"ტყვედ ჩავარდნის დროს მამას წამით უფიქრია, მოვეკალი და მძიმე ხვედრი აერიდებინა ჩემთვის... ერთ რუს ოფიცერს უთხრა, - ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოსო" - მამუკა მამულაშვილი ტყვეობასა და რთულ გზაზე
31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში რუსების მიერ ინსპირირებული ომი სოხუმის დაცემით დასრულდა.
27 სექტემბერი გლოვის დღეა. 1993 წლის 16 სექტემბერს, რუსულ-აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.
შეგახსენებთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველომ აფხაზეთში, რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო: მოსკოვის და სოჭის. რუსეთმა ორივე დაარღვია, თუმცა 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებული სოჭის ხელშეკრულება საბედისწერო გამოდგა. ქართულ და რუსულ-აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანათ, უნდა გასულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ძალებიც. ქართულმა მხარემ შეთანხმება შეასრულა - კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანა და სოხუმიდან გახიზნული მშვიდობიანი მოსახლეობა დააბრუნა. 27 სექტემბერს, მაშინ, როდესაც ქართველებმა იფიქრეს, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა, აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი მიიტანეს, ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ დახვრიტეს. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. აფხაზეთის ომის, ფრონტზე განვითარებული პროცესებისა და სხვა საინფორმაციო ამბების შესახებ, აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში საქართველოს სახელით მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი გვიამბობს. ის 14 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომში გენერალ მამასთან ერთად წავიდა, ტყვედაც მამასთან ერთად ჩავარდა, უფრო სწორად, ჩაჰბარდა. სანაცვლოდ, აფხაზებმა ქართველი ქალი და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი გაათავისუფლეს. ერთხელ მამულაშვილმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე მამა და ის მომენტი გაიხსენა, რომელმაც მისი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა. „ერთხელ, როცა რუსი ოფიცერი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ რუსს უთხრა სიტყვები, რომლებიც ყოველდღე მახსოვს - „ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოს“. მამუკა მამულაშვილი გადარჩა, გაიზარდა და რუსების დაუძინებელ მტრად იქცა.
მამუკა მამულაშვილი:
- მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მძაფრად მახსოვს 90-იანი წლების რთული პერიოდი. რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირება მოეხდინათ. სინამდვილეში, ეს არ იყო ეთნიკური კონფლიქტი, ეს იყო რუსული პროვოკაცია. სამწუხაროდ, მოსკოვი აფხაზებისა და ოსების საკითხს დღემდე პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. აფხაზეთის ომი, როგორც ბევრი ქართველის ოჯახს, ჩვენც მძიმედ შეგვეხო. მე ფაქტობრივად, სამხედრო ნაწილში ვიზრდებოდი, ომში კი იმ ადამიანების დიდი ნაწილი დაიღუპა, ვის გვერდითაც მთელი ბავშვობა გავატარე. მახსოვს, როგორ დაიწყო წვრთნები მამაჩემის ნაწილში... სხვათა შორის, ებრაელი სპეციალისტი ეხმარებოდა, რომელიც მერე ომში წამოვიდა ჩვენთან ერთად და სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე დაიღუპა.
- როგორც ვიცი, თქვენი ბიძებიც სამხედროები იყვნენ.
- დიახ, მამაჩემის ორი ბიძაშვილი და სამწუხაროდ, ორივე დაიღუპა. ეს ადამიანები საკუთარი ხელით დავკრძალე. როდესაც ტყვედ აგვიყვანეს, ჩვენი დაღუპულების დაწვა უნდოდათ, მაგრამ მამაჩემმა შეძლო მათი გადარწმუნება. დაღუპულებს შორის იყო „სოხუმჰესის“ დირექტორი გურამ ცხვარაძე. მისთვის ჩასასვენებელიც გავაკეთეთ და ისე დავკრძალეთ, დანარჩენებისთვის კი ძმათა სასაფლაო გავაკეთეთ...
- ომში გაიპარეთ?
- არა, რატომღაც ხშირად ვრცელდება ვერსია ომში ჩემი გაპარვის შესახებ. სინამდვილეში, ყველაფერი ასე იყო, - საღამოს მამაჩემი ომში წასასვლელად ემზადებოდა. ვუთხარი, - მეც წამიყვანე, თორემ მარტო წავალ ავტობუსით-მეთქი. ძალიან მშვიდად მიპასუხა: კარგი, წამოდიო. პირველ დღეს რატომღაც ჩაიშალა ჩვენი გამგზავრება, მეორე დღეს წავედით, ყარყარაშვილმა გაგვაცილა. ზუგდიდამდე არავის გავუჩერებივართ, ქალაქის შესასვლელთან კი ლოთი ქობალია დაგვხვდა თავისი ხალხით. ზუგდიდის შესასვლელში ბლოკ-პოსტი ჰქონდათ გაკეთებული და ომში მიმავალ ჯარისკაცებს ზოგჯერ დაბრკოლებას უქმნიდნენ, უფრო სწორად, შერჩევითად ატარებდნენ. მათთან დასალაპარაკებლად მამაჩემი ჩავიდა. ქობალიამ მაშინ დამინახა, როდესაც ფანჯარაში ვიყურებოდი, მამაჩემს მიუბრუნდა და ჰკითხა, - ბავშვები მიგყავს ომშიო? მამამ დამიძახა, ჩავედი და გვერდით დავუდექი. მან მხრებზე ხელი მომხვია და ქობალიას უპასუხა: ეს ბიჭი ჩემი შვილიაო. ყველამ თავი ჩაღუნა... ბოლოს ძალიან გულთბილად დაგვემშვიდობნენ.
- 14 წლის ბავშვს რატომ მოგინდათ ომში წასვლა?
- რომ გითხრათ, ბოლომდე გააზრებული მქონდა, რას ვაკეთებდი ან რა ხდებოდა, მართალი არ ვიქნები. თუმცა, მამა ხშირად მელაპარაკებოდა რუსებსა და მათ ვერაგობაზე. სხვათა შორის, არასდროს უთქვამს, რომ აფხაზებსა და ოსებს ვებრძვით ან შიდა დაპირისპირება გვაქვსო. მე ვიცოდი, რომ რუსი ოფიცერი იყო ჩვენი მტერი. ტყვედაც რომ ამიყვანეს, რუსების დანახვა არ გამიკვირდა. სხვათა შორის, ჩვენ ტყვედ კონფედერაციის ხალხს ჩავბარდით და იქ ყველაზე ცოტანი აფხაზები იყვნენ; ძირითადად რუსები, სომხები და სხვა ჩრდილო კავკასიელები გახლდნენ.
- თქვენი დღევანდელი პოპულარობის მიუხედავად, ალბათ, ბევრმა მაინც არ იცის თქვენი ტყვედ ჩავარდნის მიზეზი.
- აფხაზებს „სოხუმჰესის“ დირექტორის ოჯახი ჰყავდათ ტყვედ. როგორც უკვე გითხარით, გურამი ჩვენთან ერთად იბრძოდა. მამას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ან მისი დაღუპული თანამებრძოლის ოჯახი გაეწირა, ან ტყვედ ჩავბარებულიყავით. 1992 წელი იდგა, ზუსტად ის პერიოდი იყო, რუსებმა საქართველოს მთავრობა რომ მოატყუეს - ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაგვიფორმეს, მძიმე ტექნიკა გაგვაყვანინეს და მერე დაიწყეს ფართომასშტაბიანი შემოტევა. ყოველთვის მუხანათები იყვნენ. მოკლედ, 8 თუ 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლა, მთელი ბატალიონი გვიტევდა, ჩეჩენი, ყაბარდოელი და რუსი მებრძოლები. მეთაური რუსი ჰყავდათ. მერე ცეცხლი შეწყდა და ჩვენკენ ბავშვიანი ქალი წამოვიდა. ცხვარაძის მეუღლე აღმოჩნდა. აფხაზებს გურამი მოეკლათ, მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი კი დაუტყვევებიათ. მზია ერთ შვილთან ერთად ჩვენთან მოსალაპარაკებლად გამოუშვეს. მათი პირობა ასეთი იყო: ქალს ბავშვებიანად გაათავისუფლებდნენ, თუ ყველანი ჩავბარდებოდით. ქალბატონ მზიას მალე აფხაზი დეპუტატიც მოჰყვა, რომელმაც გვითხრა, თუ მათ ულტიმატუმს არ შევასრულებდით, რუსები