"ყოველთვის მინდოდა, ფული მქონოდა, მაგრამ არ მქონდა. როდესაც გავიზარდე, ფიზიკურად ვშრომობდი. ძალიან მტანჯველი ცხოვრება მაქვს გამოვლილი" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მინდოდა, ფული მქონოდა, მაგრამ არ მქონდა. როდესაც გავიზარდე, ფიზიკურად ვშრომობდი. ძალიან მტანჯველი ცხოვრება მაქვს გამოვლილი"

"წუწუნა ადამიანი თითქმის ყველას ჰყავს სამეგობროში ან სანათესავოში... ზოგს წუწუნი კარგად აქვს "დაცდილი".

"ერთხელ ჭიქები წამექცა და გოგონებს კაბაზე ლუდი გადავავლე, მაგრამ ძალიან ჯიგრები აღმოჩნდნენ, ყველაფერი თავად გადაიხადეს და მითხრეს, - ალბათ, ახალი ხარ, არ ინერვიულოო..."

"ახალი შაბათის შოუს" მსახიობსა და სცენარისტს - მიშო თაბაგარს საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მართალია, თავად ამაზე საუბარი დიდად არ სიამოვნებს - გახსენებაც კი ტანჯვას მგვრისო, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დავითანხმეთ...

- 1992 წელს დავიბადე. ფინანსური თვალსაზრისით, ცოტა გაჭირვებულად ვცხოვრობდით. ყოველთვის მინდოდა, ფული მქონოდა, მაგრამ არ მქონდა. როდესაც გავიზარდე, მივხვდი, დამოუკიდებლად უნდა მეცხოვრა და თავად შემეძლო, ფული მეშოვა... ფიზიკურად ვშრომობდი. ძალიან მტანჯველი ცხოვრება მაქვს გამოვლილი (იცინის)... ფული საჭიროა, ოღონდ - ბევრი არა. გარდატეხის ასაკში ფულს სხვა რომ გაძლევს, ძალიან ცუდია. ჯობია, თავად გამოიმუშაო, ასე მის ყადრს უფრო მიხვდები. ჯობია, თავად იწვალო, იშრომო და შენი ნაშრომი სურვილისამებრ დახარჯო.

- როდის გადაწყვიტეთ, რომ გემუშავათ? ამისთვის რა გზა იპოვეთ?

- ჩემი პირველი სამსახური მიმტანობას უკავშირდება: ჩემი ნათლია ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი იყო. პირველი სამსახური მარტივად ვიშოვე - ნათლიამ მიმტანად ამიყვანა, ოღონდ - არანაირი პრივილეგია არ მქონია. სხვების მსგავსად, ჩვეულებრივი თანამშრომელი ვიყავი. მაშინ 17 წლის გახლდით. მივხვდი, მიმტანობა ძალიან რთული საქმეა. ყველას ვურჩევ, როცა ისეთ ადგილას შედიან, სადაც გემსახურებიან, პერსონალს გულთბილად მოეპყარით, მათი შრომა გაითვალისწინეთ.

- თავად რა სირთულეებს აწყდებოდით?

- საერთოდ, ხალხთან ურთიერთობაა რთული: ზოგი გულთბილად გეპყრობა - იცის, როგორია მიმტანის პოზიციაზე მუშაობა, რა შრომაა "ჩადებული", ზოგმა ეს არ იცის და ცოტათი უხეშად გესაუბრება, მაგრამ თავი უნდა შეიკავო. ძირითადი სირთულე ეს არის, თორემ ზოგადად, ვინმეს მომსახურება სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით - კარგ საქმეს აკეთებ, რაც დასაფასებელია.

- გქონიათ შემთხვევა, როცა უსაქციელო სტუმრის გამო, მოთმინების დაკარგვის ზღვარზე იყავით?

- ასეთი შემთხვევა არ მქონია, პირიქით - ერთხელ ჭიქები წამექცა და გოგონებს კაბაზე ლუდი გადავავლე, მაგრამ ძალიან ჯიგრები აღმოჩნდნენ, ყველაფერი თავად გადაიხადეს და მითხრეს, - ალბათ, ახალი ხარ, არ ინერვიულოო...

- თქვენი პირველი ხელფასი რა თანხას შეადგენდა?

- თვიური ანაზღაურება 700-800 ლარს შეადგენდა. მაშინ ეს კარგი თანხა იყო, დღეს კი 100 ლარივითაა...

- გახსოვთ, პირველი ხელფასი რაში გამოიყენეთ?

