ანტიკორუფციულმა ბიურომ ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციას „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. აღნიშნულის შესახებ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა. უფრო კონკრეტულად, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
„სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპა" „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო.
"ინტერპრესნიუსი"