ეკობოსტნის წარმატებული ფერმერები - კვირის პალიტრა

ეკობოსტნის წარმატებული ფერმერები

კიტრი, ცუკინი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, სტაფილო, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, ბაზილიკი, ქონდარი, შაშკვლავი, ნიახურის ბოლქვები, სალათის ფურცელი, პამიდვრის რამდენიმე სახეობა, ორი ჯიშის ლობიო - ეს ყველაფერი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ერთ ეკობოსტანში თბილისელ ოჯახს მოჰყავს. ამ ბოსტნის მთავარი დიასახლისი, ქალბატონი ანა, სამეურნეო საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.- მე და ჩემს მეუღლეს კალმახა სოკოს მოყვანა გვინდოდა, რისთვისაც ნაკვეთი ხიდისთავში იჯარით ავიღეთ. აქ ფერმისთვის გამზადებული შენობა-ნაგებობაც იყო. სოკოს სათბურისთვის აუცილებელი ინვენტარისა და მასალის შესაძენად დიდი ხარჯი გავიღეთ და სოკოს წარმოებაც დავიწყეთ.

გვეხმარებოდნენ, მაგრამ საქმე უაღრესად შრომატევადი აღმოჩნდა. წყალი 100 გრადუსზე უნდა ადუღდეს, სოკოს თესლი მოიხარშოს, გაცივდეს და თივაში დაითესოს. პარალელურად ბოსტნეულის ჩითილების გაზრდა და ოჯახისთვის ბოსტნის გაკეთება დავიწყეთ, რადგან ამის საშუალებას ადგილი იძლეოდა.

- მიწა რამდენად ხარისხიანი იყო?

- ბოსტნისთვის არ იყო ხელსაყრელი, რადგან ვიღაცას ადრე ხრეშიანი მიწა დაეყარა, ამიტომ მთის მიწა მანქანებით მოგვიტანეს. შემდეგ ხისგან ოთხკუთხედი ჩარჩოები შევკარით, თივა ჩავაფინეთ, მიწა ჩავყარეთ და გამოყვანილი ჩითილები გადავიტანეთ. ჩვენი ბოსტანიც აყვავდა და გაიხარა. მოვიდა სხვადასხვა სახეობის პამიდორი, მათ შორის ჩერი და ჭოპორტულა ვარდისფერი. მისი თესლის შესაძენად ჭოპორტში საგანგებოდ წავედით. სამწუხაროდ, არავინ ყიდდა, მერე ერთმა მოსახლემ თავისთვის შენახული მარაგიდან გვიწილადა. თესლების ნაწილი იტალიიდან გამოგვიგზავნეს, სტაფილო, ჭარხალი, ბროკოლი, მწვანილი ადგილობრივ გლეხებთან შევიძინეთ.

- კალმახა სოკომ რა შედეგი მოგცათ?

- არ გამოვიდა ეგ საქმე და რადგან ბოსტანსაც ვაკეთებდით, მთლიანად მასზე გადავერთეთ. დეტალურად ვსწავლობდით, რა როდის დაგვეთესა, დაგვერგო, რომელს რა დრო სჭირდებოდა. დავთესეთ ფრანგული და ქართული ლობიო. ყველაფერი 50-მდე ჩარჩოში განთავსდა.

კიტრისა და პამიდვრის დასამაგრებლად ბამბუკი ვიყიდეთ და მასზე გაზრდილი კიტრი და პამიდორი თოკებზე ავიყვანეთ. მოსავალი არცთუ ცოტა მოვიდა, ბედნიერი ვიყავით, მაგრამ ოჯახი იმდენს ვერ მოვერიეთ და ვცადეთ, ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე გაგვეტანა, მაგრამ არავინ დაინტერესებულა.

ce8376f5-44ff-4add-8298-ab7f635fcabf-1727875330.jpg

- უწამლო და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი არავის აინტერესებდა?

- ასე გამოვიდა და 50 თეთრად ჩავაბარეთ. დასანანი იყო, მაგრამ გაფუჭებას სჯობდა. ასეთ მოსავალს მართლა არ ველოდით, საქმემ გვიბიძგა ბოსტნის მეტად განვითარებისკენ. იდეა გამიჩნდა, სოციალური ქსელით გაგვეზიარებინა ეს ყველაფერი, იქნებ გაგვიმართლოს-მეთქი, და სხვადასხვა პლატფორმაზე ეკობოსტნის გვერდები შევქმენი. ჩემი პროდუქცია ერთ-ერთ ცნობილ ბლოგერსაც გავუზიარე. მან თავის გვერდზე რეკლამა გაგვიკეთა, აუდიტორიას ჩვენი თავი გააცნო და მომხმარებელიც გაგვიჩნდა. ახლა კვირიდან კვირამდე შეკვეთებს ვიღებთ.

- პროდუქტი თუ თბილისში ჩამოგაქვთ, ალბათ, ფასმაც აიწია?

- რა თქმა უნდა, თბილისში მომხმარებელი უკვე რეალურად აფასებს, რა პროდუქტზეა საუბარი. ვეუბნებით, რომ არ არის ქიმიური წამლით მოყვანილი და ვუხსნით, როგორ ვუვლით, რომ ამ პროდუქტს ოჯახშიც მივირთმევთ.