- ეს ზუსტად მახსოვს: სენსორიანი ტელეფონი ვიყიდე. ძალიან მიხაროდა!.. კარგი შეგრძნებაა, როცა ფულს შენი შრომით შოულობ და იმაში ხარჯავ, რაც გინდა.

- მიმტანად რამდენ ხანს იმუშავეთ?

- დაახლოებით წელიწად-ნახევარი. შემდეგ ბევრგან ვიმუშავე... ბოლოს სწრაფი კვების ობიექტში დავსაქმდი. ეს ძალიან დამღლელი სამსახურია, რადგან სწრაფად მუშაობა გიწევს, მაგრამ ანაზღაურება ცუდი არ არის. სტუდენტებს იქ მუშაობას ვურჩევ, რადგან რაღაცნაირად, ხელს გიწყობენ, შენზე მორგებული გრაფიკი გაქვს... თავად იმ დროს სტუდენტი არ ვყოფილვარ. ასე რომ, ჩემს თავზე ბევრ რამეს ვიღებდი, სამუშაო ცვლებს "ვაბამდი" და ვიტანჯებოდი... ახლაც, ამ ყველაფრის შესახებ რომ მეკითხები და ვიხსენებ, მაგრად ვიტანჯები (იცინის)... იქიდან რომ წამოვედი, ვიდეო გადავიღე: აი, საიდან მოვდივარ-მეთქი, რომ ცხოვრებაში თავში არაფერი ამივარდეს. მგონი, არც ამვარდნია... იქ მუშაობა რთული კი არ არის, უბრალოდ, თავად "გადაბმული" რეჟიმით ვმუშაობდი, რადგან მაშინ ახალი დაოჯახებული ვიყავი. ასეთ დროს სახლში ბევრი რამე გჭირდება, მერე - ბავშვი... რაც შემეძლო, იმაზე მეტსაც კი ვაკეთებდი.

- სწრაფი კვების ობიექტში მუშაობამდე, კიდევ რა სამუშაოები შეგისრულებიათ?

- პურის ქარხანაში მიმუშავია, დაჭრილი პურების შეფუთვაზე. კიდევ, ქვაფენილის ფილების ჩამოსხმაზე ვმუშაობდი. ეს ჩემს სამსახურებს შორის ყველაზე რთული იყო, მაგრამ არაფერი მეთაკილებოდა, რადგან ჩემი აზრით, როცა ოჯახს რამე სჭირდება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

- საქმეს ადვილად აუღეთ ალღო?

- ყველაფერს ადგილზევე გასწავლიან 2-3 დღეში, განსაკუთრებული გადამზადება არ გჭირდება. მალევე ავუღე ალღო. არ ვტრაბახობ, მაგრამ სადაც მიმუშავია, ყველგან საუკეთესო თანამშრომელი ვიყავი.

- "ახალი შაბათის შოუში" ცხოვრების რომელ ეტაპზე მოხვდით?

- როცა სწრაფი კვების ობიექტში ვმუშაობდი, პარალელურად, "ახალი შაბათის შოუში" გამოსაცდელი პერიოდი გავიარე. როცა გუნდში ამიყვანეს, სწრაფი კვების ობიექტიდან წამოვედი.

- მანამდე ორივეგან მუშაობას როგორ ახერხებდით?

- ჯერ ტელევიზიაში მივდიოდი, ხოლო სწრაფი კვების ობიექტში საღამოს ცვლაში ვმუშაობდი. ასე 1 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. გამიმართლა და "ახალი შაბათის შოუში", ძალიან კარგ ხალხთან მოვხვდი. ალბათ, ჩემი ნიჭიერებაც შეამჩნიეს და გუნდში ამიყვანეს.

- იმ პერიოდში, დაზარების, დაღლილობის განცდა არ გქონიათ? ძალას რა გაძლევდათ?

- საერთოდ, ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი აზრით, ადამიანი მაშინ იღლება, როცა იმ საქმეს აკეთებს, რაც არ მოსწონს და გულით არ აკეთებს... იმ დროს ჩემი შვილი პატარა იყო. როცა იცი, შეიძლება, ისეთ სამსახურში მოხვდე, როგორზეც ოცნებობდი, არც ფიზიკურად დაიღლები, არც - გონებრივად. ყველაფერს სიხარულით ვაკეთებდი, რადგან სტიმული მქონდა. გონებაში მიტრიალებდა, რომ უეჭველად იქ მოვხვდებოდი, სადაც მინდოდა. ამაში ყველანაირი შრომა "ჩავდე", მაგრამ არ დავღლილვარ, რადგან ჩემი ოჯახი, მეუღლე, შვილი სტიმულს მაძლევდნენ. ვიცოდი, საქმე კარგად რომ არ გამეკეთებინა, იქ ვერ მოვხვდებოდი, სადაც მინდოდა.