მათთან დარჩენილ ორ ბავშვს დახვრეტდნენ. მამამ გადაწყვეტილება მიიღო და მე სხვებთან ერთად იარაღი მიწაზე დავდე. როგორც მოგვიანებით მამამ მითხრა, ტყვედ ჩავარდნის დროს წამით უფიქრია, რომ მოვეკალი და მძიმე ხვედრი აერიდებინა ჩემთვის. ამ ბრძოლაში მამას ორი ბიძაშვილი ცხვირწინ მოუკლეს. მათი ცხედრები იმ სანატორიუმის კორპუსის წინ ეყარა, სადაც ჩვენ ვიყავით გამაგრებული, მაგრამ ინტენსიური სროლის გამო გვამების გამოტანას ვერ ვახერხებდით. აფხაზები რომ მოვიდნენ, მამა დაბლა დახვდა, მე ზემოდან ვადევნებდი თვალს. დავინახე, მამამ მათკენ გაიწია. თურმე ჩვენი ბიჭების გვამების დაწვა მოუნდომებიათ. სხვათა შორის, აფხაზებმა მამას ხელი არ ახლეს, იცოდნენ, რომ გენერალი იყო. მისი აყვანა ჰქონდათ ნაბრძანები. ის კი არ სცოდნიათ, შვილიც რომ თან ახლდა.
- როგორც ვიცი, მტერი თქვენს ასაკს არ ითვალისწინებდა. ყოფილა შემთხვევები, რომ დასახვრეტად გაუყვანიხართ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი კითხვა მაქვს: თქვენი წამების ინიციატორები რუსები იყვნენ თუ აფხაზები და თქვენ როგორ შეძელით ამ ყველაფრის გადატანა?
- მახსოვს, დაღუპულებს რომ ვკრძალავდით, გურამ ცხვარაძის ცხედარს მისი მეუღლე დაემხო და ტიროდა. ერთ-ერთმა ჩეჩენმა უხეშად უთხრა რაღაც. მამაჩემი მიუბრუნდა და უთხრა, რომ ის მისი ცოლი იყო. უცებ შეიცვალა ჩეჩენი, თითქოს საკუთარი საქციელის შერცხვა. ვერ ვიტყვი, რომ ჩეჩნები და აფხაზები რუსებივით არაკაცურად იქცეოდნენ. მე ვფიქრობ, ისინი რუსული პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ. სხვათა შორის, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები რომ მოდიოდნენ, აფხაზები მათ ჩემს თავს აჩვენებდნენ. ამაყობდნენ, - ნახეთ, კავკასიელებს როგორი ტრადიციები გვაქვს, ბავშვებიც კი მეომრები გვყავსო. კიდევ ერთი მაღალი, გამხდარი ოსი ბაბუა მახსოვს, ძალიან თბილად მექცეოდა. ჩემი და ზოგადად, ტყვეების ცემაში რუსები და სომხები მონაწილეობდნენ. სომხები ქაოსურად შემოცვივდებოდნენ და გვცემდნენ, რუსები პროფესიულ დონეზე გვაწამებდნენ. მე არ მახსოვს, რომ ტყვეთა ბანაკში აფხაზებს ვეცემეთ. რაც შეეხება ჩემს დასახვრეტად გაყვანას, სინამდვილეში, ჩემს დახვრეტას არ აპირებდნენ, ეს უბრალოდ, ფსიქოლოგიური ტერორი იყო.
- ასეთ ფსიქოლოგიურ ტერორს ხშირად ზრდასრული მეომრებიც ვერ უმკლავდებიან.
- მე სწორედ იმან გადამარჩინა, რომ ბავშვი ვიყავი და საფრთხეს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ზოგჯერ რომ დავფიქრდები, რას ვაკეთებ, ახლა უფრო მეშინია, ვიდრე ბავშვობაში.
- მაინც, რა იყო ყველაზე შემზარავი ამ ომში?
- იმ თვითმფრინავში ვიჯექი, რომლითაც ჩვენი დაღუპული ბიჭები გადმოჰყავდათ თბილისში. აუტანელი, შემზარავი სუნი შევიგრძენი. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ესენი ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორიც მე ვარ და შეიძლებოდა, მეც ისეთი გავმხდარიყავი, როგორებიც ისინი იყვნენ. ამ ფიქრებმა დამთრგუნა...
- მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყავით, დამიზნებით გისვრიათ, მტერი მოგიკლავთ?
- მტერს თუ არ მოკლავ, ის მოგკლავს... ამით არასდროს ვამაყობ, ეს უდიდესი ტრაგედიაა.
- ამ ომმა შეგცვალათ?
- ვერ ვიტყოდი... სხვათა შორის, ძალიან მეშლებოდა ნერვები ომიდან ჩამოსულს ავადმყოფივით რომ მექცეოდნენ. ეგონათ, რომ ფსიქიკაზე იმოქმედებდა... ახლა უფრო ვგრძნობ ომის გავლენას, ვიდრე მაშინ. საბოლოოდ მაინც იმოქმედა ფსიქიკაზე, შიში გამიჩნდა.
- მაგრამ მაინც სულ ომში ხართ.
- საქმეც მაგაშია, ასეთ დროს ყველაზე მეტად იმის გეშინია, არ გეშინოდეს იმის, რაც უკვე ნახე. ალბათ, თერაპიაც ეს არის, ცდილობ იმითვე განიკურნო, რითაც დაზიანდი.
- აფხაზეთის შემდეგ, ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდით, უკრაინაში კი 2014 წლიდან იბრძვით. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რისი თქმა შეგიძლიათ, რა შეცდომები დაუშვეს ქართველებმა და შეიძლებოდა თუ არა ამ ომის მოგება? რა პარალელების გავლება შეგიძლიათ აფხაზეთისა და უკრაინის ომს შორის?
- პირველ რიგში, ჩვენთვის ომი სიახლე იყო, ქართული არმია სწორედ იმ პერიოდში ყალიბდებოდა, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო. უკრაინელები კი 2014 წლიდან ომში არიან. გარდა ამისა, მათ აქვთ დიდი სამხედრო დახმარება დასავლეთიდან და თანამებრძოლებად ჰყავთ ახლა უკვე ომში გამოცდილი ქართველები. ჩვენ ბევრად ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ბევრად ცუდი იარაღი და ჩასაცმელი გვქონდა, ნახევრად მშივრებს შეიძლება კვირაში ერთხელ გვეჭამა რამე. კიდევ კარგად გავუძელით ის ერთი წელი. რაც შეეხება ქართველების შეცდომას, ვერ ვიტყვი, რომ მეომრებმა რამეს თავი ვერ გაართვეს ან თავი დაზოგეს, შეცდომა პოლიტიკოსებმა დაუშვეს, როდესაც რუსეთთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს. რუსებმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბოროტად ისარგებლეს ქართველების ნდობით. ეს რუსული მოლაპარაკების სტილია.
- აფხაზეთის ომის მონაწილეები ხშირად საუბრობენ ისეთ დეტალებზე, რომლებიც აჩენს ეჭვს, რომ ომი გაყიდული იყო. მაგალითად, ზოგიერთი ირწმუნება, რომ ხშირად იღებდნენ იმ ტერიტორიების დატოვების ბრძანებას, რომლებიც ცოტა ხნის წინ სისხლის ღვრით აიღეს; ზოგი ამბობს, რომ იარაღი არ მიეწოდებოდათ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და ა.შ. თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე ასეთი მომენტი?
- უკვე დაკავებული ტერიტორიების დატოვების რა მოგახსენოთ, მაგრამ გუმისთის პოზიციაზე, სადაც ჩვენ ვიყავით დაბანაკებულები, მდინარის მეორე მხარეს ეშერის ლაბორატორია იყო. ვიცოდით, იქ რუსები იყვნენ, მაგრამ აკრძალული გვქონდა მათი მიმართულებით ისეთი მძიმე შეიარაღების გამოყენება, როგორიც მაგალითად, ყუმბართმტყორცნია.
- რა გასწავლათ აფხაზეთის ომმა?
- აფხაზეთის ომმა ჩემს მომავალ ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი; მომამზადა იმისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ. გავათვითცნობიერე, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მეგობარი.
- ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების შესაძლებლობას თუ ხედავთ?
- ძალიან მინდა ვხედავდე, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს, რუსეთს ძალით მიტაცებული ტერიტორიები ნებით დაეთმოს.
ხათუნა ბახტურიძე