რას ამბობს ირაკლი კობახიძე ინფორმაციაზე, თითქოს მას აშშ-ში ყოფნისას, დონალდ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა - კვირის პალიტრა

რას ამბობს ირაკლი კობახიძე ინფორმაციაზე, თითქოს მას აშშ-ში ყოფნისას, დონალდ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ტყუილია. იქ საუბარი იყო მხოლოდ გაერო-ს ფორმატში შეხვედრებზე. ყველა დანარჩენ შეხვედრებზე თუ მცდელობებზე საუბარი არის სრული სიცრუე“,- აღნიშნავს პრემიერი.

მისივე თქმით, ისიც სიცრუეა, რომ მთავრობა ისრაელის ხელისუფლების დახმარებით გარკვეული შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდა.

„ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ტყუილი. მანამდე ითქვა ის, რომ თითქოს ჩვენ ისრაელის ხელისუფლების დახმარებით გარკვეული შეხვედრების ორგანიზებას ვცდილობდით. ესეც „ლელოს“ მხრიდან მოდიოდა, მათი ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან. ზუსტად იგივე ტყუილია. [მამუკა] ხაზარაძის ხელწერაა, ჩვეულებრივი თაღლითის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ჰქონდა პრემიერს შეხვედრის მცდელობა, როდესაც ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ისმის კრიტიკა, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ჩვენ კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე“.

„მარტივი პასუხი გვაქვს ამასთან დაკავშირებით - ჩვენ ვართ კონცენტრირებულები არჩევნებზე. ამერიკაშიც ტარდება არჩევნები. წლის ბლომდე გარკვეულ დონეზე შენარჩუნდება ურთიერთობების ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივი და ფუნდამენტური გადატვირთვა მას შემდეგ, რაც დამთავრდება არჩევნები როგორც ერთ ქვეყანაში, ისე მეორეში. მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით ომი დასრულდება უკრაინაში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლის პირველივე ნახევარში უკრაინაში ომი დასრულდება. ამის შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ურთიერთობების გადატვირთვა. აქედან გამომდინარე, ურთიერთობებს გავააქტიურებთ თვისებრივად, სწორედ მომავალი წლის დასაწყისიდან“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

IPN