ვინ იქნება "პოლიტიკური გენოციდის" შემდეგი მსხვერპლი? "ვის სიკვდილი და ვის - გადარჩენა"? - რა გადაწყვეტილებას მიიღებს  რუსეთის დიქტატორი? - კვირის პალიტრა

ვინ იქნება "პოლიტიკური გენოციდის" შემდეგი მსხვერპლი? "ვის სიკვდილი და ვის - გადარჩენა"? - რა გადაწყვეტილებას მიიღებს  რუსეთის დიქტატორი?

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გვარს არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, თუ ინტერვიუ–ბრიფინგებზე არ ახსენებდა და დამცინავად ნათლავდა მას: "ბერლინელ პაციენტად", "რუს ბლოგერად", "ამ ფიგურანტად", "ერთ-ერთ მოქალაქედ" და ა.შ.

2020 წლის დეკემბერში მასმედიასთან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა, მისთვის ჩვეული ორაზროვნებით განაცხადა: "ბერლინელი პაციენტის" მოკვლა რომ გვდომოდა, საქმეს ბოლომდე მივიყვანდითო. აი, აქ კი ნამდვილად არ ტყუოდა რუსეთის დიქტატორი! უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც პუტინის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ოპონენტების და მისთვის არასასურველი პირების თავიდან მოცილების ყველა ხერხი მისაღებია და მისი ვასალები "წარმატებით" ასრულებენ დავალებებს.

გავიხსენოთ, რომ ნავალნიზე „ნადირობა“ ახლა არ დაწყებულა: ჯერ კიდევ 2020 წლის 20 აგვისტოს უგონოდ მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვითმფრინავიდან პირდაპირ რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ ნავალნი მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. მისი პრესმდივანი კირა იარმიში თავიდანვე აცხადებდა, რომ ნავალნი მოწამლეს: "ჩაის გარდა არაფერი დაულევია. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე... გონება დაკარგა". გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანილი ა. ნავალნის მოწამვლა მალევე დადასტურდა. 2020 წლის 3 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საბრძოლო-ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მათივე ინფორმაციით, გერმანიის ერთ–ერთ სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების კვალი აჩვენა. გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთი ვაი ვიში ატეხა: ვოვა ეს რას შვრები, არ გრცხვენიაო? თან სანქციებით დაემუქრა პუტინს. ეს იყო და ეს. მაშინ ნავალნი ცოცხალი გადარჩა, თუმცა არ გაუმართლა ოთხი წლის შემდეგ. ის 2024 წლის 16 თებერვალს ძალზე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. დასავლეთის წაყრუება რუსეთის პრეზიდენტის ახალი დანაშაულების წაქეზებად იქცა.

navalni-1728028615.jpg

ალექსეი ნავალნი

ჟურნალისტური გამოძიების ცნობილმა გამოცემამ The insaider 29 სექტემბერს გამოაქვეყნა ალექსეი ნავალნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქამდე უცნობი დოკუმენტები. მათი შესწავლის შემდეგ სტატიის ავტორი და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეგნებულად დამალა ინფორმაცია იმ სიმპტომებზე, რომლებიც სიკვდილის წინ ნავალნის ჰქონდა და რომლებიც არ ჯდებოდა ოფიციალურ ვერსიაში. როგორც ექიმები ადასტურებენ, ეს სიმპტომები აშკარად მიუთითებს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. გამოცემასთან საუბარში ერთ–ერთი ექიმი აცხადებს: „სიკვდილის ოფიციალური მიზეზი - გულის არითმია - არანაირად არ ხსნის სიმპტომებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ თავდაპირველ სამედიცინო დასკვნაში: მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება და კრუნჩხვები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი სიმპტომები შეიძლება აიხსნას სხვა რამით, გარდა მოწამვლისა. მუცლის ტკივილსა და კრუნჩხვებს შორის ხანმოკლე პერიოდი იმაზე მეტყველებს, რომ ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ფოსფორორგანული ნივთიერება („ნოვიჩოკი“ ასევე მიეკუთვნება ნივთიერებების იმავე კლასს), მაგრამ ის არა კანის ზედაპირიდან, არამედ საკვებთან ან სასმელთან ერთად მოხვდა ორგანიზმში“.

