, რადგან დუმილი ახალისებს მოძალადეებს. საქართველოში არის შესაძლებლობა, თუ ისინი გადაწყვეტენ გადარჩნენ, აუცილებლად გადარჩებიან, მთავარია, სწორი ნაბიჯები და ბრძოლა. მე და ჩემი გუნდი "უფლებები საქართველოსთვის" მზად ვართ ნებისმიერ დროს გავუწიოთ დახმარება ქალებს, ბავშვებს კანონის ფარგლებში. პირადად მე მზად ვარ, მათ დავეხმარო. იმოქმედონ, სანამ დროა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"