3 საშემოდგომო ფესტივალი, რომელიც არ უნდა გამოტოვო
შემოდგომა ულამაზესი დროა, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს ფესტივალები ანიჭებს. ის სავსეა ფერებით, სიმყუდროვითა და ტრადიციებით, ამიტომაცაა განსაკუთრებულად მიმზიდველი კულტურული ღონისძიებების მოყვარულთათვის.
ამ სეზონის სილამაზე გამოიხატება არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ იმ მრავალფეროვან ფესტივალებშიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. თუ გიყვართ ახალი კულტურების აღმოჩენა, ტრადიციების გაცნობა, გართობა და გემრიელი კერძები - ეს საშემოდგომო ფესტივალები არ უნდა გამოტოვოთ:
1. Oktoberfest — მიუნხენი, გერმანია
Oktoberfest (ოქტობერფესტი) მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი საშემოდგომო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მიუნხენში. ეს ტრადიციული ბავარიული ფესტივალი სექტემბერში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. მილიონობით ადამიანი იკრიბება სხვადასხვა ქვეყნებიდან, გასართობად, ბავარიული ლუდისა და კერძების დასაგემოვნებლად.
ფესტივალი ცნობილია ლუდის უხვი რაოდენობით, რომელიც ადგილობრივ ლუდსახარშებში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მზადდება. აქვე შეგიძლიათ გასინჯოთ ბავარიული კერძები: პრეტცელები, ძეხვეული და ხორცის სხვადასხვა კერძები. ასევე, ფესტივალის პერიოდში იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ტრადიციული ბავარიული ცეკვები და მუსიკა, რაც მნახველებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უქმნის.
2024 წელს, „ოქტობერფესტი“ 21 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას უამრავი მუსიკალური ჯგუფი მიიღებს, რომლებიც ტრადიციულ ბავარიულ მუსიკას ასრულებენ. გაიმართება საცეკვაო და გასართობი ღონისძიებები, თამაშები და აღლუმები, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის ყველა ასაკის სტუმრისთვის.
ტრადიციები და ისტორია: Oktoberfest-ის ისტორია იწყება 1810 წლიდან, როდესაც მიუნხენში პირველი ფესტივალი ბავარიის კრონპრინც ლუდვიგისა და ტერეზა საქსონიას ქორწინების აღსანიშნავად გაიმართა. მას შემდეგ, ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და ბავარიული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
2. ქართული ღვინის ფესტივალი
ყოველ შემოდგომაზე, სიონის ქუჩაზე ქართული ღვინის ფესტივალი იმართება. ტრადიციად ქცეული ღონისძიება წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლებს სტუმრებს. ეს ფესტივალი ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებისთვისაა. უამრავ სტუმარს შორის ბევრი ტურისტია, რომლებიც ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან.
ღონისძიება ტრადიციულად, სიონის ქუჩაზე გაიმართება, სადაც ღვინის კომპანიები, მცირე საოჯახო მარნები, ადგილობრივი ბიოპროდუქციის მწარმოებლები და პოლიგრაფიული საწარმოები საკუთარ პროდუქტებს წარადგენენ.
სტუმრებს დახვდებათ ფოლკლორული ანსამბლების ცეკვა და სიმღერა, ასევე ჩატარდება ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები სომელიეებთან. წელს ფესტივალი ბევრ სიახლესაც შემოგვთავაზებს, რომელთა ნაწილი ადგილზევე იქნება ცნობილი. სტუმრებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ თამაშებსა და ღონისძიებებში.
თბილისის ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე დაიწყება და 19:00 საათამდე გასტანს. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ და შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის ღვინო და სეზონური გემრიელობები, როგორიცაა ჩურჩხელა, ჩირეული, ტყლაპი და სხვ. საინტერესო სიახლე იქნება ღვინის ნაყინი, როგორც წითელი (წითელი საფერავი, ბროწეულის და მოცვის კომბინაციით) ასევე თეთრი (თეთრი ტვიში კრემ ყველის დანამატით), რომელსაც სანაყინე ბურატინო ადგილზე წარმოადგენს.
3. La Castanyada - კატალონია, ესპანეთი
კიდევ ერთი ცნობილი საშემოდგომო ფესტივალი ევროპაში არის - La Castanyada (კასტანადა), რომელიც ესპანეთში იმართება. ტრადიციული ფესტივალი ოქტომბრის ბოლოს ტარდება და ძირითადად დაკავშირებულია შემოდგომის მოსავლის აღებასთან. ფესტივალის მთავარ იდეას წარმოადგენს ცეცხლზე მოხალული წაბლის, ტკბილეულისა და სხვა ტრადიციული საკვების დაგემოვნება.
წარმოშობა და ისტორია: კასტანადა ფესვებით ღრმად უკავშირდება კატალონიურ კულტურას და წარმართულ რიტუალებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები წინაპრებს პატივს მიაგებდნენ. ტრადიცია მჭიდროდაა დაკავშირებული ყველა წმინდანის დღესთან (Todos los Santos), რომელიც 1 ნოემბერს აღინიშნება და ხშირად უკავშირდება მკვდართა მოხსენიებასა და მათთვის კერძების მირთმევას.
ფესტივალის სახელი მომდინარეობს წაბლიდან (castanya), რომელიც ამ დროს განსაკუთრებულად პოპულარულია.
ფესტივალის სიმბოლოები და ტრადიციები: კასტანადას მთავარი სიმბოლოებია ცეცხლზე მოხალული წაბლი და ტკბილი კარტოფილი (boniato). ასევე, ტკბილეულის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანელეტები (panellets) — ტრადიციული კატალონიური პატარა ტკბილეული, რომელიც დამზადებულია ნუშის ცომისგან და ხშირად პინიოს თესლითაა დაფარული. ეს ტკბილეული ფესტივალის განუყოფელი ნაწილია და მისი მომზადება ოჯახებში ერთგვარ რიტუალად ითვლება.
ფესტივალი ძირითადად ოჯახურ გარემოში აღინიშნება, თუმცა ქალაქებში ხშირად იმართება საზოგადოებრივი ღონისძიებები, სადაც მოხალული წაბლის დახლები და სხვადასხვა კულინარიული სტენდები გამოიფინება. ხშირად შეხვდებით მოხალული წაბლის გამყიდველებს ქუჩაში, რომლებიც წაბლს ცეცხლზე ამზადებენ, რაც განსაკუთრებულად სასიამოვნო სურნელს და ატმოსფეროს ქმნის.
დღესდღეობით, კასტანადას ტრადიცია შენარჩუნებულია კატალონიის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ბარსელონაში, სადაც დიდი მასშტაბის საჯარო ღონისძიებები და კულტურული აქტივობები ტარდება. ფესტივალი მოიცავს მუსიკას, ცეკვებსა და კულინარიულ გამოფენებს, ხოლო ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და ტკბილეული.