"სახლთან რომ მივედი, უკან მივიხედე და დაღლილ-დაქანცული ბებო უკან მომდევდა, ჩამეხუტა..." - ოთო ბაზერაშვილი მუსიკალურ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"სახლთან რომ მივედი, უკან მივიხედე და დაღლილ-დაქანცული ბებო უკან მომდევდა, ჩამეხუტა..." - ოთო ბაზერაშვილი მუსიკალურ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე

ახალგაზრდა, ნიჭიერი და წარმატებული მომღერალი - ოთო ბაზერაშვილი

მუსიკალურ კარიერას ჩვეული შემართებით აგრძელებს. მართალია, თბილისში, რეპეტიციებზე სიარული კახეთიდან აღარ უწევს, მაგრამ სკოლის მოსწავლის კვალობაზე, მაინც საკმაოდ დატვირთულ რეჟიმს უმკლავდება, თუმცა როგორც გვითხრა, სიმღერა ისე სიამოვნებს, რომ დაღლილობას თითქმის ვერ გრძნობს. მალე ოთო დუბაიში, United World International Children’s Festival-ზე გაემგზავრება...

- ჩემთვის ახალი სასწავლო წელი ძალიან კარგად დაიწყო, რადგან ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელის - დავით ცინცაძის დახმარებით, თბილისის საერთაშორისო სკოლაში ჩავირიცხე, სადაც მაგარი გარემოა, კარგად დამხვდნენ დირექტორი, მასწავლებლები, ბავშვები... ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

- რატომ გახდა საჭირო სკოლის შეცვლა?

- ჩემი მუსიკალური განვითარება თბილისში ხდება. მანამდე თბილისში, რეპეტიციებზე დასასწრებად კახეთიდან დავდიოდი. ზოგჯერ დილის 5 საათზე ვდგებოდი, რომ დედაქალაქში ჩამოვსულიყავი და რეპეტიციას დავსწრებოდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ სიმღერის სიყვარულმა გამაძლებინა: როცა სიმღერა გიყვარს და განვითარება გინდა, თითქოს დაღლილობას ვერ გრძნობ.

- ოთო, კახეთიდან თბილისში სიარული სკოლაში შენს აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად ხომ არ აისახა?

- არანაირად. სასწავლო წელი კარგად დავასრულე. თბილისში გადმოსვლამდე თელავის მეფე ერეკლეს სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. თბილისში რეპეტიციის მერე, ისევ კახეთში ვბრუნდებოდი, რომ სკოლაში გაკვეთილები არ გამეცდინა. როცა საზღვარგარეთ გასტროლზე გამგზავრება მიწევდა, სკოლის დირექტორი ყოველთვის მხარში მედგა.

screenshot-2024-10-05-113607-1728113821.png

- ოთო, შენი მუსიკალური ნიჭი ვინ აღმოაჩინა?

- დედამ. თელავის მეცხრე საბავშვო ბაღში მუსიკის ძალიან კარგი მასწავლებელი - ვერიკო სახიაშვილი მყავდა, რომელიც სხვადასხვა საბავშვო სიმღერას გვასწავლიდა. შემდეგ, "იუთუბიდან" ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები ვისწავლე. ერთ დღეს, დედა შინ რომ დაბრუნდა, შეესწრო, ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას როგორ ვასრულებდი. მისთვის ეს ძალზე ემოციური იყო... მერე ტელევიზიიდან შევიტყვე, რომ მუსიკალური პროექტის - "რანინას" კასტინგი იმართებოდა. მონაწილეობის სურვილი გამოვთქვი. დედამ მითხრა, რომ ჯერ პედაგოგი უნდა აგვეყვანა, მოვმზადებულიყავი, მერე კი კასტინგზე გავსულიყავი, თუმცა არ დავიშალე და კასტინგზე მაშინვე წავედი. პირველ შესარჩვე ტურზე "დაიგვიანე" და My Valentine შევასრულე. საბედნიეროდ, ჩემი ნამღერი მოეწონათ ლანა ქუთათელაძეს, მანანა მორჩილაძეს, ქეთი ჯავახიშვილს და ნინო ჩაჩავას. ასე მოვხვდი "რანინაში" კახელი, იყალთოელი ბიჭი, როგორც მეძახიან (იღიმის).

- ამჟამად რომელ ანსამბლში მღერი?

- "შავნაბადაში" და კვარტეტ "ოთხში". მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული რეჟიმი გვაქვს, რეპეტიციებს თავს კარგად ვართმევ. ბევრი კარგი კონცერტი გვაქვს. 5 ოქტომბერს, ზვიად ბოლქვაძესთან ერთად, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება - "რანინას" ბავშვები ვიმღერებთ. ასევე, თბილისობის დღესასწაულზე "შავნაბადას" წევრებთან ერთად ვიმღერებ. 1 თვეა, რეპეტიციები გაუჩერებლად გვაქვს, მაყურებლებს კარგი სიმღერები რომ შევთავაზოთ. სიმღერა იმდენად მიყვარს, რომ მართალია, რეპეტიციებზე ვიღლები, მაგრამ იმავდროულად დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- როდის გაიაზრე, რომ სიმღერაში ძლიერი ხარ? საკუთარი შესაძლებლობების როდის ირწმუნე?

- როდესაც სცენაზე "ზამთარია" პირველად ვიმღერე, შემდეგ კი დათო მასწავლებელმა "ჩაკრულოს" შესრულება გამაბედვინა (სანდრო გურგენაძესთან ერთად), შინაგანი ბედნიერება ვიგრძენი. ვისაც ამ შესრულების ამსახველი ვიდეო უნახავს, შენიშნავდა, როგორ ვნერვიულობდი, თუმცა შინაგანად ბედნიერების ძლიერი განცდა მქონდა, რადგან ის საქმე (ქართული ხალხური სიმღერების შესრულება), რაც ძალიან მიყვარს, გამომივიდა... სამომავლოდ მინდა, კიდევ უფრო დავიხვეწო და მსმენელების, მაყურებლების წინაშე კარგი სიმღერებით წარვდგე.

- სკოლასა და სიმღერას ერთმანეთს როგორ უთავსებ?

- გაკვეთილებს დღის 5 საათზე ვამთავრებ. საღამოს რეპეტიციები მაქვს... შინ დაღლილი ვბრუნდები, მაგრამ რომ არ ვისწავლო, არ გამოვა, რადგან ამ სკოლაში ახალი გადმოსული ვარ და ჩემი მაქსიმუმი უნდა "დავდო". ყველაფერს ვასწრებ. სწავლა ძალიან მწყურია.

4665d2d3-2e61-477a-81a0-b14952a00b42-1727805291-1728113852.jpg

- განსაკუთრებულად რომელი საგანი გაინტერესებს?

- ყველაზე მეტად ბიოლოგია მიყვარს, ასევე - ისტორია.

- სიმღერის გარდა, რომელი პროფესიის დაუფლებაზე ფიქრობ?

- მთელი ცხოვრება სიმღერის ერთგული ვიქნები, მაგრამ სხვა პროფესიაც ხომ მინდა, არა? ჯერჯერობით, ვერ ჩამოვყალიბდი. ამიტომ ყველა საგანს დიდი შემართებით ვსწავლობ, განსაკუთრებით - უცხო ენებს, რადგან სიმღერაშიც აუცილებლად დამჭირდება.

- თანაკლასელებს უკვე დაუმეგობრდი?

- კი. სანამ სკოლაში მივიდოდი და სწავლას დავიწყებდი, მანამდე ახალი კლასელები თავად დამიკავშირდნენ: რომ გაიგეს, მათ სკოლაში გადავდიოდი, სოციალურ ქსელში მომწერეს. უხაროდათ, მამხნევებდნენ - შენ გვერდით გვიგულე, რაშიც დაგჭირდებაო. მაშინ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი კლასელები იქნებოდნენ. მთავარი ხომ მეგობრობა და ერთმანეთის სიყვარულია.

- წინა სკოლიდან შენს კლასელებს ალბათ, გული დასწყდათ, რადგან სკოლა შეიცვალე...

- დიახ. მათთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ზოგ მათგანთან ერთად, საბავშვო ბაღიდან "მოვდივარ"... მათთან მეგობრობა არ წყდება: როცა სოფელში ჩავდივარ, ყოფილ კლასელებთან ერთად ვერთობი. მეგობრობა და სიყვარული არ იკარგება.

- როგორ მოერგე თბილისში ცხოვრებას?

- ძალიან კარგად. როცა ჩამოვედი, მეგობრები არ მყავდა. "რანინადან" ბევრი მეგობარი შევიძინე. შემდეგ "შავნაბადაში" შევედი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავუმეგობრდი. კონკურსის პერიოდში, თითქმის ყოველდღე კახეთიდან დავდიოდით და ხანდახან მეგობრებთან ვრჩებოდით. შემდეგ, როცა უკვე გადაწყდა, რომ "ევროვიზიაზე" უნდა წავსულიყავით, ჩემმა გულშემატკივარმა - თენგიზ ბაზერაშვილმა 1 წელი საკუთარ სახლში გვაცხოვრა. თენგო პაპას და ია ბებოს მხარში დგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი... ივნისის დასაწყისში, დიღომში ბინა ვიქირავეთ, რადგან სკოლასთან ახლოსაა და ახლა აქ ვცხოვრობთ.

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- რა თქმა უნდა, ბებო და პაპა. სოფლიდან სულ მგულშემატკივრობენ. აქაც ჩამოდიან ხოლმე. მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდი. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც სულ მხარში მიდგანან. ჩემი დაც ჩემი დიდი გულშემატკივარია - დიდ მოტივაციას მაძლევს, გვერდით მიდგას. როცა დედა ვერ ახერხებს, კონცერტებზე სულ მაცაცოს დავყავარ. ჩემს ჩაცმულობაზეც ის ზრუნავს. ჩემი გული და ჩემი ცხოვრების პროდიუსერია (იღიმის). 19 წლის გახლავთ. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

- ოჯახში მუსიკასთან კავშირი კიდევ ვინმეს ხომ არ აქვს?

- გამორჩეულად არავინ მღერის, მაგრამ ახლა, როცა მუსიკალურად განვვითარდი და მშობლების ნამღერისთვის მომისმენია, შემიძლია ვთქვა, რომ მათ აბსოლუტური მუსიკალური სმენა და ფანტასტიკური ხმა აქვთ.

- როცა შენთვის უცნობი გულშემატკივრები ქუჩაში გხვდებიან, როგორი რეაქცია აქვთ?

- ერთ ამბავს მოგიყვებით: რეპეტიციიდან სახლში ვბრუნდებოდი. მეტროდან ძალიან დაღლილი ამოვედი. ერთ ბებოს დავუნახივარ. თურმე, მეძახდა. არ ვიცი, ისე როგორ დავიღალე, რომ მისი ხმა ვერ გავიგონე. დაახლოებით 1 კმ-იანი აღმართი ავიარე. სახლთან რომ მივედი, უკან მივიხედე და დაღლილ-დაქანცული, ოფლიანი ბებო, რომელიც თურმე უკან მომდევდა, ჩამეხუტა. მისი გვარ-სახელი არ მახსოვს, მაგრამ თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მიხვდება: მასაც და მთელ საქართველოსაც დიდ მადლობას ვუხდი დაფასებისა და სიყვარულისთვის!

- როგორც ვიცი, მალე დუბაიში მიემგზავრები...

- დიახ, კონცერტების მერე, უკვე დუბაიში, United World International Children’s Festival-ზე მივემგზავრები, რომლის ეროვნული დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრიც ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი გახლავთ. ფესტივალის შესახებ დედამ სიურპრიზად მითხრა. ჯერჯერობით, საკონკურსო სიმღერას ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელთან, მანანა მორჩილაძესთან ერთად ვარჩევ. თუ გავიმარჯვებ, ჟურნალ "გზას" დუბაიდან ყველა დეტალს ვაცნობებ და ახალ ინტერვიუსაც მოგცემთ.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"