ნავალნის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების ოფიციალურ დასკვნაში წერია: "სიკვდილი არ არის კრიმინალური ხასიათის, ეს იყო კომბინირებული დაავადების შედეგი, რაც გამოიხატა გულის რიტმის დარღვევით. გამოკვლევის თანახმად ნავალნი გარდაიცვალა უეცარი არითმიისგან, რამაც გამოიწვია გულის გაჩერება“. არსად არ იყო ნახსენები სიკვდილისწინა მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება და კრუნჩხვები. ნავალნის დაპატიმრება, გასამართლება და ყველაზე შორეულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა მისი ლიკვიდაციის მოსამზადებელი პერიოდი იყო. თუმცა სიკვდილი მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა ყოფილიყო.

რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის და "წითელი ტერორის" დამაარსებლის – ფელიქს ძერჟინსკის აჩრდილზე ლოცულობს, "წარმატებით" აღადგინა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ 1920-1990-იანი წლებში ფართოდ გამოყენებული პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა. ნათქვამია: "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო", – მტერ–მოწინააღმდეგეების ლიკვიდაციის მრავალფეროვანი მეთოდები, რასაც დღეს რუსეთის „პატარა დიქტატორი“ ვლადიმერ პუტინი იყენებს, ჯერ კიდევ „დიდი დიქტატორის“, იოსებ სტალინის მიერ იყო შემუშავებულ–დანერგილი.

ამის დასტურად ერთ დოკუმენტს გაგაცნობთ კა–გე–ბეს არქივებიდან.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყოფილი მოკავშირეები კვლავ დაუძინებელ მტრებად გადაიქცნენ, ეს უპირველესად საბჭოთა კავშირს ეხებოდა, რომელმაც ომის პერიოდშიც არ შეწყვიტა მთავარი მოკავშირეების (დიდ ბრიტანეთი და აშშ მაქვს მხედველობაში) წინააღმდეგ ოპერატიულ–აგენტურული მუშაობა. წარმატებებს მარცხიც მოსდევდა. ერთ–ერთი ასეთი პრობლემა აშშ–ში შეიქმნა, ამერიკის მოქალაქე საბჭოთა აგენტ ელიზაბეტ ბენტლისთან დაკავშირებით. მოსკოვში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ელიზაბეტ ბენტლი ეფ–ბე–აიმ გადაიბირა და ის „ორმაგი აგენტი“ გახდა. აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიღება. ერთ–ერთი წინადადება აშშ–ში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს ანატოლი გრომოვს (ოპერატიული მეტსახელი „ვადიმი“) ეკუთვნოდა, რომელიც მან „ცენტრს“ (მოსკოვს) შესთავაზა:

„ვადიმი - ცენტრს

1945 წლის 27 ნოემბერი

„მირნას“ (ბენტლის ფსევდონიმი - ბ.ა.) მიმართ ერთადერთი ღონისძიება მისი ფიზიკური ლიკვიდაციაა. გთავაზობთ შხამის გამოყენება, რომელიც მოქმედებს 10-20 საათის შემდეგ და არ ტოვებს კვალს. ბალიშს ან ცხვირსახოცს დავასველებთ, ან საჭმელში ჩავამატებთ . ავტოავარია ან მატარებლის ქვეშ ჩაგდება არასანდოა. ვინ შეუძლია ეს განახორციელოს? "X"–მა: ის გაუმასპინძლდება ღვინით და შიგ შხამს დაუმატებს. ასევე შესაძლებელია კოსმეტიკის კოლოფზე შხამის წასმა . . . "X" შერჩეული გასაღების გამოყენებით (ის ამის ოსტატია), წინასწარ შევა მ.-ის ოთახში. ცივი იარაღის გამოყენება ან თვითმკვლელობის ინსცენირება არასაიმედოა. . . . “ .

qalii-1728028636.jpg

ელიზაბეტ ბენტლი

ამ, სრულიად საიდუმლო „პატაკს“ ამგვარი რეზოლუცია აწერია: „ მ.–ს მიმართ არანაირი ზომები არ უნდა იქნას მიღებული. ეს შეთანხმებულა ამხ. ბერიასთან. მერკულოვი. 27/XI – 45 წ.“. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იმ პერიოდში ლავრენტი ბერიას პროტეჟე ვსევოლოდ მერკულოვი (1895–1953) იყო. ეს ისტორია ელიზაბეტ ბენტლისთვის, შეიძლება ითქვას მშვიდობიანად დასრულდა: მან მოსკოვის აგენტობა აღიარა, საბჭოთა კილერებსაც გადაურჩა და კიდევ თითქმის ოცი წელი იცოცხლა.

