რა სარგებლობა მოაქვთ „ბედნიერ თხებს“
გვესო ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელია, სადაც სამი ქალის გაკეთებული ფერმა მუშაობს. აქ თხის ყველს აწარმოებენ, რაც დღეს ძვირად ღირებული პროდუქტია. გვესოს ფერმას 15 სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი, სადაც უმეტესად ქალები არიან დასაქმებული. რუსუდან კბილაშვილი კოოპერატივის ერთ-ერთი მეპაიეა. "ჩემი საქმე გაყიდვები, მარკეტინგი და პიარია. წარმოებას ნატალია ბენდელიანი ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე დიდი გამოცდილება შეიძინა და მაღალი ხარისხის ყველის დამზადებას უძღვება. ციური ახვლედიანი თანადირექტორია. ჩვენი საქმე უკვე 5-6 წელიწადს ითვლის", - გვეუბნება რუსუდან კბილაშვილი.
- თხის ყველი მასობრივი პროდუქტი არ არის, არც მისი წარმოებაა ადვილი, რადგან თხები ბევრს არ იწველებიან და რძის რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ ამ საქმიანობისგან საქართველოში მეტწილად თავს იკავებენ.
- ამასთან, საქმეც შრომატევადია.
- ასეა, მით უფრო, რომ თხები ბაგურ რეჟიმზე არ გვყავს. ცხოველების ფერმის მართვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ბაგური რეჟიმი ნიშნავს, რომ პირუტყვი მუდმივად ერთსა და იმავე ადგილასაა და იქვე იკვებება. ჩვენი ფერმა ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელშია, რომლის გარშემო ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. შესაბამისად, თხები ნატურალური პროდუქტით იკვებებიან, რომელსაც ბუნება უხვად გვთავაზობს. არსებობს ტერმინი "ბედნიერი ცხოველი" (შეიძლება იყოს ფრინველიც), როცა ისინი თავისუფლად დადიან და იკვებებიან. ჩვენს შეMმთხვევაში გვყავს "ბედნიერი თხები".
ზამთარში, როდესაც მწვანე ბალახი ისეთი ხელმისაწვდომი არ არის, თხებს დამატებით ბიოლოგიურად სუფთა საკვებს ვაძლევთ.
გვესოში მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარი არ იცის და ამიტომ მცენარეები, ბალახი თხებისთვის დიდხანს არის ხელმისაწვდომი, თან ქართული ჯიშის თხები გვყავს, რომლებიც შეჩვეული არიან მაღალმთიან გარემოს.
გვაქვს შემოსაზღვრული დიდი ტერიტორიაც, სადაც შეიძლება მათი ყოფნა, თუმცა მწყემსი გადენის ხოლმე, დღის ბოლოს კი ფერმაში აბრუნებს.
- ბაზრისთვის მაღალი მოთხოვნის პროდუქტის შეთავაზებას თავიდანვე გეგმავდით?
- კი და დავუკავშირდით საქართველოში ყველის ექსპერტ ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს. მისი რეკომენდაციებით შევქმენით რეცეპტები, მისი გამოცდილების გაზიარება ყველის წარმოებაში ჩვენთვის შეუფასებელი იყო, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. მადლობა მას ამისთვის.
ჩვენს პროდუქტზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რამდენიმე თვეში მარაგი სრულად ამოვწურეთ და ახალი სეზონის დალოდებამ მოგვიწია. ზამთარში, გაზაფხულამდე, თხებს წველა შეზღუდული აქვთ. მარაგი მალე რომ ამოიწურა, მივხვდით, რაღაც უნდა შეგვეცვალა და წარმოების ხაზი გადავაიარაღეთ, სამაცივრე ტერიტორია გავაფართოვეთ... ყველს ევროპული წესით ვამზადებთ - ეს არის პრესილი ყველი, რომელიც ძველდება.
- რას გულისხმობთ?
- ყველს ფორმებში ვდებთ, მერე იპრესება, მაქსიმალურად გასდის წვენი და ჰაერი. ორი დღით მარილიან წყალშიც ვარგდება და თაროებზე ძველდება, ობს იკიდებს, რაც მისთვის დამახასიათებელია, და ამიტომ პერიოდულად ვასუფთავებთ... ყველი რაც უფრო ძველია, მით გემრიელია. ზოგს ახალი ამოყვანილი მოსწონს, ზოგს ერთი წლის ამოყვანილი - გემოვნებას გააჩნია. როგორც ღვინო ფასდება სიძველით, ჩვენს ყველზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ.
- თხები სად შეიძინეთ და რამდენი გყავთ?
- ლეჩხუმთან ახლოს ერთ ფერმერს ასამდე თხა ჰყავდა. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა და მის ოჯახს თხებისთვის ახალი პატრონის მოძებნამ მოუწია. ასე აღმოჩნდნენ თხები ჩვენთან. ახლა 200-ზე მეტი გვყავს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამის შესწავლა მოგვიხდა, რადგან ეს საქმე ჩვენთვის ახალი ხილი იყო.
