სკანდალური ვარაუდი: იაპონიაც დაბომბეს... მეორე მსოფლიოს ომში კაპიტულაციიდან 79 წლის შემდეგ - ურევია თუ არა ამ საქმეში აშშ-ის ფარული ხელი? - კვირის პალიტრა

სკანდალური ვარაუდი: იაპონიაც დაბომბეს... მეორე მსოფლიოს ომში კაპიტულაციიდან 79 წლის შემდეგ - ურევია თუ არა ამ საქმეში აშშ-ის ფარული ხელი?

რუსეთ-უკრაინის ომში თუ ირან-ისრაელის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, აღარავის უკვირს მათ მიერ ერთმანეთის სამხედრო აეროდრომებსა და სამოქალაქო აეროპორტებზე საჰაერო შეტევების მიტანა და საავიაციო ბომბების ჩამოყრა...

მაგრამ, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შორეული, მშვიდობიანი იაპონიის აეროპორტში საავიაციო ბომბი ფეთქდება და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც იდება, მაშინ რაღა უნდა იფიქრო, იაპონიაც დაბომბეს მეორე მსოფლიოს ომში, კაპიტულაციიდან 79 წლის შემდეგ?

1-iapo-1727945888.png
შვიდი მეტრის სიგრძის, ოთხი მეტრის სიგანისა და ერთი მეტრის სიღრმის კრატერი, რომელიც იაპონური მიაძაკის აეროპორტის სამანევრო ბილიკზე გაჩნდა, მიწისქვეშ „მიძინებული“ ამერიკული ბომბის მოულოდნელი აფეთქების შედეგად...

როგორც გაირკვა, ეს ვარაუდი ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდა - იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარე მიაძაკის აეროპორტის სამანევრო ბილიკზე, რომლის გავლითაც ლაინერები მთავარ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე გადიან, მოულოდნელად ძლიერი აფეთქება მოხდა და აეროპორტის შენობაზე დაყენებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჰაერში სამ ათეულ მეტრამდე აყრილი ასფალტის ნაჭრები...

აფეთქებას, საბედნიეროდ, არავინ დაუზარალებია, რადგან ამ მომენტში ახლოს არ იმყოფებოდა რომელიმე სამგზავრო თვითმფრინავი.

შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიულ სამსახურებს დახვდათ შვიდი მეტრის სიგრძის, ოთხი მეტრის სიგანისა და ერთი მეტრის სიღრმის კრატერი.

იაპონელი გამნაღმველების გაანგარიშებით, სამანევრო ზოლის ასფალტის ქვეშ აფეთქდა 227 კგ კალიბრის საავიაციო ბომბი...

მაგრამ ვის შეეძლო დაებომბა იაპონიის ეს სამოქალაქო აეროპორტი?

რა თქმა უნდა, მხოლოდ... ამერიკელებს!

2-iap-1727947889.png
მიაძაკის აეროპორტის სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული აფეთქების მომენტი...

ოღონდ, არა ახლა, არამედ, ზუსტად 80 წლის წინ, 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ-სა და იაპონიის იმპერიას იმ დონის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ ამერიკელებმა იაპონელები ბოლოს არ დაინდეს და ორი ატომური ბომბის აფეთქებით დასაჯეს, ჰიროსიმასა და ნაგასაკში...

მიაძაკის აეროპორტის ადგილზე პირველი აეროდრომი ჯერ კიდევ 1943 წელს აშენდა და მას სავარჯიშო პოლიგონად იყენებდა იაპონიის საიმპერატორო ფლოტი, ხოლო ომის დასასრულისთვის სწორედ აქედან ფრინდებოდნენ იაპონელი კამიკაძეები...

სწორედ ის ნამდვილი მფრინავი-კამიკაძეები, რომელთა თავის შეწირვით მაშინდელმა ტოკიომ სცადა ამერიკასთან წაგებისკენ მიმავალ ომში მცირე გარდატეხა მაინც შეეტანა და ამერიკული ავიამზიდები ჩაეძირა.

იაპონელი მფრინავი-კამიკაძეების შემდეგ თანამედროვე ომებში ახალი კამიკაძეები გამოჩნდნენ, ოღონდ უკვე დრონი-კამიკაძეების სახით, თუმცა მათი მოქმედების პრინციპი უცვლელი დარჩა...

როგორც ჩანს, გაარკვია თუ არა ამერიკულმა სამხედრო დაზვერვამ, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს მათი ავიამზიდების ჩაძირვის მიზნით, იაპონელი მფრინავი-კამიკაძეები იაპონიის სამხრეთ ნაწილიდან, მიაძაკის აეროდრომიდან ფრინდებოდნენ, თავისი ავიაციით დაიწყო ამ ადგილების მასობრივი საჰაერო დაბომბვები, რომლის დროსაც, ძირითადად, სწორედ 500-ფუნტიან ანუ 227 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს იყენებდნენ...

3-iap-1727947834.png
იაპონელმა გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილი გამოიკვლიეს და არცთუ უსაფუძვლოდ შიშობენ, რომ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ასეთი „მიძინებული“ საავიაციო ბომბები შეიძლება, აეროპორტის ძირითადი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ქვეშაც კი იყოს...

ბევრი ბომბი მიწაზე დაცემისას არ ფეთქდებოდა და მის სიღრმეში ჩადიოდა, ხოლო მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი მცირე ღრმულები დროთა განმავლობაში ივსებოდა და უკვე ვერავინ მიაგნებდა ორ-ოთხ მეტრ სიღრმეში „ჩამალულ“ აუფეთქებელ და, შესაბამისად, „ნელი მოქმედების ნაღმად“ გადაქცეულ ამ ბომბებს...

ამიტომაც, როდესაც ყოფილი სამხედრო აეროდრომის ადგილას მიაძაკის აეროპორტი ააგეს, ასფალტირებული და ბეტონირებული ბილიკები იქაც გაიყვანეს, რომლის ქვეშაც მეორე მსოფლიო ომის გამოძახილს - აუფეთქებელ ამერიკულ საავიაციო ბომბებს „ეძინათ“...

რამ გამოიწვია რვა ათეული წლის შემდეგ ამ „მიძინებული“ ამერიკული ბომბის „გამოღვიძება“ მიწის ქვეშ, თუკი იმ მომენტში მის თავზე, ასფალტირებულ ბილიკზე, მძიმე სამგზავრო თვითმფრინავს არ გადაუვლია?

ძნელი სათქმელია. იმის მტკიცება, რომ ამ ამერიკულ საავიაციო ბომბებზე შენელებული მოქმედების საათიანი დეტონატორები ეყენა და „ზარი“ 80 წლის შემდეგ „დაირეკა“, ტექნიკურადაც არარეალურია...

4-iap-1727947628.png
ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-29 „სუპერ მფრინავი ციხესიმაგრე“ და ის საავიაციო ბომბები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის კუნძულებს „უხვად“ აყრიდნენ...

აღსანიშნავია, რომ ამავე იაპონური აეროპორტის მიდამოებში 2011 წელსაც აღმოუჩენიათ მიწაში ჩაფლული, მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი აუფეთქებელი ამერიკული საავიაციო ბომბები და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ, უფრო სწორად კი, საშინელ დღეს, ასეთივე „მძინარე“ ამერიკულმა ბომბმა მოულოდნელად არ „გაიღვიძოს“ უშუალოდ მთავარი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ქვეშ, მორიგი სამგზავრო ლაინერის აფრენის მომენტში...

P.S. ისე, რაღა შორეულ იაპონიაში ვარჩიოთ საქმე, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აგრესორი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყრილი რამდენიმე ასეული ბომბიდან ათეულობით არ აფეთქდა და დღესაც მიწაშია „მიძინებული“, განსაკუთრებით კი ქუთაისის კოპიტნარის აეროდრომის სამხრეთ ნაწილის ჭაობიან ნიადაგში - ომის შემდეგ ქართველმა გამნაღველებმა მიწაში ჩასული აუფეთქებელი რუსული საავიაციო ბომბების გარკვეული ნაწილი აღმოაჩინეს და ადგილზევე გააუვნებელჰყვეს, მაგრამ აუცილებლად დარჩებოდა მიუგნებელი აუფეთქებელი საავიაციო ბომბებიც...