"22 წლის ასაკში დედა გახდებიო, ადრე რომ ეთქვათ, შეიძლებოდა, არც დამეჯერებინა. მეც და ჩემს მეუღლესაც შვილი ძალიან გვინდოდა" - ლიზი ქონიაძის ოჯახური ცხოვრება
"რამდენიმე წლის წინ რომ გეთქვათ, 22 წლის ასაკში დედა გახდებიო, შეიძლებოდა, არც დამეჯერებინა",
- გვითხრა სოციალური ქსელების ვარსკვლავმა ლიზი ქონიაძემ, რომელიც პირველი შვილის დაბადებას ელოდება...
- თავს კარგად ვგრძნობ. ორსულობა მშვენივრად მიმდინარეობს. ბავშვის დაბადების დრო ახლოვდება - პატარას დაახლოებით ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ველი. ვემზადები. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. თან, პირველი შვილია... მეც და ჩემს მეუღლესაც შვილი ძალიან გვინდოდა. მშობლის ინსტინქტი ორივეს ძალიან გვაქვს განვითარებული. როცა ჩემი ორსულობის შესახებ შევიტყვეთ, სიხარულისგან ლამის ორივე გავგიჟდით (იღიმის)!..
- ბავშვის სქესი იცით?
- კი, ბიჭია. ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ქორწილში ჩავატარეთ... მე და გიორგი წელს დავინიშნეთ. ქორწილისთვის დიდხანს ვემზადებოდით. ყველაფერი ორსულობის პერიოდში, ჩემი გემოვნებით დავგეგმე. კაბაც ისე შევარჩიე, რომ ტანზე მომარგეს... მოკლედ, ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ ჩემთვის კომფორტული ყოფილიყო. მაგალითად, გადავწყვიტეთ, ფოტოსესიისთვის სხვაგან არ წავსულიყავით და ფოტოები კონკრეტულად იქ გადაგვეღო, სადაც ქორწილს ვიხდიდით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად გამოვიდა.
- როგორც ვიცი, შენი მეჯვარეები მომღერლები - ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია იყვნენ. დიდი ხანია, მეგობრობთ?
- ჩემი უახლოესი დაქალები არიან. 3 წელია, ვდაქალობთ, თუმცა მეჯვარეობის თემა განხილული არ გვქონდა, რადგან არ ველოდებოდით, რომ რომელიმე ჩვენგანი ასე მალე დაოჯახდებოდა. როცა უკვე დავინიშნე და ქორწილის დაგეგმვა დავიწყე, რა თქმა უნდა, მეჯვარეებად მაშინვე ნუცა და მარიამი მოვიაზრე: უპირველეს ყოვლისა - იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები არიან და მეორე, თავიანთ საქმეს ძალიან კარგად გაართვეს თავი - ისე იმღერეს და ისეთი ამბები ჩაატარეს, რომ ეს დღე მეც და ქორწილის ყველა სტუმარსაც უფრო მეტად გაგვილამაზეს (იღიმის).
- ორსულობის პერიოდი თავიდანვე კარგად წარიმართა?
- დიახ, თავიდანვე ყველაფერი კარგად იყო. ხასიათის არანაირი ცვლილება ან სხვა სახის პრობლემა არ მქონია. რა თქმა უნდა, ამ პერიოდს გარკვეული ცვლილებები ახასიათებს, მაგალითად - იმდენს ვეღარ დადიხარ, იმდენი ენერგია არ გაქვს, როგორც უწინ, მაგრამ ამ ყველაფერს ეგუები, რადგან შვილი და ორსულობის პერიოდის გავლაც ღმერთის დიდი საჩუქარია - ამ პროცესს სხვანაირად ვირგებ...
- ბავშვის აღზრდაზე ზრუნვა უკვე დაიწყე?
- ვცდილობ, ამ მხრივ განათლება მივიღო, თუ როდის, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ აღვზარდო ბავშვი... ახლა კონკრეტულ სიმღერებს ვასმენინებ, რომ დაამახსოვრდეს და როცა დაიბადება, მერეც მოვასმენინო. ვცდილობ, პატარასთან ყველანაირად კონტაქტი მქონდეს: ვეფერები, ველაპარაკები, რაღაცებს ვასმენინებ (იღიმის)...
- შენს სიტუაციას სტუდენტობას როგორ უთავსებდი?