- მანამდე იუმორის სფეროში რა გამოცდილება გქონდათ?

- მანამდე მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ვიყავი, "ქლაბ შოუშიც" ვმონაწილეობდი... 16-17 წლიდან სცენასთან, იუმორთან დიდი კავშირი მქონდა. უბრალოდ, ტელევიზიაში არ ვიყავი - იქ მეგობრები მყავდა, რომლებმაც რეკომენდაცია გამიწიეს.

- ტელევიზიაში მუშაობა მიზნად გქონდათ დასახული, მაგრამ შემოსავლის გამო, სხვადასხვა ადგილას მუშაობდით?

- ტელევიზიაში მოხვედრა მიზნად არ დამისახავს. უბრალოდ, როცა შემომთავაზეს და გამოსაცდელი ვადა მომცეს, მიზანი და სტიმულიც მომეცა. ისე, იუმორის მხრივ, ტელევიზიაში მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის არ მიბრძოლია. ვერ ვიბრძოდი, რადგან ვმუშაობდი, რათა ოჯახში რაღაც შემეტანა...

- თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ კოლეჯში მონტაჟსა და კინორეჟისურას ეუფლებოდით...

- უბრალოდ, მინდოდა, ასეთი რაღაც მესწავლა, მომწონდა. განცხადება ვნახე, მივედი და 1 წელი ვისწავლე. მიღებული ცოდნა ცხოვრებაში არასოდეს გამომიყენებია.

- ამის მიზეზი რა არის?

- სწავლის დასრულების შემდეგ, ჭიათურაში წავედი. იქ ამ საქმეს ვერ გამოვიყენებდი... გარკვეული პერიოდი იქ ვიცხოვრე.

- ჭიათურაში დაიბადეთ?

- დიახ. დიდი დრო თბილისში გავატარე. სკოლა რომ დავამთავრე, ისევ ჭიათურაში წავედი... 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი. სკოლის დამთავრებამდე ძალიან ნატანჯად მივედი. ზოგან ფრანგულ ენას ვსწავლობდი, ზოგან - ინგლისურს... შედეგად, ცხოვრებაში სულ ავირ-დავირიე... ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია. ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ალბათ, ცხოვრებაში ამიტომ მიმართლებს.

- საცხოვრებელი ადგილების, სკოლების ხშირი ცვლილება რამ განაპირობა?

- ფინანსურმა სიტუაციამ. როგორც აღვნიშნე, რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი: ხან სად ვცხოვრობდი, ხან - სად, ნაქირავებში...

- დღესდღეობით, თქვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება? რამე სისუსტე თუ გაქვთ, რაშიც შეგიძლიათ, დიდი თანხა "გაისროლოთ"?

- ძირითადად, ფულს ჩემი შვილის განათლებაში ვხარჯავ. შემოსავალს მას უფრო ვახმარ, ვიდრე საკუთარ თავს. საერთოდ, შვილებში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. შვილი ყველაზე კარგია, ვინც კი ცხოვრებაში გამაჩნია. ამიტომ ბევრ რამეზე დამყავს, ვამზადებ... დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია: რომელი მოდელის ტელეფონი მექნება, მნიშვნელობა არა აქვს. ასეთ რაღაცებში ფულს არ ვხარჯავ, რადგან რაც მაქვს, მყოფნის. თუ "ზედმეტი" თანხა გამომიჩნდება, შეიძლება, საკუთარი თავი გავამხიარულო, რაღაც ვაჩუქო...

- მას შემდეგ, რაც საკუთარი შემოსავალი გაქვთ, ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ?

- არა. ისე არ ვყოფილვარ, რომ მეთქვას, - ვაიმე, ახლა რა მეშველება-მეთქი?.. 1 თვე "გავიჭედე", მაგრამ ტატუს ოსტატადაც ვმუშაობ და გარკვეული შემოსავალი ამ საქმიდანაც მაქვს.

- ტატუს ოსტატად მუშაობა როდის დაიწყეთ?

- როცა "ახალი შაბათის შოუში" მოვხვდი. ამისთვის შინ ერთი კუთხე მოვაწყვე. მეგობრები დამეხმარნენ, კომპანიებისგან საჩუქრები მივიღე...

