ავი წინასწარმეტყველება უკრაინისთვის: ზელენსკის ტრაგედია - „უკრაინას წინ ყველაზე შავბნელი დრო ელოდება“ - კვირის პალიტრა

ავი წინასწარმეტყველება უკრაინისთვის: ზელენსკის ტრაგედია - „უკრაინას წინ ყველაზე შავბნელი დრო ელოდება“

„უკრაინაში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე. თითქმის გარდაუვალი ხდება, რომ კიევი გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს - დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობას, მაგრამ - უსაფრთხოების გარანტიით“, - წერს ბრიტანული „ფაინენშელ ტაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით: „უკრაინას წინ ყველაზე შავბნელი დრო ელოდება“ (ავტორები - ბენ ჰოლი, ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი).

პუბლიკაცია იწყება პოკროვსკთან ახლოს ფრონტის ხაზის მდგომარეობის აღწერით, სადაც საბრძოლო პოზიცია ცალკეულ საპრეზიდენტო ბრიგადას აქვს დაკავებული.

„ჯარისკაცები ნეგატიურად აფასებენ აშშ-ის გაუბედაობას, რომელსაც ვერა და ვერ გადაუწყვეტია უკრაინისათვის რუსეთის ტერიტორიის ამერიკული რაკეტებით დაბომბვის საკითხი. უკრაინა ხელფეხშეკრული იბრძვის. „ჩემი ხალხის გადარჩენაზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ", - ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი, - "ძნელი წარმოსადგენია, რომ მტერს ჩვენ ახლა 1991 წლის საზღვრებამდე უკუვაგდებთ... ომი უდიდეს ზიანს გვაყენებს“.

საინტერესოა, რომ თუ ადრე ფრონტზე ამ საკითხზე იშვიათად თუ ვინმე საუბრობდა, ახლა თვით სამხედრო მოსამსახურეებს შორისაც კი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ გარკვეულ კომპრომისზე. „თუ ამერიკა ვენტილს გადაგვიკეტავს, ჩვენ დასასრულის წინაშე აღმოვჩნდებით“, - ამბობს კიდევ ერთი ოფიცერი 72-ე მექანიზებული კორპუსიდან, რომელიც საპრეზიდენტო ბრიგადის მეზობლად არის განლაგებული.

უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე შავბნელი დრო ელოდება. კიევს ბრძოლის ველზე ცუდი მდგომარეობა აქვს, რუსები ნელა და დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც შეუჩერებლად წინ მიიწევენ, ზედიზედ იკავებენ დასახლებულ პუნქტებს, ქალაქი უგლედარი კი თითქმის ალყაში ჰყავთ მოქცეული. მძიმე მდგომარეობაა თვით ქალაქ პოკროვსკთანაც - უკრაინის არმიის ერთ-ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტთან.

უკრაინის მთავრობა დიდი ძალისხმევით ცდილობს, როგორმე შეავსოს არმიის საკმაოდ შეთხელებული რიგები, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. მოსახლეობაში სოციალური დაძაბულობა მატულობს და იმედგაცრუება ძლიერდება. ახლოვდება ზამთარი, ენერგეტიკული სიმძლავრეების ნახევარზე მეტი განადგურებულია. „მორჩა... ჩვენ უკვე გამოვიფიტეთ“, - ამბობს ალექსანდრე მერეჟკო, უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ამ დროს კი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დასავლელი პარტნიორები სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა დიპლომატიური დარეგულირების გზები მონახოს და - რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც ისეთი სიტუაციის პირობებში, როცა უკრაინის პოზიციები ძალიან სუსტია. „დასავლეთი პირდაპირ გვიცხადებს, რომ ომის დეესკალაცია აუცილებელია“, - ამბობს ერთ-ერთი კიეველი მაღალჩინოსანი, ანონიმურად.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა სტრატეგიამ უკვე თავისი თავი ამოწურა და არაფრის გამკეთებელი აღარ არის – „იმიტომ, რომ უკრაინა ომს აგებს“.