- სიმართლე გითხრა, ორსულობას საერთოდ არ შეუშლია ხელი, რომ ლექციებზე, გამოცდებზე მევლო. ყველაფერს კარგად გავართვი თავი. ბავშვს რომ გავაჩენ, მაგისტრატურაში სწავლას დავიწყებ. ახლა ფიზიკურად ვერ ვისწავლი. სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებას შესაბამისი მომზადება სჭირდება, როგორც სასწავლო მასალის თვალსაზრისით, ასევე - ფსიქოლოგიურადაც. მშობიარობა და თან ლექციებზე სიარული არ გამოვა.
- ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, შენთვის მოულოდნელი, საინტერესო და ახალი რა იყო?
- ამ სფეროში არანაირი განათლება არ მქონია, თუმცა ზოგადად, მაინც ყველა დეტალი უნდა იცოდე. ამ დეტალების გაგება ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო: ბავშვის მოვლა, კვება, აღზრდა... მიმაჩნია, რომ დედამ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. ვსწავლობ: შესაბამის წიგნებს ვკითხულობ, ვიდეოებს ვუყურებ... განათლებას ყველანაირად ვიღებ, რომ ბავშვთან შესახვედრად მაქსიმალურად მზად ვიყო...
- შენს ბავშვობაზე რას გვეტყვი? შენს ცხოვრებაში ხომ არ ყოფილა ეპიზოდი, როცა ვინმე გაუაზრებლად ან მიზანმიმართულად ცუდად მოგქცევია, რამაც შენს ფსიქიკაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა და გსურს, ასეთი შეცდომა შენი შვილის მიმართ არავინ დაუშვას?
- არა, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. იდეალური მშობლები და პედაგოგები მყავდა... სხვათა შორის, ახლახან ჩემი 2 პედაგოგი შემხვდა, ვინც ძალიან მიყვარს... სკოლასთან დაკავშირებული კარგი მოგონებები მაქვს, ბათუმში ვსწავლობდი. ჩემთვის ბავშვობა ბედნიერ წლებს უკავშირდება, ნეგატიური არაფერი მახსენდება... ვფიქრობ, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი სილაღე ყველა ბავშვმა უნდა შეირგოს - ცხოვრებაში ყველაზე მაგარი დროა!
- ლიზი, როგორ ფიქრობ, ბავშვზე ზრუნვას დამოუკიდებლად გაუმკლავდები თუ დამხმარე გეყოლება?
- ამ ბავშვის დაბადებას ყველა ელოდება: ბებიები, მამა, და, მამიდა... ვფიქრობ, ყველა დამეხმარება, ვინც ჩემ ირგვლივაა.
- პატარას სახელი შეურჩიეთ?
- სხვათა შორის, არა. ერთი, კონკრეტული სახელი არ გვაქვს შერჩეული - ძალიან ბევრს ვფიქრობთ. ვცდილობთ, ისეთი სახელი ვიპოვოთ, რომელსაც მივეჩვევით. მარტივი, ქრისტიანული და თან, ქართული სახელი გვინდა - ბავშვისთვის სახელს უფრო ამ ჭრილში ვეძებთ.
- ვიდრე შენს რჩეულს შეხვდებოდი, როგორ წარმოგედგინა შენი ცხოვრება, დედა რომელ ასაკში გახდებოდი?
- ამაზე არასოდეს მიფიქრია. რამდენიმე წლის წინ რომ გეთქვათ, 22 წლის ასაკში დედა გახდებიო, შეიძლებოდა, არც დამეჯერებინა, მაგრამ ეს ახლა სრულიად რეალური და დიდი ბედნიერებაა. მადლიერი ვარ და ერთი სული მაქვს, ბავშვი როდის დაიბადება. მე და გიორგი დიდი სიხარულით ველოდებით, როდის დადგება ეს დღე...
- როდის გააცნობიერე, რომ დედობისთვის მზად იყავი?
- როგორც კი ორსულობის შესახებ შევიტყვე. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად მანამდეც მზად ვიყავი, ხოლო როგორც კი გავიგე, შვილი მეყოლებოდა, მაშინვე გავაცნობიერე, ყველანაირად მზადყოფნაში ვიყავი (იცინის)!..
- ბედნიერ დედობას გისურვებ!..
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"