"დასავლეთი იწყებს ხელისუფლების დასჯას... სანქციების დაწესების მუქარით ეუბნება, რომ ხელს უშლის მისთვის სასურველი პოლიტიკის გატარებაში. რუსეთიც ასე მოქმედებს, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მას ტანკები შემოაქვს" - კვირის პალიტრა

"დასავლეთი იწყებს ხელისუფლების დასჯას... სანქციების დაწესების მუქარით ეუბნება, რომ ხელს უშლის მისთვის სასურველი პოლიტიკის გატარებაში. რუსეთიც ასე მოქმედებს, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მას ტანკები შემოაქვს"

"თითქოს მიგვანიშნეს, დღეს ჭორია, ხვალ შეიძლება სიმართლე იყოსო. შესაბამისად, ეს არის პოლიტტექნოლოგიის ამბები"

"ოპოზიციამ მართლა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ წარმოჩენილიყო"

"დასავლეთი არა მხოლოდ წყვეტს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას, არამედ, იწყებს დასჯას", - ამ განცხადებით ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და „ქარდებით“ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება.

გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო.

„თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა - იან კელიმ განაცხადა.

პროცესების შემდგომი განვითარების ვერსიებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- დასავლეთმა ურთიერთობა რომ შეწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებასთან, ეს გასაგები იქნება - არ უნდათ და მორჩა... სანქციების დაწესების მუქარით, დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ეუბნება, რომ ხელს უშლის მისთვის სასურველი პოლიტიკის გატარებაში. რუსეთიც ასე მოქმედებს, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მას ტანკები შემოაქვს. ზოგადად, ყველა მსხვილი მოთამაშე ცდილობს საკუთარი ინტერესების სხვადასხვა ფორმით გატარებას, ზოგი - სანქციებითა და მუქარით, ზოგი - ეკონომიკური ზეწოლით და ზოგიც - ტანკებით. გაგრძელდება თუ არა პროცესი? - კი, გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ კულმინაციური მომენტი არჩევნების შემდეგ დადგება. პოლიტიკაში არსებობს ასეთი ტერმინი - კვანძის შეკვრა და კვანძის გახსნა. ახლა ჩვენ ჯერ "კვანძის შეკვრის" პროცესში ვართ, კვანძი საბოლოოდ შეიკვრება არჩევნების მეორე დღეს, მისი გახსნა კი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, გეოპოლიტიკურ პროცესზე, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაზე, შეიძლება მოულოდნელი ფაქტორიც გამოჩნდეს.

- თქვენი ვერსიით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა თუ არა მოლოდინი, რომ მათ პოლიტიკურ ხაზს დასავლეთის ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა?

- მე ჯერ კიდევ აგვისტოში დავსვი ასეთი შინაარსის კითხვა, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან. ისინი რაღაც მსგავსს ელოდნენ. დასავლეთს ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული ამ რეგიონში. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი საკუთარ თამაშს თამაშობს და დასავლეთის პოზიციას ხან ითვალისწინებს, ხან - არა, იმით არის განპირობებული, რომ აზერბაიჯანი რესურსების მიმწოდებელი ქვეყანაა და დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, უნდათ მათ ეს თუ - არა, ელოლიავებიან.

საქართველო იმთავითვე პროდასავლური ქვეყანა იყო, რომელსაც არ გააჩნდა ბუნებრივი რესურსები. დასავლელი პოლიტიკოსები ყოველთვის მიანიშნებდნენ, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობას დასავლეთის მხარდაჭერით ვინარჩუნებდით. დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებები კი სრულიად ამოვარდნილია დასავლელი პოლიტიკოსების დღის წესრიგიდან. ამიტომ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, მათ უბრალოდ ურთიერთობა რომ გაეწყვიტათ საქართველოსთან, მაგრამ დასჯის მეთოდოლოგიაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. მით უფრო, რომ საქართველოს რუსეთის მიმართულებით გადახრაზე საუბარი აბსოლუტურად არასწორია.

- მაშინ რასთან გვაქვს საქმე ან მმართველი გუნდის, კერძოდ, კახი კალაძის განცხადება რას ნიშნავს, როდესაც ამბობს, არანაირი პრობლემა არ არის თუ დაგვასანქცირებენო?

- აბა, რას იტყვის? „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მოთქმა რომ დაიწყონ, რაღა გვეშველება გვასანქცირებენო, მაშინ გაჩნდება ლოგიკური კითხვები, - რატომ დგამთ, ისეთ ნაბიჯებს, რომ ასეთ შედეგს იღებთო.

იცით, საქმე რაშია? „ქართული ოცნება“ ცდილობს, ითამაშოს ძალის ცენტრებს შორის. რამდენად მოქნილად თამაშობს, ეს სხვა საკითხია და ამაზე შეიძლება ვუსაყვედუროთ ხელისუფლებას. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ კულუარული ურთიერთობები იმ დასავლურ ძალებთან, რომლებიც არ იზიარებენ იმ მიდგომებს, რომლის დემონსტრირებაც ახლა ხდება. დასავლეთი არ არის ერთსახოვანი, ხელისუფლებაშიც კი სხვადასხვა ტიპის შეხედულებები აქვთ.

- როგორ გგონიათ, რის საფუძველზე გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების ვერსია?

- ვერ გეტყვით, არც ის ვიცი, სადამდე მივა ეს ამბავი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამბავი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების შესახებ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა მედიამ იმ ფორმით გაავრცელა, რომ თითქოს მიგვანიშნეს, დღეს ჭორია, ხვალ შეიძლება სიმართლე იყოსო. შესაბამისად, ეს არის პოლიტტექნოლოგიის ამბები.

- დასავლეთის ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება რამდენად აისახება იმ ელექტორატის განწყობებზე, რომლებიც საარჩევნო ურნასთან აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას?

- დასავლეთის ასეთი აქტივობები მცირე ნაწილზე მოახდენს გავლენას, ვისაც უკვე თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს, ისინი მაინც არ შეიცვლიან პოზიციას. არის ნაწილი, რომელიც მყარად უჭერს მხარს ოპოზიციას, მეორე ნაწილი ხელისუფლებას უჭერს მხარს, ხოლო მათ შორის არის მესამე ნაწილი, რომელიც მხარს არავის უჭერს და ინდიფერენტულად არის გაწყობილი. ვერც ამ ინდიფერენტულ ნაწილზე მოახდენენ გავლენას. ოპოზიციამ მართლა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ წარმოჩენილიყო.

- პრემიერმა ძალიან უცნაური რამ განაცხადა, მან თქვა, რომ გლობალური ომის პარტიასთანაც უნდა დაალაგონ ურთიერთობა. როგორ გგონიათ, რა იგულისხმა მან?

- მე სულ ვამბობდი, ასეთი სიხისტე საჭირო არ იყო. არ არის აუცილებელი, დასავლეთიდან გახმოვანებულ ყველა განცხადებაზე მწვავე რეაქციის გამოხატვა. ნახეთ, როგორ მოქმედებს აზერბაიჯანი - საკუთარ სტრატეგიულ გეგმას ავითარებს, ხშირად ისე იქცევა, თითქოს არაფერი ესმის და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რეაგირებს მწვავედ. აღმოსავლურ დიპლომატიას ახასიათებს იმის არშემჩნევა, რაც არ აწყობს.

ფაქტია, რომ დასავლეთთან ურთიერთობის ასე გამწვავება არ ღირდა.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)