"როცა დონალდ ტრამპი კვლავ ფეხს შედგამს თეთრ სახლში, მსოფლიო ტირანები - მოსკოვიდან თეირანამდე და პეკინიდან ფხენიანამდე - გადაიფიქრებენ შავი საქმეების კეთებას" - რას წერს The Daily Telegraph? - კვირის პალიტრა

"როცა დონალდ ტრამპი კვლავ ფეხს შედგამს თეთრ სახლში, მსოფლიო ტირანები - მოსკოვიდან თეირანამდე და პეკინიდან ფხენიანამდე - გადაიფიქრებენ შავი საქმეების კეთებას" - რას წერს The Daily Telegraph?

ბორის ჯონსონის მიერ „დეილი ტელეგრაფისადმი“ (The Daily Telegraph) მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული ვარაუდით, "აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის დროს ისევ თავის პოსტზე რომ ყოფილიყო, ის კრემლის თავხედობას არ დაუშვებდა ანუ ვლადიმერ პუტინი ვერ გარისკავდა, დაეწყო თავისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ", - წერს ცნობილი ჟურნალისტი კონ კოფლინი სტატიაში სათაურით: „ბორის ჯონსონმა გაფანტა მითები, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა უკრაინისათვის, თითქოსდა, კატასტროფას მოასწავებს“.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, მართალია. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მახასიათებელი იყო მისი არაპროგნოზირებადობა, განსაკუთრებით - მისი მიდგომები უსაფრთხოების გლობალური მუქარების მიმართ.

როცა არავინ იცის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს ესა თუ ის ლიდერი რომელიმე კონკრეტული გამოწვევის მიმართ - თუნდაც ტერორიზმზე, რომელსაც ირანი უჭერს მხარს ან ისეთი ავტორიტარული რეჟიმების ნაბიჯებზე, როგორებიცაა რუსეთის და ჩინეთის. ამ დროს ესა თუ ის „თავხედი“ სუბიექტი თავშეკავებული ხდება ანუ რეაგირების უცოდინრობა თავშეკავების უნიკალურ ფორმას წარმოადგენს. დონალდ ტრამპის უნარი, დააბნიოს დასავლეთის მტრები და აიძულოს ისინი, ეჭვი გაუჩნდეთ მოწინააღმდეგის ჭეშმარიტ მოქმედებაში, ძალზე სასარგებლო ტაქტიკა აღმოჩნდა, მსოფლიოში კონფლიქტების თავიდან აცილების თვალსაზრისით.

მართლაც და, ჯო ბაიდენის მიერ გატარებული პოლიტიკის სატირალი შედეგების ფონზე, თეთრ სახლში მისი ოთხწლიანი ყოფნის პერიოდში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა, პირობითად თუ ვიტყვით, წარმატებული იყო.

დონალდ ტრამპის დროს ტერორიზმის სამეფო-ხალიფატი - ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფო - ულმობლად იქნა განადგურებული. ხალიფატის კრახს ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის მიერ ჯერ კიდევ ბარაკ ობამის მიერ შემოღებული შეზღუდვის მოხსნამ, საომარი მოქმედებების განხორციელების წესების თაობაზე.

რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმების მცდელობები, დასავლური ალიანსისადმი ძირის გამოსათხრელად, შეკავებული იყო დონალდ ტრამპის მზადყოფნით, ყველასათვის პასუხი გაეცა, განსაკუთრებით - კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში მზაკვრული ჩარევის მიმართ. ასე მოხდა იმ დროს, როცა ამერიკამ შეაჩერა ჩინეთის მცდელობა, ჩარეულიყო დიდი ბრიტანეთის 5G სატელეკომუნიკაციო ქსელის განვითარებაში.

დონალდ ტრამპმა სერიოზულად დაასუსტა ირანის მადესტაბილიზებელი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, როცა მან დაუყოვნებლივ გასცა სანქცია იმდროინდელი მთავარი ირანელი ტერორისტის, „ისლამური რევოლუციის გუშაგების“ ხელმძღვანელის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე - იგი ბაღდადის აეროპორტში უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ზუსტად გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად აღესრულა.

დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, ჯო ბაიდენი თავის საპრეზიდენტო კარიერას ორი გლობალური კონფლიქტით ამთავრებს, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო - რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ისრაელზე „ჰამასის“ ბარბაროსული თავდასხმის ფონზე.

ორივე მოვლენა, შეიძლება ითქვას, განაპირობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ და არაკომპეტენტურობამ. ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფები ქაოსურად და პანიკური განწყობით გამოიყვანა, ხოლო „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა იმ დროს, როცა ჯო ბაიდენმა თეირანთან ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე მოლაპარაკება დაიწყო და ირანის გაყინულ აქტივებს ბლოკირება მოუხსნა. ირანმა კი გამოთავისუფლებული მილიარდებით „ჰამასი“ დააფინანსა.

იმ დროს, როცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ და გაუბედაობამ საერთაშორისო ავაზაკები გაათამამა და მათ შესაძლებლობა მისცა თავიანთი მიზნების განსახორციელებლად, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ისინი უეჭველად ასჯერ გაზომავენ და დაფიქრდებიან, სანამ რადიკალურ ნაბიჯს გადადგამენ.

დონალდ ტრამპს შეიძლება, პრობლემები გაუჩნდეს უკრაინისადმი აშშ-ის დღევანდელი დახმარების მოცულობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ უეჭველია, იგი არასოდეს შეურიგდება თეთრი სახლის ამჟამინდელ აბსურდულ პოლიტიკას, რომლის თანახმად, ვაშინგტონი კიევს ერთი ხელით იარაღს აწვდის, მეორე ხელით კი - უკრძალავს უკრაინელებს ამერიკული იარაღის შესაძლებლობებით სრულად ისარგებლონ.

როცა დონალდ ტრამპი კვლავ ფეხს შედგამს თეთრ სახლში, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის სტატუსით, მსოფლიო ტირანები - მოსკოვიდან თეირანამდე და პეკინიდან ფხენიანამდე - გადაიფიქრებენ შავი საქმეების კეთებას და აღარ გამოიყენებენ ძალადობრივ მეთოდებს თავიანთი მიზნების მისაღწევად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო