"პოლკოვნიკმა ცოლის ღალატის შესახებ შეიტყო და კოწიას სახლში მისვლა აუკრძალა. შეყვარებულთა შეხვედრები შეწყდა... საიდუმლო პაემანზე მისულს კი ბერსმა პოლიციელები დაახვედრა" - როგორ დასრულდა სასიყვარულო სკანდალი და ვინ იყო სენაკის გამგებელი
"...ფატი ერისთავი ისეთი ლამაზი იყო, ამბობენ, მისი სურათი საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო გამოფენილი...
მისი ანგელოზისებრი სილამაზით აღფრთოვანებული იყო მიხაი ზიჩიც. ცნობილი უნგრელი მხატვრის მიერ ლერმონტოვის "დემონის" მიხედვით დადგმულ ცოცხალ სურათებში ერთ-ერთ ქერუბიმს ფატი განასახიერებდა... ერისთავის ასულის თაყვანისმცემელთა რიგებში იყო ახალგაზრდობისას კონსტანტინე (კოწია) დავითის ძე ერისთავი - გურული თავადიშვილი, შემდეგში გურიის თავადაზნაურთა მარშალი, მწერალი, დრამატურგი; სწორედ მას მიუძღვნა ქართველმა დენდიმ კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის პოპულარულ სიმღერად ქცეული ლექსი: "ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავილი" (სიმღერა კინოფილმში "ქეთო და კოტე")... - სენაკის "უეზდის უფროსის" - ალექსანდრე ბერსის და ფატი ერისთავის შესახებ უნიკალურ ცნობებს ექიმი, მკვლევარი ციცინო ყურაშვილი გვაწვდის...
- სენაკის ისტორიის ძველი საგაზეთო და საარქივო ჩანაწერების გაცნობისას არაერთი საინტერესო ცნობა ამოტივტივდება... წლების წინ "დროების" ეს კორესპონდენცია ჩამრჩა მეხსიერებაში: "ახალ-სენაკის უეზდის უფროსის ბერსის თაოსნობით, ერთს ახლო ალაგიდამ თუჯის მილებით გამოუყვანიათ წყალი და ქალაქის შუა ალაგზე ჩინებული, დიდი აუზი გაუკეთებიათ და ამჟამად იმდენი წყალია, რომ ორ ამოდენა ქალაქსაც კარგად ეყოფაო... ამ გარემოებას უნდა მივაწეროთ ისაო, ამბობს ჩვენი კორესპონდენტი, რომ ახალ-სენაკში ახლა უფრო მსწრაფლად მიდის სახლების შენებაო; თუმცა ომიანობას მოელიან, მაგრამ ეს არავის აშინებსო"... დამამახსოვრდა ალბათ იმიტომ, რომ ახალშექმნილი სამაზრო ცენტრისთვის, დამეთანხმებით, დიდად მნიშვნელოვანი და სასიკეთო სამუშაო ჩაუტარებია "უეზდის უფროს" ბერსს...
ახლახან ისევ წავაწყდი ამ გერმანულ გვარს და საოცარი ისტორიები აღმოვაჩინე. ნაწყვეტი ერთი პუბლიკაციიდან: - გამოდის მოწმე, რომლის გამოჩენისას დარბაზში უცებ ჩამოვარდა სიჩუმე. მოძრაობა და ჩოჩქოლი შეწყდა. ყველა სულმოუთქმელად ელის, რას იტყვის ის. მოწმე ახალგაზრდა, რუსი ქალია. პოლკოვნიკ ბერსის ცოლის მოახლე და მისი მესაიდუმლე. ქალი იწყებს ჩვენების მიცემას და კრიმინალური ამბავი რომანტიკულ ელფერს იძენს. ამბავში ჩნდება მთავარი გმირი, პოლკოვნიკ ბერსის ახალგაზრდა მეუღლე, 22 წლის ფატი ერისთავი, რომლის სილამაზის შესახებ მთელ საქართველოშია ცნობილი"... ცნობილია, რომ 1873 წელს სენაკის მაზრის მეხუთე უფროსად ინიშნება მაიორი ალექსანდრ ანდრეის ძე, მოსკოველი აზნაურის, მოსკოვის სასახლისა და მოსკოვის თეატრების ექიმის, ანდრეი ევსტაფის ძე ბერსის უფროსი ვაჟი. ალექსანდრეს გარდა, ანდრეის კიდევ ჰყავდა შვიდი შვილი: სოფია ბერსი-ტოლსტოისა (ლევ ტოლსტოის მეუღლე), ელიზავეტა ბერსი, ტატიანა ბერსი-კუზმინსკაია, სახელმწიფო მრჩევლები პეტრე და სტეპან ბერსები, ასევე ვლადიმერი და ვიაჩესლავი...
აღმოჩნდა, რომ ცნობილი რუსი მწერალი - ლევ ტოლსტოი ჩვენი მაზრის უფროსის დის - სოფია ანდრეის ასული ბერსის მეუღლე ყოფილა... ცნობილია, რომ ტოლსტოის საკმაოდ დიდი ხნით ადრე ჰქონდა საქართველოსთან შეხება, დაქორწინებამდე მსახურობდა კავკასიაში, აქ ცხოვრობდა და ჰყავდა მეგობრები, თანამოაზრეებიც... ამჯერად ტოლსტოის ცოლის ძმის საქართველოში ჩამოსვლა სავარაუდოდ, ალექსანდრ ბერსის მეორე დის - ტატიანას მეუღლის - ალექსანდრე მიხეილის ძე კუზმინსკის კავკასიაში სამუშაოდ გადმოყვანამ განაპირობა. მასზე წერენ, რომ იყო რუსი სამართალმცოდნე, შემდგომში სენატორი. კავკასიის სასამართლო უწყებაში დაინიშნა 1871 წელს ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი ტფილისის საოლქო სასამართლოში...
- სად და როგორ გაიცნო ბერსმა თავადის ასული ფატი ერისთავი?
- ანდრო ნიკოს ძე ჩიჯავაძის მემუარულ ჩანაწერებში ვკითხულობთ: "...ეს ბერსი გამოგზავნილი იყო საქართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე და მოხვდა გურიაში. აქ მას მოეწონა სილამაზით არა მარტო გურიაში განთქმული ფატი, ერისთავის ქალი... იმ დროში თუკი ქართველ ქალიშვილს თუნდაც წარჩინებული წოდებისას ვინმე უცხო გამოითხოვდა, მშობლები განუკითხავად ატანდნენ და ბედნიერადაც მიაჩნდათ ასეთი შეუღლება, ასე მოიქცნენ ფატის მშობლებიც. მათ ფიანდაზით მიართვეს ვიღაც ბერსს თავისი მზეთუნახავი..." უნდა ითქვას, რომ ოფიციალური დოკუმენტებით, იმ დროს ბერსი ნამდვილად იყო სენაკის მაზრის უფროსი და ცნობილი ოჯახის წევრი, თორემ ერისთავის ქალს მშობლები "ვიღაცას" არ მიათხოვებდნენ... 1874 წლის იანვარს 30 წლის მაიორმა ალექსანდრ ბერსმა და 18 წლის თავად დიმიტრი ერისთავის ულამაზესმა ასულმა - ფატიმ (ფატმანმა) იქორწინეს ნატოჩაოს წმ. გიორგის ეკლესიაში. წყვილს ჯვარი დაწერა ბლაღოჩინმა მღვდელმა ნიკოლოზ კალანდარიშვილმა...
საინტერესოა ლევ ტოლსტოის მილოცვის ბარათი: "საშა ...მე მთელი სულითა და გულით მიყვარს შენი საცოლე, ალბათ უკვე ცოლი. მე მიზიდავს მისი სილამაზეც, ახალგაზრდობაც და წარმოშობაც - ეს მნიშვნელოვანია და კავკასია და შენი სიყვარული მის მიმართ... ნახვამდის, მომწერე ჩქარა და დაწვრილებით, და ჩემგან აკოცე ხელზე შენს საყვარელ ფატის და წარუდგინე მას ჩემი თავი ისე, რომ შემიყვაროს... დაწვრილებით მომწერე ოჯახთან ურთიერთობაზე..."
1875 წლის ნოემბერში საშა და ფატი სტუმრობდნენ დისა და სიძის ოჯახს იასნაია-პოლიანაში. მეგობართან გაგზავნილ ტოლსტოის წერილში საინტერესო ინფორმაციებია შემორჩენილი: "...საშა დაქორწინებულია ულამაზეს და უსაყვარლეს თავად ერისთავის ასულზე. ის ცოლთან ერთად ამ ზამთარს იყო ჩვენთან და ჩვენ ძალიან შეგვიყვარდა ის. ქუთაისის გუბერნიაში მაზრის უფროსია და ჩანს კარგად მოეწყო და იმედი აქვს, კიდევ უკეთ მოეწყობა. მისი მისამართია ქუთაისის გუბერნია, სენაკი..."
მართლაც, ფატი ერისთავი ისეთი ლამაზი იყო, ამბობენ, მისი სურათი საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო გამოფენილი... მისი ანგელოზისებრი სილამაზით აღფრთოვანებული იყო მიხაი ზიჩიც, ცნობილი უნგრელი მხატვრის მიერ ლერმონტოვის "დემონის" მიხედვით დადგმულ ცოცხალ სურათებში ერთ-ერთ ქერუბიმს ფატი განასახიერებდა... ერისთავის ასულის თაყვანისმცემელთა რიგებში იყო ახალგაზრდობისას კონსტანტინე (კოწია) დავითის ძე ერისთავი - გურული თავადიშვილი, გიორგი XIII ასულის - ნინოსა და გრიგოლ დადიანის შვილიშვილი, შემდეგში გურიის თავადაზნაურთა მარშალი, მწერალი, დრამატურგი, სწორედ მას მიუძღვნა ქართველმა დენდიმ, კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის პოპულარულ სიმღერად ქცეული ლექსი: "ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავილი"... მიუხედავად ამისა, ჩანს, თავიდან ფატი გულგრილი იყო კონსტანტინეს მიმართ და რუსი სახელმწიფო მოხელე არჩია ქმრად, თუმცა შემდეგ მისმა სიყვარულმა ლამის ციხეში ამოაყოფინა თავი კოწია ერისთავს, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.
მაზრის უფროსად მუშაობის ექვსი წლის შემდეგ, ალექსანდრ ბერსი ტოვებს ახალ სენაკს. უმშვენიერეს მეუღლესა და ახალშეძენილ ვაჟ ანდრეისთან ერთად ბათუმში გადადის საცხოვრებლად, რადგანაც 1879 წელს ინიშნება ბათუმის ქალაქისთავად...
- ფატი ერისთავისა და კონსტანტინე (კოწია) ერისთავის სიყვარულის ამბავს დავუბრუნდეთ...
- 1883 წლის მაისში ქუთაისში გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც ბათუმში 1882 წლის 8 სექტემბერს გაძარცვისა და მკვლელობის განზრახვისათვის დაკავებული კონსტანტინე ერისთავი გაამართლეს. გაზეთ "დროების" 31 მაისის ცნობით: "მართლმსაჯულებამ აღადგინა ჭეშმარიტება: კოწია ერისთავი და ძმანი შაშიკაშვილები გაამართლეს. საზოგადოება აღტაცებაშია სამსჯავროს განჩინებისაგან და ვექილი გორდიევსკის სიტყვით, ეხლა ყველამ შეიტყო რა მდაბალის სულის გმირებმა შეთხზეს ეს დრამა..." - "მდაბალი სულის გმირებში", ვფიქრობ, ბათუმის ქალაქისთავი ბერსი იგულისხმება... პოლკოვნიკ ბერსის ახალგაზრდა მეუღლეს, 22 წლის ფატი ერისთავს და თავად კოწია ერისთავს, "23 წლის შნოიან, ტანწვრილ, მარდ ახალგაზრდას თავისი მიხვრა-მოხვრით რომ იზიდავდა მაყურებელთ თვალს", უყვარდათ ერთმანეთი. ფატი ერისთავი ხშირად ერთგულ მოახლეს ატანდა კოწიასთან წერილებს და მასვე სთხოვდა გაერკვია, ჰქონდა თუ არა თავადს სხვა ქალებთან კავშირი. პოლკოვნიკმა ბერსმა ამის შესახებ გაიგო და აქამდე სასურველ სტუმარს, ახალგაზრდა თავადს სახლში მისვლა აუკრძალა. შეყვარებულთა შეხვედრები შეწყდა...
ამის შემდეგ კოწია ერისთავმა წერილი გაუგზავნა ფატის ნაცნობის ხელით და 8 სექტემბერს, გამთენიისას, შეხვედრა დაუთქვა. ფატისგანაც თანხმობა მიიღო, მაგრამ საბოლოოდ თავადი ერისთავი ბერსის დაგებულ მახეში გაება. საიდუმლო პაემანზე მისულს ბერსმა სახლი პოლიციელებით სავსე დაახვედრა, მას და მის თანმხლებ მეგობრებს მკვლელობასა და ძარცვაში დასდეს ბრალი, ერისთავს კი არ შეეძლო ეთქვა, რა უნდოდა ქალაქის უფროსის სახლში გამთენიისას. იგი ამბობდა, რომ ბერსთან უსიამოვნება მოუვიდა და თავად ქალაქის უფროსმა დაიბარა ამ დროს, - მოდი, მოვილაპარაკოთო. ამიტომაც მივედი კაცებითო, - ირწმუნებოდა... სიმართლე კი მას შემდეგ გამოაშკარავდა, როცა სხდომაზე გამოცხადდა მოწმე - ახალგაზრდა რუსი ქალი, პოლკოვნიკ ბერსის ცოლის მოახლე და მისი მესაიდუმლე. მოახლემ სასამართლოზე გაამჟღავნა ფატისა და კოწიას სიყვარულის ამბავი და ისიც გაიხსენა, როგორ გაიგონა ერთხელ ოთახიდან ბერსის ხმამაღალი ტირილი და ფატის ხმა: "მაპატიე, საშა".
1883 წლის 31 მაისს, დაახლოებით ცხრა თვის ძიების შემდეგ, სასამართლომ თავადი კოწია ერისთავი და მისი თანმხლებნი გაამართლა, თუმცა ამ დროისათვის ფატი და მისი მეუღლე უკვე საქართველოში არ ცხოვრობდნენ.
არსებობს ილია ნაკაშიძის მეუღლის, ნინო ნაკაშიძის მოგონებების წიგნი "ლევ ტოლსტოის ახლოს", სადაც ჩანს, როგორი განაწყენებულია ლევ ტოლსტოის მეუღლე სოფია ანდრეევნა ყოფილ რძალზე და ფატისადმი გამოწვეული სიძულვილი მთლიანად ქართველებზე გადააქვს. აი, რას ეუბნება სტუმრად მყოფ ნინოს: "უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართველები არ გვიყვარს. თქვენ უთუოდ იცით, რომ ჩემი ძმის, ბერსის ცოლი - ფატი ერისთავი იყო და რა სიკეთე ვნახეთ იმისგან?" ის, თითქოს ტოლსტოის ქართველები არ უყვარდა, დაუჯერებელია, რადგან მას ჰყავდა რამდენიმე ქართველი მეგობარი, ჰქონდა მათთან გულთბილი მიმოწერა და ურთიერთობები. ზედმეტია ლაპარაკი მის ზოგად დამოკიდებულებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის ცოლს, სოფია ანდრეევნას, ადამიანურად გასაგებია მისი გულისტკივილი, საყვარელი ძმის ბედით გამოწვეული.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, როგორც ჩანს, ბერსმა აპატია ცოლს ეს სასიყვარულო სკანდალი. გავლენიანი ნათესაობის წყალობით, 1882 წელს ორლოვის ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა და ოჯახით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ, 1883 წელს დაიბადა მათი უმცროსი ვაჟიშვილი ალექსანდრე. ეს ცნობა დაცულია ორლოვის გუბერნიის "ადრესკალენდარში". სხვათა შორის, ფატი ერისთავი რუსულ წყაროებში მატრონადაც მოიხსენიება.
დავუბრუნდეთ ისევ ანდრო ჩიჯავაძის მემუარულ ჩანაწერებს: "ბერსმა ცოლი ჩაიყვანა რუსეთში და თავის წრეში გაატარ-გამოატარა დიდის სიამაყით, ფატის იმ წამსვე ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა. ქალი გაერთო საზოგადოებაში, კარგა ხანს თავი შეიკავა და ბოლოს მიატოვა ეს მაჭანკლობით ნაპოვნი ქმარი და გადაჰყვა გატაცებით ვიღაც მასზე შეყვარებულ პიროვნებას..."
ანდრო ჩიჯავაძე რომ ტენდენციურად აფასებს ამ ამბავს, ცხადია, რასაც ფატის შემდეგი საქციელი ადასტურებს: ერისთავის ქალს არც კოწია უყვარდა და არც ბერსი. სულ მალე სკანდალი ისევ განმეორდა, ამჯერად ფატი-მატრონას შეურაცხყოფილმა ქმარმა 1884 წელს, ეჭვიანობის ნიადაგზე დუელში გამოიწვია და მძიმედ დაჭრა ლორის მელიქოვის ადიუტანტი სერგეი ალექსის ძე პისარევი (1855-1909), რის შემდეგაც ფატი ერისთავი და ალექსანდრ ბერსი განქორწინდნენ და ის 1887 წელს ცოლად გაჰყვა იმავე პისარევს. მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. ფატი გარდაიცვალა მეორე ქორწინებიდან 11 წლის შემდეგ, 36 წლისა.
სენაკის მაზრის ყოფილი უფროსი, რომელსაც ჩვენს პატარა ქალაქში 6 წლის განმავლობაში მუშაობისას რამდენიმე კარგი საქმე გაუკეთებია, 1893 წელს გათავისუფლდა სახელმწიფო სამსახურიდან, ცხოვრობდა მოსკოვში, ტოლსტოების ყოფილ სახლში, რომელიც მემკვიდრეობით ერგო... ბერსი დაქორწინდა კოლეჟსკი ასესორის ქალიშვილზე - ანნა მიტროფანოვაზე. მასთან ჰყავდა ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი.
მანანა გაბრიჭიძე