- მოკლედ, ეკობოსტნით გადაწყვიტეთ, დაპირისპირებოდით შხამქიმიკატების გამოყენებით პროდუქტის მოყვანის პრაქტიკას. ალბათ, ეს პროტესტიც იყო და იმის დამტკიცებაც, რომ შედეგის მიღება შხამის გარეშეც შეიძლება.

- ვინც სოფელში ცხოვრობს, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული, რომ არაფერი გამოსდის, მინდა ყველამ გაიგოს, რომ

ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანაც, სოფლის მეურნეობა დიდ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად ვიმსახურებთ, რომ ჩვენი ეროვნული პროდუქტი მივიღოთ და მხოლოდ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი არ მოვიხმაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეკობოსტანი არ არის მარტივი არჩევანი, ბევრი რამ რთულია, შესაბამისი წესები და მეთოდებია დასაცავი, მაინც ღირს. დილას თუ საღამოს უნდა მორწყვა, მცენარისთვის ფოთლების მოცლა, შემოწმება, მავნებელი ხომ არ გაუჩნდა და ხომ არ დაზიანდა. უნდა იცოდე, რომელი მავნებლის მოსასპობად რომელი კულტურისთვის რა არის საჭირო. იმ საშინელი შხამის გარდა, მცენარის სასიკეთოდ ყველანაირ ბიოხერხს ვიყენებთ. აგრონომები არა ვართ, გამოცდილებასა და ცოდნას ამ საქმეში ასე ვაგროვებთ, ინტერნეტსაც ვიშველიებთ. წვეთოვანი სისტემაც დავაყენეთ.

clone-a-pepper-plant-pepper-1727875818.jpg

- რა განწყობა ახლავს ამ ყველაფერს?

- იმერეთში ბებიასთან სოფელში რომ ჩავდიოდი და სოფლის საქმეებს ვუყურებდი, იქიდან გამომდინარე, რაღაცები ვიცოდი. ჩემი იურისტი მეუღლე ბოლო დროს სულ ამბობდა, რომ მიწაზე შრომა და რამის გაკეთება სურდა. ახლა, როცა უკვე შედეგიც გვაქვს, ამ ყველაფერმა ისეთი ემოცია მოიტანა, ვერ გადმოგცემთ. ამას ემატება მადლიერი მომხმარებლის გზავნილები, რაც სხვა ენერგიით გვავსებს და სტიმულს გვაძლევს. ამიტომაც გაორმაგებულად ვცდილობთ. როგორი პროდუქტიც მე მომეწონება, მომხმარებელსაც ისეთი მივაწოდო. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

- როგორც ვიცი, წიწილებიც გყავთ.

- ბოსტანი რომ დავთესეთ, დავფიქრდით, კიდევ რა გაგვეკეთებინა და 250 წიწილა ვიყიდეთ. ადრე აქ, როგორც ჩანს, წიწილების ფერმაც ყოფილა, რაღაც ინვენტარი დაგვხვდა - წყლის დასალევი, საკვების მისაწოდებელი... ორი კვირის წიწილები მოვიყვანეთ და როგორც დაგვარიგეს, ისე მოვუარეთ. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, რომ ისინი პრემიქსით გაგვეზარდა. ვიყიდეთ სიმინდი, მოვასუფთავეთ ერთი შენობა, ნახერხი დავყარეთ, გავუკეთეთ ცალკე ეზო. ის ბადით არის შემოსაზღვრული, რათა ფრინველი შენობიდან ჰაერზე გამოვიდეს და თან დაცული იყოს.

საგულდაგულოდ ვუვლიდით, მაგრამ 250-დან ყველა ვერ გადარჩა. საბოლოოდ, მომხმარებელს ქათამიც შევთავაზეთ.

- და ისიც სხვა შეკვეთებთან ერთად თბილისში ჩამოგაქვთ?

- კი, ერთი მომხმარებლის იდეაც გავიზიარე, დაკლული ქათამი გზაში რომ არ გაგიფუჭდეთ, მინიმაცივარზეც იზრუნეთო. მართალია, გორიდან თბილისამდე სულ 40 წუთია, მაგრამ მისამართებზე მიტანაში, საცობებში დრო იკარგება. მოკლედ, ნაყინის მაცივარი შევიძინე, თავისი ყინულების ოთხკუთხედი ბრიკეტებით, სადაც ჩამოსატანად გამზადებულ ქათმებს ვათავსებ. თავის მხრივ, ქათამი შეკვეთის მიხედვით ან ძალიან გვიან საღამოს იკვლება, ან ადრე დილას, რათა რაც შეიძლება ახალი იყოს და ყველა წესი დაცული იყოს.

- მოკლედ, შრომა დაგიფასდათ...

- ასეთ შედეგსა და გამოხმაურებას არ ველოდით და რადგანაც ასეა, უკან ვეღარ დავიხევთ. გადავწყვიტეთ, ჩვენს საკუთარ მიწაზეც, გორიდან ცოტა მოშორებით, ზედ გამყოფ ხაზთან, სოფელ ბერშუეთში მეურნეობა აქტიურად ავამუშაოთ.