ამ საარქივო დოკუმენტიდან კარგად ჩანს, თუ „ბუნებრივი სიკვდილის გამომწვევი“ რა არსენალი ჰქონდათ საბჭოთა სპეცსამსახურებს ჯერ კიდევ ოთხმოცი წლის წინ. პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად განსაკუთრებით იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა" და პუტინის პოლიტიკური ოპონენტ–კრიტიკოსები საიდუმლო და ძალზე უცნაურ ვითარებაში იღუპებიან.

putin-navalni-1728028650.jpg

ამიტომაც არ დაგიმალავთ და მართლაც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ რუსეთის დიქტატორი ნავალნის ცოცხალს დატოვებდა. ეს იყო: „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, სადაც უცნობი იყო მხოლოდ როდის და როგორ დაადუმებდა პუტინი სამუდამოდ თავის მთავარ ოპონენტს. 2021 წლის 17 იანვარს დაპატიმრებულ ალექსეი ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს „ექსტრემიზმისთვის“. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერმა დაგმო პუტინის ეს გადაწყვეტილება, თუმცა არანაირი შედეგი ამას არ გამოუღია. პირიქით: პუტინი უფრო გააღიზიანა ნავალნის, როგორც პოლიტიკური პატიმრის, საერთაშორისო პოპულარობის ზრდამ. განსაკუთრებით გერმანიის ხელისუფლება აქტიურობდა და ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდა. ამ პროცესების პარალელურად მზადდებოდა ე.წ. „დიდი გაცვლა“: უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რუსი ჯაშუშები უნდა გაეცვალათ რუსეთში გამოგონილი ბრალდებებით გასამართლებულ უცხოელებსა და რუს პოლიტიკურ პატიმრებზე. პუტინის მთავარი ამოცანა გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული ეფ–ეს–ბეს თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გამოხსნა იყო. გერმანიის ხელისუფლებამ პუტინს აცნობა, რომ ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ „გაცვლის სიაში“ ალექსეი ნავალნიც იქნებოდა. ამის იმედი ჰქონდათ ნავალნის ოჯახის წევრებსა და თანამოაზრეებსაც. თუმცა რუსეთის დიქტატორს ნავალნის დასავლეთში გაშვება არ სურდა და ამიტომაც „დიდი გაცვლა“ რამდენჯერმე გადაიდო. სამწუხაროდ დიქტატორმა კვლავ შეისრულა ბოროტი ზრახვები: 2024 წლის 16 თებერვალს ნავალნი მოიცილა, 1 აგვისტოს კი კრასიკოვი დაიბრუნა.

2024 წლის 18 მარტს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინმა პირველად მოიხსენია ალექსეი ნავალნი გვარით და სულ „ნიანგის ცრემლები“ აფრქვია: „რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა. ეს სამწუხარო მოვლენაა. გვქონია სხვა შემთხვევებიც, როცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანები გარდაიცვალნენ.განა ეს აშშ-ში არ მომხდარა? მომხდარა და არაერთხელო“, - „წაკბინა“ ამერიკელებს. შემდეგ კი იყო ფარისევლური განცხადება, რომ თურმე „ის თანახმა იყო ნავალნის გაცვლაზე, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდაო“. მართლაც რომ არ აქვს საზღვარი ფარისევლობას და უტიფრობას.

ვინ იქნება "პოლიტიკური გენოციდის" შემდეგი მსხვერპლი? - ეს კითხვა ძალზე აქტუალურია. „ვის სიკვდილი და ვის - გადარჩენა“? საბოლოო გადაწყვეტილებას, ჯერ კიდევ რუსეთის დიქტატორი იღებს.