ამერიკელი კულტუროლოგი ამბობდა, რომ ქალაქი გასაოცარი ფენომენია კაცობრიობის ისტორიაში - კვირის პალიტრა

ამერიკელი კულტუროლოგი ამბობდა, რომ ქალაქი გასაოცარი ფენომენია კაცობრიობის ისტორიაში

მოზარდობისას, პირველად რომ მკითხეს, როგორია შენი ბავშვობის სურნელი? დაუფიქრებლად ვუპასუხე - ჩემს ბავშვობას სველი ასფალტის სუნი აქვს. ბავშვობა სვანეთის უბანს უკავშირდებოდა, ძველ ქუჩებში პაპასთან ერთად ხელიხელჩაკიდებულ სეირნობას, ჩამოტარებულ ნაყინს, განწირული ყვირილით „მაროჟნიე“, რაღაცნაირ მტვერს, რომელიც არასოდეს გადიოდა ჩემგან და ეს მტვერი ყოველთვის უკან მიზიდავდა და მიხმობდა. ფანჯრის რაფაზე შემომსვა ერთ დღეს პაპამ და მითხრა: „აი, მალე „თბილისობა“ მოვა და იცი რას ვნახავთ? ნამდვილ ჩურჩხელას, ნამდვილ ხილს, ბოსტნეულს...

წლები გავიდა. „თბილისობის“ დღესასწაულების არსი რადიკალურად შეიცვალა. ზღვარი აღარ არის სოფელსა და ქალაქს შორის. აღარც ნამდვილი პროდუქტი გვიკვირს, რომელიც სოფელშიც კი დღეს უკვე ძნელი საშოვნია. და, მგონია, რომ ეხლა თბილისი აქეთ ეძახის რაიონიდან თუ საზღვრებს გარედან მოსულ სტუმრებს, კეკლუცობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს. წლიდან წლამდე იმდენად არეულია ყველაფერი ჩემს ქალაქში, ქალაქელობიდან დაწყებული, ურთიერთობით და ქცევებით დასრულებული, რომ ხანდახან მგონია, მხოლოდ ეს ორი დღე გვაქვს იმისთვის, - თბილისმა, თავისი ლაღი გული, თბილი გული, თავისი ნირი და არსი წარმოაჩინოს ყველასთან.

როგორი მრავალფეროვანია დღეს ჩემი თბილისი. ერთხელ გოდერძი ჩოხელი წერდა: „ეეე, სხვადასხვა ხალხის ისტორია ხან რას ჰგავს და ხან რას. ზოგის ნისლივითაა, შიგნით არაფერი ჩანს, მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელო, იმავე წამს ნისლივით იბურებიან. ზოგი ქარს ჰგავს, თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული. ზოგი თოვლს. ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი. ზოგი ძვირფას თვალს...

ჩემი ქვეყნის ისტორია კი - დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებსო...“

რამხელა ისტორია უკავშირდება ჩემს ქალაქს. აბანოთუბანი, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი და ყველა ეს ძველი ადგილები რამხელა ისტორიის მატარებელია. შენ ჩემო მკითხველო, ცოტა მეტად რომ გავუფრთხილდეთ ამ ჩემს ქალაქს, ცუდი არ ეგების. ზუსტად ამ ადგილებს, ჯერ კიდევ მე-4 მე-6 საუკუნეებში უწოდებდნენ „ძველ ქალაქს“ „საკუთრივ ტფილისს“. ამ ადგილებში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია კერამიკის მრავალი ნაშთი...

არა, ისტორიას არ მოვყვები, მაგრამ იქნებ, არც მხოლოდ ვახტანგ გორგასლით არ იწყება თბილისის ისტორია ის გაცილებით ძველია, თუკი წყაროებს კარგად ჩავუკირკიტებთ. 1877 წელს საფრანგეთში გამოცემული "მოკლე საყოველთაო ძველთა და ახალთა ნათესავთა" გვამცნობს: "ქართველები იაფეთის მეხუთე შვილის - თობალისაგან მომდინარეობენ. სადაც თობალი დადგა და დასახლდა, ეწოდა თობალისი, აწ თბილისი".

თბილისის სახელწოდების ძველი ისტორიული ვარიანტებია თუბალისი, ტებელოსი, ტიფილადო... რაც ქართველების წინაპრებზე - თუბალებზე მიგვანიშნებს. თობალი მჭედლისა და სამჭედლო საქმის აღმნიშვნელი სიტყვაა. ბიბლიური თუბალ კაენიც სამყაროში პირველი მჭედელია. ქართველების ისტორიულმა წინაპრებმა - თუბალებმა, მუსკებმა (მესხებმა) და ხალიბებმა, პირველებმა დაიწყეს რკინის დამუშავება და ძველ მსოფლიოში ლეგენდარულ მჭედლებად იყვნენ ცნობილნი. ვახტანგ გორგასლის ლეგენდამ კი ისევ „თბილთან“ მიგვიყვანა და გაამყარა ეს სახელი...

ისე, ბავშვობიდან ვკამათობდი, ვერ ვიგებდი, რატომ შეიძლება მოგწონებოდა ე. წ. „იტალიური ეზოები“. ან, ის, რომ მუდმივად "სოციალური მონიტორინგის" ქვეშ იყავი. ყველას უნდა სცოდნოდა სად მიდიხარ, ვისთან მეგობრობ, რას ჭამ და როდის ბრუნდები სახლში. ჰო, ერთხელ უნდა დავწერო ამ ჩემთვის მიუღებელ თბილისურ ყოფაზე, მაგრამ დღეს იმ თბილისზე ვწერ, რომელიც მენატრება, რომელიც თავისი თბილისობის დღესასწაულით მახალისებს...

მტკვარსაც კი თავისი სუნი ჰქონდა. შესაძლოა, ეს ყველაფრის ნაზავი ერთად იყო, ან უბრალოდ, ბავშვობის სურნელი ერქვა. ახლა, ნეტავ სად ვართ? რას მივდევთ? რისი გვწამს? რას ვაფასებთ? რა ღირებულებებია ამ ჩემს, თანამედროვე თბილისში?ამაზე სხვა დროს, ისედაც პრობლემებიც ვცხოვრობთ, ისედაც ტკივილით ვიღვიძებთ.

ჩემი ბავშვობის თბილისობიდან დღემდე რამდენი რამ არის შეცვლილი... ცხოვრების წესის რა გითხრათ, მაგრამ თბილისური გემოებიც შეიცვალა. ჰოდა, სიონის ქუჩაზე მივეშურები ღვინის ნაყინი უნდა დავაგემოვნო პირველად. კიოსკი: „ცნობის ფურცელი“ ძველ დროს გაგვახსენებს. დღეს, ჩვენი ბავშვობის „ლაღიძის წყლებსაც“ „გააცოცხლებენ...“

მეგობრებო, იყო ასეთი ამერიკელი კულტუროლოგი ლუის მამფორდი, რომელიც ამბობდა, რომ ქალაქი გასაოცარი ფენომენია კაცობრიობის ისტორიაში, ენის შემდეგ ქალაქი, როგორც ასეთი, ადამიანის უდიდესი მონაპოვარია. ჩემი ქალაქი, ჩემი თბილისი, ჩემი სიმდიდრეა.

ამ ამბავმა შორს რომ არ წაგვიყვანოს აქ გავჩერდები.