ერთი ნაბიჯი ახალ დიდ ომამდე - ისრაელი დიდი შურისძიებისთვის ემზადება, ირანი კი იმუქრება - კვირის პალიტრა

ერთი ნაბიჯი ახალ დიდ ომამდე - ისრაელი დიდი შურისძიებისთვის ემზადება, ირანი კი იმუქრება

ირანმა ისრაელს მეორედ დაარტყა მას შემდეგ, რაც 13-14 აპრილის ღამეს ირანმა თავისი ტერიტორიიდან და ჰუსიტებმა - იემენიდან ისრაელის მიმართულებით არანაკლებ 320 კამიკაძე-დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა შორის 170 „შაჰიდი“, 30 ფრთოსანი და 120 ბალისტიკური რაკეტა იყო.

ამჯერად, 1-ლი ოქტომბრის ღამეს, ირანმა ისრაელისთვის მხოლოდ 180 ბალისტიკური რაკეტა თუ „გაიმეტა“ - ათი ირანული სარაკეტო ბაზიდან 20-20 სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული, მათ შორის - „ჰაიბერ-შაჰინები“ და „ფატჰები“, რომლებიც ჰიპერბგერით სიჩქარეს შეიძლება ავითარებდნენ, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას, მათი გადაჭერისთვის.

ირანიდან ისრაელამდე ათასიოდე კმ-ის დაფარვისას ამერიკული ფრეგატებიდან არანაკლებ 12 ანტირაკეტა იქნა გაშვებული, ირანული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, მანამდე კი, სტარტისას, უშუალოდ ირანისვე ტერიტორიაზე არანაკლებ შვიდი რაკეტა დაეცა, რაც თვითმხილველებმაც დააფიქსირეს.

ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებმა David's Sling და Arrow-3-მა ირანული ბალისტიკური რაკეტების უმეტესი ნაწილის გადაჭერა შეძლეს, ჯერ კიდევ იორდანიის საჰაერო სივრცეში, მაგრამ ორ ათეულზე მეტი ირანული რაკეტა მაინც აფეთქდა ისრაელის ტერიტორიაზე, მათ შორის - თელ-ავივში, „მოსადის“ შტაბ-ბინის სიახლოვეს. კარგად ცნობილ Iron Dome-ს - „რკინის გუმბათს“ მხოლოდ 4-დან 70 კმ-მდე მფრენი რაკეტების მოგერიება თუ შეუძლია, ამიტომაც ისინი არაეფექტურია საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად.

1-raketa-1727851879.png
ირანული ბალისტიკური რაკეტის კუდის ნაწილი ისრაელის ქალაქის ერთ-ერთ ეზოში „ჩაერჭო“...

ირანული მხარის მტკიცებით, მათმა ბალისტიკურმა რაკეტებმა მასობრივი შეტევა მიიტანეს ისრაელის იმ სამ ძირითად საჰაერო ბაზაზე, საიდან აფრენილი საბრძოლო თვითმფრინავებიც ბომბავენ „ჰამასს“, ღაზას სექტორში, ხოლო „ჰეზბოლას“ კი - სამხრეთ ლიბანში.

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ერთ-ერთ საჰაერო ბაზაზე, თითქოს, 20-ზე მეტი, თვით მეხუთე თაობის F-35 Adir-იც კი გაუნადგურეს ებრაელებს, რაც ძალზე ძნელად დასაჯერებელია, რადგან ისრაელის საჰაერო ძალები დაცულ ანგარებში ინახავენ თავიანთ გამანადგურებლებს და, ამასთან, ისინი ამერიკული მხრიდან წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ირანი მასობრივი სარაკეტო შეტევის განხორციელებას რამდენიმე საათში იწყებდა, რაც გამართლდა კიდეც...

ისრაელის შეფასებით, ირანიდან გამოშვებულ 180 ბალისტიკურ რაკეტას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ისიც - ღაზას სექტორში თავისთვის ქუჩაში მიმავალი პალესტინელი, ასევე, დაჭრილია სამი ადამიანი.

2-raketa-1727851809.jfif
როდესაც მოქალაქეებს მშობლიური ქალაქის ღამისეულ ცაში ასეთი ფოტოს გადაღების საშუალება ეძლევათ, საქმე უკვე ცუდადაა...

საერთოდ, ისრაელის სამხედრო ცენზურა ბოლომდე „წურავს“ ყველა ინფორმაციას, რაც მოწინააღმდეგეების სარაკეტო დარტყმების შედეგად მიღებულ ზარალს ეხება და რომც ყოფილიყო შედეგიანი დარტყმები სამხედრო აეროდრომებზე, ზუსტ ინფორმაციას მაინც დაბლოკავს.

თუკი ირანის მეორე მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შედეგად მართლაც მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა, გამოდის რომ ორ პალესტინელ ტერორისტს ერთი ავტომატითა და ერთი დანით უფრო მეტი მსხვერპლი გამოუწვევია ისრაელში, ვიდრე - ირანის მიერ გაშვებულ 180 ბალისტიკურ რაკეტას...

უბრალოდ, ძალზე სამწუხაროა, რომ ამ ორი ტერორისტის (რომლებიც დაუყოვნებლივ გაანადგურეს) მიერ იაფოში განხორციელებული სროლების (რომლებმაც რამდენიმე წუთით დაასწრეს ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ისრაელზე თავდასხმაში) შედეგად დაღუპულ ექვს და დაჭრილ 11 მშვიდობიან მოსახლეში ერთი საქართველოს მოქალაქეც აღმოჩნდა, რომელმაც მძიმე ჭრილობა მიიღო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა...

pot-1727852010.png
ამ ორმა ტერორისტმა ერთი ავტომატით უფრო მეტი ზიანი მიაყენა ისრაელს, ვიდრე ირანელების 180-მა ბალისტიკურმა რაკეტამ...

ირანმა ბალისტიკური რაკეტები „შეაჩვია“ ისრაელს, რაც ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენლად ჩანდა.

13-14 აპრილის ღამეს ირანულ სარაკეტო თავდასხმას ისრაელმა 20 აპრილს უპასუხა, ერაყის ტერიტორიაზე პროირანული შიიტური შეიარაღებული დაჯგუფების - „ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების“ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმით, თუმცა ბევრი მოელოდა, რომ ისრაელის პასუხი უფრო მასშტაბური და დაუნდობელი იქნებოდა.

ამჯერადაც იყო მოლოდინი, რომ ისრაელი დაუყოვნებლივ, გუშინ ღამესვე დაუბრუნებდა პასუხს ირანს, რაზეც თითქოს მიუთითებდა ისრაელის აეროდრომებიდან აფრენილი 30-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებსაც ირანის დასავლეთ საზღვრამდე მისაღწევად ორიდე საათიც არ დასჭირდებოდათ...

თუმცა ისრაელმა ცხელ გულზე არ იმოქმედა, თავი შეიკავა და ეტყობა, უფრო სერიოზული და მტკივნეული თავდასხმებისთვის ემზადება ირანში, მათ შორის, შესაძლოა, თვით ბირთვულ ობიექტებზეც კი...

ვიდეო: რაკეტის ნამსხვრევი მამაკაცს დაეცა და ადგილზე დაიღუპა