- თხებს როგორი მოვლა სჭირდებათ?
- გვყავს ვეტერინარი, რომელიც მათ ვაქცინაციას უტარებს, მათი ჯანმრთელობა მუდმივად კონტროლდება. მოწველამდეც ჰიგიენურად მუშავდებიან, რადგან რძე სუფთა უნდა იყოს. ჩვენს საქმეს სახელმწიფოც აკონტროლებს, თხებს ყურზე დამაგრებული აქვთ სპეციალური საჭდეები, რაც ნიშნავს, რომ აღრიცხული არიან.
- ყველის წარმოებისთვის თანამშრომლები გადაამზადეთ?
- კი, ქალები იმავე სოფლიდან არიან, ყველის ახლებურად ამოყვანა და დამუშავება ვასწავლეთ, ტრენინგები გავატარეთ. მანამდე მათ ყველის ამოყვანის სოფელში არსებული მეთოდი იცოდნენ. როდესაც პროექტი დავიწყეთ, ვალდებულება ავიღეთ, ფერმა შესაბამისი სტანდარტებით აგვეშენებინა და თხების გარკვეული რაოდენობა შეგვენარჩუნებინა.
- კოოპერატივების განვითარებისთვის მუშაობა საქართველოში 2014 წლიდან დაიწყო, მაგრამ მეურნეობის ამ ფორმამ ჩვენში ფეხი დიდად ვერ მოიკიდა. მაშინ დაარსებული კოოპერატივებიდან დღეს ბევრი აღარც არსებობს. კარგია, რომ შეძელით ამ ყველაფრისთვის ალღოს აღება.
- სულ ვიბრძვით. სახელმწიფო საწარმოო ტექნიკით დაგვეხმარა, ოღონდ საწყისი თანხები ჩვენიც იყო. მუდმივად გვაქვს გამოწვევები, თუმცა ჩვენი პროდუქტი ყველას რომ მოსწონს, მოთხოვნა დიდი რომ არის, ეს სტიმულს გვაძლევს.
ვმონაწილეობთ ყველა გამოფენაში, სადაც ბევრ უცხოელსაც ვხვდებით. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩვენს ყველს გამორჩეული გემოვანი თვისებები აქვს. ამას ისიც განსაზღვრავს, რომ თხები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით იკვებებიან, რაც ცხადია, რძის გემოვან თვისებებზე მოქმედებს. ყველი ისეთი ტექნოლოგიით მზადდება, რომ მაღალი მარილიანობა არა აქვს, რაც საქართველოს მთის ყველისთვის დამახასიათებელი არ არის.
თხის რძეს ხშირად დედის რძესაც ადარებენ. ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს, შეუძლია თხის რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები მოიხმაროს.
მოკლედ, ჯერჯერობით მხოლოდ ყველს ვაწარმოებთ, მაგრამ თუ იმდენი რძე გვექნება, რომ სხვა პროდუქტების წარმოებაზეც გადავიდეთ, გადავალთ. თვით ყველის პროდუქტების ნაირსახეობას რაც შეეხება, გვაქვს 5-6 სახეობის ყველი, რომელთაც მუდმივად ვამზადებთ. ისე, რეცეპტი ათამდე დასახელებისთვის გვაქვს... მოთხოვნაა უსახელოურში დავარგებულ ყველზე. უსახელოური ადგილობრივი კულტურა, ძვირად ღირებული ღვინოა. ის ლეჩხუმში, ჩვენს ახლო სოფელში იწარმოება. ასევე პოპულარულია ყველი ნახშირით, პაპრიკით, ზაფრანითა და სხვადასხვა სანელებლით.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოებისას არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს. ქიმიურ საშუალებებში იგულისხმება ის ნივთიერებები, რასაც რძის შესადედებლად და ყველის ამოსაყვანად იყენებენ. ხელოვნური დანამატებისგან ჩვენი პროდუქტი სრულიად თავისუფალია.
- სად იყიდება თქვენი ყველი?
- თბილისში არსებულ ყველის კონკრეტულ მაღაზიებში, გამოფენებზე, გვაქვს პარტნიორი მაღაზიები ქუთაისსა და ბათუმში, რომლებიც ჩვენს პროდუქტს ელოდებიან. კილოგრამის ღირებულება 60 ლარიდან იწყება.
...ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ხალხს უფრო აქვს დასაქმების პრობლემა, მაინც ძალიან გვიჭირს მათი მოძებნა, ვისაც მუშაობა უნდა ან ახლის შესწავლის სურვილი აქვს. მოტივირებული ადამიანების დეფიციტია. იმედია, ეს დამოკიდებულება მალე შეიცვლება.