- ისეთი საქმე შეგისრულებიათ, რომელიც არ მოგწონდათ და მხოლოდ ფინანსური ინტერესის გამო მუშაობდით?

- აუ, ფილების ცენტრში რომ ვმუშაობდი, საერთოდ არ მომწონდა, მაგრამ როცა საქმეა, გულით უნდა აკეთო. 1 ტონა ცემენტი ტომრებით იმიტომ უნდა ჩამოგეზიდა, რომ უბრალოდ, დილით "გახურებულიყავი"... გეხვეწები, ამაზე აღარ მკითხო (იცინის)!..

- დაახლოებით 1 თვეა, რაც სოციალურ ქსელში თქვენი ახალი პერსონაჟი - წუწუნა კაცი გამოჩნდა. ასეთ ადამიანს რეალურად იცნობთ?

- ვიცნობ, არსებობს. უბრალოდ, ვერ გეტყვით ჩემი ვინ არის, თორემ "ერთი ერთში" ვასახიერებ. არც უჭირს, არც ძალიან შეძლებულია, მაგრამ სულ წუწუნებს, რა. პერსონაჟის შექმნის ინსპირაცია ამ პიროვნებიდან წამოვიდა.

- პერსონაჟში საკუთარი თავი ჯერ არ ამოუცნია?

- მანაც ამოიცნო და კიდევ ბევრმაც (იცინის). კარგი კაცია, ხუმარა... "სიგარეტი ხომ არ გაქვს?" - ეს ფრაზა თავად დავამატე. თვითონ სიგარეტს ასე ხშირად არ ითხოვს. კომენტარებში ბევრი წერს ხოლმე - რამდენ ადამიანს მოვნიშნავდიო!.. ასეთი წუწუნა ადამიანი თითქმის ყველას ჰყავს სამეგობროში ან სანათესავოში... არსებობს ხალხი, ვინც წუწუნებს, რადგან ეს კარგად აქვთ "დაცდილი"...

- თავად როგორ გაქვთ წუწუნი "დაცდილი"?

- ერთი რომ წავიწუწუნო, 2 იმდენი აღარ მექნება, რაც მანამდე მქონდა - კარგად არ მაქვს "დაცდილი". შევნიშნე, რომ მაგალითად, გახარებული ვინმეს ვეუბნები, - ამას ვაპირებ, ეს უნდა გავაკეთო, 2-3 დღეში ეს საქმე უნდა გამოვიდეს-მეთქი, არ არსებობს, გამომივიდეს. არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ უკვე არავის არაფერს ვეუბნები.

- დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნეებს რას ურჩევთ?

- ამაზე ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ: ვისაც რამე საქმის წამოწყება უნდა, ვურჩევ, დამოუკიდებლად, მხოლოდ თავად გააკეთოს. შეიძლება არ გამოუვიდეს, მაგრამ საქმე სხვასთან ერთად არ დაიწყოს, რადგან რაც უფრო მეტი ხალხია, შანსიც მეტია, რომ რაღაც "ისე" ვერ გამოვიდეს, ცუდად დამთავრდეს და ვიღაცები დაკარგო. ჯობია, თავად იწვალო, თავად გააკეთო, პატარა ბიზნესი გქონდეს... ერთხელ არაფერი გამოგივა? ნერვები არავისზე არ მოგეშლება. მეორედ, მესამედ არ გამოგივიდა? მეოთხედ გამოგივა!.. სხვასთან ერთად დაწყებულ საქმეში თუ რამე სათანადოდ არ წარიმართა, ის შენ დაგადანაშაულებს, შენ - მას და ერთმანეთს დაკარგავთ. მქონდა შემთხვევა, როცა მეგობართან ერთად საქმე წამოვიწყე. ის არ გამოვიდა, რაც უნდა გამოსულიყო. მე მასზე დამწყდა გული, მას - ჩემზე. ისე მოხდა, რომ "დავიკარგეთ". ამიტომ ჯობია, მეგობარი მეგობრად გყავდეს, საქმეს კი მარტომ მიხედო. გარკვეულ სიტუაციებში, დახმარების მიღება შეიძლება, რა თქმა უნდა... სამსახურის დაწყებას რაც შეეხება, თავად სცადონ, თავად მივიდნენ, იწვალონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმარტივეს მიეჩვევიან და როცა რამე არ გამოუვათ, საკუთარ თავზე "დაიგრუზებიან".ჯობია, მიზანს რთულად მიაღწიო და მერე იყო კარგად...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"