კიევისათვის მთავარ საფრთხეს ახლა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს. იმის პერსპექტივა, რომ ამერიკას ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტად შეიძლება დონალდ ტრამპი ჰყავდეს, რომელიც, თავის მხრივ, შეეცდება უკრაინას თავს მოახვიოს წამგებიანი და საზიანო სამშვიდობო ხელშეკრულება, უკრაინელებს ბოლო იმედებს უფანტავს. რასაკვირველია, კიევის ყველაზე ერთგული ევროპელი მოკავშირეებისთვის კარგი იქნებოდა, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ - რით? ევროპას არც სამყოფი იარაღის მარაგი აქვს და არც გეგმა, საომარი მოქმედებების დასასრულებლად.

გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი, გაეროს გენასამბლეის სესიის ჩარჩოებში, აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. მან თან წაიღო „რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა“, რომელიც ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს აჩვენა. გეგმის დეტალები ჯერ საჯაროდ არ არის ცნობილი, მაგრამ მისი მთავარი კომპონენტი - ამერიკული რაკეტების გამოყენების ნებართვა რუსეთის წინააღმდეგ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენისაგან ვერ მიიღო. კიდევ ერთი წარუმატებლობა - პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ ნატოში გაწევრებაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია. იყო მომენტი, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თითქმის უშედეგოდ უნდა დამთავრებულიყო, რომ მას „მაშველად“ დონალდ ტრამპი მოევლინა - ექსპრეზიდენტი მოულოდნელად დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. არადა, სწორედ იმ დღეებში დონალდ ტრამპი არ ერიდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კრიტიკას, მის დამცინავად მოხსენიებას და უსიამოვნო ეპითეტებით შემკობას.

ასე იყო თუ ისე, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ჩაფუშვის როგორღაც გადაურჩა. „რასაკვირველია, ვიზიტს ძველებურად ტრიუმფალურს ვეღარ ვუწოდებთ, მაგრამ არც კატასტროფული არის“, - განაცხადა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

ამერიკელი ექსპერტებისა და ევროპელი დიპლომატების თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაჭარბებულად აფასებს თავის „გამარჯვების გეგმას“ და მას ერთადერთ პანაცეად მიიჩნევს, რაც მცდარი პოზიციაა. ამასთან ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ დელეგაციის წევრები ინკოგნიტო საუბრებში სულ უფრო თავისუფლად ლაპარაკობენ ცეცხლის შეწყვეტაზე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორია ექნება დაკავებული.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავის წინამორბედ დიმიტრი კულებასგან განსხვავებით, უფრო პრაგმატულ პოზიციებზე დგას და ემოციების გარეშე განიხილავს პრინციპს - „მიწა უსაფრთხოების სანაცვლოდ“. „ჩვენ ახლა, ადრინდელთან შედარებით, უფრო ღიად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რის შეწირვა, რა მსხვერპლის გაღება მოუწევს უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ადრე ამ საკითხზე მსჯელობას ტაბუ ჰქონდა დადებული“, - ამბობს შეხვედრების მონაწილე ერთ-ერთი დიპლომატი (რედაქციის შენიშვნა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ „ფაინენშელ ტაიმსის“ სტატიაში გატარებული აზრი სინამდვილეს არ შეესაბამება - უკრაინის ხელისუფლება არავითარ ტერიტორიულ დათმობაზე არ დათანხმდება).

უკრაინის საზოგადოებაც ნელ-ნელა ეჩვევა იმ აზრს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთთან აუცილებელია. კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა 57% დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეხვედრა უნდა გაიმართოს. გასულ წელს ასეთი აზრის მქონე მოქალაქეების რაოდენობა მხოლოდ 33% იყო. გამოკითხვამ, ასევე, აჩვენა, რომ ომმა უკრაინას დიდი დემოგრაფიული ზიანი მიაყენა: მოსახლეობის თითქმის 77%-ს დაეღუპა ოჯახის წევრები და ახლობლები - ოთხჯერ მეტი, ვიდრე ორი წლის წინ. გამოკითხულთა ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ დიდი ვაი-ვაგლახით ირჩენს თავს და ზოგჯერ - შიმშილობს კიდეც.

ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების დიდი ნაწილი ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია - უმეტესად ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეები. ისინი ომის გამარჯვებამდე გაგრძელებას მოითხოვენ. „რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თანხმობამ შეიძლება სოციალური არასტაბილურობა გამოიწვიოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მშვენივრად იცის“, - განმარტავს ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი, - "ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ მოლაპარაკებას სამშობლოს ღალატად ჩათვლიან და - კაპიტულაციად. მემარჯვენეებს და რადიკალებს უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ“.

არადა, სამომავლოდ ცხოვრების პირობები, დიდი ალბათობით, უფრო უარესი და მძიმე გახდება. რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული სიმძლავრეების თითქმის ნახევარი გაანადგურა - თბო და ჰიდროელექტროსადგურები ისეა დანგრეული, რომ მათი რემონტი არ ხერხდება. ზამთრის თვეებში უკრაინას თითქმის 6-გიგავატიანი ელექტროდეფიციტი ექნება.

გარდა ამისა, სულ უფრო რთული ხდება უკრაინის არმიის შევსება ცოცხალი ძალით. ეს პრობლემა უკვე ორი წელია, დგას და სიტუაცია ვერც ახალი კანონის მიღებით გამოსწორდა - ომის პირველი წლისაგან განსხვავებით, როცა უკრაინელი მამაკაცები ჯარში მასობრივად ეწერებოდნენ მოხალისეებად, ახლა ჯარში წასვლაზე უარს ამბობენ, იმალებიან, საზღვარგარეთ გარბიან.

რა გარანტიები შეიძლება მისცეს დასავლეთმა უკრაინას, თუ კიევი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება და კომპრომისზე დათანხმდება? ერთადერთი - მისი უსაფრთხოების დაცვა, ნატოს წევრად მიღების გზით. „უკრაინა დათანხმდება, რუსეთს ტერიტორიის ნაწილი გადასცეს, მაგრამ მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღების შემთხვევაში. ამას ხმამაღლა ჯერ არავინ ამბობს, მაგრამ ეს არის ერთადერთი სტრატეგია“, - ამბობს დასავლელი დიპლომატი.

მაგრამ დათანხმდება რუსეთი უკრაინის ნატოში მიღებას, რომლის გამოც კრემლმა ომი დაიწყო? ატლანტიკის ორივე ნაპირზე თვლიან, რომ მოსკოვის თანხმობა ნაკლებსავარაუდოა. „არ ვფიქრობ, რომ კრემლი უკრაინის ნატოში მიღებას შეურიგდება“, - ასეთი პოზიცია აქვს უკრაინელ მაღალჩინოსანს.

არსებობს აზრი, რომ ჯო ბაიდენი, რომელიც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ნატოს კიდევ ერთ სამიტში მიიღებს მონაწილეობას (12 ოქტომბერს, გერმანიაში), წინასწარი მონაცემებით, შეიძლება დათანხმდეს უკრაინის ნატოში განაცხადის სტატუსის რაიმე ფორმით განმტკიცებას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკიდან უკრაინაში რომ ბრუნდებოდა, აღნიშნა, ოქტომბერი „გადაწყვეტილების მიღების დრო იქნებაო“. როგორც ჩანს, უკრაინის ლიდერი ისევ სთხოვს ნატოს სამიტის მონაწილეებს რუსეთის ღრმა ზურგის დასაბომბად დასავლური რაკეტების გამოყენების უფლებას. კიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთს მოლაპარაკებაზე წასვლას აიძულებს და საკუთარ პირობებს წაუყენებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო